თბილისში პარლამენტის რეაბილიტაციას ნაციონალები ბლოკავენ

თბილისში პარლამენტის რეაბილიტაციას ნაციონალები ბლოკავენ

თბილისში, რუსთაველის გამზირზე არსებული პარლამენტის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია 1-ელ მარტს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ამ დრომდე, საკანონმდებლო ორგანოში სარემონტო სამუშაოები არ დაწყებულა. ამის ოფიციალურ მიზეზად ის სახელდება, რომ სამშენებლო კომპანიები სატენდერო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, მაგრამ for.ge-ს ინფორმაციით, რიგი კომპანიების უკან „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენიანი ლიდერები დგანან, რომელთა მხრიდან საბოტაჟის მცდელობას აქვს ადგილი.

ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მზად არის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, პარლამენტის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ 500 ათასი ლარი გადაუხადოს, თუმცა, ამ დრომდე, კომპანიის შერჩევა ვერ ხერხდება.

კერძოდ, პარლამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში სულ 16 კომპანია მონაწილეობდა, რომელთაგან ყველაზე დაბალი ფასი სატენდერო კომისიას კომპანია ,,სენმა“ შესთავაზა, თუმცა, ,,სენს“ წარმოდგენილი დოკუმენტების დისკვალიფიკაცია მიენიჭა და დარჩენლი 15 კომპანიიდან ყველაზე დაბალი ფასი კომპანიამ „დამბა“ წარადგინა, რომელმაც მშენებლობის მასალებთან და ხაჯთახრიცხვასთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, დოკუმენტაცია სრულად ვერ წარადგინა.

პარლამენტის მშნებელობის პროცესთან დაკავშირებით, ვითარებაში უკეთ გარკვევის მიზნით, for.ge პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილეს, შოთა გოშაძეს ესაუბრა, რომლის ცნობითაც, პარლამენტი კომპანიებისგან სატენდერო პირობების დადასტურებას ითხოვს.

გოშაძის განცხადებით, ტენდერი არცერთი კომპანიის მიერ არ არის მოგებული, არამედ სისტემა იმ კომპანიას არჩევს, რომელიც პარლამენტის რეაბილიტაციის ნაცვლად, უწყებას ყველაზე დაბალ ფასს სთავაზობს.

„ტენდერში16 კომპანია მონაწილეობდა და ბოლო კომპანია იყო - „სენი“, რომელსაც ორი რეკომენდაცია მოვთხოვეთ. კერძოდ, მას ორი სხვადასხვა ორგანიზაციისაგან უკანასკნელ ორ წელიწადში შესრულებული სამუშაოების შესახებ დადებით რეკომენდაცია უნდა წარმოედგინა, რაც ვერ წარმოადგინა. შემდგომ კომპანიასთან - „დამბა“, რომელმაც დოკუმენტაცია წარმოგვიდგინა, რეკომენდაციაც არ იყო ბოლომდე გამართული, დაზუსტებული არ იქნა ხარჯთაღრიცხვა და მოწოდებული მასალები, რომლის მიხედვითაც, მას მშენებლობა უნდა ეწარმოებინა. ამ დროისთვის გამარჯვებული კომპანია არ არის“, - აცხადებს გოშაძე.

პარლამენტის რეაბილიტაციის მიზნით, თუ როდის მოხდება კომპანიის შერჩევა, გოშაძე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს სამუშაოები არ დაიწყება მანამ, სანამ კომპანიასთან ხელშეკრულება არ დაიდება, რადგან მათთვის მნიშვნელოვანი ხარისხია.

„სატენდერო პირობებში ჩადებული გვაქვს, რომ გამარჯვულმა კომპანიამ სამ თვეში პარლამენტის შენობა უნდა ჩაგვაბაროს, მაგრამ ჩვენთვის მთავარი, მშებლობის ხარისხია. მასალებმა დროს უნდა გაუძლოს. ყოველ შემდგომ კომპანიამ პირობები უნდა დაგვიზუსტოს. თუ დოკუმენტაციას ვერ წარმოადგენენ, არ ვჩქარობთ, რადგან ამ სიჩქარის გამო, მშენებლობა უხრისხო არ უნდა იყოს“, - ამბობს გოშაძე.

