„ნაციონალური მოძრაობა“ რადგან შედის პარლამენტში, მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს“

„ნაციონალური მოძრაობა“ რადგან შედის პარლამენტში, მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო საქმიანობას განაგრძობს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 30 მაისს გამოაცხადა. უნდა ითქვას ისიც, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ანალიტიკურ თუ პოლიტიკურ წრეებში კრიტიკა მოჰყვა. ამის ფონზე კი, ოპოზიციური პარტიამ მიიღო უცნაური გადაწყვეტილება - „ნაცმოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს.

„ევროპული მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ. არის ამ შეთანხმებაში ერთი პუნქტი, რომელიც ჩვენთვის კატეგორიულად მიღებელია“, – თქვა მელიამ.

ბლოკმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 36 მანდატი მოიპოვა, მათგან ორმა პარტია დატოვა – გრიგოლ ვაშაძემ და სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძე კი უკვე პარლამენტშია.

ენმ-ს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ-ის საელჩო, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას მიესალმებიან, თუმცა წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია, დოკუმენტს ყველა პარტიამ მოაწეროს ხელი, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ენმ-ს გადაწყვეტილება დაგვიანებულია, თანაც, იმის ფონზე, როდესაც ოპოზიციური პარტია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებდა, ახლა საკანონმდებლო ორგანოში შესვლა, არასწორია.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნამდვილად დააგვიანა. პრაქტიკულად, ისე გამოვიდა, რომ ეს 6 თვე ტყუილად აჯანჯღარებდნენ ქვეყანას აქციებით, გამოსვლებით და პოლიტიკური განცხადებებით. პარლამენტში შესვლა ნიშნავს მათი ადრინდელი პოზიციის გაბათილებას, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური, მოხდა არჩევნების ტოტალური გაყალბება. არალეგიტიმურ პარლამენტში არ შედიან, რადგან გამოდის, რომ არალეგიტიმურ საქმიანობაში მონაწილეობ.

უფრო მნიშვნელოვანი არის ის მომენტი, - „ნაცმორძაობა“ აცხადებს, რომ არ წყვეტს ქუჩის აქციების. მას არ უთქვამს, რომ, რადგან შევდივარ პარლამენტში, რუსთაველზე კარვებს ავიღებ და დავიწყებ ცივილურ, პოლიტიკურ ცხოვრებას. ყველაფერი გაგრძელდება ჩვეულებრივად, იმის დამატებით, რომ „ნაცმოძრაობის“ აქცია იქნება პარლამენტში და ნერვებს მოუშლის „ქართულ ოცნებას.“

ამასთან, ისინი არ აწერენ ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს, რაც ნიშნავს იმას, რომ არ იღებენ პასუხისმგებლობას არც ერთ იმ პუნქტზე, რაც დოკუმენტშია შეტანილი, მათ შორის საარჩევნო სისტემის რეფორმაზეც. ეს აჩენს ეჭვს, რომ თუ საარჩევნო რეფორმაში „ნაცმოძრაობა“ არ ჩაერთვება, ეს მათ მისცემს იმის საშუალებას, რომ თუ არ მოეწონათ ადგილობრივი არჩევნების შედეგები, არ აღიარონ ისინი და ისე მიმართონ პროტესტის ფორმას.

მართალია, ეს არის ტაქტიკური გადაწყვეტილება, რომ თავი გაიმართლონ ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში და არ წარმოჩნდნენ დესტრუქციულ ძალად. მეორე მხრივ, გამოიყენონ საპარლამენტო ბერკეტები, რომ ოქტომბერში მორიგი არეულობისთვის მოემზადონ. ის, რომ ემზადებიან რევოლუციური სცენარისთვის, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ, სწორედ მიხეილ საააკშვილისგან მოვისმინეთ. მან თქვა, რომ გეგმები აქვს იმის თაობაზე, თუ როგორ შეცვალონ ოქტომბერში ხელისუფლება“, - თქვა ანჯაფარიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, პარლამენტში შესვლის თაობაზე, სწორია, თუმცა, ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელია პარტიამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

„ჩემი აზრით, არ არის დაგვიანებული, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გარკვეული წინაპირობები ჰქონდა წარმოდგენილი და პარტიის მნიშვნელოვანი მოთხოვნები დაკმაყოფილდა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უკეთესია „ნაცმოძრაობა“ შევიდეს პარლამენტში.

არის იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, „ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ მიიღოს თვითმმართველობის არჩევნებში. იმის მიუხედავად, რომ არჩევნები ჩატარდა არალეგიტიმურად, მრავალდარღვევებით, პრაგმატული ინტერესიდან გამომდინარე „ნაცმოძრაობა“ უნდა შევიდეს პარლამენტში. რადგან შედიან პარლამენტში, მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწერონ“, - აღნიშნა ჩიტაძემ For.ge-სთან.

პარლამენტში 33 დეპუტატი შედის, ესენი არიან: ბუბა კიკაბიძე; ნიკა მელია; ხატია დეკანოიძე; კობა ნაყოფია; დევი ჭანკოტაძე; ლევან ვარშალომიძე; ზალიკო უდუმაშვილი; რომან გიცირიძე; თემურ ჯანაშია; ნატო ჩხეიძე; რამაზ ნიკოლაიშვილი; კახაბერ ოქრიაშვილი; გუბაზ სანიკიძე; აბდულა ისმაილოვი; ცეზარი ჩოჩელი; თამარ კორძაია; სულხან სიბაშვილი; გიორგი გოდაბრელიძე; დავით ხაჯიშვილი; დილარ ხაბულიანი; თინათინ ბოკუჩავა; როსტომ ჩხეიძე; დავით კირკიტაძე; გიორგი ბოტკოველი; ეკატერინე ხერხეულიძე; მანუჩარ კვირკველია; ნიკა მაჭუტაძე; აკაკი მინაშვილი; ნონა მამულაშვილი; ლევან ბეჟაშვილი; ბაჩუკი ქარდავა; ლევან ხაბეიშვილი; ანა წითლიძე.