რაც უფრო ახლოვდება ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციის დრო, მის წინააღმდეგ დაწყებული პროპაგანდა მით უფრო შესამჩნევი ხდება. როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია მის პოლიტიკაში მეორედ დაბრუნებას მოუთმენლად ელის. ლოდინით დაღლილ „ოცნებას“ კი ნერვებმაც უმტყუნა და პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ყოფილ თანაგუნდელს და ერთ დროს სიის პირველ ნომერს მატყუარა უწოდა და განაცხადა, რომ მან გუნდს ზურგში დანა დაარტყა.
გახარიას წინააღმდეგ ინფორმაციის ტირაჟირების მასშტაბი თვალში საცემია და რეპუტაციის დამაზიანებელი ინფორმაციების გავრცელებას გახარია პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ, ალბათ, კიდევ უფრო უნდა ელოდოს. სავარაუდოდ, გახარია შეტევის მასშტაბს ათვითცნობიერებს და ამ ხნის განმავლობაში იკრებს როგორც ადამიანურ ასევე ფინანსურ რესურსებს.
„ვერთიანდებით საქართველოსთვის“ - სავარაუდოდ, სწორედ ეს იქნება გახარიას პოლიტიკური პარტიის სახელწოდება, რომლის ოფიციალური წარდგენა, წინასწარი ინფორმაციით, შაბათს იგეგმება. გახარიას თანამოაზრეები არც უარყოფენ და არც ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მათი პარტიის პრეზენტაცია შაბათს, 29 მაისს საღამოს 6 საათზე თბილისშია დაგეგმილი.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ახალ პოლიტიკური ძალის რიგებს ლევან დოლიძეც შეუერთდება, ის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჯერ თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, შემდეგ კი ნატოში ელჩის თანამდებობას იკავებდა.
თვეებია, ყოფილი პრემიერის გეგმები გასაიდუმლოებულია, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს მოარული ხმების გავრცელებას.
ამჯერად, აქტიურად მუსირებს თემა, რომ „ოცნების“ ყოფილმა პრემიერმა თავისი მომავალი პოლიტიკური გზა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ფინანსებს დაუკავშირა. მედიის ცნობით, გიორგი გახარია მისი გუნდის წევრის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის შუამავლობით ეკონტაქტება კეზერაშვილს.
მომავალი პარტიის დაფინანსების ამ ვერსიას გახარიას გუნდის წევრები დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებულ სიცრუეს უწოდებენ. გახარიას გუნდში აცხადებენ, რომ რეიტინგული ფიგურის პოლიტიკაში დაბრუნებით, ყველაზე მეტად, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ნერვიულობს.
პარტიის პრეზენტაციამდე მმართველი გუნდის წევრები ახალი პარტიის ფინანსებზე დადასტურებულად ვერ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ საკითხზე საფუძვლიანი ეჭვი არსებობს. „ქართულ ოცნებაში“ გახარიასთან დაკავშირებით საუბარი უჭირთ და ამის მიზეზად საერთო პოლიტიკურ წარსულს ასახელებენ.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნების შიში, როგორც ხელისუფლებას, ასევე აქვს ოპოზიციასაც. ამიტომ, თავის მხრივ, გახარიაც ყველანაირად ცდილობს, რომ მაქსიმალურად მომზადებული გამოჩნდეს, როგორც ფინანსურად, ასევე ადამიანური რესურსით. ჩიტაძეს მიაჩნია, რომ ყოფილი პრემიერი პოლიტიკაში გამოსვლას არ აგვიანებს და მას ეს დრო ზუსტად იმისთვის სჭირდება, რომ ყველა მიმართულებით გამართული იყოს.
ასევე არაა გამორიცხული, რომ ის ამ პერიოდის განმავლობაში საჯარო სამსახურებში საკუთარი მომხრეების გადაბირებას ახდენდა, რათა ზურგი ბევრად უფრო გამართული ჰქონდეს და იმ ორმხრივ დარტყმას გაუძლოს, რომელიც მას, როგორც ხელისუფლებიდან ასევე ოპოზიციისგან ელის. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გახარიას, შესაძლოა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი აფინანსებდეს, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია ხელისუფლების მიერ აგორებულ შავს პიარს ჰგავს, ხოლო რაც შეეხება ვერსიას, თითქოს გახარიას ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებს, ამ ინფორმაციას კი ოპოზიცია ავრცელებს.
„თუ გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი არ არის, მას ამაში საზოგადოების დარწმუნება მოუწევს. მან პასუხი ბევრ კითხვას უნდა გასცეს. რაც შეეხება გახარიას საჯაროდ გამოჩენის დროს, მას დრო ნამდვილად სჭირდება. გახარიამ კარგად იცის, მის გარშემო რამხელა ინტერესია და რა სახის დარტყმის ქვეშ მოხვდება. ამიტომაც დამფინანსებლები სჭირდება, ადამიანური რესურსი და სამოქმედო გეგმა, რომლითაც საზოგადოების წინაშე წარსდგება.
