100-დღიანი პოლიტიკური შვებულება დასრულებულია-შესვენებიდან ექს-პრემიერი რადიკალურად შეცვლილი რიტორიკით დაბრუნდა. მშვიდი, რბილი, მოზომილი და „არავის წინააღმდეგ“. ესაა გახარიას მთავარი ლოზუნგი, რომელიც პოლიტიკაში მეორედ დაბრუნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს არც ცუდად და არც კარგად არ ახსენებს. არ საუბრობს კონკრეტულად გუნდის წევრებზე და იმაზე, თუ რატომ ვერ შეძლო გადადგომის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადაყენება. ჯერჯერობით ნიადაგს სინჯავს? ელექტორატი და პოლიტიკური ველი დაზვერა? კი, მაგრამ რა აქვს რეალურად ჩაფიქრებული? თუ არ არის ივანიშვილის პროექტი, მაშინ ვინ არის, ცალკე მოთამაშე, რომელიც არავისზე თავდასხმას არ აპირებს, თუმცა ოპოზიციურ ველზე ადგილის დამკვიდრება უნდა?
გახარია ამბობს, რომ ქვეყანაში ნეპოტიზმი, კორუფცია და სისტემური პრობლემებია, თუმცა არ ამბობს, მან, როგორც ქვეყნის პირველმა პირმა, მისი აღმოფხვრა რატომ ვერ მოახერხა, ვინ შეუშალა ხელი? ადრე თუ კორუფცია „ჯიგრულ ქართული პონტი იყო“ ახლა დანაშაულად რატომ იქცა? ალბათ, ყველა ელოდება კიდევ გაიმეორებს თუ არა გახარია, რომ 20 ივნისის აქციის დარბევის ბრძანება მან გასცა.
გახარიას გამოსვლიდან ის გავიგეთ, რომ მას ივანიშვილთან არც გადადგომის დროს და არც ახლა კომუნიკაცია არ ჰქონია. გახარიამ ასევე საზოგადოებას ამცნო, რომ თბილისის მერობის კანდიდატი არ იქნება. მისი საუბრიდან ჩანს, რომ მთავარი სანადირო ველი „ქართული ოცნების“ ელექტორატი და მცირე პარტიები იქნებიან. ასევე მისი მოზომილი განცხადებები უფრო გათვლილია შუაშისტ ამომრჩეველზე, რომელსაც არც „ოცნება“ და არც ნაციონალები არ უნდა. ის არ ესხმის თავს არავის და ამით გაუშვა სიგნალი, რომ ის ქვეყანაში რადიკალიზმის დასრულებას აპირებს. არ უნდა ქუჩის პოლიტიკა და მესამე ძალის ვექტორის შექმნაზე იზრუნებს. თუმცა, მანამდე, გახარიას ორ ცეცხლში გავლა მოუწევს. პასუხები გასაცემი ბევრ რამეზე ექნება, რადგან მისი გამოსვლიდან საზოგადოებას კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს.
პრეზენტაცია
გახმაურებულ თემებზე, რაზეც გიორგი გახარიას მისამართით, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ყველაზე მეტი პრეტენზია ისმოდა, 29 მაისს, პარტიის პრეზენტაციის დღეს არ უსაუბრია. მან ასევე უპასუხოდ დატოვა შეკითხვა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებითაც.
თუმცა აღსანიშნავია, რომ პარტიის დაფუძნების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, გიორგი გახარიამ დააანონსა - არ გაურბის არც ერთ კითხვას, რომელიც მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხება.
კორუფცია, ნეპოტიზმი და ეკონომიკური განვითარება დღეს მთავარ პრიორირტეტებად დასახელდა. თუმცა, ამ საკითხებს შორისაც არის თემები, რომლებზეც საზოგადოება მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში საუბრობდა.
„სიმართლე და მოქმედება“ ეს კი გახარიას გუნდის ლოზუნგია. ცნობილია პოლიტსაბჭოს 14 წევრის ვინაობაც. გუნდის წევრები უმრავლესობიდან წასული 6 დეპუტატი, ექსპრემიერის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და თანამშრომლები არიან.
