დღეს, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები ესტუმრნენ. საწარმოში ასევე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, სამეკავშირეო ოფისისა და ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
უცხოელ სტუმრებს მასპინძლობა სსიპ „დელტას“ დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა გაუწია. მან ნატოელ პარტნიორებს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და საწარმოს საქმიანობა გააცნო. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო ასევე, სამხედრო და სამეცნიერო მხარდაჭერა და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება.
„დღევანდელი სტუმრობის მიზანი ნატოს სტანდარტებთან ქართული შეიარაღების სტანდარტიზაცია და სინქრონიზაცია იყო, რაც, სამომავლოდ, ლოგისტიკური თვალსაზრისით, ნატოს მისიებში ქართული ჯარის ჩართვას, საკუთარი აღჭურვილებით, კიდევ უფრო გაადვილებს. არ დავმალავ, რომ ეს ადამიანები არ ელოდნენ იმ ხარისხის ტექნიკურ განვითარებას, რომელიც ჩვენ დღესდღეობით გვაქვს. ისინი პირდაპირ გამოხატავენ თავიანთ ინტერესს არამარტო დაგვეხმარონ, არამედ ნაწილობრივ თვითონაც გაიზიარონ გარკვეული ტექნოლოგიები და ჩვენგან ისწავლონ“ - განაცხადა სსიპ „დელტას“ დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა.
„დელტას“ საქმიანობის გაცნობის შემდეგ, უცხოელი სტუმრები ჯავშანმანქანებით „დიდგორი“ სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ერთ-ერთ საამქროს ეწვივნენ. ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ ქართულ სამხედრო მრეწველობას. ყველა მათგანმა ცენტრის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „დელტაში“ სტუმრობა მათთვის ძალიან საინტერესო იყო. საწარმოს საქმიანობის გაცნობა დღევანდელი საქართველოს მთავრობის მუშაობის გამჭვირვალობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.
„დღეს ჩვენ ვიმყოფებით დელტაში, სადაც შევხვდით გენერალურ დირექტორს. აქ გაიმართა ბრიფინგი, დელტამ მოიწვია ნატოს სამეკავშირეო ოფისი და ნატოს თავდაცვის ატაშეები, რათა მოეწოდებინათ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციები დელტას საქმიანობის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დელტაში გაიმართა ბრიფინგი ნატოს მოკავშირეებისთვის. ეს არის ამ მთავრობის გამჭვირვალე პოლიტიკის ერთ-ერთი ნიშანი, რომელიც მზადაა ალაინსის წევრებთან ღიად ითანამშრომლოს. ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეხვედრა და ბრიფინგის შემდეგ ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა ვნახოთ ერთ-ერთი წარმოების ხაზი ერთ-ერთ ქარხანაში და ეს არის პირველი შემთხვევა, რომ წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ატაშეებმა შეძლეს ამის განხორციელება" - განაცხადა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ.
საწარმო 15-მდე ქართულ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას აწარმოებს. „დელტაშია“ დამზადებული მუხლუხებიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“, ჯავშანმანქანა ,,დიდგორი’’, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და უპილოტო საჰაერო აპარატი. იარაღისა და სამხედრო ტექნიკის წარმოების დაწყებამდე, ტარდება კვლევები და ხდება ნიმუშების მეცნიერულ დონეზე დამუშვება. ,,დელტაში’’ 6 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია გაერთიანებული, სადაც სამოქალაქო და სამხედრო კვლევები მიმდინარეობს.