ბიზნესმენი ყოფილ ხელისუფლებას ბიზნესტერორში ადანაშაულებს

ბიზნესმენი ყოფილ ხელისუფლებას ბიზნესტერორში ადანაშაულებს

ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი ყოფილ ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. ბიზნესმენი განმარტავს, რომ პროკურატურის გამომძიებელი ბექა ბასილაია და პროკურორი ზაზა მალუძე ოჯახის წევრების მუქარით ნაცმოძრაობის ანგარიშზე თანხების ჩარიცხვას აიძულებდნენ. უფრო მეტიც, ზეწოლის გამო იგი "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობას“ აფინანსებდა. დღემდე აღნიშნული თანამშრომლები თანამდებობაზე რჩებიან და გამოძიების ობიექტურად წარმართვას ხელს უშლიან. მეტიც, დღესდღეობით ისედაც დაზარალებული ბიზნესმენის საკუთრებაში არსებულ კომპანიას მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრეს. მთლიანობაში კი მას დაახლოებით მილიონნახევრაზე მეტი თანხა აქვს პარტიებისთვის შეწირული.

ამასთან, ვალერი შოშიაშვილი საკუთარ ჩვენებასაც ასაჯაროებს:

"მე დამიკავშირდნენ პროკურატურიდან და მითხრეს, რომ ყვარლის რაიონის სოფელ გრემში ტარდებოდა აუქციონი, რომელზეც გატანილი იქნება გრემის კულტურის სახლი. მონაწილეობა უნდა მიმეღო აუქციონში და შემეძინა იგი 700 000 ლარად, თუმცა მისი რეალური ფასი 8 130 ლარს შეადგენდა (რაც დასტურდება დამოუკიდებელი აუდიტის მიერ შედგენილი დასკვნით). აღნიშნული ქონების საწყისი ფასი 100 000 ლარი იყო. მე დიდი გაჭირვებით მოვიძიე ბეს თანხა, რაც შეადგენდა 30 000 ლარს და შევიძინე აუქციონში მონაწილეობის ბილეთი. რამდენიმე დღის შემდეგ ჩემთვის უცნობმა პირმა თბილისში მომაწოდა აუქციონში გამარჯვების დოკუმენტი. პირი გამეცნო, როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ აუქციონში მონაწილეობა არ მიმიღია. მე არ გამაჩნდა ინფორმაცია გამოტანილი ქონების შესახებ. ბ.ბ.-მ განმიმარტა, რომ ამ ქონების გარდა სექტემბრის თვეში უნდა მიმეტანა 300 000 ლარი, რის შედეგაც დამიბრუნებდნენ ჩემი კომპანიების საბუღალტრო დოკუმენტაციას. ერთ-ერთი შეხვედრის დროს მე განვუცხადე, თუ რაიმე სახის ჯარიმა მეკუთვნოდა, იგი დაეკისრა აუდიტის სამსახურს. რის პასუხადაც ისენი დამემუქრნენ, რომ შემესრულებინა ყველა მათი მითითება წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიჭერდნენ ჩემი ოჯახის წევრებს", - ნათქვამია შოშიაშვილის ჩვენებაში.

ბიზნესმენის განცხადებით, მისი დატერორების მცდელობა ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა. კერძოდ, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მან ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას და მამუკა მდინარაძეს მიმართა, რათა აღდგენილიყო სამართლიანობა და დამნაშავეები დასჯილიყვნენ. თუმცა 19 ოქტომბერს მას დაუკავშირდა ბექა ბასილაია და მთავარ პროკურატურაში სთხოვა შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა პროკურორი ზაზა მალუძე, რომელმაც უთხრა, რომ 2000 ლარის გადახდის შემთხვევაში (შეიძლებოდა თანხის კიდევ უფრო შემცირება), გაფორმდებოდა საპროცესო განრიდება და დაუბრუნებდნენ ბუღალტრულ საბუთებს. ვალერი შოშიაშვილმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და დაჰპირდა, რომ დამნაშავეები დაისჯებოდნენ, რაზეც ბექა ბასილაიამ უპასუხა, სამწუხაროა, ახალი პოლიტიკური ხანა რომ დადგა, თორემ სხვანაირად გაგისწორდებოდიო.

