აგრარული უნივერსიტეტის „ბრწყინვალება და სიღატაკე“

აგრარული უნივერსიტეტის „ბრწყინვალება და სიღატაკე“

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა. ეს გადაწყვეტილება სპეციალური კომისიის მიერ მიღებული დასკვნის განხილვის შემდეგ საბჭოს წევრებმა ღია კენჭისყრით დაამტკიცეს.

ამ გადაწყვეტილებისთანავე აგრარული უნივერსიტეტის თემა უკვე პოლიტიზირებული გახდა. მასზე საუბრობს აშშ-ს ელჩი საქართველოში და ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი აკადემიური და პოლიტიკური საკითხების ერთმანეთისგან გამიჯვნის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, არ მოხდეს აკადემიური და პოლიტიკური საკითხების ერთმანეთში აღრევა.

„დარწმუნებული ვარ, ამ მნიშვნელოვანი თემის შესწავლა მოხდება, ვინაიდან ადრე იყო ბრალდებები, რომ ხშირად ხდებოდა აკადემიური და პოლიტიკური საკითხების ერთმანეთში არევა. ბრალდებები ისმის ახლაც, რომ დღესაც იგივე ხდება, ამდენად, ეს თემა საჭიროებს შესწავლას, რათა უზრუნველყოფილი იყოს აკადემიური და პოლიტიკური საკითხების ერთამენთისგან გამიჯვნა“,- აცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში.

სააკაშვილი აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებას უკვე პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილების სტატუსს აძლევს და ამბობს, რომ ხელისუფლება საქართველოს ყველაზე თანამედროვე და პროგრესული უნივერსიტეტის დახურვას ცდილობს და ამით დარტყმას აყენებს საქართველოს მომავალს.

„სრულიად ნათელია, რომ ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსამართლოა ყველასთვის, ვისაც ობიექტურობის ნატამალი მაინც შერჩენია. მოვუწოდებ მთავრობას, გადახედოს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა, კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს“, - ნათქვამია სააკშვილის განცხადებაში.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი განმარტავს, რომ დარღვევების გამოსწორების შემთხვევაში, აგრარული უნივერსიტეტი ავტორიზაციის აღდგენას ნებისმიერ მომენტში შეძლებს.

მარგველაშვილის განმარტებით, პოლიტიკურ სარჩულს გამორიცხავს თუნდაც ის, რომ ის საბჭო, კანონი და კომისია, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, „არ არის შექმნილი ჩემი მინისტრობის პერიოდში, არამედ ეს შეიქმნა წინა ხელისუფლების დროს. ძალიან სამწუხაროა, რომ ხდება პროცესის სპეციალურად პოლიტიზირება“, - აცხადებს მარგველაშვილი.

მარგველაშვილმა მინისტრად დანიშვნის შემდეგ ავტორიზაციის საბჭო არ განაახლა, რადგან მიიჩნევს, რომ საბჭოს წევრები კანონის დაცვით მოქმედებდნენ და მათ პოლიტიკური ნიშნით გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მარგველაშვილი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ადამიანების სამსახურიდან გაშვების წინააღმდეგია, თან შემოდის კანონი, რომელიც ახალი ტიპის საბჭოების შექმნას ითვალისწინებს.

მარგველაშვილი რომ ადამიანების სამსახურიდან გაშვების წინააღმდეგია, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ განათლების სამინისტროში დღემდე მუშაობენ წინამორბედებისგან სამინისტროში პოლიტიკური ნიშნით მიყვანილი ადამიანები, მათ შორის პოლიციის მაღალჩინოსნებიც. ხშირად, სამინისტროდან გამოსული არასწორი ინფორმაციებიც ახალი მინისტრისა და მთავრობის დადებითი იმიჯის შექმნას ნამდვილად არ ემსახურება.

