სამშენებლო სექტორი ამოძრავდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ რთული ვითარებაა, მოსახლეობას უძრავი ქონების მიმართ ინტერესი ნელ-ნელა უბრუნდება. ამას ადასტურებს კვლევებიც და „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებიც.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 2.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ზრდამ 13.6 პროცენტი შეადგინა.
2021 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების 1.8 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში. ასევე, 2.6 პროცენტით გაიზარდა ფასები კერძო სახლების სეგმენტშიც.
2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით აღსანიშნავია ფასების 18.3 პროცენტიანი ზრდა კერძო სახლების სეგმენტში. რაც შეეხება ბინებს, მათი ფასები საშუალოდ 12 პროცენტითაა მომატებული. პარალელურად წინა თვეში გაიზარდა ტრანზაქციები უძრავ ქონებაზე.
მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, რომ სექტორში ბინების გაყიდვების კუთხით ვითარება ბოლო ორი წელი საკმაოდ რთული იყო.
„2019 წელს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგად, გართულდა იპოთეკური სესხების აღება, ამ ფაქტმა გაყიდვები ძალიან შეამცირა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც სესხი ვერ აიღო, ბინის ყიდვა გადაიფიქრა. გასულ წელს კი პანდემია დაიწყო და პირველ თვეებში დაკეტილი იყო ყველაფერი, შემდეგ იყო პანდემიის პირველი ეფექტი და შოკი, ახლა თითქოს შევეგუეთ. ის კატეგორია კი, რომელსაც ბინის ყიდვა უნდოდა, არსად გამქარალა.
შესაბამისად, ის, რომ სტატისტიკურად 2021 წლის აპრილში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა ტრანზაქციები, არის დაგროვილი სურვილი, თორემ ქვეყანაში რომ ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ეს ხომ ფაქტია“, - განაცხადა როსტომაშვილი.
თბილისში ბინებზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში მართლაც გაზრდილია, მაჩვენებლები პანდემიმდელ მონაცემებს მნიშვნელოვნად უსწრებს. „ქოლიერს ჯორჯიას“ მონაცემებით, თბილისში აპრილში ბინების 3 103 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 18%-ით მეტია.
მიუხედავად პანდემიისა და მომხმარებლის ხელმოკლეობისა, უძრავ ქონებაზე ფასი განსაკუთრებით არ შემცირებულა და სამომავლოდაც ვერ დაიკლებს. ამის მიზეზი მშენებარე პროექტებში თვითღირებულის ზრდაა.
„რამდენიმე მოვლენა მოხდა რამას გამოიწვია მატება: პირველი იყო რეგულაციების გამკაცრება და ახალი რეგულაციების შემოღება, რომელიც აუცილებელია, ეს იქნება სახანძრო უსაფრთხოება თუ უნარშეზღუდული ადამიანებისთვის სივრცის მოწყობა, მაგრამ ეს აძვირებს მშენებლობას, ანუ კვადრატულ გასაყიდ ფასს ეს ემატება.
ამას ასევე დაემატა ის, რომ ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა გადასახადები, ელექტროენერგიაზე, გაზზე, წყალზე, კატასტროფულად გაიზარდა საწვავის ღირებულება და პირდაპირ გეტყვით, რომ მშენებლობაში ტრანსპორტი დაახლოებით, მშენებლობის ღირებულების მესამედია, ანუ მძიმე ტექნიკის მუშაობა და იგივე საშენი მასალების ტრანსპორტირებაზე თითქმის გაორმაგდა ფასი, ბუნებრივია, ამ ყველაფერმა კი გამოიწვია მშენებლობის ღირებულების ზრდა“, - აღნიშნავენ მენაშენეთა ასოციაციაში.
საყურადღებოა, რომ 2021 წლის აპრილში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 2 049 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 21%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით.