საქართველომ არნახული ეკონომიკური ნახტომი გააკეთა და ერთბაშად გადავიდა პოზიტიურ დინამიკაში. 2021 წლის დაგეგმილი პროგნოზი ერთბაშად მოძველდა და ფინანსთა სამინისტრომ ის ერთბაშად გაზარდა, თუმცა გამორიცხული არც ორნიშნა მაჩვენებელია.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 44.8%-ით გაიზარდა. 2021 წლის პირველი 4 თვის მაჩვენებელი კი უკვე 8.1%-ია.
„2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში“, - ნათქვამია სტატისტიკურ დოკუმენტში.
მშპ-ს ნახტომისებურ მატებაზე დადებითი გავლენა მოახდინა ექსპორტმა, რომელიც წელს 19.6%-ით არის გაზრდილი.
ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა ძირითადად ე.წ. „საბაზო ეფექტით“ არის განპირობებული, რადგანაც 2020 წლის აპრილში ქვეყანაში მოქმედი „ლოქდაუნის“ გამო ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა. აპრილში დღგ-ის გადამხელ საწარმოთა ბრუნვამ 8.44 მილიარდი ლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 93%-ით აღემატება, რაც ასევე „საბაზო ეფექტით“ არის განპირობებული.
„საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დეტალურად განმარტა თუ რამ გამოიწვია აპრილში 44.8%-იანი ეკონომიკური ზრდა.
„წინა წლის შესაბამის პერიოდში იყო ვარდნა 16.6%-ით. ახლა კი, შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენცია იყო ყველა კუთხით. ასევე ზრდის ტენდენცია იყო ექსპორტის და იმპორტის კუთხითაც, რამაც ასევე დადებითი წვლილი შეიტანა შედეგებში. რამდენიმე დომინანტი დარგი გამოიყოფა -დამამუშავებელ მრეწველობაში მეტალურგია არის გააქტიურებული, ასევე გაიზარდა სამშენებლო მასალების წარმოება, რამდენიმეჯერ არის გაზრდილი ცემენტის წარმოების მაჩვენებელი.
მშენებლობის დარგში ზრდა არის არა მხოლოდ საცხოვრებელი სახლების, არამედ სპეციალიზებული ნაგებობების მშენებლობაშიც - წყალგაყვანილობის, ელექტროტექნიკური სამუშაოები. გაიზარდა იმპორტ-ექსპორტის ბრუნვა, გაიზარდა სატრანსპორტო დარგის დატვირთვაც. 51%-ით მოიმატა საფინანსო და სადაზღვევო სექტორის გამოშვებამაც.
ვაჭრობა გააქტიურდა, მასზე დიდი გავლენა მოახდინა ავტომობილებით ვაჭრობამ. ავტოიმპორტი წინა წელთან შედარებით 86%-ით გაიზარდა, რეექსპორტი კი გაზრდილია ექვსჯერ, ესეც დადებითი წვლილის შემტანია“, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.
ასეთ შედეგს ალბათ მთავრობაც არ ელოდა, შესაბამისად, 6.5%-მდე შეიცვალა მთელი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც. ეს ინფორმაცია ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გაახმოვანა.
„ახალი პროგნოზი 2021 წლისთვის არის 6.5%, ეს არის გაცილებით მაღალი, ვიდრე იყო წინა - 4.3%. გარდა ამისა, 2022 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც ასევე მაღალი - 6.9% იქნება. ჩვენი გათვლები მოიცავს ოპტიმისტურ სცენარსაც, რომლის მიხედვითაც 2021 წელს ზრდა იქნება ორნიშნა. სავსებით შესაძლებელია, რომ ყველაფერი ოპტიმისტური სცენარით განვითარდეს და ასეთ შემთხვევაში მშპ-ს ტეპი 10.2%-ს მიაღწევს. ეს სცენარი ტურიზმის 2019 წლის დონის 40-45%-ით აღდგენას ითვალისწინებს.
ამ ფაქტორის გამო, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი დაიკლებს, ხოლო მთავრობის ვალი კიდევ უფრო მცირე იქნება. სწორედ ამის გათვალისწინებით დაიწყება ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა“, -აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი აპრილის 44.8%-იანი ზრდას უპრეცედენტო უწოდა. ასეთი წინსვლის ფონზე კი ბიზნესში პოზიტიური მოლოდინი შეიქმნა.
„ეკონომიკური ზრდის ასეთი მაჩვენებელი მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია. ბიზნესში პოზიტიური განწყობა და მოლოდინია, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეკონომიკური ზრდაა თითქმის ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო ხელი შევუწყოთ ტურიზმის აღდგენას, განვითარებას.
სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც ამ მიზანს ემსახურება. მოლოდინია, რომ ასეთი პოზიტიური დინამიკით გავაგრძელებთ მუშაობას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მნიშვნელოვან გარდატეხას ეხმიანებიან პარლამენტშიც. საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი კოვზანაძეს იმედი აქვს, რომ სწრაფი და მასშტაბური ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
„უნდა ითქვას, რომ შარშან აპრილში გვქონდა 16.6%-იანი რეცესია, რის ფონზეც ზრდა კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა, ანუ ეს არის „ზამბარის ეფექტი“ – „ლოქდაუნით“ შეკუმშული ეკონომიკა შეზღუდვების შერბილების ფონზე მკვეთრად გაიშალა.
აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან კარგია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. ეს უნდა იყოს დასაწყისი და წინ კიდევ ძალიან ბევრი ეკონომიკური გამოწვევა და კოვიდგამოცანა გვაქვს, რასაც პროფესიული ანალიზი და ბევრი შრომა სჭირდება“.
ეკონომიკური ზრდის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე, რომელიც ადასტურებს, რომ დაგროვილმა რესურსმა და კარგმა მოლოდინმა ამ მხრივ დიდი როლი ითამაშა.
„მთავარია, პანდემია წელში გავტეხოთ და ეკონომიკური ზრდა არ შეფერხდეს ვირუსით გამოწვეული შეზღუდვებით. ეს თუ შევძელით, საკმაოდ ოპტიმისტურად უნდა შვხედოთ წლის მეორე ნახევარს. მაისშიც 44%-იანი ზრდა არ გვექნება, მაგრამ სოლიდური მაჩვენებლები მაინც დაფიქსირდება. ეს მით უფრო გაამყარებს იმ დადებით ტენდენციას, რაც ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა. საბოლოო ჯამში, არ არის გამორიცხული, ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდაც მივიღოთ წლის ბოლოს“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.