რაც შეეხება დარღვევებს აგრარულ უნივერსიტეტში, მინისტრის ინფორმაციით, სამინისტრო ახლა იწყებს შესწავლას. „მე მხოლოდ ზეპირი ინფორმაცია მქონდა იქ მიმდინარე პროცესების შესახებ. უნივერსიტეტმა ხარვეზები რომ გამოასწოროს და ავტორიზაციის საბჭოში განაცხადი შეიტანოს, სასწავლებელს სტატუსი ხელახლა დაუბრუნდება, გაუქმება სტატუსის სამუდამოდ წართმევას არ ნიშნავს“, - აცხადებს მინისტრი.

მარგველაშვილი ასევე დარწმუნებულია, რომ აკრედიტაციის საბჭო მიუკერძოებელია და დარღვევები რომ იყო უნივერსიტეტში, ამაზეც არავინ ამბობს უარს, თუმცა როდესაც საბჭოს მიუკერძოებლობაზეა ლაპარაკი, ჩნდება კითხვა, როდის იყო საბჭო მიუკერძობელი, მაშინ, როდესაც აგრარულმა უნივერსიტეტმა აკრედიტაცია უპრობლემოდ გაიარა თუ ახლა, როდესაც საბჭომ ხარვეზები აღმოაჩინა და უნივერსიტეტს მისი გამოსწორებისკენ მიუთითა.

ავტორიზაციის საბჭოს კახი ყურაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც ამავდროულად კომუნიკაციების კომისიაში იურიდიული დეპარტამენტის შეფია. ის აცხადებს, რომ საბჭოს ხელმძღვანელად მუშაობის უფლებაც აქვს.

„კომუნიკაციების კომისია ჩემი სამსახურია. საბჭოში კი, საზოგადოებრივ საწყისებზე ვიმყოფები და ხელფასს არ ვიღებ. საბჭოს წევრები სხვადასხვა პროფესიული ორგანიზაციებიდან არიან წარმოდგენილი. ამასთან, საბჭოში ვარ როგორც პროფესორი, აკადემიური თანამდებობის პირი და არა - როგორც რომელიმე კომპანიის იურიდიული სამსახურის უფროსი“, - აღნიშნა ყურაშვილმა.

რაც შეეხება საბჭოს გადასწყვეტილებას, ყურაშვილი აცხადებს, რომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმდა, თუმცა - დათქმით. ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ივნისში, სემესტრის დასრულების შემდეგ შევა ძალაში და სტუდენტებს სასწავლო პროცესში ხელი არ შეეშლებათ. ყურაშვილი ამბობს, რომ, სასაწავლო დაწესებულებას მიეცემა საშუალება, გაასწოროს ხარვეზები და წარმოადგინოს ახალი საავტორიზაციო განაცხადი. მისივე განმარტებით, „აგრარულ უნივერსიტეტს ხარვეზების გამოსწორებიდან მეორე დღესვე შეუძლია, შეიტანოს განაცხადი ავტორიზაციის აღდგენაზე. იმავე დღეს დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება ავტორიზაციის განახლების შესახებ“.

ყურაშვილის გარდა, ავტორიზაციის საბჭოს წევრები არიან იოსებ სალუქვაძე (თსუ-ს პროფესორი), გაიანე სიმონია (თსუ-ს პროფესორი), მარინა ქავთარაძე (კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი), ნინო ძოწენიძე (ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ორგანიზაციული განვითარების დირექტორი), კონსტანტინე ნანობაშვილი (საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი), რუსუდან ტყეშელაშვილი (საქართველოს განმანათლებელთა ასოციაციის პრეზიდენტი), ლალი ღოღელიანი (ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი), დავით კახნიაშვილი (საქართველოს კერძო სკოლების ასოციაციის თავმჯდომარე, სკოლა „მწიგნობართუხუცესის“ დირექტორი).

თუკი საბჭომ მართლაც აღმოაჩინა ხარვეზები და შეცვლილი პოლიტიკური ვითარების გამო თვალი აღარ დახუჭა მასზე, საინტერესოა, უნდა დადგეს თუ არა ასეთ შემთხვევაში ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ეს ხარვეზები მათ ადრე, ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც უნდა აღმოეჩინათ.

