ვენეციის კომისიის ვერდიქტი პოლიტპატიმრების თემაზე

ვენეციის კომისიის ვერდიქტი პოლიტპატიმრების თემაზე

ვენეციის კომისიის დასკვნა უკვე ოფიციალურად გამოქვეყნდა და გარდა იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების საკითხისა, კომისიას ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლთან დაკავშირებითაც აქვს შენიშვნები. როგორც კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებულ დასკვნაშია ნათქვამი, კანონში არ ყოფილა ობიექტური კრიტერიუმების მიღების მცდელობა, რომლის მიხედვითაც პირი პოლიტიკურ პატიმრად ითვლება.

„ამნისტიის კანონის 22-ე მუხლი ერთმანეთისგან მიჯნავს იმ პირის კრიმინალურ პასუხისმგებლობას და დასჯას, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, პოლიტიკური პატიმრის სტატუსით იხდიდა სასჯელს, ან პოლიტიკური მოტივით იდევნებოდა. კანონში არ ყოფილა ობიექტური კრიტერიუმების მიღების მცდელობა, რომლის მიხედვითაც პირი პოლიტიკურ პატიმრად ითვლება. კანონი არ აზუსტებს, რა დანაშაულები შედის მასში, ან რა პერიოდის განმავლობაში. კანონში არ არის ნახსენები ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა „სერიოზული ეჭვი იმ პროცედურების სამართლიანობაზე, რომლის შედეგადაც ხდება ადამიანის დაკავება“. მიუხედავად იმისა, რომ კანონის შესავალში ნახსენებია ევროსაბჭოს რეზოლუცია პოლიტიკური პატიმრების შესახებ, ეს კრიტერიუმი თავად კანონში არ არის შესული", - ნათქვამია დასკვნაში.

ვენეციის კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქმეების შერჩევის პროცესი არ იყო გამჭვირვალე, ამიტომ თვითნებურად ითვლება. კომისიის აზრით, კანონში ცხადი კრიტერიუმების არარსებობის გამო, ნებისმიერი ადამიანისთვის შესაძლოა, უკიდურესად რთული, ან შეუძლებელი იყოს პარლამენტის გადაწყვეტილებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

„კანონი არ ითვალისწინებს სასამართლოში გასაჩივრებას იმ შემთხვევაში, თუ პირი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, მაგრამ პოლიტპატიმართა სიაში არ მოხვდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ცხადი კრიტერიუმების არარსებობის შემთხვევაში, სიაში მოხვედრის, ან ამოღების პრობლემა რთულად მოგვარებადია. ამნისტიის შესახებ კანონის 22-ე მუხლი გულისხმობს პოლიტიკური მოტივებით დაკავებულ პირთა ამნისტიას, თუმცა წარმოადგენს საერთო ამნისტიას. მოსმენისას კანონი შეეხება არა მხოლოდ პოლიტიკურ პატიმრებს, არამედ ჩვეულებრივ დანაშაულებსაც, რომლებიც არ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან და ასევე, ძირითადად, თეორიულად – საერთაშორისო კრიმინალურ დანაშაულებს, როგორიც არის წამება და ომის დროს ჩადენილი დანაშაული. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა სიაში შეიყვანა პირები, რომლებიც არ არიან პოლიტპატიმრები, ან პოლიტიკური მოტივით დევნილები და რომლებმაც ჩაიდინეს ჩვეულებრივი დანაშაული, რომელიც არ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან - არ არსებობს მეთოდი, რომლითაც მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდება“, - აღნიშნულია „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებულ თარგმანში.

ვენეციის კომისია ასევე განმარტავს, რომ გაითვალისწინა კანონის მიღების მიზეზი - პოლიტპატიმართა გარშემო ატეხილი სკანდალის დროულად დასრულება.

„კომისია ასევე ითვალისწინებს კანონის პრეამბულას, რომელიც მიუთითებს "ჰუმანურობის საერთო პრინციპებს" და ქვეყანაში შექმნილ განსაკუთრებულ ვითარებას და მიღებული ზომების განსაკუთრებულ მასშტაბს ("საერთო, დროებითი და საგანგებო"). მიუხედავად ამისა, კომისია მიიჩნევს, რომ ზომები მიღებულ იქნა კანონთან და ზემოაღნიშნულ ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუფარდებლად. ეს უნდა ითქვას იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების გულწრფელობაში ეჭვის შეტანის გარეშე, რომლებიც ამ საკითხზე კამპანიას აწარმოებდნენ“,- აღნიშნულია კომისიის დასკვნაში.

ყველას კარგად გვახსოვს, რომ პოლიტპატიმრების საკითხის განხილვისას ამ თემაზე მომუშავე ჯგუფი დატოვეს ორგანიზაციების „კონსტიტუციის 42-ე მუხლისა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა. მათი განმარტებით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ პოლიტპატიმრების თემის განხილვა დაჩქარებული ტემპებით და ევროსაბჭოს კრიტერიუმების გაუთვალისწინებლად ხდებოდა. მმართველი გუნდის წევრები კი აცხადებდნენ, რომ საკითხის აქტუალურობისა და პრობლემურობის გამო, მნიშვნელოვანი იყო, რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო მისი განხილვა. ამასთანავე, საპარლამენტო უმრავლესობისა და სამუშაო ჯგუფის სხვა წევრები ამბობდნენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის განხილვა სწორედ ევროსაბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით ხდებოდა. როგორ უნდა მოქცეულიყო ხელისუფლება, რომ ვენეციის კომისიას აღნიშნული შენიშვნები არ ჰქონოდა და რა უნდა მოხდეს ახლა, როდესაც ეს შენიშვნები უკვე გამოთქმულია? ცხადია, რომ ამ ადამიანებს ისევ ციხეებში ვერ შეაბრუნებენ, მაგრამ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვენეციის კომისიის ეს შენიშვნა გათვალისწინებული იქნას, ამ თემაზე იურისტებს ვესაუბრეთ.

იურისტი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიამ თქვა, ამ დასკვნას რეტრო-აქტიური ძალა არ ექნება (უკუქცევის ძალა არ ექნება), რადგან პროცესი უკვე დასრულებულია და პატიმრებს ციხეში ვერავინ დააბრუნებს. თუმცა კომისია აღნიშნავს, რომ მისი შენიშვნები ამ საკითხთან დაკავშირებით, შემდგომ პროცედურებში უნდა იყოს გათვლისწინებული. ჯანეზაშვილი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის ერთი მომენტი, რაზეც ვენეციის კომისიაც საუბრობს. კერძოდ, ამნისტია არ უნდა მოხდეს პირთა განსაზღვრულ წრეზე, ამ კანონით კი ეს იდეა დაკარგულია, რადგან პარლამენტი ამნისტიას აცხადებს ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ.

„ჩვენს შემთხვევაში რა მოხდა? ერთი მხრივ, ამნისტიის შესახებ კანონი პირთა განუსაზღვრელ წრეს შეეხო, ანუ მხოლოდ მუხლობრივად და დანაშაულების მიხედვით შეეხო პირებს. მეორე მხრივ, ამნისტიის შესახებ კანონი პირთა განსაზღვრულ წრესაც შეეხო. ამით ვერ განხორციელდა იდეა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით არის გათვალისწინებული, თუ რას ნიშნავს ამნისტია. პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც კონკრეტული პატიმრების გვარები ჩაიწერა, ხოლო ამნისტიის შესახებ კანონში ეს გვარები არ არის გადმოსული. მიდგომა იყო ასეთი, რომ ამნისტიის შესახებ კანონში კონკრეტული გვარები არ წერია და თითქოს, ეს კანონი პირთა განსაზღვრულ წრეს არ ეხება. სინამდვილეში კი, ამნისტიის შესახებ კანონში წერია პოლიტპატიმრები, რომლებიც რეზოლუციით არიან აღიარებულნი. ამიტომ, თვითონ ამნისტიის შესახებ კანონი, რეალურად ამნისტია არ არის (და ვენეციის კომისიაც ამაზე საუბრობს), რადგან ორმაგ სტანდარტს აწესებს“, - ამბობს იურისტი.

