ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები დაზარალებულად ცნობას ითხოვენ, რაზეც პროკურატურისგან უარი მიიღეს. გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს აინტერესებთ, მათი შვილები დამნაშავეები არიან თუ უდანაშაულოები და საერთოდ, გაიტაცეს თუ არა მძევლები. ისინი მიიჩნევენ, რომ დაღუპულებს ქართველ სამართალდამცავებთან კავშირი ჰქონდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სახელზე იარაღს არავინ გააფორმებდა. ამდენად, მათი შვილები მოტყუებულები აღმოჩნდნენ.
For.ge-სთან საუბარში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი მექა ხანგოშვილი აცხადებს - არ უნდა მოხდეს ისე, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციაში დაზარალებული ადამიანები დამნაშავეებად წარმოაჩინონ, რადგან ისინი არიან მოტყუებულები და არა - დამნაშავეები. ამდენად, მექა ხანგოშვილს იმედი აქვს, რომ პროკურატურა ობიექტურ ვერდიქტს დადებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაღუპულთა ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ დაზარალებულის სტატუსის გარეშე მათი შვილები დამნაშავეები გამოდიან. ამ შემთხვევაში კი, ძალიან უკმაყოფილო დარჩება მთლიანად ხეობა. მით უფრო, რომ არა მხოლოდ დაზარალებულთა ოჯახები, არამედ მთლიანად ხეობაა დაზარალებული.
სანამ დასკვნა არ დადებულა, უდანაშაულობის პრეზუმპციიდან გამომდინარე, მექა ხანგოშვილი რაიმის თქმისგან თავს იკავებს, თუმცა მიაჩნია, რომ რატომღაც გაჭიანურდა გამოძიება. იმასაც ადასტურებს, რომ, სავარაუდოდ, აღნიშნული საქმე ძალიან ბევრ მასალას, ოცეულობით ტომსა და მილიონობით ფურცელს მოიცავს, ალბათ, ამიტომაც გახანგრძლივდა საქმის ძიება. გარდა ამისა, ე.წ. სპეცოპერაციის შემდეგ ცოცხლად გადარჩენილებიც არიან, ისინი ევროპაში იმყოფებიან და თუ გამოძიების ინტერესი იქნება, ჩაერევიან საქმის გამოძიების პროცესში.
მექა ხანგოშვილის თქმით, სპეცოპერაციაში მონაწილე ქართველმა სამართალდამცავებმა ყველაფერი იციან და მათი დაკითხვაც სასურველია. აბსოლუტურად ყველა პირი, ვინც გარეულია ამ საქმეში, უნდა დაიკითხოს. რაც შეეხება ცოცხლად გადარჩენილებს, მექა ხანგოშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ამ ადამიანებს ბოლომდე მაინც არ აქვთ იმედი, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება. ამიტომაც თავს იკავებენ მომხდარზე საუბრისგან. მეტიც, ისინი ელოდებიან, თუ როგორ ვერდიქტს გამოიტანს გამოძიება და შემდეგ ჩაერთვებიან ამ საქმეში.
ჯერჯერობით, მექა ხანგოშვილი სხვადასხვა ვერსიის სააშკარაოზე გამოტანისგან თავს იკავებს. თუმცა მიაჩნია, რომ ბაჩო ახალაიას ბრალეულობა ლაფანყურის ოპერაციის გამო ერთმნიშვნელოვნად უნდა დადგეს. სწორედ ახალაიამ გასცა ბიჭების ჩახოცვის ბრძანება. ამდენად, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი შემსრულებლებს ისე არ ადანაშაულებს და სამართალდამცავები ისეთ დამნაშავეებად არ მიაჩნია, რადგან ისინი ბრძანებას ასრულებდნენ. მისთვის ცხადია, რომ ჩეჩენი იარაღს არ ყრის და ეს ცოტა რთული საქმეა, მაგრამ შეიძლებოდა, პანკისის ხეობიდან ღრმად პატივცემული უხუცესების ჩაყვანა, აბსოლუტურად ყველა ადამიანი ჩაერთვებოდა ამ საქმეში, პირადად იგიც ფეხით ავიდოდა ლაფანყურში, ოღონდ ამ ბიჭების სიცოცხლე გადაერჩინა.
ამასთან, მექა ხანგოშვილს აქვს ინფორმაცია, რომ დაბალი დონის ჩინოვნიკები, გარკვეულ შემთხვევაში, პირიქით, ეხვეწებოდნენ ბაჩო ახალაიას, ცეცხლი არ გაეხსნა და უდანაშაულო ბიჭები არ დაეხოცა. ისინი ახსენებდნენ ახალაიას, რომ ორ ხალხს შორის ამ ხნის ისტორიის მანძილზე არ მომხდარა ასეთი რამ, რომ ჩვენი ძმობა და მეგობრობა დიდი კითხვის ქვეშ დამდგარიყო. ამიტომ არ უნდა გაცემულიყო დახოცვის ბრძანება.
