„გახარია აშკარად წავიდა ივანიშვილის წინააღმდეგ, მან დაარღვია ივანიშვილის პოლიტიკური მართვის მოდელირება“

„გახარია აშკარად წავიდა ივანიშვილის წინააღმდეგ, მან დაარღვია ივანიშვილის პოლიტიკური მართვის მოდელირება“

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს ნაბიჯი დაგვიანებული არ არის. ამ ბოიკოტით ოპოზოციამ თავის მიზანს მიაღწია“, - ასე აფასებს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან ენმ-ს გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლის თაობაზე.

როგორ ფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ეს გადაწყვეტილება დაგვიანებული ხომ არ არის?

- ენმ-მ მიაღწია შიდა პოლიტიკური თემის საარჩევნო დონეზე აყვანას. საერთაშორისო აქტორების ჩართვამ გამოიწვია უფრო მეტად „გახურება“ და მაღალ დონეზე აყვანა. დათქმა, რომ თუკი მმართველი პოლიტიკური ძალა 43%-ს ვერ მიიღებს, ეს ავტომატურად გამოიწვევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ამასთან, შეიქმა ძალიან კარგი ბაზისი, რომ გაიზარდოს მულტიპარტიული კულტურა საქართველოში. ასე რომ, დაგვიანებული არ შეიძლება ეწოდოს ამას.

გაერთიანებულ ოპოზიციას უფრო მეტად შეუძლია გაერთიანდეს საერთო მტრის, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რომელიც შესაძლოა, მარტივ მამრავლებად დაიშალოს და იქაური შიდა საპარლამენტო ზეწოლით მოახდინონ მისი კიდევ უფრო გამოფიტვა.

რაც შეეხება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერას?

- ყველა პოლიტიკური პარტია მოქმედებს საკუთარი დღის წესრიგით და ამაში გასაკვირი არაფერია. ალბათ, „ნაცმოძრაობა“ არ ეთანხმება ამ დოკუმენტში გამოთქმულ მოსაზრებებს. თვლიან, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშეც შედიან პარლამენტში და ერთვებიან საპარლამენტო საქმიანობაში.

„ქართული ოცნება“ არის კომპატანტური პოლიტიკური პარტია, რომელსაც შეუძლია დაარღვიოს ნებისმიერი პოლიტიკური წესი. „ნაცმოძრაობამ“ ამით დააფიქსირა, რომ მმართველმა პარტიამ დაიწყო ამ მემორანდუმის წესების დარღვევა და ეს იყო მათი პროტესტი, რის გამოც დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გამოჩნდა თავისი ახალი პარტიითა და პოლიტიკური ხედვით. როგორია მთავრობის ყოფილი მეთაურის რეიტინგი დღეს და რა პოლიტიკურ პერსექტივაზე შეიძლება ვისაუბროთ?

- გახარიას პარტია ტექნოკრატული გაერთიანებაა, რომელიც ბუნებრივია, იმუშავებს „ქართული ოცნების“ ელექტორატსა და ამომარჩეველზე, თუმცა, შესაძლოა, გაერთიანებული ოპოზიციის ხმებიც წაიღოს. ეცდება ცენტრისტული პოზიცია დააფიქსიროს. გახარია გამოვიდა და აუგი არ თქვა ბიძინა ივანიშვილზე - ეს იყო ცენტრისტული ორიენტაცია. იგი გაცილებით კარგი პოლიტიკური მენეჯერი გამოდგა, ვიდრე წინა პრემიერ-მინისტრები. გახარიამ გარკვეულწილად აჩვენა პოლიტიკური ეფექტურობა, მას ასევე ჰქონდა სერიოზული ჩავარდნებიც, მაგრამ ამან პოლიტიკაში დინამიკა შემოიტანა.

როგორ ფიქრობთ, რამდენაც არის გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის „პროექტი“?

- ეჭვი მეპარება, რომ ივანიშვილის პროექტი იყოს. ივანიშვილს არ უყვარს, როდესაც მის წინააღმდეგ ვინმე მიდის და მისი თამაშის წესებს არღვევს. იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც ვიხილე, ვერ ვიტყვი, რომ გახარია ივანიშვილის პროექტია. გახარია აშკარად წავიდა ივანიშვილის წინააღმდეგ, მან დაარღვია ივანიშვილის პოლიტიკური მართვის მოდელირება.

გახარიას საკმაოდ სწორი პოზიცია უჭირავს. ბიძინა ივანიშვილის არ აკრიტიკებს, არა იმიტომ რომ, მისი მომხრეა ან რაიმე კავშირი აქვს მასთან, მან უბრალოდ კარგი პოლიტიკური სტრატეგია აირჩია. ის ცდილობს, ბიძინა ივანიშვილის არგაკრიტიკებით, გადმოიბიროს თავის მხარეზე „ქართული ოცნების“ ელექტორატი, ის ელექტორატი, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა ბიძინა ივანიშვილის.

თქვენი აზრით, „ქართული ოცნება“ მიიღებს 43%?

- თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ადგილობრივი არჩევნები დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა, დღევადენლი მდგომარეობით, „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა 20% აიღოს. თუმცა, როგორ წავა მისი ბედი, თუნდაც როგორ ჩაივლის მმართველი გუნდის ყრილობა და ა.შ. ამაზეა დამოკიდებული და იმ ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება განვითარდეს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. არ ვიცით რა პლატოფრმით გამოვა „ქართული ოცნება“.

მმართველმა ძალამ საკმაოდ სერიოზული დანაკარგი განიცადა მას შემდეგ, რაც მისი პარტიიდან წავიდა ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ყველაზე მძიმე დარტყმა, რაც მმართველმა პარტიამ მიიღო. ამასთან, დაკარგა გიორგი გახარია, რომელმაც სერიოზული წვლილი შეიტანა არჩევნებში. „ქართული ოცნების“ რეალური პროცენტი მერყეობს 20-დან 30%-მდე.