კადრები წყვეტენ ყველაფერს

კადრები წყვეტენ ყველაფერს

საჯარო დაწესებულებებში საკადრო კრიზისი ხელოვნურად არის შექმნილი. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი“ წევრებმა for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთეს. ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე, ნოდარ კაპანაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საჯარო დაწესებულებებში საკადრო დეფიციტია, სინამდვილეს არ შეესაბამება და თუ ამ მხრივ პრობლემები არსებობს, ეს პრობლემები ხელოვნურად არის შექმნილი.

„ბოლო პერიოდში რამდენიმე ჩემმა ახლობელმა, მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტმა საჯარო სამსახურში სცადა სამსახურის დაწყება. როდესაც ამ ადამიანებმა საკუთარი აპლიკაციები გააგზავნეს, პასუხად მოუვიდათ, რომ მოთხოვნილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ, ისინი გასაუბრებაზეც კი არ დაიბარეს. ასეთი შემთხვევა ერთი და ორი რომ ყოფილიყო, ალბათ, ყურადღებასაც არ მივაქცევდი, მაგრამ როდესაც რამდენიმე ათეული შემთხვევა დაგროვდა, დავინტერესდი, რასთან გვქონდა საქმე“, - ამბობს ნოდარ კაპანაძე.

ორგანიზაცია „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი“-ს გამგეობის წევრმა, არჩილ წაქაძემ აღნიშნულ საკითხზე ინტერნეტ-კვლევა ჩაატარა და მისი თქმით, ამ კვლევის შედეგად გაირკვა, რომ პირდაპირი დანიშვნის წესით არსებული თანამდებობები არის მინისტრები, მათი მოადგილეები, დეპარტამენტების, სსიპ-ების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები. დანარჩენი კადრები კონკურსის წესით უნდა იყვნენ სამსახურში აყვანილები. ამასთანავე, პრეზიდენტის მიერ 2009 წელს მიღებულია შესაბამისი დადგენილება, სადაც მითითებულია, რომ ნებისმიერმა საჯარო სამსახურმა კადრების ასაყვანად საჯარო სამსახურის ბიუროს უნდა მიმართოს. ბიურო ამ ვაკანსიებს თავის საიტზე hr.gov.ge ათავსებს, სადაც აპლიკანტები მათ ავტობიოგრაფიას და სხვა დოკუმენტებს აგზავნიან. აპლიკანტების პირველადი შერჩევა თავად საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ხდება. არჩილ წაქაძის განმარტებით, ბიუროს ხელმძღვანელი უშუალოდ ნიშნავს იმ კომისიის უფროსს, ვინც პირველ ეტაპზე, ამ კადრების შერჩევას ეწევა. შემდეგ კი ეს გაცხრილული მონაცემები უშუალოდ დამსაქმებელს გადაეგზავნება, სადაც აპლიკანტი უკვე მეორე, ანუ გასაუბრების ეტაპს გადის.

„აქ მნიშვნელოვანია ის, რომ საჯარო სამსახურის ბიურო დღესაც საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაშია, ბიუროს ხელმძღვანელს პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს. ბიუროს ხელმძღვანელი ამ ეტაპზე არის ირაკლი კოტეტიშვილი, მისი მოადგილე კი არის მაკა კურტანიძე. ალბათ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს თავად პიროვნებებს, მაგრამ საინტერესოა მათი წარსული, ანუ სად მუშაობდნენ ისინი საჯარო სამსახურის ბიუროში მოსვლამდე. ბიუროს საიტზევე განთავსებულ მათ ბიოგრაფიებში წერია, რომ 2007-დან 2010 წლამდე მაკა კურტანიძე მთავარი პროკურატურის საქმის წარმოების სამმართველოს უფროსი იყო, ხოლო ირაკლი კოტეტიშვილი 2006-დან 2010 წლამდე საქართველოს პროკურატურის აპარატის უფროსი იყო“, - ამბობს არჩილ წაქაძე.

