საკენკის უკანასკნელი ულუფა უკრაინიდან

საკენკის უკანასკნელი ულუფა უკრაინიდან

პოლიტიკური კრახის და სრული კაპიტულაციის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ბელადი და ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ამომრჩეველს პირდება, რომ ბიძინა ივანიშვილს შემოდგომაზე სიურპრიზს მოუწყობს. თუმცა რა არის ეს სიურპრიზი არ აკონკრეტებს. 6-თვიანი ვერშემდგარი რევოლუციის შემდეგ, სააკაშვილი საკუთარი ამომრჩეველს ისევ ტყუილებით კვებავს. მას პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშეების გამოჩენის ეშინია და ვერშემდგარი გადატრიალების შემდეგ, ელექტორატის დაკარგვის საფრთხეს გრძნობს. მრავალთვიანი წვალების მიუხედავად, განცდილი მარცხის ფონზე და ნაციონალების უპრინციპო გადაწყვეტილების გამო, არაა გამორიცხული, რომ მისი ამომრჩევლებიც დაიღალნენ და სააკაშვილზე განაწყენდნენ. ამიტომ მან ისევ ნაცად ხერხს მიმართა და ფუჭი იმედებით მათ შენარჩუნებას ცდილობს. თუმცა მერამდენედ შეიძლება საკუთარი ამომრჩეველი მოატყუო, ალბათ, ამას უკვე თვითმმართველობის არჩევნებზე შედეგების სახით ვნახავთ.

 „ჩვენ ივანიშვილს ვუმზადებთ ძალიან დიდ სიურპრიზს, ივანიშვილისთვის ძალიან არასასიამოვნოს, ქართველი ხალხისთვის სასარგებლოს, რაც დასრულდება საქართველოს გამარჯვებით“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

უცნობია, ყოფილი პრეზიდენტი გულისხმობს თუ არა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში დაბრუნებას.

20 აპრილს სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში თქვა, რომ არჩევნების წინ საქართველოში ჩამოვა და თუნდაც სიცოცხლის რისკის ფასად იქნება ამ პროცესის დამსწრე და მონაწილე.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეუმდგარი სიურპრიზებით ყველა დაიღალა და თუ რამის გაკეთება უნდა, გააკეთოს. უნდა ჩამოსვლა და ჩამოვიდეს, ესეც უკვე აღარავის აინტერესებს. საქართველოს ახლა ის პლუსი აქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ გაიმარჯვებს. მოსახლეობის დიდ ნაწილს სააკაშვილის უკვე ერთი სიტყვისაც აღარ სჯერა. ამიტომ მისი დრო წავიდა და ჯობია საქართველოს წვალებას თავი დაანებოს.

„მგონია, სააკაშვილის შეუმდგარი სიურპრიზებით ყველა დავიღალეთ, ამიტომ ვურჩევ და მგონია, რომ საქართველოს წვალებას თავი უნდა დაანებოს. წავიდეს და დაისვენოს, სხვებს მისცეს იმის უფლება, რომ იმუშავონ. სააკაშვილი პრობლემას უკვე ყველას უქმნის, განსაკუთრებით კი „ნაციონალურ მოძრაობას“. მათი ყველა ტაქტიკა გაიშიფრა და ოპოზიციაც მიხვდა რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ რა არის. მადლობა ღმერთს, გონზე მოვიდნენ, პარლამენტში შევიდნენ და ენმ-იც იძულებული გახადეს შესულიყო. ამიტომ ჩვენმა ოპოზიციამ ეს მამის კომპლექსი უკვე მოიშორა და „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის ლიდერი უკვე ვეღარ გახდება. ამ წვალებამ - შესულიყო თუ არა პარლამენტში - ოპოზიცია ძალიან დააზიანა.

მიხვდნენ და გაიზარდნენ, რომ მათი მძევლები არ უნდა იყვნენ. ამიტომ ენმ-ს თუ აქვს ჩანაფიქრი, რომ ახლა პარლამენტში შესულები ოპოზიციას ისევ თავის გარშემო გააერთიანებენ, ძალიან ცდებიან, რადგან ეს აღარ მოხდება. ერთადერთი „ლელო“ იქცევა უცნაურად. ამიტომ ოპოზიციამ ნაციონალებს უნდა ურტყას და ურტყას და თქვას, რომ მიუღებლები არიან. ორივე ძალას, როგორც „ოცნებას“ ასევე ნაციონალებს ცალსახად უნდა გაემიჯნონ. ამით კიდევ უფრო ბევრს მიაღწევენ. ამის შემდეგ იქნება მესამე ძალის კონცეფციის შექმნა, რომელსაც ყველა ასე ველოდებით“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რეფერენდუმი საერთოდ ნახსენები არ არის, ამიტომ გაუგებარია სააკაშვილმა ეს საკითხი საერთოდ რატომ წამოჭრა. ქართველიშვილის განცხადებით, სააკაშვილი ამ მოწოდებებს - თითქოს საქართველოში დაბრუნებას აპირებს, საკუთარი ამომრჩევლისთვის აკეთებს.

