თურქეთი დაავადებული კარტოფილის გამოგზავნას არ ეშვება

თურქეთი დაავადებული კარტოფილის გამოგზავნას არ ეშვება

კარტოფილის სკანდალი გრძელდება. სარფის საბაჟოზე დაავადებული კარტოფილით სავსე მორიგი კონტეინერი დააკავეს. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, 49 900 კილოგრამი კარტოფილი თურქეთიდან შემოვიდა. მოკლე პერიოდში ეს დაავადებული ბოსტნეულის აღმოჩენის მესამე შემთხვევაა. რადგან წლების განმავლობაში საბაჟოზე სურსათის ხარისხი არ კონტროლდებოდა, ადვილი წარმოსადგენია, საქართველოში როგორი საკვები იყიდებოდა სავაჭრო ქსელებში.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარული და არასატარიფო ღონისძიებების სამმართველოს თანამშრომლებმა, საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, პირველადი შეფასებით, ტვირთში კარტოფილის საკარანტინო მავნებლის - კარტოფილის კიბოს და საკარანტინო მიკროორგანიზმის - მურა სიდამპლის არსებობაზე მიუთითეს.

ლაბორატორიულმა კვლევამ კარტოფილის ნიმუშებში საკარანტინო მავნებლის არსებობა დაადასტურა. საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ექვემდებარება და სავარაუდოდ, ასეც მოხდება.

წლის დასაწყისიდან საქართველოში თურქეთიდან პირველ ეტაპზე შემოსული 5 ტონა დაავადებული კარტოფილი თბილისის საწყობებში დაილუქა, ხოლო შემდგომ განადგურდა. რაც შეეხება 25 ტონა დაავადებულ პროდუქტს, რომელიც მეორე ეტაპზე შემოვიდა, იმპორტიორ ქვეყანას უკან დაუბრუნდა.

„თურქებს დავადებული კარტოფილი საქართველოში შემოაქვთ, თურქეთში კი ხულოს, ახალქალაქის, წალკის ქართული კარტოფილი გააქვთ“, - აცხადებს ხულოს სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი გია ძირკვაძე.

მისი ინფორმაციით, 2012 წელს საქართველოში მოხმარებული კარტოფილის 85% თურქეთიდან იმპორტირებული იყო, შესაბამისი უწყებების მხრიდან არ არსებობდა კონტროლი და საქართველოში დაავადებული თურქული კარტოფილი თავისუფლად შემოდიოდა.

უფრო მეტიც, რომ 2012 წელს ჩვენი რესტორნები, მაღაზიები და სხვა ობიექტები, ძირითადად, თურქულ კარტოფილს ასაღებდნენ.  თანაც, თურქებს ისე ჰქონდათ დაფასოებული ეს კარტოფილი, რომ სავაჭრო ობიექტებისათვის მათი სარეალიზაციოდ აღება მეტად ხელსაყრელი იყო.

ძირკვაძის აზრით, იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში დაავადებული კარტოფილის გამო დაავადება არ გავრცელდეს, ხელისუფლება უნდა მოიქცეს ისე, როგორც ახლა მოიქცა, ანუ ჩაკეტოს თურქეთის საზღვარი, ვინაიდან თურქეთში კარტოფილის დაავადება მასიურადაა გავრცელებული.

სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის გიგა ქურდოვანიძის თქმით, კარტოფილი, შესაძლოა, დაბალი ხარისხის იყოს, მაგრამ იგი ადამიანის ან ბუნებისთვის - უვნებელი. 

სააგენტოს ჰქონდა ინფორმაცია, რომ კარტოფილით დატვირთული დაახლოებით 40 ტრაილერი აპირებდა საქართველოში შემოსვლას, თუმცა კარტოფილის სკანდალის შემდეგ ისინი აღარ გამოჩენილან.

„ამიტომ ჩვენთვის უცნობია, ამ 40 ტრაილერში შენახული კარტოფილიც დავადებული იყო თუ არა“, - ამბობს ქურდოვანიძე.

დაავადებული კარტოფილი იწვევს სოკოვან დაავადებას. ვიზუალურად ამ დაავადების გარჩევა ყველას არ შეუძლია, მაგრამ ლაბორატორიული კვლევები ამას ადასტურებს. გარეგნული თვისებებით, დაავადებულ კარტოფილს აქვს წანაზარდები, რისი დანახვაც შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია, თუმცა ხშირად ეს არ ჩანს. ამასწინათ განადგურებული კარტოფილიც კი გარედან სპეციალურად იყო გაწმენდილი და უბრალო მომხმარებლისთვის დაავადების აღმოჩენა ძნელი იქნებოდა.