პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან წასულმა გიორგი გახარიამ ზუსტად 4 თვეში, პოლიტიკურ გაერთიანება „საქართველოსთვის“ დააფუძნა. ღონისძიება 17:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ შენობაში გაიმართება. გიორგი გახარიას გუნდში იქნებიან: ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი; საქართველოს ყოფილი ელჩი ნატო–ში, ლევან დოლიძე; ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში რუსიკო თევზაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ნათია მეზვრიშვილი.
ექს–პრემიერის პარტიას მმართველი გუნდიდან 6 ყოფილი დეპუტატი – გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური უერთდებიან.
კიდევ ვინ შეუერთდება გიორგი გახარიას პოლიტიკურ გაერთიანებას, ეს დაზუსტებით დღეს გახდება ცნობილი.
როგორც ცნობილია, გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. როგორც მან განმარტა, გაუმართლებლად მიაჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობდა პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გიორგი გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზი ასევე იყო ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ მისი და გიორგი გახარიას ხედვები ერთმანეთს ძალიან ემთხვევა.
„ორი თვის წინ აღვნიშნე და ვისურვე, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, დარჩა და აქტიურდება. მე მისი პოლიტიკაში ყოფნა მომწონს, ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს! ვაფასებ მის თანამოაზრეებს და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს!“, – წერს გიორგი აბაშიშვილი.
„სტრატეგიის და განვითარების ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე, ნატო-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, ლევან დოლიძე ამბობს, რომ გახარიას პოლიტიკური გუნდის წარმატება იქნება ძალიან სასარგებლო ქვეყნის განვითარებისთვის. დოლიძეს შეფასებით, გახარიას მიერ პარტიის დაფუძნებით პირველად ჩნდება შანსი, რომ პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირდეს არა აგრესიაზე, არამედ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე.
„მინდა, ერთმნიშვნელოვნად დავადასტურო ჩემი გადაწყვეტილება, მინდა, გვერდში დავუდგე გიორგი გახარიას. მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის დაფუძნებით ამ ქვეყანაში პირველად ჩნდება შანსი იმისა, რომ პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირდეს არა რადიკალიზმზე, აგრესიაზე, არამედ იმ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს.
ამასთან, დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გუნდის წარმატება იქნება ძალიან სასარგებლო, როგორც ზოგადად, პოლიტიკური სპექტრისთვის და პოლიტიკური გარემოსთვის, ასევე კონკრეტულად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ესაა ის ძირითადი ფაქტორები, რამაც განაპირობა ჩემ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება, ხოლო ის, თუ როგორი იქნება ჩემი როლი და მონაწილეობის ფორმა ამ პროცესში, ბუნებრივია, ამას დრო გვიჩვენებს და უახლოეს მომავალში გაირკვევა“, – განაცხადა ლევან დოლიძემ.
„ქართული ოცნება“ დატოვა ბათუმის საკრებულოს წევრმა, დიმიტრი ჭეიშვილმა და პოლიტიკურ ბრძოლას გიორგი გახარიას გუნდთან ერთად აგრძელებს.
„რასაკვირველია, არ დამავიწყდება თავად ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ როლი, რისთვისაც ვარ მადლიერი და არაერთხელ აღმინიშნავს, თუმცა უკანასკნელი პერიოდის დაუსრულებელი კოჰაბიტაცია და მეტიც, ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ ბრძოლაში არჩევანის გაკეთება „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივს შორის, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ არის მიუღებელი.
მხედველობაში მაქვს ხულოს საკრებულოში მომხადრი ფაქტი, რასაც დაემატა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სპეციალისტის განთავისუფლება. დევნა გამოუცხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც 2012 წელს წვლილი შეიტანეს სააკაშვილის რეჟიმის პირობებში „ქართული ოცნების“ ჩამოყალიბებაში, არის მინიმუმ უსამართლობა“, – განაცხადა დიმიტრი ჭეიშვილმა.
ყოფილ პრემიერს პოლიტიკურ კონკურენტად არ განიხილავს მმართველი გუნდი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება მმართველი პარტიის საარჩევნო შედეგზე არავითარ გავლენას არ მოახდენს.
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უნდა მივიღოთ ის შედეგი, რომელსაც მიჩვეული ვართ. გახსოვთ, როგორ დასრულდა წინა 7 არჩევნები - „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ახლაც ეს ამოცანა გვაქვს და ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვიცე–სპიკერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ გახარიას პარტია არ არის „ქართული ოცნების“ მოკავშირე, მონათესავე და პროექტის ნაწილი, როგორც ცდილობენ ინსინუაციების შექმნას ოპონენტები და მათგან მართული ტელევიზიები. როგორც თალაკვაძე აცხადებს, ქვეყანა ოპოზიციური პარტიების დეფიციტს არ განიცდის.
„შემიძლია, ერთი რამ გითხრათ, ჩვენ მხარდამჭერებს ავუხსნით და გავაცნობთ ჩვენს პროგრამას, წარვუდგენთ ჩვენს განახლებულ გუნდს თვითმმართველობის არჩევნებში. გავიმარჯვებთ ამ არჩევნებშიც დამაჯერებლად და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება სწორად შეაფასებს, თუ რა ცვლილებები და რა მიღწევები, ასევე გამოწვევები, რა პასუხები აქვს „ქართულ ოცნებას“ დღეს.
გარწმუნებთ, რომ ეს არჩევნებიც იქნება კონკურენტული არჩევნები. ამისთვის ჩავატარეთ დემოკრატიული რეფორმები. რაც შეეხება გიორგი გახარიას, თუ რა პერსპექტივა აქვს მის პარტიას, რომელიც ჯერ არ არის შექმნილი და ამ დღეებში იქნება პრეზენტაცია, ამაზე თვითონ უნდა ისაუბროს. წინასწარ რაიმე შეფასებები რომ გავაკეთოთ მის პერსპექტივებზე, მე მგონი, არ იქნება სწორი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
თეა წულუკიანი, რომელსაც გიორგი გახარიას მთავრობაში იუსტიციის მინისტრის თანამდებობა ეკავა ამბობს, რომ გახარიას წარმატებისთვის მოუწევს ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა, ამისთვის უნდა ჰყავდეს რეიტინგული გუნდი, რასაც ჯერ მის გარშემო ვერ ხედავს. წულუკიანი არ ფიქრობს, რომ გახარიას ადვილი გზა ექნება პოლიტიკაში.
„როდესაც ტოვებ თანამდებობას, გაქვს მაღალი რეიტინგი, იყავი სიის პირველი ნომერი, არ უნდა გქონდეს იმის ილუზია, რომ უკან, სცენაზე შემოსვლა იქნება ავტომატურად წარმატებული. ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან არასწორი და მისთვის საზიანო მგონია მისი ეს გადაწყვეტილება. წარმატებისთვის მოუწევს ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა და შრომა, ამისთვის მას უნდა ჰყავდეს ასევე რეიტინგული, მაღალკვალიფიციური გუნდი, რასაც მე ჯერჯერობით მის გარშემო ვერ ვხედავ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ვერც მე!..