თეთრმა სახლმა Ryanair-ის თვითმფრინავის გატაცებისა და ბელარუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკავების გამო ბელარუსს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
აშშ მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს თავი შეიკავონ ბელარუსში მოგზაურობისგან, ამერიკულ ავიაკომპანიებს კი - გამოიჩინონ „მაქსიმალური სიფრთხილე“ ბელარუსის ტერიტორიაზე ფრენისას. გარდა ამისა, აშშ-მა შეაჩერა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების მოქმედება, რომელიც ორი ქვეყნის ავიაკომპანიებს რეისების განხორციელების უფლებას აძლევდა.
ამასთანავე, 3 ივნისიდან სანქციები იმოქმედებს 9 ბელარუსული სახელმწიფო საწარმოს წინააღმდეგ, ევროკავშირთან ერთად კი ვაშინგტონი ალექსანდრ ლუკაშენკოს ახლო გარემოცვის წევრების წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე იმსჯელებს.
თეთრმა სახლმა ასევე მოუწოდა ლუკაშენკოს, გამოიძიოს Ryanair-ის თვითმფრინავის გატაცების საქმე, გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და ჩაატაროს „თავისუფალი და სამართლიანი“ საპრეზიდენტო არჩევნები.
23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.
24 მაისს ევროკავშირმა ბელარუსს 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო დახმარება გაუყინა. 25 მაისს ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.