პარტია მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში და აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში. კონკრეტული გეგმები და პარტიული პროგრამა უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
„ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ“. მისი თქმით, საქართველოს ახლა სწრაფი განვითარების თანმიმდევრული გეგმა სჭირდება.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მოქალაქეების რეალურ პრობლემებს აღარ ითვალისწინებდა.
„გადავდექი იმიტომ, რომ პარტია ჩვენი მოქალაქეების რეალურ პრობლემებს დაშორდა. რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა. გადავდექი იმიტომ, რომ 8 წლიანი მმართველობის შემდგომ მმართველი პარტია თავის, თუნდაც, ყველაზე დიდ მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის წინ არსებულ რეალობას და ამით განვითარების პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას.
ფაქტია, რომ დღევანდელი სასამართლო სისტემა ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო 10-15 წლის წინ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო ეფექტური და სამართლიანი სასამართლოს ამბიცია არ უნდა გვქონდეს.
გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში პარტიამ მისი პოლიტიკური მიზნები სრულიად გასაგებად და აშკარად სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენა. ეს იყო რეალური მიზეზი იმ ნაბიჯის, რომელიც მე გადავდგი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, სრულიად იზიარებს იმ პასუხისმგებლობას ყველა წარმატებასა და წარუმატებლობაზე, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პარტიის წარდგენისას განაცხადა, რომ ქვეყანაში რადიკალური დაპირისპირებები უნდა დასრულდეს. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მისთვის და მისი გუნდისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოდის ეს რადიკალიზმი.
„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ ქვეყანაში დავასრულოთ რადიკალური დაპირისპირება, რადიკალიზმი ნებისმიერი სახის. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოდის ეს რადიკალიზმი. ჩვენ არ ვითანამშრომლებთ არავისთან, სადაც რადიკალურ ტენდენციებს დავინახავთ“, – განაცხადა გახარიამ.
ვისი პროექტია გიორგი გახარია? - „ქართული ოცნებიდან“ ოპოზიციაში გადასულ ყოფილ პრემიერსა და ახლა უკვე პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებთან ამ კითხვაზე განმარტების გაკეთება მოუწია.
„არასოდეს არავის პროექტი არ ვყოფილვარ და მით უმეტეს, მომავალში არ ვიქნები არავის პროექტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
რა ჩაიფიქრა გახარიამ და რა არის მისი სამოქმედო გეგმა -ანალიტიკოსების შეფასება
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ პოლიტიკაში მეორედ დაბრუნების პარალელურად გახარიას მზითვად „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი მოჰყვება და მას სუფთა პოლიტიკურ ველზე მუშაობა არ მოუწევს. თუმცა თან მოაქვს ამ ხელისუფლების მძიმე ბიუროკრატია და ის ხალხი ჰყავს გვერდით, რომლებმაც 9 წლის განმავლობაში ეს ქვეყანა აშენა, რაც სახეზე გვაქვს. შესაბამისად, პოლიტოლოგი ამბობს, რომ გახარიას ამომრჩეველი მაინც არიან ის ადამიანები, რომლებიც დღევანდელი საქართველოთი კმაყოფილები არიან. ლაგაზიძე ამბობს, რომ ექსპრემიერის ყველა მესიჯი „ოცნების“ ელექტორატისკენ იყო მიმართული და მისი გუნდიც მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი მმართველი გუნდის ამომრჩევლის გახლეჩვაზე იმუშავებენ. ამ მესიჯებით და რიტორიკით გახარიას ოპოზიციური ამომრჩევლის გადაბირება გაუჭირდება.
