პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც 19–20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით იქნა ინიცირებული. უმრავლესობის კანონპროექტს 87–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის ცხრა წევრმა ხმა პროექტის წინააღმდეგ მისცა. დიდი ალბათობით, მმართველი გუნდის კანონპროექტი ოპოზიციის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციის მიერ მომზადებული ამნისტიის ალტერნატიული პროექტიც განიხილეს, თუმცა თავად ინიციატორთა მოთხოვნით, კენჭისყრა გადაიდო.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19–21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. ოპოზიციის პროექტის მიღების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდებიან 19–21 ივნისს განვითარებული საპროტესტო აქციების მონაწილეები.
ასევე საპოლიციო ღონისძიების განმახორციელებელი სამართალდამცავები, რომლებიც ბრალდებული ან მსჯავრდებული არიან. მათ ნასამართლობაც მოეხსნებათ. ამასთან, ოპოზიციის კანონპროექტი ბრალდებული/მსჯავრდებული პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებისთვის, სახელმწიფო მოხელის არასათანადო ქმედების შედეგად დაზარალებული ფიზიკური პირის თანხმობას ითვალისწინებს.
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია, მაგრამ ამნისტიაზე უარს აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია. დიდი ალბათობით მელიას საქმე ისევ სასამართლოში წარიმართება, რადგან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ადამიანს არ უნდა შეეხოს ამნისტია, ბუნებრივია, მასზე არ უნდა გავრცელდეს. კობახიძის თქმით, ოპოზიციასთან კონსულტაციები გაგრძელდება და შესაძლოა, მეორე მოსმენამდე გარკვეულ საკითხებზე პოზიციები შეჯერდეს.
„ეს კანონპროექტი პირველი მოსმენით არსებითად იმ სახით დამტკიცდება, როგორც იყო ინიცირებული, დანარჩენი ვნახოთ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. დღეს იყო გარკვეული კონსულტაციები, ეს გაგრძელდება. ორ კვირაში გაიმართება მეორე მოსმენა და მეორე მოსმენამდე შეიძლება გარკვეულ საკითხებზე პოზიციების შეჯერება.
ჩვენ ვმოქმედებთ შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, სადაც წერია, რომ ამნისტიის შესახებ კანონი უნდა იქნას მიღებული და ეს კანონი უნდა შეეხებოდეს ყველას. რაც შეეხება უარის შესახებ დათქმას, შარლ მიშელის დოკუმენტი თავისთავად ითვალისწინებს იმას, რომ მხარეები უნდა იყვნენ თანახმა ამ დოკუმენტის პირობებზე. თუ ვინმე უპირისპირდება მიშელის დოკუმენტს, უპირისპირდება მათ შორის, ამნისტიას, ბუნებრივია, მასზე შეიძლება არ გავრცელდეს ამნისტიის კანონი, ეს ასახულია კანონში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კახა კახიშვილის განცხადებით, უსამართლო და არალოგიკურია მიდგომა, ამნისტია შეეხოს პირებს, რომლებმაც პარლამენტში შეღწევით მიზნით დანაშაულის ჩადენა დაიწყეს, ხოლო არ გავრცელდეს პოლიციელებზე, რომლებმაც აღნიშნულის აღკვეთისას შესაძლოა, ასევე ჩაიდინეს დანაშაული და გადაამეტეს უფლებამოსილებას.
„72 საათი იდგნენ ქუჩაში, ამავდროულად, იტანდნენ წყევლას, გინებას და თუ აღკვეთის დროს მათგან ნაწილმა გადაამეტა უფლებამოსილებას, არ ვაპატიოთ, ხოლო ვაპატიოთ დანარჩენებს, რომლებსაც ხელისუფლების ხელში ჩაგდება სურდათ? მე ფიქრობ, ასეთი მიდგომა არ არის სამართლიანი, არც ლოგიკური. ამნისტია არ უნდა შეეხოს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს.
ვფიქრობ, პროექტიდან სიტყვა „მოვლენა“ უნდა ამოვიღოთ, ამნისტია 19–21 ივნისს მომხდარ დანაშაულს შევახოთ და არა მოვლენას. დანაშაული აღრიცხულია სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით. შესაბამისად, მუხლებზე უნდა გადავიდეთ და არა მოვლენის ზოგადად შეფასებაზე. მეორე საკითხია მომხდარი დანაშაულის ტერიტორიული ლოკაცია.
სად მოხდა 19–21 ივნისს – მხოლოდ რუსთაველზე, ავლაბარში, ისანში და ვაზისუბანში, თუ ზოგადად ამ ქვეყანაში 19 და 21 რიცხვებში მომხდარი დანაშაული, რომელიც უკავშირდება კონკრეტულად პოლიტიკურ აქტივობას. როგორ ავსახავთ იმასაც, უკავშირდება თუ არა პოლიტიკურ აქტივობას“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ იურიდიული ტექნიკიდან გამომდინარე, მხოლოდ ზოგად პრინციპებზე საუბარი არასწორი იქნება, რადგან ახლა მსჯელობა ოფიციალურად უკვე რეგისტრირებულ დანაშაულზე მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა, გარკვეული დროის შემდეგ ცნობილი გახდეს დანაშაულის შესახებ, რომელიც ამ დროისთვის დარეგისტრირებული არ არის, რომლის შესახებაც თავის დროზე არც დაზარალებულს შეუტყობინებია პოლიციისთვის და არც დანაშაულის ჩამდენს.
