ელექტროენერგიის ტარიფი პირველი აპრილიდან, შესაძლოა, კიდევ, ცოტათი შემცირდეს. ყოველ შემთხვევაში, 3-თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ დენი არავითარ შემთხვევაში არ გაძვირდება.
აპრილიდან სახელმწიფოსა და ენერგოკომპანიებს შორის უფრო გრძელვადიანი - 2-დან 4 წლამდე მემორანდუმები ამოქმედდება.
“პირველი აპრილის შემდეგ ტარიფები დარჩება იგივე ან შეიძლება ცოტა კიდევ შემცირდეს. გაფორმდება ახალი გრძელვადიანი მემორანდუმები, რომელთა ხანგრძლივობა, დაახლოებით, 2-დან 4 წლამდე იქნება. ამ საკითხზე მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია”, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა.
მან “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას არ დააკონკრეტა კიდევ რამდენი თეთრით შეიძლება მოხდეს ელექტროენერგიის საფარუსის შემცირება, თუმცა აღნიშნა, რომ ეს “დიდი მოცულობით არ მოხდება”.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ სეზონური ტარიფები დააწესოს, ელოშვილის განცხადებით, ჯერ აღნიშნულზე საუბარი არ მიმდინარეობს.
სხვათა შორის, სეზონური ტარიფი ბევრ ქვეყანაში მოქმედებს და იგი ენერგოეფექტურობის პროგრამის შემადგენელი ნაწილია. ასევე ხშირად იყენებენ დღე-ღამურ ტარიფსაც, როდესაც მოსახლეობას საშუალება ეძლევა ღამის საათებში შედარებით იაფი ელექტროენერგიით ისარგებლოს. თუმცა საქართველოში ამ პრინციპების დამკვიდრება ვერაფრით ხერხდება. ის კი არადა, ჯერჯერობით საუბარი არც საფეხურებრივი ტარიფის გაუქმებაზე მიმდინარეობს, რომელიც აშკარად შეიცავს მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ნიშნებს.
ჯერჯერობით ახალმა მთავრობამ ელექტროენერგიის გადასახადი 3,5 თეთრით გააიაფა და ისიც მხოლოდ 3 თვით. სახელმწიფოსა და ენერგოკომპანიებს - სს “ინტერ რაოსა” და სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” შორის გაფორმებული დროებითი, სამთვიანი მემორანდუმის საფუძველზე, 2013 წლის 1-ლი იანვრიდან 2013 წლის 1-ელ აპრილამდე “თელასის” მომხმარებლები, რომლებიც მოიხმარენ 0-დან 101 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიას, დღგ-ს ჩათვლით 9,94 თეთრს იხდიან, ხოლო აბონენტები, რომლებიც 101-დან 301 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიას მოიხმარენ - 12.46 თეთრს.
რაც შეეხება “ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტებს, 0-დან 101 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიის მომხმარებლები დღგ-ს ჩათვლით 9.44 თეთრს იხდიან, ხოლო 101-დან 301 კვტ/სთ ჩათვლით ელექტროენერგიის მომხმარებლები კი, 12.98 თეთრს. არ დედაქალაქში და არც რეგიონებში დენი არ გაიაფებულა იმათთვის, ვინც 300 კვტ/სთ-ზე მეტს მოიხმარს. მათთვის ტარიფი უცვლელი დარჩა - 17,7 თეთრი.
სატარიფო ვნებათაღელვა უფრო მძაფრია სეპარატისტულ რეგიონებში. ამასწინათ აფხაზეთში ელექტროენერგიის გაძვირებს დიდი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. იმას, რასაც კალაძის უწყება აქ ნებაყოფლობით აკეთებს, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკაში მოსახლეობამ ძალით მიაღწია. მათ ერთობ ეძვირათ დენის 3 თეთრამდე გაძვირება და ამიტომ ანქვაბის მთვარობა იძულებული გახდა ტარიფი 2 თეთრამდე ჩამოეყვანა.
ასე რომ, ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფმა გაძვირება ვერ მოასწრო, რომ უკვე იაფდება. აფხაზურის მედიის ინფორმაციით, ფიზიკური პირები, რომლებიც აქამდე 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაში 60 რუსულ კაპიკს იხდიდნენ, ამიერიდან 40 კაპიკს გადაიხდიან.
ფიზიკურ პირებს 60-კაპიკიანი გადასახადი მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დაუწესდათ, თუმცა ამას მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ამის გამო შეიქმნა ე.წ. პარლამენტში სამუშაო ჯგუფი, რომელმაც რეკომენდაცია გასცა ტარიფის 40 კაპიკამდე შემცირების შესახებ. ამ წინადადებას მოიწონა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტიც დაეთანხმა.