„გახარია, როგორც ოპოზიციური ლიდერი ჯერ არ ჩანს, ის ისევ პრემიერის როლშია“

„გახარია, როგორც ოპოზიციური ლიდერი ჯერ არ ჩანს, ის ისევ პრემიერის როლშია“

შედგა თუ არა ყოფილი პრემიერი ოპოზიციურ ლიდერად და რას სთავაზობს ის ამომრჩეველს სხვა პოლიტიკური ძალებისგან განსხვავებით იმისთვის, რომ მხარი მას დაუჭირონ? გახარია ჯერჯერობით მიიჩნევს, რომ საბოდიშო საზოგადოებასთან არაფერი აქვს და ამისთვის მზადაც არ არის. თუმცა, ის მზად არც კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გასაცემად აღმოჩნდა. ჟურნალისტებთან 2-საათიანი შეხვედრის მთავარი თემები, კორუფცია, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, 20 ივნისის აქციის დარბევა, მისი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი და სამომავლო გეგმები იყო. თუმცა მან არც ერთხელ ივანიშვილი არც აქო და არც გააკრიტიკა. ერიდება მასზე საუბარს, თუმცა არ მოსწონს არაფერი, რასაც ოპოზიცია აკეთებს.

საზოგადოებამ მისი განცხადებებიდან ახალი მხოლოდ ის გაიგო, რომ:

1.არც ერთხელ ივანიშვილი არ ახსენა, მაგრამ თქვა, რომ მორანტორიუმი დიდხანს არ გაგრძელდება და თუკი საჭირო იქნება, ისაუბრებს კიდეც.

  1. თქვა, რომ 20 ივნისს ბრძანება დარბევის შესახებ არ გაცემულა, თუმცა არ დააკონკრეტა მაშინ პოლიცია ვისი ბრძანებით მოქმედებდა.
  2. თქვა, რომ ივანიშვილის გავლენა არსებობდა და არსებობს.
  3. არ დამალა, რომ გომელაურის მოხსნა სურდა, მაგრამ ეს იმიტომ არ გააკეთა, რადგან ხელისუფლების შიგნით დაპირისპირება გამწვავდებოდა და ქვეყანა უფრო მეტ ზიანს მიიღებდა.
  4. ივანიშვილის დეიდაშვილზე უჩა მამაცაშვილზე, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილზე და ყოფილ მთავარ პროკურორზე ოთარ ფარცხალაძეზე თქვა, რომ სადაც საშუალება ჰქონდა, მათთვის კარები დაუხურავს. თუმცა კონკრეტული სახელები არ დააზუსტა ვის გულისხმობდა.

გიორგი გახარიასთვის კითხვების დასასმელად შეიკრიბა ფაქტობრივად ყველა ტელევიზიის ჟურნალისტი „იმედისა“ და „პოს ტივის“ გარდა - რაც პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერისთვის აღმოჩენა გახდა.

პირველი კითხვა იყო ვის და რის მიმართ მოიხდიდა გახარია ბოდიშს, როგორც ყოფილი პრემიერი, შს მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი, რაზეც მან უპასუხა:

„რაც შეეხება ბოდიშს, ბოდიშის მოხდას აზრი აქვს მაშინ, როცა ის არის გააზრებული და არის კონკრეტულ ფასეულობებთან დაკავშირებით. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ასე ბოდიშს იხდის, მაშინ ის ბოდიში იყო აბსოლუტურად გააზრებული და ფასეულობებზე დაყრდნობილი. ასე საყოველთაო ბოდიშის მოხდისთვის, დღეს, ამ წუთას, მზად არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ცოტა უფრო მეტი დრო რომ გვქონდეს, ასეთ მიზეზებს ვიპოვიდი“.

გახარია ბიძინა ივანიშვილის კრიტიკისგან თავს იკავებს, თუმცა არც დადებითს არაფერს ამბობს, რასაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.