"ზუსტად ეს უთხრეს ბაჩო ახალაიას, ნუ დააყენებთ ეჭვქვეშ ამდენი ხნის ურთიერთობას, გენეტიკურად ყველაზე ახლო ორი მონათესავე ერის მეზობლობას. ჯერ ისედაც აფხაზეთის ტკივილი საკმარისია, რაც დღემდე მოგვდევს და კიდევ ერთხელ ასეთ რამეს ნუ დავუშვებთო", - აცხადებს მექა ხანგოშვილი.
რაც შეეხება მძევლების აყვანის ფაქტს, სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ფიქრობს, რომ ე.წ. ბოევიკები სრულიად შემთხვევით წააწყდნენ ამ ბიჭებს, სხვა გზა არ ჰქონდათ და იმის შიშით, რომ ბიჭების მხრიდან არ მომხდარიყო ინფორმაციის გაჟონვა, გარკვეული დროის განმავლობაში, სანამ საზღვართან არ მივიდოდნენ და არ გადავიდოდნენ, ეს ადამიანები გაიყოლეს.
მექა ხანგოშვილი ადასტურებს, რომ სპეცოპერაციას ცხრა ადამიანი დაუსხლტა. ამდენად, სამარცხვინოდ მიაჩნია, როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, თითქოს, წარმატებული სპეცოპერაცია ჩაატარა. სინამდვილეში, დაახლოებით ორი ათასი სპეცნაზელი ჩასვა ლაფანყურის ტყეში და მაინც ცხრა ადამიანი გაექცათ. ამასთან, არ გამორიცხა ვერსია, რომ ექიმი სპეციალურად მოკლეს, რადგან თუ არა ამ საქმის უზუსტესად მცოდნეს, სხვას გაუჭირდებოდა ზუსტად იქ დაემიზნებინა ტყვია, სადაც მას ჯავშანჟილეტი არ ეცვა.
"ჩემთვის, როგორც ჩეჩენი და ქისტი ბიჭების დაღუპვა, ისეთივე დიდი ტრაგედია გახლდათ ქართველი ბიჭების სიკვდილი. მათთან ოჯახშიც ვარ ნამყოფი, ერთ-ერთი დაღუპული სპეცნაზელის - არჩილ ჩოხელის მამა დამიკავშირდა და ისეთი სიყვარულით შეგვხვდნენ, რომ ეს იყო სასწაული. დღემდე ამ შთაბეჭდილებებიდან ვერ გამოვდივარ. ამის იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები გადარჩება. ჩემით იქ ჩასვლას ცოტა მოვერიდებოდი, მაინც, ასე თუ ისე, ქისტების გამო დაიღუპა ეს ბიჭი ამ სპეცოპერაციის გამო, მაგრამ ძალიან კარგად შეგვხვდნენ", - გვითხრა მექა ხანგოშვილმა და ისიც დაამატა, რომ ისტორია მეორდება, 8 მარტი ისეთივე მძიმე დღეა ჩეჩნებისთვის, როგორც 23 თებერვალი, როცა ჩეჩნების გასახლება მოხდა და ამ დღეს რუსეთი ყოველთვის ზარზეიმით აღნიშნავს. 8 მარტს კი ტრაგიკულად, მუხანათურად დაიღუპა მათი სახელოვანი პრეზიდენტი ასლან მასხადოვი. გარდა ამისა, სწორედ 8 მარტს მოხდა ყაბარდო-ბალყარეთიდან ჩეჩნების მასობრივი გასახლებები.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, დაზარალებულების ადვოკატი ნათია კაციტაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დაზარალებულად ცნობის თაობაზე დაღუპულთა ახლობლებს უარი იმ მოტივით ეთქვათ, რომ კანონის თანახმად, დაზარალებულის სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც დანაშაულებრივი ქმედებით მიადგა მორალური და მატერიალური ზიანი. გამოძიების პოზიცია კი ასეთია, ვინაიდან ჯერჯერობით დადგენილი არ არის, დანაშაულის შედეგად მოხდა თუ არა ამ პირთა გარდაცვალება, შესაბამისად, დაზარალებულის სტატუსის მინიჭება სწორი არ არის და თუ გამოძიება სხვა რამეს დაადგენს, მოხდება ამ საქმის შემდგომში გადასინჯვა.
ლაფანყურის საქმეზე რა მოტივით დაიწყო გამოძიება?
