„მაშფოთებს, რომ გახარიამ სამეგრელოთი დაიწყო მოსამზადებელი კამპანია, ჩემი პრინციპია, თბილისს ჰყავდეს თბილისელი მერი“

„მაშფოთებს, რომ გახარიამ სამეგრელოთი დაიწყო მოსამზადებელი კამპანია, ჩემი პრინციპია, თბილისს ჰყავდეს თბილისელი მერი“

დედაქალაქის მერად გიორგი გახარიას კანდიდატურის წარდგენა, ანალიტიკოსების აზრით, ლოგიკას მოკლებული არ არის. რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, მისი თანხმობა მერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, შესაძლოა, ჯაფარიძის მორიგი ეპატაჟური გამოსვლა იყოს, რადგან ის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ვერ გახდება.

მოქმედი მერი კახა კალაძე კი შესაბამისი დროის დადგომას ელოდება, რათა საკუთარი გადაწყვეტილება აცნობოს მოსახლეობას.

„ქართული ოცნების“ ლიდერშიპში უკვე წინასწარ გრძნობენ, ვის რა პერსპექტივა აქვს მერად გახდომისთვის. ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ, თუ გიორგი გახარია თბილისის მერობას გადაწყვეტს, წარმატების ნაკლები შანსი აქვს და მეორე ადგილზე ვერ გავა, საუკეთესო შემთხვევაში, გავა მესამე ადგილზე.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ვარაუდობს, რომ ზურაბ ჯაფარიძეს დედაქალაქის მერად გახდომის შანსი არ აქვს, ვინაიდან ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ჯერ კიდევ ახსოვს „გირჩის“ ფლირტი მარიხუანასთან. ხალხს, ასევე, დიდხანს ეხსომება „გირჩის“ ინიციატივა ჯარიდან ახალგაზრდების გათავისუფლების თაობაზე. ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით პოლიტოლოგს ერთი პარალელი ახსენდება, კერძოდ, „რესპუბლიკური პარტიის“ წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი, რომ მათ დამოუკიდებლად 2012 წლამდე ერთი არჩევნებიც ვერ მოიგეს, ის იყო, რომ მათ დროს გაუსწრეს.

„ეს იყო ლიდერების პარტია, ინტელექტუალების პარტია- ილუშა ხაინდრავა, უსუფაშვილი, ბერძენიშვილები, მაგრამ მათ დროს გაუსწრეს და მათზე მოთხოვნილება არ იყო. ზურაბ ჯაფარიძეც ასეთია, დღეს რომ ჩვენ ევროპა ვიყოთ, ზურაბ ჯაფარიძე პრემიერიც გახდებოდა, დღევანდელ საქართველოში კი დედაქალაქის მერიც ვერ გახდება. ეს პიროვნული ტრაგედიაა. ახალგაზრდობაში, 22 წლის ასაკში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, უდიდესი ქართველი მეცნიერის - ნიკო მუსხელიშვილის თანაშემწე გახლდით, მახსოვს, ერთ-ერთ სხდომაზე ილია ვეკუასთან დაკავშირებით თქვა ნიკო მუსხელიშვილმა, „მე მხოლოდ რომანებში წამიკითხავს, ადამიანი დაჩაგრულია იმიტომ, რომ მან თავის თაობას გაუსწროო“. ასეთნაირად ამბობდა ილია ვეკუას შესახებ ნიკო მუსხელიშვილი. შესაძლოა, ეს განსხვავებული ამპლიტუდით ზურაბ ჯაფარიძის შესახებაც ვთქვათ. მისი ელექტორატი ჯერ არ დაბადებულა საქართველოში, მაგრამ, როცა მისი ელექტორატი დაიბადება, ზურა ჯაფარიძე, ალბათ, პენსიაზე გასული იქნება და შანსი აღარ ექნება“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ for.ge-სთან საუბრისას.

რაც შეეხება კახა კალაძეს, პოლიტოლოგის შეფასებით, კალაძე მოთამაშეა, ფეხბურთელია, სპორტსმენია, რაც ადამიანის უნარ-ჩვევებზე, მენტალობაზე მოქმედებს. პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, კახა კალაძეს უკვე მობეზრდა და მისთვის აღარც არის საინტერესო თბილისის მერობა.

„ლევან ხაბეიშვილს რომ ჰკითხოთ, მილიარდები მოიპარა კახა კალაძემ, მაგრამ არა მგონია, ასე იყოს საქმე. კახა კალაძეს შემოსავლის სხვა წყარო აქვს, ლეგალური წყაროები, იტალიაში მილიონები იშოვა, რაც ჭკვიანურად დააბანდა, შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან კონტაქტით ლეგალური გზით გაამრავლა ეს ფული და ისე არ უჭირს, რომ გაქექილ-გაქუცული დედაქალაქის ბიუჯეტში ხელი აფათუროს“, - მიიჩნევს სოსო ცინცაძე, რომლის აზრითაც, კახა კალაძეს, ალბათ, სამ დღეში ერთხელ აღვიძებენ, სადღაც წყლის მილი გასკდა, სადღაც ხანძარი მოხდა, ვიღაცას გაზი აუფეთქდა, ვიღაც გადმოვარდა, მეწყერი გააქტიურდა, ყველა მკვდარი კატა მის კისერზე ჩამოკიდებული აღმოჩნდება, ამიტომ მისთვის საინტერესო აღარ უნდა იყოს დედაქალაქის მერობა.