„მე მას არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ. ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ, ჩვენი ქვეყნის მომავალზე როცა იქნება საუბარი, მე რაიმე კომპლექსი ან შეზღუდვა მექნება იმაზე, რომ ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირო“, - თქვა პარტია „საქარველოსთვის“ თავმჯდომარემ.

20 ივნისის დარბევას გახარია „ცალკეულ პოლიციელებში გადაცდომის ნაწილს“ უწოდებს და მოუწოდებს ჟურნალისტებს და საზოგადოებას - „ნუ ეძებთ ბნელ ოთახში შავ კატას. არ ყოფილა არანაირი უკანონო ბრძანება, 20 ივნისის განმავლობაში არ ყოფილა“, - ამბობს ის და აქციაზე ადამიანების დაშავებაზე  პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

მისივე თქმით, დარბევის ბრძანების გარდა, „სხვა ყველაფერი, რაც ბრძანების და შესაბამისი განკარგულების გარეშე მოხდა, ჩემი პასუხისმგებლობაა“, - თქვა მან.

კითხვა შეეხებოდა, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს, ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძესა და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს.

გახარიამ საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ადამიანებს, როგორც გარკვეული გავლენის მატარებელ ჯგუფებს ინსტრუმენტებზე ზემოქმედების ძალა ზოგ შემთხვევაში ჰქონდათ, თუმცა მისი თქმით, ამას კონკრეტული ფაქტები სჭირდება და დასძინა, რომ

სადაც ასეთი ფაქტები ჰქონია, „კარები დაუკეტავს“.

რაც შეეხება კითხვას, დაუკეტავს თუ არა მას კარები, ჩამოთვლილი ადამიანებისთვის, გახარიამ ასე უპასუხა: „ყველასთვის არა, მაგრამ მაქედან რამდენიმესთვის - კი“.

რაც შეეხება იმას, რა გახდა მისი პრემიერობიდან გადადგომის მიზეზი, გახარია ასე პასუხობს“

„რა თქმა უნდა, ვიყავი რეალური პრემიერმინისტრი, ისევე, როგორც, როდესაც ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, ყველა ამ ინსტიტუტზე ვიყავი პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, ვაღიარებ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში, ჩვენი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი იყო გუნდური, სანამ ამ გუნდური გადაწყვეტილების მიღების პროცესში შემეძლო მეთამაშა პოზიტიური როლი, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში კომპრომისის ხარჯზე, მე ამას ვაკეთებდი.

ხოლო როგორც კი დავეჯახე კედელს, უბრალოდ კედელს, ყველანაირი განმარტებისა და ლოგიკური ახსნის გარეშე და მივხვდი, რომ მე ამ პოზიტიური როლის შესრულების შესაძლებლობა არ მაქვს, რა თქმა უნდა, გადავდექი და ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები ამაში, მაგრამ მელიას დაკავება აქ არაფერ შუაში არ არის და ამ ვერსიის გავრცელება, რომ გახარია გადადგა მელიას დაკავების გამო, არის სიცრუე“,- თქვა გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგომის თაობაზე.

იქნება თუ არა ადგილობრივ არჩევნებზე გახარია თბილისის მერობის კანდიდატი, ის ამ კითხვას კონკრეტულად არ პასუხობს.

„ვნახოთ, რა იქნება, ჩვენ არსად არ გვეჩქარება“.

კითხვაზე, ვის უფრო დიდი შანსი აქვს თვითმმართველობის არჩევნებზე, კახა კალაძეს თუ ნიკა მელიას, გახარია ამბობს, რომ „ამას ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს“.