- ამ მომენტში გამოძიება დაწყებულია მხოლოდ ერთი მუხლით - მძევლად ხელში ჩაგდება. ანუ, ამ შეიარაღებული დაჯგუფების მიერ ლაფანყურის მცხოვრებლების მძევლად ხელში ჩაგდების კუთხით. თუმცა, ჩვენ ვამბობთ, რომ არა მარტო ეს უნდა გამოიძიონ, არამედ თვითონ ამ პირების სიცოცხლის მოსპობის ფაქტებიც, რადგან არსებობს 11 ადამიანი, ვინც ამ სპეცოპერაციისას დაიღუპა, ასევე, არიან სამართლდამცავთა მხრიდან დაღუპულები. ამიტომ, საჭიროა გაირკვეს, რამდენად მართლზომიერად და პროპორციულად გამოიყენეს ძალა სამართალდამცავებმა და რამდენად აუცილებელი იყო ძალის გამოყენება, რომელიც დასრულდებოდა ლეტალურად. ამიტომაც ვითხოვდით დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას. მართალია, ამბობენ, რომ ამ ნაწილსაც გამოიძიებენ, მაგრამ გამოძიება მაინც ოფიციალურად დაწყებულია ამ ერთი მუხლით.
ამ ეტაპზე რატომ არ ხდება იმ ძალოვანების დაკითხვა, რომლებიც სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ. მათ ხომ ყველაფერი იციან, რაც მოხდა. მით უფრო, დაზარალებულების ოჯახის წევრებიც სწორედ ძალოვანთა დაკითხვას ითხოვენ.
- პროკურატურა ამბობს, რომ დაკითხეს ცალკეული პირები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ სპეცოპერაციაში. თუმცა ჩვენ ვითხოვდით უშუალოდ მინისტრის, მისი მოადგილისა და ანტიტერორისტული ცენტრის კახეთის სამმართველოს უფროსის დაკითხვას. ესენი ის პირები არიან, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს იმ პროცესში. როგორც ჩანს, ჯერჯერობით, ეს პირები დაკითხულნი ამ კუთხით არ არიან. არ არის გამორიცხული, მათაც დაკითხავენ.
დაზარალებულები აცხადებენ, რომ საქმის გამოძიება ცალმხრივად მიმდინარეობს. მათ აინტერესებთ, რეალურად მოხდა თუ არა ლაფანყურელების მძევლად აყვანა.
- მათთან გასაუბრებით და ასევე, ახმედ ჩატაევთან გასაუბრებით ორი მნიშვნელოვანი მომენტი გამოიკვეთა - როდესაც სროლა მოხდა. კერძოდ, ესეც გასარკვევია, იმ მომენტში საერთოდ იყო თუ არა აუცილებელი ცეცხლის გახსნა სამართალდამცავების მხრიდან, რადგან იმ წუთას ის ადამიანები მათ წინააღმდეგობას არ უწევდნენ და მძევლად ხელში ჩაგდება არ მომხდარა მათი მხრიდან, ეს შემთხვევითი იყო და განზრახ არ ყოფილა მოქმედებები ამ პირთა მძევლად აყვანისთვის. ასევე, მეორე მომენტია ის, რომ ამ დაჯგუფების წევრებთან უშუალო მოლაპარაკებები სრულყოფილად არ იყო განხორციელებული სამართალდამცავების მხრიდან. ანუ ყველა რესურსი პრობლემის მშვიდობიანად მოსაგვარებლად არ იყო ამოწურული და ისე მოხდა ცეცხლის გახსნა.
სხვათა შორის, ახმედ ჩატაევიც აცხადებს, რომ მოკლევადიანი მოლაპარაკება გაიმართა და ნაადრევად დაიწყო სპეცოპერაცია.
- ზუსტად მისგან გვაქვს ჩვენ ეს ინფორმაცია და ზუსტად ამ დეტალებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება გამოძიებამ. უბრალოდ, ჩვენ პრობლემას ვხედავთ, რომ მხოლოდ მძევლების აყვანის მუხლით არის დაწყებული გამოძიება.
რის საფუძველზე იძიებენ ამ მუხლს, ვიღაცებმა შეიტანეს საჩივარი?
- საჩივრის შეტანა აუცილებელი არ არის. თუკი სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩადენის თაობაზე, მათ აქვთ ვალდებულება, ძიება დაიწყონ. ეს იმდენად გახმაურებული საქმე იყო, ძიება ისედაც დაიწყებოდა.
თუმცა საქმის ძიება იმ კუთხით არ დაწყებულა, რომ ეს ადამიანები დაიხოცნენ, თანაც საეჭვო ვითარებაში, როგორც ამას კავკასიოლოგები აცხადებენ.
- აქ საუბარი იყო იმაზე, მოხდა თუ არა უშუალოდ დანაშაული, მშვიდობიანი მცხოვრებლების მძევლად აყვანა შეიარაღებული დაჯგუფების მიერ. რამდენად მართალია მათი მძევლად აყვანა, ეს ცალკე საკითხია.