For.ge ვალერი შოშიაშვილს ესაუბრა.

ყოფილ ხელისუფლებ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" სასარგებლოდ თქვენზე ზეწოლაში ადანაშაულებთ. რა ვითარებაში დაიწყო თქვენზე ზემოქმედება?

- ეს არ უკავშირდება კონკრეტულად მხოლოდ და მხოლოდ „ქრისტიან-დემოკრატებს“. ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ჩემი ოჯახის მიმართ ტერორი დაიწყო 2008 წლის იანვრიდან. ეს იყო საპარლამენტო წინასაარჩევნო პერიოდი და ამას მოჰყვა უკვე 2011 წლის ფაქტი, როდესაც მე იძულებით მიმაღებინეს აუქციონში მონაწილეობა და 8130 ლარად შეფასებული ქონება მაყიდინეს 700 ათას ლარად. რაც შეეხება კონკრეტულად „ქრისტიან-დემოკრატებს“, ჩემი ერთ-ერთი დაბარება მოხდა ფინანსურ პოლიციაში, სადაც კონკრეტული მითითება მივიღე, რომ 2008 წელს „რუსთავი 2“-ის სატელევიზიო არხზე უნდა მეყიდა 50 ათას დოლარად ღირებული საეთერო დრო „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობისთვის.

აღნიშნულ ბრალდებას ლევან ვეფხვაძემ აბსურდული უწოდა. ზოგადად, ქდმ-ები შეხვედრისკენ მოგიწოდებენ, რათა ერთობლივად გაარკვიოთ, ვინმე ხომ არ სარგებლობდა მათი სახელით.

- კონკრეტულად ქდმ-ს არცერთ წევრთან შეხვედრა არ მქონია არც წინათ და არც ახლა. მზად ვარ, დოკუმენტალურად, საბანკო ამონაწერის საშუალებით დავადასტურო ჩემი ნათქვამი. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი გადარიცხვით ხდებოდა ჩემი ანგარიშიდან თანხის ჩარიცხვა.

ანუ საბანკო ანგარიშებში უშუალოდ მითითებულია ქდმ?

- რა თქმა უნდა.

და გამორიცხულია, ეს შეცდომა იყოს?

- გამორიცხულია. მე ამ ინფორმაციას გადაუმოწმებლად არ ვავრცელებ.

ქდმ- წევრები იმასაც აცხადებენ, რომ, შესაძლოა, თქვენს უკან რომელიღაც ძალები იდგნენ.

- არანაირი ძალა და არანაირი ინტერესი მე არ მამოძრავებს.

რატომ განაცხადეთ ამის შესახებ ახლა, მაშინ, როცა კარგა ხანია, ხელისუფლება შეიცვალა და გქონდათ ამის თქმის საშუალება.

- ახლა მე არ განმიცხადებია. უბრალოდ, უკვე ძალიან დიდი ხანია სამართალდამცავ სტრუქტურებს მივმართე. თითქმის ხუთი თვეა ჩემი საქმე ძიების პროცესშია, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. ახლა უკვე იძულებული გავხდი სააშკარაოზე გამომეტანა ეს ყველაფერი.

კონკრეტულად ვის მიმართეთ?

- ჩვენ მივმართეთ შს სამინისტროს და მომხდარს შს სამინისტროს სპეციალური სამსახური იძიებს.

ფლობთ ინფორმაციას, დაიკითხნენ თუ არა ქრისტიან-დემოკრატები ან რატომ ჭიანურდება გამოძიება?

- ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს.

რა სახის ზეწოლა ხორციელდებოდა თქვენი ოჯახის წევრებზე?

- ზეწოლა იყო ჩემი მშობლების, ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, რომ რიგითობით მოხდებოდა მათი დაჭერა, თუ არ შევასრულებდი აღნიშნულ დავალებას.

მათი დაჭერის მოტივს თუ გეუბნებოდნენ?

- შეეძლოთ, ნებისმიერი ბრალდება შეეთითხნათ და იმ ბრალდებაზე წაეყენებინათ ბრალი.

პირადად თქვენ თუ გემუქრებოდნენ?

- პირადად მე არა მარტო მუქარა, ძალიან დიდი ზეწოლა განვიცადე. ოღონდ ამას კონკრეტულად გამოძიება დაადგენს და გამოძიება გაასაჯაროებს. ეს მუქარები რამდენჯერმე განხორციელდა. 

თქვენ ახსენეთ მაღალჩინოსნები, შეგიძლიათ, გვითხრათ ფინანსური პოლიციის რომელ მაღალჩინოსნებს ადანაშაულებთ?

- გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე არ შემიძლია კონკრეტულად გვარების დასახელება.

ამდენად, თქვენ თავიდანვე ფლობდით ინფორმაციას, რომ ქრისტიან-დემოკრატები ნაციონალების თამაშს თამაშობდნენ?

- ჩემი შეხედულებით, ნამდვილად ასე იყო.

თუმცა, სულ ახლახანს, ქრისტიან-დემოკრატებმა თავისი მოძრაობიდან ნაციონალებთან ალიანსის გამო საკრებულოს წევრი კახა ბროკიშვილი გარიცხეს. ესეც რამენაირად თქვენს საქმეს ხომ არ უკავშირდება? ხომ არ გაჟონა ინფორმაციამ, რომ ნაცმოძრაობასთან მათი კავშირის განსაჯაროებას აპირებდით და ამით ხომ არ დაასწრეს თქვენს განცხადებას?

- ვინმეს გაშვების შესახებ მე არაფერი ვიცი.

აუქციონით რატომ დაგავალეს მაინცდამაინც გრემის კულტურის სახლის შეძენა?

- ჩემთვის უცნობია, თუ რატომ დამავალეს ამ კონკრეტული ქონების შეძენა, რადგან აღნიშნული ქონების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. არც ინტერესი არ მქონია რაიმე ქონების შესყიდვის შესახებ, მაგრამ 2011 წლის მაისში პროკურატურის გამომძიებელ ბექა ბასილაიას მხრიდან სატელეფონო შეტყობინება მივიღე, სადაც მითითებული იყო, რომ აუქციონში უნდა მომეღო მონაწილეობა და მეყიდა გრემის კულტურის სახლი. სხვათა შორის, ამის შესახებ სატელეფონო სმს-შეტყობინება გავავრცელე პრესკონფერენციაზე.

არ გააპროტესტეთ, რატომ უნდა შეგეძინათ გრემის კულტურის სახლი?

- რაც არ უნდა მეთქვა, დარწმუნებული ვიყავი და დღესაც მჯერა, რომ არანაირ პროტესტს აზრი არ ჰქონდა, რადგან მათ უკვე მითითებები მოცემული ჰქონდათ, რომ უნდა გამეკეთებინა ის, რასაც მეტყოდნენ.

აპირებთ ქდმ- წევრების მოთხოვნის დაკმაყოფილებას და მათთან დალაპარაკებას იმის გასარკვევად, რამდენად დამაჯერებელი იყო მათი ნათქვამი, თითქოს მათ უკან ვიღაც იღებდა ამ თანხებს?

- ნებისმიერ ადამიანთან სასაუბროდ და ჩემი ნათქვამის დადასტურებისთვის მზად ვარ. ჩემი ადვოკატი გადაწყვეტს ამას. თუმცა არანაირი ეჭვი არ გამჩენია, რომ თურმე ქდმ-ს სახელით სხვები მთხოვდნენ დაფინანსებას და ისინი არაფერ შუაში არ იყვნენ.

რაც შეეხება თქვენს ბიზნესს, რას საქმიანობთ და კიდევ სხვა მიმართულებითაც თუ უცდია ყოფილ ხელისუფლებას თქვენს ბიზნესზე ზეწოლა?

- 2008 წლიდან ინტენსიური ზეწოლა განხორციელდა ჩემი ბიზნესის მიმართ. ეს არის საოჯახო ბიზნესი და ჩვენ ვახდენთ ჭურჭლისა და საოჯახო ტექნიკის იმპორტს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კიდევ რისი დაფინანსება მოგთხოვეს?

- შეგიძლიათ ნახოთ, „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველთა სია, სადაც ჩემი კომპანიები პირველ და მესამე ადგილზე არიან შემოწირულობის მხრივ. ასე რომ, სხვა მიმართულებითაც ვიხდიდი თანხებს.

და ეს ვითომ ნებაყოფლობითი თანხების გაღება იყო?

- დიახ.