„მე ჯერ არ გაგანდობთ, ვის მივცემ ხმას“, - ამბობს გახარია და განმარტავს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ამ ორი კანდიდატის გარდა, „მესამეც“ მიიღებს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ გახარიას განცხადებებიდან ჯერჯერობით ოპოზიციური ლიდერი არ ჩანს და მისი საუბარი და რიტორიკა აჩენს განცდას, რომ პრემიერის როლიდან ჯერ არ გამოსულა. ასევე, არ არსებობდა იმის მოლოდინიც, რომ გამოჩენისთანავე კეისრის მანტიას მოირგებდა. მისი გამოსვლა და პოლიტიკური გზავნილები ნელ-თბილია. მისი გუნდი კი საკმაოდ ბევრ კითხვებს ბადებს და ეს არის მხოლოდ ტექნიკური გუნდი, რომელიც პოლიტიკოსებისგან დაკომპლექტებული არაა. მათი დახასიათებისას, გახარია ამბობს, რომ ისინი სხვადასხვა ხელისუფლების დროს მთავრობაში მუშაობდნენ. აქედან კი ჩნდება კითხვა - საქართველოში ყველა საჯარო მოხელისგან მისი ხელმძღვანელობა უსიტყვო მორჩილებას ითხოვდა. ამიტომ ამ ადამიანების შესახებ მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ისინი ყველა უფროსის უსიტყვო მორჩილები იყვნენ და იქნებიან. სხვა რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწეობა ამ ადამიანების ბიოგრაფიაში არ არის. ამიტომაც ჩნდება განცდა, რომ გახარიას უკან ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა და არა ოპოზიციონერობა. ამის გაკეთებას კი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერების ნაწილით აპირებს.

„თუ გახარია ახალ პოლიტიკურ რეალობას ქმნის, კი ბატონო, ივანიშვილზე საუბარი არ სჭირდება. თუმცა, თუ ამბობს, რომ ივანიშვილის გავლენა დიდია და ეს კვლავ რჩება, მაშინ ერთი სიტყვით მაინც უნდა თქვას, რომ ამას შეცვლის. ხალხს უთხარი, რომ ქვეყანაში ახალ პოლიტიკურ რეალობას ქმნი. ამისთვის ვინმეს ლანძღვა საჭირო არაა. სიცარიელე რაღაცით ხომ უნდა შეავსო. როცა პოლიტიკაში პარტია შემოდის, მას სათქმელი რაღაც ხომ უნდა ჰქონდეს? რას აპირებს, რა არის მისი პოლიტიკური კონცეფცია? გასაგებია, რომ მას პოლიტიკური ველის რადიკალიზმისგან გათავისუფლება უნდა, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ სურვილია. გახარია ამბობს, რომ არ უნდა დაუპირისპირდეს არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას და უნდა რაღაც სხვაზე ისაუბროს, მაგრამ ეს სხვა რა არის? ჯერჯერობით ეს რაღაც სხვა მე ვერ დავინახე. თუ ხალხს გასაგებად აუხსნი, რა გინდა, რა არის შენი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი და რატომ ვერ გააკეთე ეს როცა პრემიერი იყავი, აღარ დაგჭირდება ჩხუბი არც „ოცნებასთან“ და არც ნაციონალებთან“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, მხოლოდ ნიუსების დონეზე საუბარი არ გამოვა და მან საზოგადოებას რაღაც კონკრეტული უნდა დაანახოს. ძაბირაძე ამბობს, რომ არის თუ არა გახარია მებრძოლი, საზოგადოებას ეს უნდა აჩვენოს - რისთვის იბრძვის ის და მისი გუნდი. თუ მებრძოლია, მაშინ რატომ გამოიჯახუნა კარი და რატომ „ოცნების“ შიგნით არ იბრძოლა? კი არ უნდა გადამდგარიყო, არამედ პარლამენტში მთავრობის ნდობის საკითხი უნდა დაეყენებინა.