„რა განცხადებებიც მან პარტიის პრეზენტაციაზე გააკეთა, ამით ოპოზიციურ ამომრჩეველს ვერ მიიზიდავს. თუმცა, ვნახოთ, მერე ნელ-ნელა, რას გააკეთებს. უპირველს ყოვლისა რამაც შეიძლება შუაშისტი ამომრჩეველი დააინტერესოს, ეს არის განცხადებები სტაბილურობაზე და რადიკალური პოლიტიკური ველის შეცვლაზე. გახარიას საკვანძო ფრაზა წესრიგზე საუბარია, რადგანაც ოპოზიციური ამომრჩევლისთვის, რომელსაც რევოლუცია არ უნდა, იგი მიზიდულობად იქცევა. სტაბილურობა და წესრიგი, ვნახეთ, რომ ჩვენი მოქალაქეების არც თუ მცირე ნაწილს უნდა. ქუჩაში ხალხი არ გამოვიდა და მან ზუსტად აქ დაიჭირა ის მნიშვნელოვანი ძარღვი, რაც ახლა ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ“, - ამბობს ლაგაზიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, როგორ წარიმართება გახარიას პოლიტიკური მომავალი, როგორც ცალკე მოთამაშის, ეს უკვე მასზე და მის პოლიტიკურ ტაქტიკაზეა დამოკიდებული. ლაგაზიძე ამბობს, რომ მას ისტორიიდან ბევრი მაგალითები აქვს - ხელისუფლებიდან გამოყოფის შემდეგ სააკაშვილმა კარიერა დამოუკიდებლად როგორ გაიკეთა. თუმცა აქვე გვაქვს სალომე ზურაბიშვილის, ნოღაიდელის და სხვების მაგალითები, რომლებმაც ეს ვერ შეძლეს.
„გახარიას პრეზენტაციიდან ჩანს, რომ ის, ჯერჯერობით, მუშაობს იმ ელექტორატზე, რომელსაც მის მიმართ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებულ სხვადასხვა შეცდომებზე კითხვა არ აქვს. მას ჯერჯერობით ოპოზიციურ ელექტორატზე მუშაობა არ დაუწყია. მხოლოდ განცხადება გააკეთა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც მას „ოცნებაში“ ყოფნის დროს ხმა მისცეს. მხარი დაუჭირეს არა პარტიას, არამედ პირადად მის ფიგურას. ამიტომაც მას ახლა „ოცნების“ ამომრჩევლის ნაწილი უკვე გამოყოლილი ჰყავს და ვნახოთ, სამომავლოდ, ალბათ, უკვე მედიასთან ღიად საუბრის შემდეგ ზუსტად გავიგებთ, რა სახის გათვლების გაკეთებას აპირებს“, - ამბობს ლაგაზიძე for.ge-სთან.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი განსაკუთრებულ ყურადღებას იმაზე აკეთებს, რომ გიორგი გახარიას ბიძინა ივანიშვილი გამოსვლის დროს ერთხელაც არ უხსენებია. მან ის არც კარგ და არც ცუდ კონტექსტში არ მოიხსენია. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ გახარია დამოუკიდებლად მოქმედებს და ივანიშვილისგან დისტანცირებას ცდილობს. მისი აზრით, ეს არ არის არც ივანიშვილის წინააღმდეგ და არც მის მიერ შექმნილი პროექტი. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მისი გამოსვლა გათვლილი იყო პირველ რიგში „ოცნების“ ამომრჩეველზე და მეორე შუაშისტ ამომრჩეველზე, რომელსაც არც „ნაცი“ ად არც „ქოცი“ არ უნდა. ამიტომ ის, როგორც ხელისუფლების ასევე მცირე პარტიების ელექტორატზე ინადირებს.
