„მე ვარ დევნილი“

„მე ვარ დევნილი“

დღეს ძველი პრესა.გე პრეზიდენტის დაბადების დღეს აღნიშნავდა, დღესვე პარლამენტის წინ შეკრებილმა დევნილებმა შემთხვევით გულზე წარწერა გამაკრეს - „მე ვარ დევნილი“...  ისე, შემთხვევით არაფერი ხდება...  „მე ვარ დევნილი“ ჩემი ძველი საიტიდან, ისინი სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან.  მაგრამ მე ახალი სახლი მაქვს - პრესაგე.ტვ... მათ კი -15 იანვარს (ანუ ძველით ახალ წელს გადაატარებენ)  უსახლკაროდ დატოვებენ და გაყინულ ქუჩაში გაყრიან. 

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ვის უნდა მივასხათ ეს ბენზინი. ნუ გვაიძულებენ. რა გვეზეიმება. რა გვინდა ნაძვის ხესთან? ეს ვაი ხელისუფლება ყურად არ იღებს ჩვენს პროტესტს.. სად არის მაგ ნაცარქექიების პირობა - დაგაბრუნებთ აფხაზეთშიო?“ - ეკითხებოდა პრალამენტის წინ შეკრებილ  დევნილებს „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ წევრი მანანა გაბელაია და ტრაგიკულად დამწვარი დევნილი ქალბატონის ამბავს ახსენებდა ხელისუფლებას...

ადა მარშანიამ კი, პასუხი მოსთხოვა ამავე დევნილებს: „მოგადგნენ ყველას უშუალოდ და ამიტომ გამოხვედით?თქვენ აფხაზეთში დასაბრუნებელი ხალხი ხართ? ჩვენ ძალიან ამაყები ვიყავით, ახლა გვიყურებენ როგორც მათხოვრებს, რომლებიც ყველისა და პურისთვის იბრძვიან. აფხაზეთი უნდა იყოს პირველ ადგილას და მერე დანარჩენი. ნუ ელოდებით ლიდერებს, ნუ ელოდებით ბელადებს - იბრძოლეთ“.

„კონსერვატორი“  ლაშა  ჩხარტიშვილი: „ეს აქცია წინგადადგმული ნაბიჯია. დღეს ორჯერ მეტნი ვართ. აქციის მონაწილეთა რიცხვი უნდა გაიზარდოს, რომ დავძლიოთ ის ადამიანი, რომლის დაბადების დღეცაა დღეს“. პრეზიდენტის დაბადების დღე საპროტესტო ტაშით „აღნიშნეს“ დევნილებმა.

კახა კუკავა: „ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ თქვენი სახლებიდან გამოყრა ვერ გაბედა. ეს არის პასუხი კითხვაზე, რა აზრი აქვს ბრძოლას. საერთაშორისო ორგანიზაციებს არასწორად მიეწოდებათ ინფორმაცია. მათ გვითხრეს, რომ ჩვენ ვიცით, დევნილები ნებაყოფლობით ტოვებენ დაკავებულ ფართს და ამიტომ ვუჭერდით მხარს ამ პროცესსო“.

„ქართული პარტიის“ ლიდერი სოზარ სუბარი: „სულ სამი სიტყვაა სათქმელი : „მე ვარ დევნილი“. დათითკაცოებულებს მოგვერევიან, ერთად შეკრულებს - ვერა. მთავარი - სოლიდარობაა“.

დევნილები ბრძოლის გაგრძელებას პერმანენტული აქციებით აპირებენ.