სვეტლანა ტიხანოვსკაია: ლუკაშენკო თავისი ქმედებებით ბელარუსს ევროპის ჩრდილოეთ კორეად აქცევს

სვეტლანა ტიხანოვსკაია: ლუკაშენკო თავისი ქმედებებით ბელარუსს ევროპის ჩრდილოეთ კორეად აქცევს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ევროკავშირს მოუწოდა, ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი დააწესოს.

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ აღნიშნა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო თავისი ქმედებებით ბელარუსს ევროპის ჩრდილოეთ კორეად აქცევს.

„ევროპარლამენტს მოვუწოდებ, დარწმუნდეს, რომ საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია მხოლოდ Ryanair-ის რეისთან დაკავშირებული ინციდენტით არ შემოიფარგლება. რეაქცია ბელარუსში არსებულ ვითარებას მთლიანობაში უნდა მოიცავდეს. სხვა შემთხვევაში, მსგავსი სიტუაციები მომავალშიც განმეორდება. ლუკაშენკო ქვეყანას ევროპის ჩრდილოეთ კორეად აქცევს, რომელიც არაგამჭვირვალე, არაპროგნოზირებადი და სახიფათოა“, - აღნიშნა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

25 მაისს ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.