„გახარიას გამოსვლიდან ჩანს, რომ ის თამაშობს დამოუკიდებელ თამაშს, ოღონდ არა ივანიშვილის წინააღმდეგ. არც მისი პროექტი არაა, მაგრამ არც მას არ დაარტყა. მან არ დაარტყა არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას, ამით კი მესამე პოლიტიკური ძალის ნიშის დაკავებას შეეცდება. ეს იქნება ერთადერთი ძალა, რომელიც საქართველოზე და ხალხზე ზრუნვას დაიწყებს და არა ოპონენტების ჩაძირვაზე იმუშავებს. ერთადერთი რაც მაწუხებს, არც მას და არც მის ხალხს დემოკრატიული მმართველობის გამოცდილება არ აქვთ. მისი გუნდის უმრავლესობა ძალოვანი სტურქტურებიდანაა წამოსული. ამიტომ მგონია, რომ ის ხელისუფლებისთვის იბრძოლებს და არა ქვეყანაში დემოკრატიისთვის. პრაქტიკულად, მანდ არ არის არც ერთი გამოცდილი ადამიანი, რომელიც დემოკრატიისთვის იბრძოდა“,-ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, გახარია გამოირჩეოდა ზომიერ, გაწონასწორებულ და კრიზისმენეჯერის თვისებებით. თუმცა 20 ივნისის აქციების დროს დიდი ჩავარდნა ჰქონდა. თუმცა აქაც ბევრი კითხვები არსებობს. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ გახარია დემოკრატი მმართველი არ ყოფილა, უბრალოდ, კრიტიკულ სიტუაციებს მეტ-ნაკლებად კარგად მართავდა. მას ქვეყნის მართვის ნიჭი არ გამოუვლენია, მან მხოლოდ აჩვენა, რომ კრიზისის განმუხტვა შეუძლია. მელიას შემთხვევაშიც კი მისმა თამაშიდან გამოთიშვამ ახალი რეალობა შექმნა.
„გახარიას თუ უნდა ის სცენარი გათამაშდეს, რომ სააკაშვილივით „მოქალაქეებიდან“ გამოყოფის შემდეგ ხელისუფლებაში ხელახლა დაბრუნდეს, მაშინ როგორც ის შევარდნაძეს ღიად დაუპირისპირდა, ივანიშვილს უნდა დაუპირისპირდეს. ამის ნიშნები კი მის გამოსვლაში არ ჩანს. ამიტომ ის ძირითადად ინადირებს „ოცნების“ ამომრჩეველზე, იმ ნაწილზე, რომელმაც პარტიას ხმა მის გამო მისცა. ასევე პატარა პარტიების ელექტორატს გადაიბირებს, რომლებიც ამ 6 თვიანი იწილო-ბიწილოს გამო ძალიან დაზარალდნენ. ხმებს წაართმევს „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“. „გირჩს“, „ნაციონალებს“ და „ევროპელებს“ ვერა. ნუ, მას იმედი აქვს „ოცნების“ ამომრჩევლის ნაწილის და ამას დიდი წარმატებით რეგიონებში მოახერხებს. ხელისუფლებას განსაკუთრებული ფიასკო სამეგრელოში ელის. ის მთელს ამ რეგიონს გადაიბირებს. ასევე მას რეგიონებში საჯარო სამსახურებში ძალიან ბევრი მომხრეები ჰყავს. ვნახეთ მისი მხარდამჭერები საჯარო სამსახურებიდან როგორ გამოყარეს. „ოცნების“ მთავარი პრობლემა ახლა გახარია იქნება და არა „ნაციონალები“. მას 43%-ის ასაღებად მასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მოუწევს“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
ე.ი. სამართლიანობის აღდგენა არქივებს ჩაბარდა.
ყველას ყველაფერი შერჩა.
არავინ არაფერზე პასუხისმგებელი არ არის.
ყველა იწყებს სუფთა ფურცლიდან და მერე, როდესაც უკანალით მძ-ნერში სხდებიან, წინა მთავრობებს აბრალებენ.
ქვეყნის შენება "ხელთანთმანებში არ ხდება".
მაგრამ, არავის შენება არ აღელვებს.
პრინციპში, არც იციან რა არის შენება, თორე პრემიერი რომ იყო, მისი დანიშნული მინისტრები და მთელი სახელმწიფო აპარატი რას აშენებდა?
თუ შენება იცის, მაშინ ვინ შეუშალა ხელი?