მისი თქმით, ვენეციის კომისიის ასეთი შენიშვნა რომ არ გამოეწვია, პარლამენტს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ ყველა პირის მიმართ თანაბარი მიდგომა ყოფილიყო. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ბევრი ადამიანი მიიჩნევდა და დღესაც მიიჩნევს, რომ იყო პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ კომისიისთვის მიმართვის შესაძლებლობა არ მიეცათ, რადგან კომისიისადმი მიმართვის პროცედურები დადგენილი არ იყო. იურისტი ამბობს, რომ საქმეების სამუშაო ჯგუფისთვის წარდგენა ქაოსურად ხდებოდა, ზოგიერთ მათგანს პატიმრის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია ერთვოდა და ამიტომ, ამ საკითხის მიმართ ძალიან ზედაპირული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. ჯანეზაშვილის თქმით, ყველა ადამიანისთვის თანაბარი პირობები უნდა შექმნილიყო, რომ კომისიისთვის მიემართათ.

მეორე საკითხი, რასაც იურისტი ხაზს უსვამს, არის ის, რომ თითოეულ საქმეზე ინდივიდუალური მიდგომა არ ყოფილა.

„ამაზე ძალიან კარგად წერს ვენეციის კომისია. კერძოდ, ის ამბობს, რომ პარლამენტი კანონის პრეამბულაში კი საუბრობს ევროპის საბჭოს რეზოლუციაზე, რომელიც პოლიტპატიმრის სტატუსის კრიტერიუმებს განსაზღვრავს, მაგრამ ეს ძალიან ზოგადი მიდგომაა, რეალურად კი ინდივიდუალური საქმეები რეზოლუციასთან შესაბამისობაში არ შესწავლილა. მაგალითად, ვინმეს რომ დააინტერესოს, რის საფუძველზე არის ესა თუ ის ადამიანი პოლიტპატიმართა სიაში შეყვანილი, ამის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ვერ მიიღებს, რადგან თითოეული პატიმრის საქმე დეტალურად შესწავლილი არ არის“, - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

აქვე იგი დასძენს, რომ ცხადია, ეს პროცესი რთული იქნებოდა, რადგან საქართველოში უამრავი პოლიტპატიმარი იყო, მაგრამ ეს პროცესი რაღაც დროზე უნდა გაწერილიყო და სწრაფი ტემპით მისი განხილვა არ უნდა მომხდარიყო.

„საქართველოს ახაგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, ეკა ფოფხაძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ამნისტიის კანონის 22-ე მუხლთან დაკავშირებით ძალიან კრიტიკულია და ეს დასკვნა გარკვეულწილად იმ პრობლემებსაც მოიცავს, რაზეც თავის დროზე „საია“-ც საუბრობდა.

„მოგეხსენებათ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პოლიტპატიმრების საქმეების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრები იყვნენ, მაგრამ ჩვენ ეს კომისია დავტოვეთ, რადგან ჩვენი აზრით, პროცესი სწორად არ მიმდინარეობდა. ვენეციის კომისიის დასკვნაში ის საკითხებიც არის ასახული, რაზეც თავის დროზე ჩვენ ვსაუბრობდით, მაგრამ კომისია კიდევ უფრო შორს წავიდა და ბევრად უფრო კრიტიკული მოსაზრებები წარმოთქვა. ვენეციის კომისიამ თქვა, რომ პარლამენტმა რაღაც კუთხით სასამართლო ხელისუფლების როლი შეითავსა. ასევე ვენეციის კომისიამ თქვა, რომ კანონით არ იყო განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომლებითაც ამ პირებს პოლიტპატიმრების სტატუსი მიენიჭათ“, - ამბობს ეკა ფოფხაძე.

მისი თქმით, ვენეციის კომისიამ შენიშვნა გამოთქვა იმასთან დაკავშირებითაც, რომ ამ საქმეებში არსად იყო მითითებული, რომ საქმე მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევებით წარიმართა და ამ ფაქტორების შეფასება საქმეებში არ მომხდარა. ეკა ფოფხაძე ამბობს, რომ ვენეციის კომისიამ ძირითადად ის შენიშვნები გამოთქვა, რაც თავის დროზე არასამთავრობოებს ჰქონდათ პოლიტპატიმრების სტატუსის მინიჭების პროცესთან დაკავშირებით. ამიტომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ვენეციის კომისიის დასკვნას სრულად იზიარებს.