ლოგიკურად შემცირებული ინვესტიციები

ლოგიკურად შემცირებული ინვესტიციები

როგორც მოსალოდნელი იყო საინვესტიციო გეგმა არც 2012 წელს შესრულდა. შარშან მეოთხე კვარტალი კაპიტალდაბანდებების მხრივ მეტად მწირი იყო, ამიტომაც მთლიანმა საინვესტიციო მონაგარმა 865 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. უცხოელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თუკი ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა გაგრძელდა, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების მატებას არ უნდა ველოდოთ.

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2012 წლის მეოთხე კვარტალში 181 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2011 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელს 47 პროცენტით ჩამორჩება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 424 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17 პროცენტით ნაკლებია 2011 წლის ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე, ხოლო 3 პროცენტით ნაკლებია იმავე პერიოდის წინასწარ მონაცემებზე. რაც შეეხება, 2012 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინა კვარტალთან შედარებით, 6 პროცენტით გაიზარდა.

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილმა 2012 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 90 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე ნიდერლანდებია 34 პროცენტით, მეორეზე აზერბაიჯანი - 19 პროცენტით, ხოლო მესამეზე - ჩინეთი 8 პროცენტით.

უმსხვილესი სექტორების წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2012 წლის მეოთხე კვარტალში 95 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 58 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32 პროცენტია. მეორე ადგილზე ენერგეტიკის სექტორია 38 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - საფინანსო სექტორი 28 მლნ აშშ დოლარით.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანმა მოცულობამ შარშან 865 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23 პროცენტით ნაკლებია 2011 წლის და 6 პროცენტით მეტია 2010 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.

აქედან გამომდინარე, ერთმილიარდიანი საინვესტიციო გეგმა ვერც შარშან შესრულდა და საერთოდ ბოლო 4 წლის განმავლობაში მილიარდიანი ბარიერის დაძლევა მხოლოდ შარშან მოხერხდა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებას ჩვეულებრივ მოვლენას უწოდებენ ექსპერტები. მათი აზრით, როდესაც ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური ძვრები ხდება, უცხოელი ბიზნესმენი აქ ფულის დაბანდებისგან ყოველთვის თავს იკავებს.

ინვესტიციების შემოსვლას აფერხებს პოლიტიკური არასტაბილურობა, ინვესტორები ფრთხილობენ და ელოდებიან მდგომარეობის დასტაბილურებას. მაგალითად, 2008 წლის მეორე ნახევარში 5-ჯერ შემცირდა ინვესტიციების მაჩვენებელი. 

ამ ფონზე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი „მორგან სტენლი“ ქართული ეკონომიკის სტაბილურ ზრდას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და 2013 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5 პროცენტამდე ამცირებს.

ამ დასკვნის საფუძველს „მორგან სტენლის“ დეკემბერ-იანვრის მაჩვენებლები აძლევს. დასკვნის ყველაზე ხმაურიანი ნაწილი კი დაგეგმილ შემოსავლებს ეხება. „მორგან სტენლის“ შეფასებით, ისინი ხედავენ საფრთხეს, რომ დაგეგმილი შემოსავლები ვერ შეგროვდება და დეფიციტი 2,8-ის ნაცვლად 3,5 პროცენტი იქნება.

ამავე შეფასების მიხედვით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შეამცირებს. ასე რომ, თუკი ახალი ხელისუფლება და ძველი ხელისუფლების ნარჩენები საერთო ენას კვლავაც ვერ გამონახავენ, მიმდინარე წელი კაპიტლადაბანდებების კუთხით სახარბიელო შედეგით არ დასრულდება.