მაგრამ ეს მშვიდობიანი მცხოვრებლები იმ დროსაც ამბობდნენ, ბოევიკებმა პატივი გვცეს, ჩაგვაცვეს და ფულიც მოგვცესო. ე.ი. მთლად კლასიკური მძევლები არ ყოფილან.
- სხვათა შორის, ამ პირებთან არ გვქონია საუბარი, ამიტომ მათი ვერსია არ ვიცით. არც ის ვიცით, რა ჩვენება მისცეს მათ გამოძიებას, რადგან ამ ეტაპზე ინფორმაცია ჩვენთვის გამოძიებას არ მოუწოდებია. რამდენად სრულყოფილად მიმდინარეობს გამოძიება, ახლანდელი მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დაზარალებულთა ჩართულობას გამოძიების პროცესში. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირები დაზარალებულად რომც იყვნენ ცნობილნი, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება საქმის მასალებზე.
კარგა ხანია საუბრობენ, რომ შესაძლოა, ამ სპეცოპერაციის გამო ბაჩო ახალაიას, როგორც მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და, რომ მას სწორედ ლაფანყურის სპეცოპერაციის გამო შურისძიების ეშინოდა და ამიტომაც თავისუფლებას ციხე არჩია.
- თუ ცეცხლის გახსნა არ იყო აუცილებელი, ეს არ უნდა მომხდარიყო. კანონმდებლობა ძალიან დეტალურად ამბობს, როდის უნდა გამოიყენოს სამართალდამცავმა იარაღი, როცა ეს გარდაუვალი და აუცილებელია. ამასთან, სამართალდამცავმა შეიძლება, იარაღი გამოიყენოს, მაგრამ არა ისე, რომ ვიღაცის სიცოცხლე მოსპოს. ამდენად, უნდა შეფასდეს, ვინ გასცა იარაღის გამოყენების ბრძანება, რამდენად სავალდებულო იყო. თუ ეს დეტალები გამოირკვევა და დადგინდება, რომ, როცა სამართალდამცავებმა ცეცხლი გახსნეს, მეორე მხრიდან არ ყოფილა საპასუხო ცეცხლი და შეიარაღებულმა დაჯგუფებამ კი არ დაიწყო პირველად სროლა, არამედ სამართალდამცავებმა, მაშინ შეიძლება დადგეს ბრძანების გამცემთა პასუხისმგებლობის საკითხი. ეს ის ვერსიაა, რასაც ამბობს ახმედ ჩატაევი, ანუ ის პირი, ვინც უშუალოდ იმყოფებოდა იმ ადგილზე. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჩატაევის სიტყვები გვაქვს და მეტი არაფერი. ის ამბობს, რომ დაჯგუფების წევრები თანახმა იყვნენ მოლაპარაკებასა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაზე, მაგრამ ეს არ დასცალდათ და სამართალდამცავთა მხრიდან ამაზე თანხმობა არ იყო. მათ პირდაპირ ცეცხლი გაუხსნეს.
ამ ეტაპზე ერთადერთი მოწმე ახმედ ჩატაევი საზღვარგარეთ გაემგზავრა. ამით საქმის გამოძიება ხომ არ დაზარალდება?
- გამოძიების გარკვეულ ეტაპზე მან ჩვენება უკვე მისცა, მაგრამ ახლანდელი პროცესის მიხედვით, სასამართლოზე მიცემულ ჩვენებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩვენთვის ჩატაევის მონაყოლი მნიშვნელოვანია.
იმ ფონზე, სანამ დაზარალებულებად მათი აღიარება არ მოხერხდება, ითვლებიან თუ არა ისინი ისევ დამნაშავეებად, როგორც ამას სააკაშვილის ხელისუფლების დროს ვისმენდით, რომ ისინი დამნაშავეები იყვნენ?
- სანამ გამოძიება გარკვეულ ეტაპამდე არ მივა, ძნელია იმის თქმა, სინამდვილეში, რა მოხდა. რეალურად თვითმხილველი ადამიანი არის მხოლოდ ჩატაევი, დანარჩენმა, ყველამ გადმოცემით იცის ეს ამბავი. რა თქმა უნდა, არიან სამართალდამცავები, რომლებიც იქ იყვნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი რა ჩვენებებს აძლევენ.
და არიან, ასევე, გადარჩენილებიც.
- დიახ, თუმცა მათთან ჩვენი კონტაქტი ვერ შედგა. სხვადასხვა საშუალებით ვეცადეთ ამ პირებს დავკავშირებოდით, მაგრამ მათი უმრავლესობა საქართველოში არ არის. მნიშვნელოვანია, გამოძიებამ მოიძიოს, თუ ვინ არიან ის პირები და ისინიც დაკითხოს.