„ნამახვანჰესის საკითხი უნდა გადაწყვიტონ პროფესიონალებმა, ადამიანი, სპეციალური ცოდნის გარეშე, პოლიტიკური სიმპათიის გამო დაუჭერს მხარს ერთ, ან მეორე გადაწყვეტილებას“

„ნამახვანჰესის საკითხი უნდა გადაწყვიტონ პროფესიონალებმა, ადამიანი, სპეციალური ცოდნის გარეშე, პოლიტიკური სიმპათიის გამო დაუჭერს მხარს ერთ, ან მეორე გადაწყვეტილებას“

უნდა აშენდეს თუ არა „ნამახვანჰესი“ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ამჟამინდელი პირობების თანახმად? – ლევან ვასაძე ითხოვს, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს. პოლიტიკური მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელი ამბობს, რომ რეფერნდუმის ჩატარებას აქვს თავისი მკაცრად გაწერილი მეთოდოლოგია და კანონით განსაზღვრულ ვადებში მოხდება ყველა დოკუმენტის შეგროვება.

ვასაძე აცხადებს, რომ როგორც საინიციატივო ჯგუფი, უნდა მივიდეს, დარეგისტრირდეს, ცესკო–ში შეიტანოს განაცხადი და შესაბამისი განხილვისა და პროცედურების შედეგად, უნდა მისცენ ბლანკები, რომ კანონით განსაზღვრულ ვადებში შეაგროვონ ხელმოწერების აუცილებელი რაოდენობა, რომელიც ისევ ცესკო–ში უნდა მიიტანონ.

„ეს რაოდენობა თუ არ ვცდები, არის 200 ათასი. ვადა გვაქვს სამი თვე. ერთი წამით ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ შევძლებთ ამ რაოდენობის ხელმოწერების შეგროვებას. არსებობს პროცედურები პარლამენტში და პრეზიდენტთან, რომლის გავლის შედეგადაც, ეს საკითხი უნდა დადგეს რეფერენდუმზე. ჩვენ დავფიქრდით იმაზეც, ქვეყანას როგორ ავაცილოთ დამატებითი ხარჯები და საორგანიზაციო დანახარჯები ამ რეფერენდუმთან დაკავშირებით. ეს არ არის რიგითი საინვესტიციო პროექტი. დიდი ხანია, გასცდა რიონის ხეობის მასშტაბებს, გადავიდა სახალხო მასშტაბში და ნამდვილად იმსახურებს სახალხო აზრის გამოხატულებას.

დავფიქრდით, მივედით დასკვნამდე, რომ ამ რეფერენდუმის ჩატარების მარტივი გზა იქნება მისი დაწყვილება ადგილობრივ არჩევნებთან. საარჩევნო ბიულეტენთან ერთად იდება დამატებითი ბლანკი, რომელზეც დაწერილია შეკითხვა, ხართ თუ არა თანახმა, რომ „ნამახვანჰესი“ აშენდეს კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების თანახმად – კი ან არა. არავითარ დამატებით ხარჯებს ეს არ წარმოადგენს, გარდა ქაღალდის დანახარჯისა, მოსალხეობასაც არ მოუწევს ზედმეტად საუბარი. ამით ჩვენ მარტივად გადავჭრით ამ საკითხს“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ამასთან, ლევან ვასაძე მიიჩნევს, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დიდი ხნის წინ უნდა გადამდგარიყო. მისი თქმით, კარგია, რომ თანამდებობა უკვე დატოვა ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ.

„ჩემი აზრით, აქამდე უნდა გადამდგარიყო. ვცდილობ, დავიცვა კორექტულობის ფარგლები, მაგრამ მოხელე, რომელმაც საზოგადოება და სახელმწიფო გახვია ამხელა შარში, რომელმაც გამოიწვია ამდენი დანახარჯი უკვე, ასეთი ვნებათაღელვა, კონფრონტაცია, ეს გვინდა, ხელოვნურად რომ ვიქმნით? უმდაბლესი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია. კარგია, რომ გახარია, რომელსაც დოკუმენტზე ხელი აქვს მოწერილი, გადადგა, მაგრამ თურნავა, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი ასევე, ჯერ კიდევ სამწუხაროდ, წარბშეუხრელად აგრძელებს მინისტრის ფუნქციის მოვალეობის შესრულებას, კიდევ ჰყოფნის გამბედაობა შიგადაშიგ გვითხრას, რომ ეს პროექტი მაინც განხორციელდება“, – აცხადებს ლევან ვასაძე.

ნათია თურნავა, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი გადაწყვეტილებაზე, გადადგომას არ აპირებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება საქმიანი, საგნობრივი დიალოგისთვის მზად არის, მაგრამ მისი თქმით, დიალოგი გაჭირდება ქუჩაში ბლოკირებით.

„ხელისუფლება დიალოგისთვის მზადაა. კონკრეტული საქმიანი, საგნობრივი დიალოგისთვის. რა თქმა უნდა, დიალოგი, კომუნიკაცია თავად პროექტს და ენერგეტიკის დარგზე საუბარს არ უნდა გასცდეს და რადიკალიზმში არ უნდა გადავიდეს. შექმნილია კარგი, ძალიან საქმიანი პლატფორმები, სადაც ასეთი ტიპის საკითხები უნდა ირჩეოდეს, ექსპერტების თანდასწრებით უნდა განიხილებოდეს“, – განაცხადა ნათია თურანავამ.

ამასთან, ვრცელდება 2019 წლის 30 მარტს მომზადებული იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უარყოფითად აფასებს „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებას. დასკვნა „ნამახვანჰესის“ მშენებელ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულების გაფორმებამდეა მომზადებული იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის და მოქმედი დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის მიერ და მოიცავს 22 კრიტიკულ შენიშვნას გასაფორმებელი ხელშეკრულების მისამართით.

დოკუმენტი აკრიტიკებს „ენკა“–სთან იმ დროისთვის დასადებ ხელშეკრულებას იმის გამო, რომ მასში მაქსიმალურად არის დაცული კომპანიის უფლებები – შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, შესაბამისად, პასუხისმგებლობებს და ვალდებულებებს საქართველოს მთავრობას და სახელმწიფო კომპანიები იღებენ საკუთარ თავზე.

დასკვნის ავტორი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ამგვარი დოკუმენტი არაერთ ხელშეკრულებაზე მოუმზადებია და შენიშვნების დეტალური შინაარსი არ ახსოვს. მისი თქმით, როდესაც მთავრობა, სამინისტრო დებს მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, იუსტიციის სამინისტრო ჩართულია როგორც სამართლებრივი ექსპერტიზის განმახორციელებელი სუბიექტი.

„დოკუმენტის შინაარსის დეტალები ნამდვილად არ მახსოვს. მიჭირს კონკრეტული დეტალების აღდგენა. თუმცა, იქნებოდა რჩევები მიცემული, რომ საკითხებზე მოლაპარაკება უნდა მომხდარიყო და ამის შემდეგ ხელშეკრულების გარკვეული პირობების აწონვა. მოლაპარაკების პროცესზე იქნებოდა დამოკიდებული ყველა ამ შენიშვნის გათვალისწინება ან არგათვალისწინების საკითხი“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

კითხვაზე, იყო თუ არა ხელშეკრულება კაბალური, სარჯველაძე აცხადებს: „მე არ მახსოვს, რომ კაბალურ პირობებზე გვესაუბროს, იყო პირობები, რომელიც მოგვეჩვენა, რომ შეიძლება ყოფილიყო მოლაპარაკების პროცესში, მაგალითად ერთი მხარისგან ან მეორე მხარისგან დასათმობი. ვფიქრობ, ჩვენი რჩევა იყო კორექტული, 22 შენიშვნის ავტომატურად და მექანიკურად გათვალისწინება ვერ ხერხდება ხოლმე მოლაპარაკების პროცესში, ეს გასათვალისწინებელია. როდესაც ერთი უწყება მეორე უწყებას აძლევს რჩევას, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად ასე გამოვა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც ცნობილია, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე კვირის წინ იუსტიციის სამინისტროს დაავალა მოქმედი ხელშეკრულების შესწავლა და მასზე დასკვნის მომზადება. შესაბამისად, როგორი იქნება ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი და ვის შეიწირავს დასკვნა, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს დასკვნა არის განაჩენი. მისი თქმით, „ნამახვანჰესის“ პრობლემა არის ხელისუფლების მცდარი მიდგომების შედეგი და ეს არა მარტო „ნამახვანჰესს“ ეხება.

„უბრალოდ ამ საკითხის გარშემო თავი მოიყარა ყველა იმ მანკიერებამ, რომელიც არსებობს ამ სფეროში. ნათია თურნავას გადადგომა თავისთავად პანაცეა არ არის. უნდა გაირკვეს როგორ შეიძლებოდა ასეთი კრიზისი შექმნილიყო? ვინ დააყენა სახელმწიფო ასეთი დარტყმის ქვეშ? ყველამ, ვინც ეს გააკეთა, პასუხი უნდა აგოს. თვალხილულ ფაქტებზე იძახიან, რომ ეს კარგიაო. მათი ე.წ. მომხრეები, რომლებსაც მომხრეებს ვერ დავარქმევ, თვალს ხუჭავენ ყველაფერზე.

ყველაზე კომიკური ის არის, რომ გამოქვეყნდა 2019 წელს დაწერილი იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც ყველაფერ იმას ამბობს, რასაც საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლები. 2019 წელს ყოფილა ამის შესახებ ცნობილი და ამის მიუხედავად, მაინც მოეწერა ხელი ამ ხელშეკრულებას. რაზე ვლაპარკობთ საერთოთ, რა გამართლებაზეა აქ ლაპარაკი. იმ ე.წ. მომხრეებს მოვუწოდებ წაიკითხონ ეს დასკვნა, იქ ყველაფერი წერია“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

რაც შეეხება ლევან ვასაძის ინიციატივას, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს, ამ იდეს მხარს უჭერს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, არა მარტო „ნამახვანჰესი“, არამედ, როდესაც საუბარია მასშტაბურ მშენებლობებზე, საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ რეფერენდუმის სახით.

„სწორი იდეა არის. როდესაც ლაპარაკია არა მარტო „ნამახვანჰესზე“, არამედ იგივე „ხუდონჰესზე“, ლაპარაკია იმაზე, რომ ხელისუფლება კომუნიკაციას ვერ ახერხებს ხალხთან. ამბობენ, რომ ეს ჰესები ხალხისთვის კეთდება. ამიტომ, რადგან ეს პრობლემები მუდმიდავ დგას და მუდმივად დაპირისპირების რეჟიმში უნდა ვიყოთ, ან როდესაც გაჩნდება იდეა, რომ ავაშენოთ რაღაცა გიგანტური ნაგებობა, ჩავატაროთ რეფერენდუმი. რეფერენდუმის ჩატარებამდე ყველას აქვს იმის საშუალება, რომ ჩაატაროს გარკვეული აგიტაცია, ახსნა–განმარტება და მოსახლეობა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას.

ხელისუფლების და ზოგადად პოლიტიკური სპექტრისადმი უნდობლობა არის ძალიან მაღალი. მუდმივად არის ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცა, ვიღაცის უკან დგას, ვიღაცეები სადღაციდან იმართებიან. ამიტომ, გავხსნათ ეს ფანჯარა, ჩავატაროთ ღიად რეფერენდუმი. მე, ამაში პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ. დიდი ალბათობით, მგონია, რომ ცესკო ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. რეფერენდუმი თუ არა, პლებისცისტიც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ გავიგოთ, რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, გვაქვს ორგანული კანონი რეფერენდუმის შესახებ და რასაკვირველია, ასეთი სახის რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელია და ამაში არაფერი არაკონსტიტუციური და კანონსაწინააღმდეგო არ იქნება.

„უბრალოდ, არის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი, არა „ნამახვანჰესის“ მიზანშეწონილობაზეა საუბარი, არამედ იმაზე, რომ რეფერენდუმი ტარდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ჩვენ კი ოკუპირებული გვაქვს ორი რეგიონი – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, სადაც რეფერენდუმს ვერ ჩავატარებთ. აფხაზი და ოსი სეპარატისტების მიერ ჩვენს წინააღმდეგ არგუმენტად რომ არ იყოს გამოყენებული, რომ თქვენ ჩაატარეთ რეფერენდუმი საქართველოს ტერიტორიაზე –აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არ ჩატარებულა, ე.ი. თქვენ არ განიხილავთ ამ ტერიტორიებს საქართველოს ტერიტორიებად. რაც არგუმენტი იყო 2003 წელს, როდესაც ჩატარდა რეფერენდუმი. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს არის ერთადერთი შემაფერხებელი გარემოება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთი რეფერენდუმი კონსტიტუციური იქნება“, – ამბობს ზარდიაშვილი.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ჰესების მშენებლობის საკითხის რეფერენდუმის გზით გადაწყვეტა, არ არის სწორი, რადგან ეს პროფესიული შესწავლის საკითხია.

„საკითხი უნდა გადაწყვიტოს პროფესიონალებმა. მხოლოდ პროფესიულ დონეზე უნდა მოხდეს საკითხში გარკვევა. არ შეიძლება პოპულისტური გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ადამიანი, რომელსაც სპეციალური ცოდნა, განათლება და გამოცდილება არ აქვს ამ სფეროში, ძალიან ძნელია, რომ გაარკვიოს სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე და მან შეიძლება მხოლოდ პოლიტიკური სიმპათიის გამო დაუჭიროს მხარი ერთ, ან მეორე გადაწყვეტილებას.

მე, მაგალითად კარგად ვერ ვერკვევი სპეციალურ საკითხებში და თუ პროფესიონალისგან ვერ მოვისმენ ამომწურავად დასკვნას, გამიჭირდება შეფასება და გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, რეფერენდუმის დროს შეიძლება ეს ნაწილი დაიკარგოს და პროფესიონალური მხარე დაიკარგოს, რაც სამწუხარო იქნება და არც თუ ისე კარგი. პირადად მე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე მხარს არ დავუჭერდი რეფერენდუმს, იმიტომ, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

Aburjga Tasmanieli მომწონს ვასაძის იდეა რეფერენდუმზე ნამახვანჰესის საკითხის დამატებაზე. მაგრამ მეც მაქვს ერღტი პატარა თხოვნა, რომელსაც ქვემოდ მოგახსენებთ -
ბათ ყველას მოგიკრავთ ყური ასეთი გამოთქმისათვის, ფერმას დიდი თეორემა. მოკლედ გეტყვით ამ თეორმის ისტორიას. თეორემა: ნებისმიერი ნატურალური n>2 რიცხვისათვის განტოლებას a ხარისხად n + b ხარისხად n = c ხარისხად n არ გააჩნია ამონახსნი ნულის არატოლ მთელი a,b,c რიცხვებისათვის. ეს თეორემა 1637 წელს ჩამოაყალიბა ფრანგმა მათემატიკოსმა პიერ ფერმამ. თითქოს მარტივია ხომ, მაგრამ მთელი 300 წელი კაცობრიობის საუკეთესო მათემატიკოსები (ეილერი, დირიხლე, ლეჟანდრე, ლამე, კუმერი და ა.შ. სანამ 1994 წელს ენდრიუ უილისმა თავის თანამშრომლების ჯგუფთან ერთად არ გამოაქვეყნა თეორემის დამტკიცება, რომელმაც მოიცვა 130 გვერდი.
მე რაღაც ეჭვი მეპარება ამ დამტკიცების კორექტულობაში. ჰოდა გთავაზობთ ადგილობრივი არჩევნებისას ვასაძის მიერ რეფერენდუმზე გასატან საკითხს დავუმატოთ მეორე საკითხი - კორექტულია თუ არა ენდრიუ უაილისის და ჯგუფის მიერ 1995 წელს შემოთავაზებული ფერმას დიდი თეორემის მტკიცებულება? !
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მომწონს ვასაძის იდეა რეფერენდუმზე ნამახვანჰესის საკითხის დამატებაზე. მაგრამ მეც მაქვს ერთი პატარა თხოვნა, რომელსაც ქვემოდ მოგახსენებთ -
ალბათ ყველას მოგიკრავთ ყური ასეთი გამოთქმისათვის, ფერმას დიდი თეორემა. მოკლედ გეტყვით ამ თეორმის ისტორიას. თეორემა: ნებისმიერი ნატურალური n>2 რიცხვისათვის განტოლებას a ხარისხად n + b ხარისხად n = c ხარისხად n არ გააჩნია ამონახსნი ნულის არატოლ მთელი a,b,c რიცხვებისათვის. ეს თეორემა 1637 წელს ჩამოაყალიბა ფრანგმა მათემატიკოსმა პიერ ფერმამ. თითქოს მარტივია ხომ, მაგრამ მთელი 300 წელი კაცობრიობის საუკეთესო მათემატიკოსები (ეილერი, დირიხლე, ლეჟანდრე, ლამე, კუმერი და ა.შ. ცდილობდნენ მოეძებნათ თეორემის დამტკიცება, მაგრამ ვერ შეძლეს! სანამ 1994 წელს ენდრიუ უილისმა თავის თანამშრომლების ჯგუფთან ერთად არ გამოაქვეყნა თეორემის დამტკიცება, რომელმაც მოიცვა 130 გვერდი.
მე რაღაც ეჭვი მეპარება ამ დამტკიცების კორექტულობაში. ჰოდა გთავაზობთ ადგილობრივი არჩევნებისას ვასაძის მიერ რეფერენდუმზე გასატან საკითხს დავუმატოთ მეორე საკითხი - კორექტულია თუ არა ენდრიუ უილისის და ჯგუფის მიერ 1995 წელს შემოთავაზებული ფერმას დიდი თეორემის მტკიცებულება? !
3 წლის უკან
ლაზი რა აშენდეს, ეს ტექნიკურ-ეკონომიკურად, რა თქმა უნდა პროფესიონალებმა უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ რა პირობებით, ეს უკვე სხვა საკითხია. როცა საკითხი სახელმწიფოს მიერ 99 წლიანი ვალდებულებების აღებას ეხება ეს ეროვნულ-სოციალური საკითხია და ხალხის აზრია გადამწყვეტი. ყველა ქვეყანაში, ყველაფრის მესაკუთრე და მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების ერთად ერთი გადამხდელი ხალხია. მთავრობები იცვლებიან, ხალხს კი ვალდებულებები რჩებათ.
3 წლის უკან