„სააკაშვილის ეს განცხადება მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველზეა გათვლილი. ამას იმდენად სპეციფიკური მხარდამჭერები ჰყავს, რომ მუდმივად გამხნევება და მოწოდებები სჭირდებათ. ამიტომ სააკაშვილი დრო და დრო ამ მისიას ასრულებს. უკვე მერამდენე შემოდგომაა, რაც ამომრჩეველს ატყუებს. ამ პერიოდული გამხნევებით ცდილობს ის ხუთასი ათასი ხმა არ დაკარგოს, რომელიც მისი ამ სექტანტური გავლენიდან მართლაც შეიძლება გამოვიდეს.

ოპოზიციურ ველზე პოლიტიკური სპექტრი გაფართოვდა და ამომრჩეველს კიდევ უფრო აქვს იმის შანსი, რომ მრავალფეროვანი არჩევანი გააკეთოს. აქეთ გახარია და ვასაძე გამოჩდნენ, ამიტომ სააკაშვილს შიში გაუჩნდა, რომ ამ არასწორი პოლიტიკური ტაქტიკური სვლების შემდეგ, მან ამომრჩევლის ნაწილი არ დაკარგოს. რა თქმა უნდა, ამ საფრთხის გათვალისწინებით სააკაშვილი იძულებულია, ამომრჩეველი გაამხნევოს, თუნდაც აბსურდული დაპირებებით, მხოლოდ იმისთვის, აჩვენოს, რომ რეალური ბელადი ის არის“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ნაციონალების მთავარი მიზანი ახლა ისაა, რომ პარლამენტში შევიდნენ და ნათელაშვილის ფანჩატურის მსგავსი გაერთიანება ისევ შექმნან. თუმცა, მაშინ, როცა ნაციონალებმა მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას შეურაცხყოფა მიაყენეს, ამის არანაირი შანსი აღარ აქვთ.

„ყოფილ კოლეგებს ნაციონალებმა აგინეს, მონები უწოდეს, შეურაცხყოფა მიაყენეს და ამ პარტიის წარმომადგენელბი ისევ თავისი ორბიტის გარშემო გააერთიანოს გამორიცხულია. პოლიტიკური თვალსაზრისით, რა უარყოფითი დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს ამ მცირე პარტიების მიმართ, უბრალოდ, ადამიანური თავმოყვარეობა ხომ არსებობს. ამით მცირე პარტიების საბოლოო მარგინალიზება მოხდება. ნაციონალები დღეს პოლიტიკური ნუდისტები არიან, რომლებიც საზოგადოების თვალში საერთოდ გაშიშვლდნენ. მათ აღარც სირცხვილის და აღარც რაიმე პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნიათ. რა ნიღბის ჩამოხევაზეა საუბარი, ლამის, უკვე ტყავი გაიძრონ. ის პარტიები, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, ამათ გვერდით როგორღა დაიყენებენ, ეს გამორიცხულია“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

Katana . დავით ქართველიშვილი: "ამ პერიოდული გამხნევებით ცდილობს ის ხუთასი ათასი ხმა არ დაკარგოს, რომელიც მისი ამ სექტანტური გავლენიდან მართლაც შეიძლება გამოვიდეს."
!
500 000 ხმაზე შეიძლება დიდად არ იდარდონ ჩინეთში, სადაც მოსახლეობის აღწერისას 30-მილიონიანი პროვინცია ისე გამორჩენიათ, ჩვენთან რომ მთის რომელიღაც სოფელი გამორჩეთ... მაგრამ ამ პატარა საქართველოში, სადაც 215 პარტია ჭიანჭველებივით შესევია ელექტორატს და ყველა ცდილობს ხმების მცირედი ნაწილი მაინც წააფცქვნას, 500 000 ხმა, როგორ ვთქვა... პოლიტიკური მილიარდერობაა და მიშა მართლა გიჟი უნდა იყოს, არ იბრძოლოს ამ "ქონების" შესანარჩუნებლად!
3 წლის უკან