სახმელეთო საზღვარები იხსნება და საქართველოს მთავრობა აქედან დიდ სარგებელს ელოდება. ზაფხულის ტურისტული სეზონი კარსაა მომდგარი და ეს გადაწყვეტილება მთავარ როლს შეასრულებს მისი წარმატებით ჩატარების საქმეში.
ივნისიდან საქართველოს საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტითა და „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხით, ოღონდ ამ შემთხვევაში, ადამიანები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებულნი იქნებიან, მომდევნო 72 საათში განმეორებითი ტესტი ჩაიტარონ.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრების გახსნა ფრთხილად, რეგულაციების დაცვით მოხდება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრებიც გაიხსნება საქართველოს სტუმრებისთვის, საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად, კონკრეტული რეგულაციების შესრულებით, საზღვარზე ნეგატიური „პისიარ“ ტესტის წარმოდგენით.
ეს არის კიდევ უფრო ძლიერი მესიჯი იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო, რომელიც ჩამოყალიბდა როგორც უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა, სადაც ტურისტული ინდუსტრია სწრაფად ვაქცინირდება სხვა პრიორიტეტულ ჯგუფთან ერთად, ელის ტურისტებს, რომლებიც შემოვლენ სხვადასხვა გზით - არა მარტო საჰაერო, არამედ სახმელეთო გზითაც. მოგეხსენებათ, ეს იქნება ძალიან დადებითი მუხტი, რომელიც გამოიხატება როგორც ტურისტების გაზრდილ რაოდენობაში, ასევე გაზრდილ შემოსავლებში“, - აღნიშნა თურნავამ.
მინისტრის განმარტებით, საზღვრების გახსნა ძალიან სწრაფად აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
„მყისიერად აისახება ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, თუნდაც ლარის კურსის სტაბილურობაში, რასაც ჩვენ ახლა ყველანი ვხედავთ. მასზე ზემოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი და პირველ რიგში ტურისტების მიერ შემოტანილი სავალუტო შემოსავლები. ასევე, დადებითი მოლოდინი, რომელსაც ეს გადაწყვეტილება ქმნის“, - განაცხადა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ სწრაფად იზრდება იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომელიც ზრდის ყოველკვირეული ფრენების სიხშირეს, ან ავიაბაზარზე შემოდის ახალი ავიაკომპანიები.
მთავრობის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს ტურიზმისინდუსტრია, რომელიც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე აცხადებს, რომ სახმელეთო საზღვრების გახსნა უდავოდ დიდი ეფექტის მომტანი იქნება.
„სახმელეთო საზღვრების გახსნა, რასაკვირველია, დადებითად იმოქმედებს ტურიზმის ინდუსტრიაზე. ამაზე კარგი ამბავი რა უნდა ყოფილიყო! უკეთესი იქნება, თუ მოიხსნება კომენდანტის საათი. ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა თებერვლიდან მოყოლებული და ახლა ვცდილობთ, წინ წავიდეთ. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ყველაფერს“, - განაცხადა გაბრიჩიძემ.
სასტუმროების ასოციაციის ხელმძღვანელი შალვა ალავერდაშვილი კი ამ გადაწყვეტილებას 1990-იან წლებში შუქის მოსვლის სიხარულს ადარებს.
„სახმელეთო საზღვრების გახსნა 90-იან წლებში შუქის მოსვლის სიხარულს ჰგავს. ამ დროისთვის ქვეყანაში, ძირითადად, დაბალბიუჯეტიანი ვიზიტორები არიან, ხოლო როცა საზღვრები გაიხსნება, იმედი გვაქვს, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან ჩამოვლენ სტუმრები და დატვირთვა გაიზრდება. ჯავშნებიც სწორედ ამ ქვეყნებიდან გვაქვს.
ვფიქრობ, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დატვირთვის მაჩვენებელი 55%-მდე ავა, თუმცა ეს რიცხვი სექტემბერ-ოქტომბერში დაიწევს. საბოლოოდ, წლიურ ჭრილში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი, მაქსიმუმ, 30-35% იქნება, თუმცა უნდა აღვნიშნო ისიც, რომ 2019 წელი ათვლის წერტილად და სანიმუშოდ არ უნდა ავიღოთ, რადგან მაშინდელი ცნობილი 20 ივნისის მოვლენები ძალიან უარყოფითად აისახა ჩვენზე. საუკეთესო 2018 წელი იყო“, - განაცხადა ალავერდაშვილმა „ბიზნესმედიასთან“ და იქვე აღნიშნა, რომ ტურიზმის სექტორისთვის „კომენდანტის საათის“ მოხსნაც მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება.