ნაციონალების დროს ანბანის კოშკის აგება სულაც არ ნიშნავდა ქართულ ენაზე ზრუნვას, რადგან აბრები ინგლისურ თუ თურქულენოვანი წარწერებით იყო აჭრელებული. ამიერიდან აბრაზე ქართული წარწერა სავალდებულო გახდება. აღნიშნული კანონპროექტის მიზანი სახელმწიფო ენის დაცვაა, რადგან ხშირია შემთხვევა, როცა აბრა მხოლოდ ინგლისურ ენაზეა, რაც აკნინებს სახელმწიფო ენის სტატუსს.
“რეკლამის შესახებ ” კანონში ცვლილებების პროექტი ინიციატორი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძეა. მისი განმარტებით, სარეკლამო აბრა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენაზე უნდა ვრცელდებოდეს. აღნიშნული მოთხოვნის დაწესება არ გამორიცხავს, რომ აბრაზე დატანილი წარწერა ქართულ ენასთან ერთად, სხვა ენაზეც შესრულდეს.
აბრის დაკვეთისა და მისი განთავსებისთვის დადგენილი წესების დარღვევა ფიზიკური და იურიდიული პირების თავდაპირველ გაფრთხილებას, იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში კი, ფიზიკური პირის - 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ქართული ენის დღევანდელი სტატუსის შესახებ For.ge ფილოლოგებსა და ლიტერატორებს ესაუბრა.
პოეტ ბაღათერ არაბულის თქმით, წლების განმავლობაში მან არაერთი წერილი გამოაქვეყნა იმის თაობაზე, რომ არაფრით შეიძლებოდა, საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ინგლისურენოვანი წარწერები ყოფილიყო. უფრო მეტიც, მას არაერთი ქვეყანა მოუვლია და არსად შეხვედრია, თუნდაც ჩვენს სამეზობლოში, აზებაიჯანსა და სომხეთში, წარწერები რომელიმე სხვა ენაზე ყოფილიყოს.
„ქვეყანა, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი ენის თუნდაც აბრებზე დამკვიდრება, არასრულყოფილია. საერთოდ, ქართველებს არასრულყოფილების კომპლექსი გვჭირს, რაც ჩვენს ყოველდღიურობაშიც აისახება. ჩვენ უცხოელებისთვის ვცხოვრობთ და არა ჩვენთვის. არ ვარ წინააღმდეგი, იყოს ინგლისური წარწერა, მაგრამ დომინანტი ქართული ენა უნდა იყოს. კომუნისტების დროსაც გვხვდებოდა სხვა ქვეყნის წარწერები, მაგრამ მაშინაც კი ქართული ენის დაცვის პალატა იყო შექმნილი, რომელსაც უფლება ჰქონდა, დაეჯარიმებინა ის ორგანიზაცია, სადაც არ იქნებოდა, ან დამახინჯებული სახით იქნებოდა ქართული წარწერები. ნაციონალებმა კი გლობალიზაციის ფილოსოფიით ყველაფერი შეცვალეს, ისინი ქვეყანას უცხოელებისთვის აშენებდნენ და არა - ქართველებისთვის“, - აცხადებს ბაღათერ არაბული.
ამასთან, მიიჩნევს, რომ ქვეყნის სათავეში ეროვნული ხელისუფლება მოვიდა და, ალბათ, ქართული ენის დაცვის პალატაც დაბრუნდება. რაც შეეხება აბრებზე ქართული ენის დამახინჯებისთვის დაწესებულ 200 და 300 ლარიან ჯარიმებს, ბაღათერ არაბული მიიჩნევს, რომ ჯარიმების ოდენობა გაცილებით ნაკლებია და ჯარიმა, მაქსიმუმ, ორი და სამი ათასი ლარი უნდა იყოს, რათა დამრღვევმა პირებმა კანონის სიმკაცრე იგრძნონ.