პოლიტოლოგის აზრით, კახა კალაძის რესურსი და პოტენციალი ის იყო, რომ ის მოვიდა აბსოლუტურად არარაობა მერის შემდეგ, ვინაიდან არსებობს სუსტი მერი, არსებობს ძლიერი მერი და არსებობს არარაობა მერი. კახა კალაძე ხალხს თავს დაამახსოვრებს ვაკეში გზის გაკეთებით, მაგრამ ნარმანიამ რით დაამახსოვრა თბილისელებს თავი?

„მაგ უბედურმა ნორმალური გინებაც კი არ იცის, „შე, მაიმუნო ვირიშვილო“ ეძახა ჟურნალისტებს, ან მაიმუნი ეთქვა, ან ვირიშვილი. მეოთხე თაობის თბილისელი ვარ, გინების მეტი რა გამიგია თბილისში, თანაც, დედა კახელი მყავს, კახეთში ვარ გაზრდილი, გინებას ვინ მასწავლის, მაგრამ „მაიმუნო და ვირიშვილო“ ერთად არ გამოდის. ნარმანიამ ქალაქს რა დაატყო? ან ახალ სამსახურში რას აკეთებს, 14-15 ათასი ლარი რომ აქვს ხელფასი-პენსია?!“

სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ, სავარაუდოდ, გიორგი გახარია უფრო უკეთესი მერი იქნება, მეტი მონდომებით, ვიდრე კახა კალაძე მეორე ვადაში, რადგან კალაძე მეორე ვადით ასეთი ენთუზიაზმით აღარ იქნება. ბიძინა ივანიშვილი ეტყვის, პარტიაში უნდა იყოო, სხვა გზა არ აქვს, დათანხმდება. თუკი დატოვებენ მერად, არ გაუხარდება, თუ წავა მერობიდან, არც ეს ეწყინება. გახარიას კი მეტი შანსი აქვს, ის ერთი მარჯვე სვლით გადადგა თანამდებობიდან, მაგრამ სოსო ცინცაძის აზრით, სრულიად გაუგებარია „ქართული ოცნების“ ე.წ. სპიკერების კომენტარები, რომელთაც პოლემიკის ნასახი არ აქვთ. კობახიძით დაწყებული, პატარა ბიჭებით დამთავრებული, „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, გახარია თვითონ კი არ იყო ძლიერი, არამედ ჩვენ, პარტია ვაძლიერებდითო. ამის საპირისპიროდ პოლიტოლოგი ფიქრობს, მაშინ, პრემიერ ბახტაძეს რატომ არ ჰქონდა რეიტინგი?

„ბახტაძე ისე მოვიდა და წავიდა, კაციშვილს არ გაუგია. ამიტომ, თუკი პარტია ქმნის ლიდერებს, პარტიამ რატომ ვერ შექმნა ბახტაძისგან ლიდერი? ეს ხომ ნიშნავს, რომ თვითონ პიროვნებაც უნდა იყოს ლიდერი? გახარიას კი ნამდვილად აქვს პიროვნული მომენტები. უბრალოდ, ცოტა მაშფოთებს, რომ გახარიამ სამეგრელოთი დაიწყო მოსამზადებელი კამპანია, ამან დაღუპა გამსახურდია, როცა მან მარტო სამეგრელოზე გააკეთა აქცენტი, მე ჩემი ხალხი და კუთხე დამიცავსო. ჩემთვის მეგრელი, კახელი, გურული სულ ერთია, მაგრამ ჩემი პრინციპია, თბილისს ჰყავდეს თბილისელი მერი, ქალაქს უნდა იცნობდეს მერი. გახარიას ექნება ძალზე რთული წინასაარჩევნო კამპანია, ოპონენტები მას შეახსენებენ თვალდათხრილ ბავშვებს, დათვის ტყვიებს, ამიტომ ან საკუთარ თავზე უნდა აიღოს მომხდარი, მომიტინგეებს ჩემი ბრძანებით ესროლესო, ან უნდა თქვას, ვისი ბრძანებითაც ისროლა“,- აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ გახარიას ინტერესში არ უნდა შედიოდეს მერობის კანდიდატად თავის წარდგენა, რადგან იგი თავის დროზე პრემიერ-მინისტრი იყო, კალაძე კი ამ პოსტზე სრულიად გასაგები იქნებოდა, ვინაიდან იგი თბილისის მერია და შეიძლება კვლავაც იყაროს კენჭი.

„ზურაბ ჯაფარიძეს კი ძალზე მცირე შანსი გააჩნია, რადგან „გირჩმა“ არჩევნებზე 3% მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ჯაფარიძეს კარგად ვიცნობ და ჭკვიანი ადამიანია, რეალობა ისაა, რომ მისი შანსი გაცილებით ნაკლებია. ამიტომ ძირითადი ბრძოლა მაინც წარიმართება „ქართული ოცნების“ კანდიდატსა და „ნაცმოძრაობის“, ან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატებს შორის“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას.