მისი თქმით, ვინაიდან ბიურო დღესაც პრეზიდენტის დაქვემდებარებაშია, ხოლო მისი უფროსი და უფროსის მოადგილე არიან იმ პროკურატურის კადრები, რომელსაც ზურაბ ადეიშვილი აკონტროლებდა, ამიტომ „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი“-ს წარმომადგენლების თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბიურო მხოლოდ იმ ადამიანებს აძლევს საჯარო უწყებებში მუშაობის დაწყების საშუალებას, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ლოიალურად არიან განწყობილები. ამის გამო ადამიანები, რომლებსაც სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება აქვთ, საჯარო სამსახურების გარეთ რჩებიან, სამაგიეროდ ხშირად გავიგონებთ ფრაზას - საჯარო უწყებებში ისევ ძველი კადრები ინიშნებიანო.

ორგანიზაციის წარმომადგენელი, ნოდარ კაპანაძე აცხადებს, რომ რეალურად საკადრო დეფიციტი ხელოვნურად არის შექმნილი, რადგან ადამიანებს, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი არ არის, საჯარო სამსახურებამდე უბრალოდ არ უშვებენ, ანუ ხელოვნურად ბლოკავენ.

„მაგალითად, მოთხოვნილია უმაღლესი განათლება და ადამიანი, რომელმაც ეს კონკურსი ვერ გაიარა, მეცნიერებათა დოქტორია. მეორე მოთხოვნა იყო, კონკრეტულ სფეროში სამწლიანი გამოცდილება, ამ პირს კი 12-წლიანი გამოცდილება ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მან გააგზავნა „სივი“ და პასუხად მიიღო, რომ მოთხოვნილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს“, - ამბობს ნოდარ კაპანაძე.

მისი თქმით, უარს სწორედ ის ადამიანები ღებულობენ, რომლებიც „ნაცმოძრაობისადმი“ კარგად განწყობილები არ არიან. კაპანაძე ამბობს, რომ საკადრო დეფიციტი არ არსებობს, პირიქით - კადრები საკმარისზე მეტია. უბრალოდ საჭიროა მათი მოძებნის სისტემის შექმნა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი“ სამსახურის მაძიებლებს სთავაზობს ორგანიზაციას მიმართონ, რათა შეიქმნას მონაცემთა ბაზა. დღეს კი ახალი მთავრობის საკადრო უზრუნველყოფა წინა ხელისუფლების დანიშნულ კადრებზე არის დამოკიდებული.

„როგორ დავიჯეროთ, რომ სავლე პავლედ გადაიქცევა?“, - სვამს კითხვას ნოდარ კაპანაძე. მისი თქმით, საჯარო სამსახურის ბიურო არის ფილტრი, რომელიც უზრუნველჰყოფს, რომ არც ერთი ნორმალური კადრი საჯარო სამსახურში არ „გაიპაროს“ და იქ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანები მოხვდნენ.

ამასთანავე, „ჩვენ საქართველოს მოქალაქენის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საჯარო სამსახურის ბიურომ ადამიანების დასაქმება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ დაიწყო, ხოლო 2012 წლის დეკემბრიდან პრაქტიკულად შეწყვიტა, რადგან მის საიტზე ამის შემდეგ აღარანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება.

„პირველი ადამიანი 2011 წლის ოქტომბერშია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დასაქმებული და ცხადია, ამ სამსახურის გააქტიურება ეს ერთ-ერთ ცნობილ მოვლენას უკავშირდება. აქედან დაწყებული რაღაც ოდენობის ადამიანები ჰყავთ დასაქმებულები და დასაქმების პიკი მოდის არჩევნების შემდგომ პერიოდზე, როდესაც სერიოზულად დაიწყეს კადრების აკრეფა. ამასთანავე, ძირითადად სწორედ საჯარო სამსახურის ბიუროში ჰყავთ ეს ადამიანები დასაქმებული. 2012 წლის დეკემბრიდან კი საიტზე მონაცემები საერთოდ აღარ დევს, ან არ განუახლებიათ ინფორმაცია, ან გაუგებარია, რა ხდება“, - ამბობს არჩილ წაქაძე.