„სუპერმარკეტის თუ ოფისის მფლობელი, რომელმაც არ იცის საკუთარი ენის ფასი, უნდა დააჯარიმო. ამ კანონით გათვალისწინებულია, პირველ შემთხვევაში, 200 ლარი, მეორეჯერ - ისევ 200 ლარი, ხოლო მესამეჯერ 300 ლარი, რაც მათთვის არაფერია. რას ნიშნავს „რედისონ ბლუ ივერია“? ჩვენ ბლუები და ყრუები ვართ?! არ შეიძლება, ასე უარყო შენი ფესვები. ბათუმში ჩახვალ და სავსეა თურქული წარწერები“, - აცხადებს ბაღათერ არაბული.
ფილოლოგი ლევან ღვინჯილია აცხადებს, რომ ორენოვნება ჩვენი უიღბლობის შედეგია. რუსეთის იმპერიის დროსაც ჩვენში ორენოვნება მკვიდრდებოდა, თუმცა თავმოყვარე სახელმწიფოში არსად ორენოვანი წარწერები არ არის. უფრო მეტიც, ორენოვნება შეიძლება გამოყენებულ იყოს მხოლოდ იმ დაწესებულებაში, რომლის სერვისის მომხმარებელი იქნება უცხოელი. საქართველოს ყველა მოქალაქე კი ვალდებულია, სახელმწიფო ენა იცოდეს, ამიტომ მისთვის სხვა ენაზე წარწერები არ უნდა კეთდებოდეს.
„რადისონის“ თავზე დგას უზარმაზარი ინგლისურენოვანი ლოგოტიპი და მთელს დედაქალაქში ჩანს მხოლოდ წარწერა ინგლისურად, სხვა ქვეყნებში ასეთი რამ არ ხდება. რუსეთშიც კი „რადისონის“ ფირმის სასტუმროებს რუსული წარწერები აქვს და სახურავზე „სლავიანსკაია“ აწერია რუსულად. შეიძლებოდა, ჩვენს სასტუმროსაც „ივერია“ რქმეოდა და ყოფილიყო „რადისონის“ ფირმის, სულაც არ იყო საჭირო „რადისონის“ დარქმევა. ბევრ საელჩოს საქართველოში ქართული წარწერა არ აქვს, რადგან ელჩები და საელჩოს თანამშრომლები ხედავენ, რომ თვითონ ქართველები არ სცემენ პატივს თავიანთ სახელმწიფო ენას. მაგალითად, ბარნოვის ქუჩაზე ჩინეთის საელჩოს არ აქვს ქართული წარწერა. ამ დროს კი 10-15 წლის წინ ჩინეთის ელჩი გამოვიდა და თქვა, რა კარგია, რომ ქართულ ენაზე ზრუნავთ, ხუთი მილიონი ხართ და ენას უნდა ჩაებღაუჭოთ, თორემ ხუთმა მილიონმა ჩინელმა ენა რომ დაკარგოს, არავის შეეტყობა, მაგრამ თქვენ რომ ენა დაკარგოთ, ერი გაქრებაო. ჭკუას გვასწავლის, მაგრამ თავის საელჩოზე ქართულ წარწერას არ აკეთებს, რადგან ჩვენ ამას არ ვითხოვთ“, - აცხადებს ლევან ღვინჯილია.
მისი განმარტებით, საქართველოში ისიც კი ვერ დააზუსტეს, „რადისონი“ თქვან თუ „რედისონი“, რადგან იქ წერია „ა“ და ინგლისურად „ე“-დ იკითხება, ამიტომ დაბნეულები არიან. ასევეა, სიტყვა „კოაბიტაციის“ შემთხვევაშიც, რომელსაც რატომღაც „კოჰაბიტაციად“ წარმოაჩენენ. ამ დროს კი არავის ახსენდება, რომ ეს ფრანგული ტერმინია, საფრანგეთიდან გავრცელდა და არავითარი „ჰ“ იქ არ არის. თუმცა ლევან ღვინჯილია აქვე დასძენს, რომ შესანიშნავი ქართული სიტყვებია „თანამმართველობა“, „თანაცხოვრება“ ან „თანაარსებობა“ და ამ სიტყვებით აზრის გადმოცემა თავისუფლად შეიძლებოდა.
ამასთან, მის გაოცებას ის ფაქტიც იწვევს, რომ ნაციონალების დროს მან ვრცელი ტექსტი გამოაქვეყნა ქართული ენის დაცვის აუცილებლობის შესახებ, თუმცა ამ ტექსტს არავინ აქცევდა ყურადღებას, მაშინ, როცა ამჯერად ზურაბ ტყემალაძემ პარლამენტში სულ რაღაც ერთწინადადებიანი ტექსტი შეიტანა, სადაც ელემენტარული ენობრივი ნორმები არ იყო დაცული და საქართველოში ატყდა ერთი ამბავი, რომ აი, თურმე დაიწყო ქართულ ენაზე ზრუნვა.
ენათმეცნიერი ავთანდილ არაბული მიიჩნევს, ახლანდელი დროის იმპერატივია, რომ სახელმწიფო ენის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს, რაც ბოლო პერიოდში უკონტროლოდ იყო მიშვებული. 90-იანი წლების შემდეგ, როცა სახელმწიფო ორიენტირები და პოლიტიკური პარადიგმა შეიცვალა, ყურადღება სულ სხვა მიმართულებით გადაიტანეს და არავის ეცალა სახელმწიფო ენისთვის. ამიტომაც ბევრი რამ გამოგვეპარა, ეს შეეხება ტერმინოლოგიას, ენის სიწმინდეს და ენობრივ გარემოსაც. ძალიან ბევრი სიტყვა შემოიჭრა, რომელიც მიღებული არ არის.
ენათმეცნიერის თქმით, წარწერების მიხედვით, თბილისის ზოგიერთ უბანში შეიძლება ვერც კი მიხვდეთ, თუ რომელ ქალაქში იმყოფებით, ისეა აჭრელებული ინგლისურენოვანი თუ სხვა წარწერებით. დასავლეთ საქართველოსკენ კი მარტო თურქულ წარწერებს ნახავთ.
„საკუთარ ენას სერიოზულად ეკიდება ყველა სახელმწიფო, ზოგან კატეგორიული აკრძალვაა და მეორე ენაზე წარწერა იკრძალება. ზოგან კი აბრები ორ და სამენოვანია. ჩვენთან წარწერები ძირითადად ერთენოვანი უნდა იყოს, ხოლო, სადაც ორი სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილია რომელიღაც ფირმა ან დაწესებულება, შეიძლება, მეორე სახელმწიფოს ენაზეც შესრულდეს წარწერა“, - აცხადებს ავთანდილ არაბული და იწონებს დღევანდელი პარლამენტის ინიციატივას. თუმცა განმარტავს, რომ აჯობებდა, ყველაფერი დაწყებულიყო სახელმწიფო ენის შესახებ კანონით.
ფილოლოგ გია მურღულიას თქმით, ინგლისური ენა მსოფლიო კომუნიკაციის ენაა და მისი ღირსების დაკნინებაზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ ჩვენთან კანონით სახელმწიფო ენად აღიარებულია ქართული. ამდენად, ქართულ ენას თავისი პრივილეგია და განუხრელი უფლება აქვს, რაც ნებისმიერ კანონში ასახული უნდა იყოს და შესრულდეს კიდეც.
„ინგლისური ენა, რიგ შემთხვევაში, ლამის პრევალირებს და აჭარბებს ქართულს, რაც არ შეიძლება. ტელევიზიებში ქართულ ენაზე გახმოვანებულ ფილმებს ვერ ნახავდით და ინგლისური ტიტრებისთვის უნდა გვეცქირა. იყო შემთხვევები, როცა გამოცხადებულ ვაკანსიებზე ინგლისური ენის ცოდნას მოითხოვდნენ ისეთი თანამდებობის დასაკავებლად, სადაც ამის აუცილებლობა არ იყო. ცხადია, ასეთი გადახრები სასიამოვნო არ არის და ქართულმა ენამ თავისი კუთვნილი სტატუსი უნდა მიიღოს“, - აცხადებს გია მურღულია და მიიჩნევს, რომ ძალიან ბევრ ღირსებასთან ერთად, ქართველებს ბევრი ნაკლიც გვაქვს, მათ შორის, წამხედურობა და უცხოს მიმართ მორჩილების გრძნობა.