„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდა, მაგრამ საპარლამენტო რეფორმებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ვინაიდან რადიკალური ოპოზიციის წევრები შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებენ.
მმართველი გუნდის წევრი, გურამ მაჭარაშვილი თვლის, რომ ექს-პრეზიდენტის პარტია, როგორც ქუჩაში დარჩნენ მარტო, ასევე მარტო იქნებიან პარლამენტში. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ რადიკალიზმის გატარებას საკანონმდებლო ორგანოშიც შეეცდება.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეწყვიტა ბოიკოტი და პარლამენტში შემოვიდა, თუმცა, შარლ მიშელის დოკუმენტს არ აწერენ ხელს. მათ ამ საქციელს რითი ახსნით?
- რასაც ვუყურებ, ურთიერთგამომრიცხავ გადაწყვეტილებებს იღებენ. თუნდაც ეს ნაბიჯი, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ და პარლამენტში შემოვიდნენ, სწორედ ამის მომასწავებელია. ქუჩაში მარტო დარჩნენ და ახლა უნდათ, რომ პარლამენტში შემოვიდნენ და აქაც მარტო დარჩნენ. ანუ, მიხვდნენ იმას, თუ პარლამენტში არ შემოვიდოდნენ მარგინალიზაციის გზას დაადგებოდნენ, მაგრამ პარლამენტშიც მარტო დარჩნენ. შესაბამისად, თუ დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, საპარლამენტო საქმიანობაში ვერ ჩაერთვებიან.
როგორ ფიქრობთ, ქუჩაში არეულობის მოწყობა არ გამოუვიდათ და ახლა ამის გაკეთება პარლამენტში სურთ?
- არეულობა მათი სტილია და ეს ქუჩაში არ გამოუვიდათ. სხვათა შორის, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებმაც „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული ქმედება კარგად იციან და საჯაროდ განაცხადეს, რომ „ნაცმოძრაობამ“ კონსტრუქციულად საპარლამენტო ბერკეტები უნდა გამოიყენოს. ისინიც ხვდებიან, რომ პარლამენტში შემოსულებმა იქ არ დაიწყონ დესტრუქციის შემოტანა. შესაბამისად, დესტრუქცია, დაპირისპირება, არაერთგვაროვანი ქმედებები - ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ თანმდევია. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუმცა, არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ პროცესები დააზიანონ, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ მიმდინარეობს. ეს არის ჩვენი ამოცანა. 6 თვე ამომრჩეველს არწმუნებდნენ, პარლამენტში რატომ არ უნდა შემოსულიყვნენ, ახლა დაარწმუნებენ რატომ არის კარგი, რომ შემოვიდნენ.
7 თვე ამომრჩეველს უმტკიცებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ახლა, როდესაც პარლამენტში შემოვიდნენ, ნიშნავს იმას, რომ მათ აღიარეს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა?
- რა თქმა უნდა, ეს დასტურია, თუმცა, ამბობენ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია - ნონსენსია. პარლამენტი თუ ლეგიტიმური არაა, მაშინ რატომ შემოვიდნენ?! ანუ, შენობაში შემოვიდნენ და არა საპარლამენტო სივრცეში. ზუსტად, ამას ვამბობ, რომ აბსურდის თეატრია. პროდასავლული ხარ, მაგრამ დასავლურ ხელშეკრულებას ხელს არ აწერ - ეს მათი სტილია.
ეს დასტურია იმის, რომ რუსეთის თამაშს თამაშობენ?
- ისინი რუსეთის თამაშსაც თამაშობენ და ნებისმიერი ძალის მოქმედებითაც მოქმედებენ, ვინც კი მათ მოსაზრებას იზიარებს. ეს ფაქტია და ამას არც მალავენ. რუსეთსაც გამოიყენებენ და ნებისმიერ ძალას, რომელიც ქვეყნისთვის საზიანოა და გამოიყენებენ ყველაფერს, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს სიურპრიზს უმზადებს. თქვენი აზრით, რა სიურპრიზს ამზადებს ექს-პრეზიდენტი?
- მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ამომრჩეველს სიურპრიზებით ანებივრებს და სიურპრიზებიდან სიურპრიზებამდე აცხოვრებს. აუცილებლად, ამ არჩევნებზე მათი ამომრჩეველთა რაოდენობა დაიკლებს.
ბატონო გურამ, როგორ გგონიათ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა ნიკა მელიას უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას გადაწყდა?
- უკრაინაში შეთანხმება რომ ყოფილიყო, მაშინ უკრაინაშივე გააკეთებდნენ განცხადებას. სავარაუდოდ, იქ ვერ შეთანხმდნენ, შესაბამისად, აქ წამოვიდნენ. ნაციონალების წევრების ნახევარს შემოსვლა უნდოდა და მათ ვერაფერი მოუხერხეს. ამიტომ, ვითომ ხალხში გავდნენ, კომიკური სცენები ჩაატარეს და საბოლოოდ, შემოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს.
ასევე, მინდა გკითხოთ, ექს-პრემიერის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებაზე. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ გიორგი გახარიას მედიასთან შეხვედრიდან?
- გიორგი გახარიამ იმ კითხვებს, რომელიც ხელისუფლების მიმართ დასვა, თავად უნდა გასცეს პასუხები. ისეთი კითხვები ჰქონდა, რომელიც პირდაპირ მას უკავშირდება, როდესაც პრემიერ-მინსტრი იყო. ამ შემთხვევაში საინტერესოა, დასვას კითხვა როგორც ოპოზიციონერმა და უპასუხოს, როგორც პრემიერმა. „ქართულ ოცნებაში“ თუ რამე ხდებოდა, ბუნებრივია, მისი ხელმძღვანელობით ხდებოდა. ამიტომ, არ მგონია, რომ ძლიერი და საინტერესო გამოსვლა იყო. არც ერთ კითხვაზე ამომწურავი და საინტერესო პასუხი არ ჰქონია. მოლოდინი არ გვაქვს, რომ მის პოლიტიკურ პარტიას სერიოზული წარმატება ექნება, ყოველ შემთხვევაში ახლა ასე ჩანს.
და რამდენად დამაკმაყოფილებელი იყო თქვენთვის მისი წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადება?
- გიორგი გახარიამ ვერც წასვლის შესახებ მიზეზი ახსნა. ჯერ თავიდან მელიას დაკავება მოიმიზეზა, რომელიც აბსურდია. მართლმსაჯულებამ გადაწყვეტილება მიიღო და არ უნდა აღსრულებულიყო?! მეორე - მელიას პროცესები 20 ივნისს დაიწყო და 20 ივნისს გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ამ პროცესებში მონაწილეობდა. ამიტომაც უჭირს არა მარტო ბიძინა ივანიშვილის, არამედ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ რამე თქვას. თუმცა, რაც მოვისმინე - მელიას დაკავება სისულელე იყოო. თავიდან თქვა, რომ მისი დაკავება უნდა გადაწეულიყოო, რას ნიშნავს გადაწეულიყო?! სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება სისულელე როგორ უნდა იყოს?! ბევრი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთა. უნდა ითქვას, რომ გახარიას გადადგომიდან მეხუთე დღეს მელიას დაკავება მოხდა.
ისიც უნდა ითქვას, რომ მან კახა კალაძე შეაქო და როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, მან დედაქალაქის მერს საკუთარი კანდიდატი დაუპირისპიროს?
- ზოგადად, როდესაც პრემიერი ოპოზიციაში მიდის, მან ორი რამ უნდა დაამტკიცოს - პირველი, საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რატომ იყო მისი გადადგომა აუცილებელი. მეორე - საზოგადოება დააჯეროს, თუ რა გეგმები აქვს და რას გააკეთებს უკეთესად, რომლის გაკეთებაც პრემიერ-მინისტობის დროს ვერ მოახერხა. მას თუ რამე მიღწევები ჰქონდა, „ქართული ოცნების“ რესურსებით ჰქონდა. „ოცნებაში“ როგორც პოლიტიკოსი გაიზარდა. როგორც ჩანს, ნებისყოფამ უმტყუნა და ჩათვალა, რომ მისი რესურსი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე „ოცნების“. ასე რომ არ ჩაეთვალა, წესით, ამ ნაბიჯს არ გადადგამდა.