სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ქვეყნის მოსახლეობის 21.3% იმყოფებოდა. ეს ნიშნავს, რომ ყოველი მეხუთე ადამიანი ღარიბი ან ღატაკია. მდგომარეობა გაუარესებული 2019 წელთან შედარებით, როდესაც ფასებიც გაცილებით დაბალი იყო და ლარიც შედარებით უფრო მყარი.
შარშან წლის მეორე ნახევარსა და წელსაც მდგომარეობა გაცილებით გაუარესდა, მით უფრო, რომ ნახტომისებურად გაიზარდა კომუნალური ტარიფებიც. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, 2021 წელს კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჭირდება და შესაბამისად, გადაინაცვლებს კიდეც ღარიბ-ღატაკთა ფენაში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, სოფლად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი შარშან 27.5 პროცენტი იყო, ქალაქში კი – 17.1 პროცენტი.
ამასთან, უწყების ცნობით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, 1.8 პროცენტით არის გაზრდილი. 2019 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ საქართველოს მოსახლეობის 19.5 პროცენტი ცხოვრობდა.
აბსოლუტური სიღარიბის დონე გულისხმობს, რამდენ ადამიანს არ მიუწვდება ხელი საჭირო აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე.
მაშინ, როდესაც ქვეყანაში რეალური საშუალო ხელფასი 500 ლარია, გამოდის, რომ მოსახლეობის შემოსავლის დიდი ნაწილი კომუნალურ გადასახადებში მიდის. დანარჩენილი კი საკვების შეძენას ხმარდება. ამ ყველაფერს კრიზისი ემატება. მოქალაქეების დიდ ნაწილს სხვადასხვა ტიპის დახმარება ჯერ კიდევ სჭირდება, ამ დროს კი მათ გადასახადებს უზრდიან, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ პრობლემებს შექმნის.
„შემოსავლები ნამდვილად იკლებს, განსაკუთრებით ბოლო ერთ წელზე მეტია. ამ დროს ყველა ხარჯი იზრდება და ხალხი უკვე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ლარი მერყეობს დოლართან მიმართებით, შესაბამისად, ეცემა მისი კურსი. საწვავი ძვირდება, იმპორტირებული პროდუქტის ფასი იმატებს, კომუნალური ტარიფები გაიზარდა და ზეგავლენას ახდენს ფასებზე. საბოლოო ჯამში, მივდივართ იქამდე, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ლარის სიმყარე, რომელიც არის მთავარი პრობლემა მთელ ამ ჯაჭვში“, - აცხადებს ეკონომისტი რამაზ გერლიანი.
პანდემიის პერიოდში ბიზნესის პრობლემები, ლარის შეუქცევადმა გაუფასურებამ და სახელმწიფოს მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა გამოიწვია. ოფიცილური მონაცემებითაც კი დასტურდება, რომ ხალხის ნაწილი, ძირითადად, პენსიასა და ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული, იმისათვის, რომ თავი ირჩინოს.
როგორც ეკონოიმიკის დოქტორი პაატა აროშიძე მიიჩნევს, ნამდვილად ძალიან ცუდია, როცა ჩვენი თანამემამულეები დამოკიდებულნი არიან სახელმწიფო დახმარებებზე. პრობლემა სეზონური სამსახურებია, რაც საზოგადოებას არ აძლევს სრულფასოვნად თავის რჩენის საშუალებას.
„მოსახლეობის დიდი ნაწილი გასულია ქვეყნის გარეთ და გზავნილებით ახერხებს აქ დარჩენილი ოჯახის წევრების რჩენას. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეების დიდი ნაწილი დამოკიდებულია საზღვარგარეთიდან მიღებულ ფულად საჩუქარზე. მეორე მხრივ, თანამემამულეების დიდი ნაწილი დამოკიდებულია სახელმწიფო დახმარებებზე. მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხალხი ვერ ახერხებს დანაზოგის გაკეთებას.
ეკონომიკურ ასპექტი კი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანაში დასაქმების დონე არის მხოლოდ სეზონური. ასევეა მომსახურების სფეროშიც, მოქალაქეებს არ ეძლევათ საშუალება, რომ ღირსეულად იშრომონ და ირჩინონ თავი, რაც საკმაოდ რთული პრობლემაა. შედეგად ეს აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე“, - აღნიშნა აროშიძემ
მაგრამ აქვე - პარადოქსი, რომელიც ვერ ამოვხსენი: ქუჩებში მანქანების ტევა არ არის; თანაც, მხოლოდ დილა-საღამოს კი არა, ლამის 24 საათის განმავლობაში!.. ორი დღის წინ ლისისკენ მოვხვდი. უკან მობრუნებული, დაახლოებით 45 წუთი მოვუნდი ბუდაპეშტის პატარა ქუჩის გამოვლას პეკინამდე. თანაც - შუადღისას!.. და ეს მდგომარეობაა ქალაქის უმეტეს ნაწილში. უბრალოდ, ჯოჯოხეთად იქცა საჭესთან ჯდომა და ხშირად ტაქსით გადაადგილებას ვარჩევ - მანქანის ჩასაკვეხებელს მაინც არ ვეძებ მერე...
კვების ობიექტების რაოდენობით, მე მგონი, პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში და როცა შეზღუდვები არ არსებობს, სულ გადაჭედილია ყველა რესტორანი, კაფე, ბარი, სახინკლე, საშაურმე (კლიენტი რომ არ ჰყავდეთ, არ ააშენებდნენ).
ოჯახების დიდ ნაწილს ერთი კი არა, 2-3 ავტომანქანა ჰყავს.
თბილისის უმეტეს ქუჩებში ტროტუარებზეც კი შეუძლებელი გახდა ფეხით გადაადგილება და ხალხი მანქანების სავალ ნაწილზე დადის, რადგან ყველა ტროტუარი მანქანებს უკავია! (სად წაიღოს ის მანქანა, რა ქნას?!).
ჰოდა, ვისია ამდენი მანქანა?
ვინ დადის ამდენ რესტორანში?
ვისით არის გავსებული ამდენი კაფე-ბარი, თუ ამისთანა სიღატაკეა?
აი, ეს ვერ გავიგე...
მობილურის ფული აქვს, საჭმელისა - არა!
ისე თავს ვერ "დავიმკვიდრებთ", ფასადურობაა მთავარი, თუნდაც ფირმის ნიშნიანი შარვლის, "საროჩკის" ქვეშ დაგლეჯილი ნიფხავ-პერანგი გვეცვას.