რაც შეეხება For.ge-ს ინფორმაციას, რომ „დამბას“ უკან წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა ინტერესები დგას და პარლამენტის მშენებლობის პროცესის შეფერხება სწორედ მათი მეშვეობით ხდება, გოშაძე აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლება „ბნელ ოთახში კატებს არ ეძებს“ და მათი მიზანია, საკანონმდებლო ორგანოს შენობა გარემონტდეს.

„ჩვენთვის მთავარია, რომ შენობის რეაბილიტაცია მოხდეს და თუნდაც შენობა საჩუქრად გაგვიკეთონ. თუ რომელიმე კომპანიას შენობის რეაბილიტაცია 700 ათასიც უღირს, რატომ არ დავეთანხმებით?! ერთია ფასი, მაგრამ მეორე პრესტიჟის საკითხია, რადგან შესაძლოა რომელიმე კომპანიისთვის პარლამენტის რეაბილიტაცია მისი პრესტიჟის საქმე იყოს“, - განმარტავს გოშაძე.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ოთხივე კორპუსის რეაბილიტაციის გარდა, ილია ჭავჭავაძისა და რესპუბლიკის დარბაზების, ასევე კინო დარბაზისა და პლენარული სხდომის დარბაზის რეაბილიტაციას იგეგმება, თუმცა, დარბაზების მოწყობის მიზნით, სხვა ტენდერი გამოცხადდება და დარბაზების რეაბილიტაციისა და აპარატურით აღჭურვისთვის კომპანიას 5 მლნ ლარი გადაეცემა.

რაც შეეხება კომპანია „დამბას“, მას სარემონტო სამუშაოები უკვე აქვს ჩატარებული მცხეთაში საქპატენტის შენობაში, თუმცა, ამ კომპანიის სახელს უკავშირდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობისთვის სახლების აშენებაც.

შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, პარლამენტის ილია ჭავჭავაძისა და რესპუბლიკის დარბაზების, ასევე პლენარული სხდომის დარბაზის დემონტაჟი მოხდა. უწყებიდან გატანილი იქნა ინვენტარი და ავეჯი. ახალი ხელისუფლების პირობებში კი, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობა დაუბრუნდა და ისტორიული ნაგებობა უკვე პარლამენტის ბალანსზე ირიცხება.

წინა მთავრობის გადაწყვეტილებით, თავდაპირველად შენობა ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარა, რომელმაც მოგვიანებით, შენობა აქტებით „საპარტნიორო ფონდს“ გადასცა. თავის დროზე, ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ისტორიული შენობის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემასთან დაკავშირებით, ბურუსით მოცულ განცხადებებს აკეთებდნენ, ამ პროცესში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავდნენ და მედიისთვის გზა-კვალის აბნევას ცდილობდნენ, მაგრამ ნათელი იყო, რომ შენობის გადაცემა მხოლოდ ერთი მიზეზით მოხდა - ძველ მთავრობას ისტორიული შენობის გასხვისება სურდა, რაც ვერ ან არ მოესწრო. ერთის მხრივ, შენობის გაყიდვის საკითხს წერტილი 1-ელი ოქტომბრის არჩევნებმა დაუსვა, მეორეს მხრივ კი, შენობას ინვესტორები იწუნებდნენ. კერძოდ, for.ge-ს ინფორმაციით, ისტორიულ ნაგებობას ხშირად - ბერძენი, ჩინელი და არაბი ბიზნესმენები სტუმრობდნენ და შენობას დიდი დაკვირვებით ათვალიერებდნენ. უნდა ითქვას, რომ ჩინელ ინვესტორებს შენობაში მეგზურობა ჩინეთში საქართველოს ელჩმა, მამუკა გამყრელიძემაც გაუწია, თუმცა, უშედეგოდ, რადგან ინვესტორებმა შენობა კვლავ დაიწუნეს.