„უნდა ჩამოვწეროთ მუხლები, კონკრეტულად რომელ მუხლს ეხება, რომელს არ ეხება, ან მუხლის ნაწილს, ჩადენილი დანაშაულის ტერიტორიას და შინაარსს. გარდა ამისა, ასევე, შეგვიძლია, უბრალოდ ვთქვათ, რომ ეს ამნისტია არ ეხება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია. ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქვეყანა დიდ პრობლემებშია შესული, ბევრს თავი გამარჯვებული ეგონა, როცა მელიას აკავებდა, მაგრამ მთელი მსოფლიოს საპატრონო გახდა ქვეყანა, რაც არის პრობლემა.
„სწორედ არასწორად დაჭერილი შესაძლო დამნაშავეებით იქმნება პოლიტიკური პრობლები და ქმნით პოლიტიკურ გმირებს. ჩვენ ამ პროცესიდან გამოსვლა გვინდა. ამნისტია, რომელსაც შერიგებისა და დაწყნარების შედეგი არ მოჰყვება, უჭერთ მხარს თუ არ უჭერთ? ჩვენ რომ დავინახეთ, რომ იმ ვერსიამდე ვერ მივედით, რომელიც შედეგამდე მიგვიყვანდა, ამიტომ ვითხოვეთ განხილვის გადადება. ამ საკითხში ჩვენ დროის საათი არ გვაქვს ჩართული, შარლ მიშელის დოკუმენტის სხვა პუნქტებისგან განსხვავებით“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ახსნა, რატომ ხდიან შეუძლებელს ამნისტიის შესახებ მედიატორების შემოთავაზებული იდეის რეალიზაციას. მისი თქმით, კანონში ნებისმიერი ჩანაწერი, რომელიც შეუძლებელს გახდის, რომ კანონი ნიკა მელიას შეეხოს, იქნება აცდენა არა მხოლოდ შეთანხმების სულისკვეთებასთან, არამედ იდეასთან, რომელიც ჩაიდო ამნისტიის ავტორების მხრიდან.
„ამნისტიის იდეა ჩვენს მედიატორებს გაუჩნდათ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ შეწყდეს ნიკა მელიას სამართლებრივი დევნა. ამიტომ კანონში ნებისმიერი ჩანაწერი, რომელიც შეუძლებელს გახდის, რომ ეს კანონი ნიკა მელიას შეეხოს, იქნება აცდენა არა მხოლოდ შეთანხმების სულისკვეთებასთან, არამედ იდეასთან, რომელიც ჩაიდო ამნისტიის ავტორების მხრიდან, ესენი იყვნენ მედიატორები. ეს მათი შემოთავაზება იყო და „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ახსნა, რატომ ხდიან ისინი მედიატორების მიერ შემოთავაზებული იდეის რეალიზაციას შეუძლებელს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „გირჩის“ საპარლამენტო გუნდმა. როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან შემოთავაზებული იყო პრინციპი, თუ როგორ შეიძლება, კანონპროექტზე მუშაობა. მისი თქმით, შეთანხმება იყო, რომ მეორე მოსმენისას იქნება გაზიარებული შენიშვნები.
„კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეთ და მეორე მოსმენისთვის „ქართული ოცნების“ მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის ვერსიის გათვალისწინებას დაველოდებით. შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებაში საჭირო არ არის დაზარალებულების თანხმობა. ეს ახალი კონფლიქტის გამჩენია და არა შემრიგებლური. ვეთანხმებით, პარლამენტის თავმჯდომარის პრინციპს, რადგან შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯია. პირველ მოსმენაზე პრინციპების დონეზე, შერიგებისკენ მიდრეკილ ცვლილებებს მხარს დავუჭერთ.
როგორც ჩანს, „ლელო“ სპეციფიკური პარტიაა, სპეციფიკური ახალშემომატებული წევრებით. მგონი, ჯერ მათ დალაგება სჭირდებათ. „ლელო“ განხილვის გადადებას ითხოვდა და გადადების შემთხვევაში, პირობითად, შეთავაზება თუ აისახებოდა კანონპროექტში, მათ ჩამოყალიბებული პოზიცია მაინც არ ჰქონდათ, მხარს დაუჭერდნენ თუ არა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მეტი რაღა უნდა გვითხრან მაინც და მაინც დედის პრჭჭჭ უნდა დაგვახუროონ ???
ჩვენ მათ მხოლოდ და მხოლოდ რუსის ტრაკში ეკლად ვჭირდებით, რომ ვუჩხიკინოთ.......(ამაში გვიხდიან და გვაგდებენ ვალებში). ............... თორემ მაგათ ისე აქვთ ჩვენი ჯავრი როგორც ჩვენ მოზამბიკისა .......