რაც შეეხება იმ ინფორმაცის, რომელიც მედიით გავრცელდა, რომ მას დავით კეზერაშვილი აფინანსებს საეჭვო მგონია. ეს არის სპეციალურად გავრცელებული ინფორმაცია, რომელმაც საზოგადოებაზე გარკვეული გავლენა უნდა მოახდინოს. რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომ მას ასევე ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებს, მგონია ამას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს, რადგან ჩხარტიშვილი „ოცნებასთან“ არის დაახლოვებული და ამით იმაზე აპელირება უნდათ, თითქოს, ის ივანიშვილის თამაშის ნაწილია. რაც შეეხება „ოცნებიდან“ ბოლო დროს მის მიმართ დაწყებულ თავდასხმებს, აქაც ორი ვერსიაა, ერთი ის, რომ მათ ყოფილი პრემიერის რეიტინგი აწუხებთ, ამიტომ მასში სერიოზულ კონკურენტს ხედავენ. მეორე ვერსიით კი, შესაძლოა, ეს არის შეთანხმებული და იმიტირებული თამაში. ამიტომ ყველაფერ ამას პასუხი გახარიას გამოჩენამ და მისმა განცხადებებმა უნდა გასცეს“, - განაცხადა for.ge-სთან ჩიტაძემ.
მისივე თქმით, არაა გამორიცხული, რომ გახარიას გამოჩენის შემდეგ „ქართული ცნების“ რიგები სხვა დეპუტატებმაც დატოვონ. ყველაფერი მის განცხადებაზე და მოქმედებაზე იქნება დამოკიდებული. მის მიმართ საზოგადოებაში დიდი მოლოდინი არსებობს, ამიტომ არც ისაა გამორიცხული, რომ ის მომხრეების გადაბირებაზე ჯერ კიდევ მუშაობს და მოსახლეობის წინ უფრო დიდი წარმომადგენლობით უნდა, რომ წარსდგეს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეს კი პირიქით მიაჩნია და ფიქრობს, რომ გიორგი გახარიამ პოლიტიკაში მეორედ შემოსვლა დააგვიანა. თუმცა, თუკი მაისს აღარ გადააცილებს, კიდევ არა უშავს. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ გახარიას ახლა მთელი სისტემა აქვს შესაქმნელი, რადგან ადგილობრივ არჩევნებში უამრავი ადამიანი იღებს მონაწილეობას. სიები უნდა შედგეს, მაჟორიტარები მოიძებნოს და დაკომპლექტდეს. ასევე ორგანიზაციული სამუშაოებია ჩასატარებელი. ამ ყველაფრისთვის კი მას მხოლოდ 4 თვე აქვს და საზოგადოება ლოდინითაც შეიძლება დაიღალოს. მისი აზრით, ყოფილი პრემიერის პარტიის ხმების 50% „ქართული ოცნების“ ელექტორატი იქნება, ხოლო ნახევარს - პატარა პარტიებისას წაიღებს.
„გახარიას პარტიასთან დაკავშირებით საზოგადოების მოლოდინი გადამწიფდა და თუ იგი ადგილობრივი არჩევნებისთვის ბრძოლას აპირებს, დააგვიანა კიდეც. ამიტომ, რაც უფრო მალე გამოჩნდება, მით უფრო უკეთესი მისთვის და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის. მის მიმართ დიდი მოლოდნი არსებობს, ამიტომ ისე არ უნდა გააკეთოს, ხალხი ამ მოლოდინით დაიღალოს. დღეს ქვეყანაში ვითარება მკვეთრად შეიცვალა, ამიტომ რთულია იმის თქმა მარტო „ოცნების“ გარეშე მყოფ გახარიას რა პერსპექტივები აქვს. მას აქვს ადამიანური რესურსი, მაგრამ მხოლოდ მისი რესურსის ხარჯზე პარტიას ვერ გაიტანს. ჯერჯერობით ყველაფერი საწყის ნიშნულზე რჩება, როგორც იყო. რა სახის განაცხადით შემოვა და რას იტყვის, ამას დიდი მნიშვნელობა ექნება“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისვე თქმით, გაამართლებს თუ არა გახარია საზოგადოებაში არსებულ მოლოდინს, დამოკიდებული იქნება: რა გუნდი ეყოლება; რა პერსპექტივას და რა შრომისუნარიანობას გამოიჩენს; მიიღებენ თუ არა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ქართველი ამომრჩევლის წინაშე რა მესიჯით წარსდგებიან, რას დაპირდებიან. ჯერჯერობით გარდა იმისა, რომ არსებობს გახარია, რომელსაც პარტიის შექმნა უნდა და არსებობს 6 თუ 7 ადამიანი, რომლებმაც ფრაქცია უკვე ჩამოაყალიბეს, საზოგადოებამ სხვა არაფერი იცის.