თუ საბჭო მიკერძოებულია და ასეთი გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მიიღო, ასეთ შემთხვევაში საინტერესოა, ვის ზეწოლას განიცდიდნენ საბჭოს წევრები, მოქმედი თუ ყოფილი ხელისუფლების, რადგან პოლიტიკურ დევნაზე საუბარი ამ ეტაპზე, მხოლოდ და მხოლოდ, "ნაციონალურ მოძრაობას" აძლევს ხელს და არა ხელისუფლებას.

თუ ეს ვერსია რეალობასთან ახლოსაა, მაშინ გამოდის, რომ საჯარო სამსახურში დარჩენილი ნაცმოძრაობა „მეხუთე კოლონის“ როლშია შესული და დროდადრო „ნაღმებს იქ აფეთქებს“, სადაც ამის საშუალებას გამოძებნის. ეს პირდაპირ ეხმიანება ნაპრემიერ-მინისტრალი მერაბიშვილის მოწოდებასაც, რომ ამათ 4 წელი ვერ დაელოდებიან და ხელისუფლების დასაბრუნებლად არჩევნებისა და რევოლუციის გარდა სხვა გზებიც არსებობს.

მეორე ვერსიით, საბჭომ ხარვეზებზე თვალის დახუჭვა ვეღარ გაბედა, (თუმცა საკითხავია, ვისი მოერიდა) ეს კი ნაციონალებმა გამოიყენეს და თემა გააპოლიტიკურეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ შანსს ელოდებოდა - ისინი პროფესიონალები არიან დაგეგმვასა და შესრულებაშიც.

ამ კუთხით ერთ საინტერესო ფაქტზე ნამდვილად ღირს ყურადღების მიქცევა -განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უნივერსიტეტში სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან შეთანხმების გარეშე, მოულოდნელად მივიდა მათთან შესახვედრად და შეკითხვებს უპასუხა.

„ორი სიტყვით გეტყვით რატომ მოვედი. პირველ რიგში, იმიტომ, რომ თქვენ მე დამიბარეთ. რამდენჯერმე დავუთქვით ერთმანეთს შეხვედრა, მაგრამ ის არ შედგა. როგორც მე ვხვდები, ამ შეხვედრის საჭიროება არსებობს და განსაკუთრებით გუშინდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. მინდა ვუპასუხო თქვენს კითხვებს“, - მიმართა მინისტრმა სტუდენტებს.

სხვათა შორის, გაზეთ "ალიასთან" საუბრისას აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ ლობჟანიძე, აღნიშნავს, რომ რექტორი "ფეისბუკით" მთელი დღე მოუწოდებდა სტუდენტებს შეკრებილიყვნენ და ბენდუქიძე დაეცვათ. სტუდენტები კი, ვინც რექტორატმა დაიყენა გვერდით, ძირითადად, ის ბაკალავრები იყვნენ, ვინც მასწავლებლებად გადმოიყვანეს ბედუქიძის უნივერსიტეტიდან და ბიზნეს-ადმინისტრაციის სტუდენტები, რომელთაც აგრარულ მიმართულებასთან კავშირი არანაირად არ აქვთ.

გიორგი მარგველაშვილისა და სტუდენტების შეხვედრა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. მინისტრმა აგრარული უნივერსიტეტი მას შემდეგ დატოვა, რაც მასთან დისკუსიაში რექტორი ლაშა გოცირიძე და განათლების ყოფილი მინისტრი ხატია დეკანოიძე ჩაერთვნენ.

გოცირიძის განცხადებით, ავტორიზაციის საბჭოს უნივერსიტეტისთვის პრობლემების გამოსასწორებლად კანონით გათვალისწინებული 15-დღიანი ვადა არ მიუცია.

„არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, თუ ხარვეზები, რომელიც მონიტორინგის ჯგუფის მიერ დადგენილია, არ არის არსებითი და მისი გამოსწორება გონივრულ ვადაში შესაძლებელია, ავტორიზაციის საბჭო იძლევა მისი გამოსწორების გონივრულ ვადას – 15-დღიან ვადას. ეს ვადა მოცემული არ ყოფილა“, - აღნიშნა გოცირიძემ, რასაც მარგველაშვილი არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, აგრარულ უნივერსიტეტს ხარვეზების აღმოსაფხვრელად ერთთვიანი ვადა ჰქონდა განსაზღვრული.

რაც შეეხება ხატია დეკანოიძეს, განათლების ყოფილი მინისტრი მარგველაშვილისგან დაინტერესდა, „მართლა გულწრფელად სჯერა, რომ აგრარულ უნივერსიტეტში სწავლის ხარისხი 2010 წელს უკეთესი იყო ვიდრე დღეს“? დეკანოიძის შეკითხვას მარგველაშვილმა „პოლიტიკური შეკითხვა“ უწოდა, რის შემდეგაც უნივერსიტეტი დატოვა.

„შევეცადე დავლაპარაკებოდი სტუდენტებს, მაგრამ იქ დამხვდნენ პოლიტიკოსები, მათ შორის ჩემი ყოფილი კოლეგა“, - განაცხადა მარგველაშვილმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ.

შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ხატია დეკანოიძე აგრარულ უნივერსიტეტში მუშაობს. ასეთი ინფორმაცია გააჩნდა აღნიშნულ უნივერსიტეტში მომუშავე ზოგიერთ მასწავლებელსაც, თუმცა არ იცოდნენ, ურუშაძე და დეკანოიძე რა თანამდებობებს იკავებდნენ.

როგორც გაირკვა, დეკანოიძეს აგრარული უნივერსიტეტისგან ნაქირავები აქვს ფართი, სადაც მისი „თბილისის პოლიტიკური ანალიზის ცენტრია განთავსებული. ასეთ შემთხვევაში, მართლა საინტერესოა, რატომ იცავდა აგრარული უნივერსიტეტის აკრედიტაციის საკითხს ასე ხმალამოღებული და შემთხვევით, ვინმეს პოლიტიკურ დაკვეთას ხომ არ ასრულებდა?

რაც შეეხება ფართის გაქირავებას, ცნობილია, რომ 2011 წელს ეკონომიკის სამინისტრომ შექმნა შპს "აგრომეტი", რომელიც აგრარული უნივერსიტეტის 100%-იან წილს ფლობდა (400-ლარიანი საწესდებო კაპიტალით), მის საკუთრებაში 400-მილიონიანი ქონება გადავიდა. კომპანიის 50% წილი განათლების სამინისტროს დარჩა, დანარჩენი - "ცოდნის ფონდმა" მიიღო, რომლის დამფუძნებელიც კახა ბენდუქიძეა. მალევე სამინისტრომ უარი თქვა საკუთარ წილზე და აგრარული უნივერსიტეტის სრული წილის მფლობელი ბენდუქიძე გახდა. ასე რომ, მას ფართის გაქირავების პრობლემა ნამდვილად არ აქვს და გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილის ტელევიზია "ტაბულაც" აგრარული უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსშია განთავსებული.

აგრარული უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორები იმასაც ამბობენ, რომ უნივერსიტეტს დოქტორანტურა არ გააჩნია და მას შეიძლება ეწოდოს აგრარული სასწავლებელი და არა უნივერსიტეტი.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კი კვლავ მოთმინებით განმარტავს, რომ „აკრედიტაცია არ არის დასჯა, აკრედიტაცია არის მინიშნება შეცდომებზე. არსებული გადაწყვეტილება ძალაში შედის სასწავლო წლის ბოლოს, სასწავლო წლის ბოლომდე კი დიდი დროა. თუკი საუბარია იმაზე, რომ მნიშვნელოვანი პრობლემები არ არის, მაშინ რაშია პრობლემა? თუკი არ მოხდება ამ თემის პოლიტიზაცია და არ მოებმება ამ ყველაფერს პოლიტიკური კუდი, ყველაფერი კარგად იქნება“, - აცხადებს მარგველაშვილი.