 

Aburjga Tasmanieli ბატონმა სოსომ ისევ გარეკა!!!
3 წლის უკან
Katana .ერთი პუბლიკაციის კვალობაზე, ნამეტანი ბევრი სიბრძნეა თავმოყრილი ბ-ნ სოსო ცინცაძის კომენტარში; მაგრამ მე მხოლოდ რამდენიმეს შევეხები.მაშფოთებს, რომ გახარიამ სამეგრელოთი დაიწყო მოსამზადებელი კამპანია... ამან დაღუპა გამსახურდიაო, - ბრძანებს ბატონი სოსო.
მართალიცაა! - სამეგრელოთი როგორ შეიძლება დაწყება, ლაგოდეხით უნდა დაიწყო!!!
(ისე, სამეგრელოთი რა დაიწყო გამსახურდიამ, ვერ ვიხსენებ, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს).
*
ვისაც ქართული პოლიტიკა მეტ-ნაკლებად აინტერესებს, არ შეიძლება ერთხელ მაინც არ ექილიკა რესპების პერმანენტულ წარუმატებლობაზე... მაგრამ იცოდით, რა იყო ამის მიზეზი? ახლა თქვენ თუ ენაზე მოგადგათ სიტყვა "ოდიოზურობა", ცდებით:
„რესპუბლიკური პარტიის წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი, რომ მათ დამოუკიდებლად 2012 წლამდე ერთი არჩევნებიც ვერ მოიგეს, ის იყო, რომ მათ დროს გაუსწრეს!" - გვიხსნის ამაგდარი პოლიტოლოგი. (2012-მდეო, ისე გვიზუსტებს, თითქოს ან 2012-ში მოეგოთ დამოუკიდებლად, ან იმის მერე, ერთხელ მაინც!:))
მაგრამ, მათ მოღვაწეობას რომ გადახედავთ, არ შეიძლება სევდამ არ შეგიპყროთ მათი ნაადრევი დაბადების გამო!
*
თუმცა, ეს ფაქტი მხოლოდ ანალოგიისთვის სჭირდება ბ-ნ ცინცაძეს. მას უნდა ხატოვნად აგვიხსნას, რომ გირჩი ჯაფარიძეც ამ მდგომარეობაშია - მანაც დროს გაუსწრო, თურმე! რა დასანანია, რომ ვერც მისმა მშობლებმა გათვალეს სათანადოდ, როდის უნდა გაეჩინათ ეს გენიოსი!..
"ზურაბ ჯაფარიძეც ასეთია... დღეს რომ ჩვენ ევროპა ვიყოთ, ზურაბ ჯაფარიძე პრემიერიც გახდებოდა, დღევანდელ საქართველოში კი დედაქალაქის მერიც ვერ გახდება."
ხედავთ?!
საქმეა ახლა მაგი?!
აქ არა მარტო მის ნაადრევ დაბადებაშია პრობლემა, არამედ გეოგრაფიაშიც. მაგალითად, ის რომ დაბადებულიყო ევროპაში... ვთქვათ, კვიპროსში, შეიძლება თავდაცვის მინისტრად დაენიშნათ!..
ჩაამწკრივებდა თავის ჯარს თურქებისგან ოკუპირებული ჩრდილო ნაწილის პერიმეტრზე, ჩაახდევინებდა შარვლებს და ამდენი შიშველი უკანალის შემყურე ოკუპანტი თურქები სულ კისრისტეხით გაიქცეოდნენ კვიპროსიდან!
(მოგეხსენებათ, ჩვენთან დატესტა ეს მეთოდი, მაგრამ არ გაჭრა, ვინაიდან გონებასუსტი რუსი სამხედროები არ აღმოჩნდნენ მზად ამ ნოუ-ჰაუს აღსაქმელად!..).
*
"22 წლის ასაკში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, უდიდესი ქართველი მეცნიერის - ნიკო მუსხელიშვილის თანაშემწე გახლდით", - გვიყვება ვეტერანი პოლიტოლოგი.

ვინმე ეჭვიანი მკითხველი იფიქრებდა: ეტყობა, სუკმა მიუჩინა დიდ მეცნიერს ეს პერსპექტიული კადრი, რათა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყოლოდათ იგი (აკადემიის პრეზიდენტს კი არა, მოწინავე კოლმეურნეების ჯგუფს რომ გაუშვებდნენ ტურისტებად ეგერ, მოძმე ბულგარეთში, იმათ არ ტოვებდნენ კაგებეშნიკი მეთვალყურის გარეშე)...
მაგრამ მე არა ვარ ეჭვიანი კაცი და დარწმუნებული ვარ, რომ მათემატიკისა და მექანიკის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელ ნიკო მუსხელიშვილს ისე არავინ შეეფერებოდა თანაშემწედ, როგორც ისტორიის ფაკულტეტ-ახალდამთავრებული ახალგაზრდა...
3 წლის უკან
არაგველი641 "მე თქვენ დაგასრულებთ"
3 წლის უკან