ლუკაშენკო: დასავლეთი სხვა არჩევანს არ გვიტოვებს - დღეს უნდა შევაჩეროთ ისინი, რადგან ხვალ უკვე შეიძლება გვიან იყოს

ლუკაშენკო: დასავლეთი სხვა არჩევანს არ გვიტოვებს - დღეს უნდა შევაჩეროთ ისინი, რადგან ხვალ უკვე შეიძლება გვიან იყოს

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი დასავლეთის სანქციებს მკაცრ პასუხს გასცემს.

„დასავლეთი სხვა არჩევანს არ გვიტოვებს. დღეს უნდა შევაჩეროთ ისინი, რადგან ხვალ უკვე შეიძლება გვიან იყოს. მოვუწოდებ მთავრობას, დასავლეთის სანქციებს ყველაზე ეფექტური პასუხი გასცეს“, - აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა არ დაასახელა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც ბელარუსის ხელისუფლება გადადგამს.

„არ ვამბობ, რომ ახლა საზღვრები უნდა დავხუროთ და ყველაფრის დალეწვა დავიწყოთ. არა. ყველაფერი უნდა გავთვალოთ. ჩუმად ყოფნასა და მუხლებზე დგომას არ ვაპირებთ“, - განაცხადა მან.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

25 მაისს ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.