„თუ გახარია მიიჩნევდა, რომ მას მთავრობის წევრები არ ემორჩლებოდნენ, მაშინ მას კონსტიტუცია უნდა აეღო და მათი ნდობის საკითხი პარლამენტში გაეტანა. თუ პარტია იქით წავიდა, როგორც თავად ამბობს, რომ მას არაფრის უფლება არ მისცეს, მაშინ პარალმენტისთვის მიემართა. არც საკონსტიტუციო ორგანო არ ემორჩილებოდა? საზოგადოებამ ხომ უნდა დაინახოს, რომ მებრძოლია და მას გაჰყვეს. პრემიერი რომ ხარ გადაწყვეტილება უნდა მიიღო და არა კარი მოიჯახუნო. რაც შეეხება, საკითხს, რომ თურმე ქვეყანაში კორუფციაა და მან ვიღაცებს კარი დაუკეტა, ეს რას ნიშნავს კონკრეტულად უნდა თქვას - სად, როგორ და რატომ მოხდა? როგორ, საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს ამ ხალხის გავლენა კიდევ არის თუ არა? თუ არის, მაშინ პრემიერი რომ იყო, ამის აღსაკვეთად რა გააკეთა? ასე ზოგადი საუბარი არ გამოვა“,-ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ამბობს, რომ გიორგი გახარიასგან თანამდებობიდან წასვლის მესამე რადიკალურად განსხვავებული მიზეზი მოისმინა. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მან თებერვალში წასვლის მიზეზად მელია დაასახელა, მაისში კი ორი რადიკალურად განსხვავებული მიზეზი დაამატა. ამიტომ რეალურად რა იყო მისი თანამდებობიდან წასვლის საბაბი, საზოგადოებამ ვერ გაიგო. გახარია იმეორებს ქართული პოლიტიკის იმ მანკიერ თვისებას, როცა ხელისუფლებაში ხარ ყველაფერი კარგადაა, როცა აღარ, მერე ყველაფერი ცუდი ხდება.

„კი, მან ახსნა, რომ ახლა ოპოზიციური პარტიის ლიდრია და ამაზე ღიად საუბარი უკვე შეუძლია. თუმცა დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გახარიას პასუხები არასიღრმისეულია და ბევრ რამეზე პაუხებს გაურბის. ამიტომ პოლიტიკოსმა ყოველთვის პასუხი იმას უნდა გასცეს, რაც აქტუალურია. მესმის, რომ პოლიტიკაში ლავირება ასევე მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა წარმატებული პრემიერი ხარ და ასე მოულოდნელად თანამდებობას ტოვებ, რელურად ამის მიზეზი რა არის, საზოგადოებამ უნდა იცოდეს. მან დღემდე ამის მიზეზად სამი სხვადასხვა რამ დაასახელა. ამიტომ ჩნდება განცდა, რომ შესაძლოა, მეოთხე და მეხუთე ვერსიაც თქვას.

რაც შეეხება მისი პოლიტიკური გუნდის საქმიანობას, ვფიქრობ, რადიკალური ოპოზიციური ტელევიზიები მუდმივად შეეცდებიან, რომ გახარია ყურადღების ცენტრში იყოს. ამით კი ნეიტრალური ამომრჩეველი დააბნიონ. ნაციონალების დღის წესრიგი ისაა, რომ „ოცნებამ“ 43% ვერ აიღოს და ამაში გახარიასაც კი გამოიყენებენ. მათთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ გახარიამ პოლიტიკურ ნიუსებში „იტივტივოს“ . თუმცა მისი ტექნოკრატი და პოლიტიკაში ნაკლებად გამოცდილი ლიდერები ცხარე დისკუსიებში მონაწილეობას როგორ მიიღებენ, ესაა საკითხავი“,-ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, გასაგებია, რომ გახარიას რადიკალური დღის წესრიგი და დაპირისპირება არ უნდა, მაგრამ ამ ტოქსიკურ პოლიტიკურ გარემოში ამას რამდენად შეძლებს? აბაშიძე ამბობს, რომ მის გამოსვლებიდან ყველაზე საინტერესო ასევე კორუფციაზე საუბარი იყო, რადგანაც სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ის ამას „ჯიგრულ ქართულ პონტს“ ეძახდა. ამიტომ ანალიტიკოსი მას ურჩევს ამ თემაზე უფრო მეტი სიცხადე შეიტანოს და კონკრეტული მაგალითებით ისაუბროს. ასევე ახსნას თუ ეს, როგორც პრემიერმა იცოდა, მისი აღმოფხვრა რატომ ვერ შეძლო.