„ღარიბები შედიან ჩვენს პარლამენტში და მდიდრები გამოდიან, უფრო ზუსტად, არც გამოდიან პარლამენტიდან“

„ღარიბები შედიან ჩვენს პარლამენტში და მდიდრები გამოდიან, უფრო ზუსტად, არც გამოდიან პარლამენტიდან“

„ქართული ოცნების“ დეპუტატთა ნაწილმა შეიძლება მმართველი გუნდი დატოვოს და ოპოზიციასთან ერთად შექმნას ფრაქციები. ასეთ სცენარს არ გამორიცხავენ ოპოზიციაში. ამ რამდენიმე ხნის წინ ამის შესახებ განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემაც. მისივე ინფორმაციით, მათი პარტია 7-კაციანი საპარლამენტო ფრაქციის შექმნაზე მუშაობს. საამისო კონსულტაციებიც მიმდინარეობს, ამდენად, გამორიცხული არაა, ცალკეული დეპუტატები მმართველ პარტიას გამოეყონ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფრაქცია ამ გზით დააკომპლექტონ. მით უმეტეს, რომ, სერგო ჩიხლაძის თქმით, გარკვეული რღვევა „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარეობს.

„ვხედავ ფონს, რომ „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატები წამოვლენ. შესაბამისად, ისინი უნდა დაბინავდნენ ოპოზიციურ ფრაქციებში, მათი გადმოსვლა იქნება პლუსი. რაც მეტი ოპოზიციური ფრაქცია იქნება შექმნილი, მით უკეთესი. ეს დამატებითი ბერკეტია პარლამენტის შიგნით საქმიანობისთვის“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

ემჩნევათ თუ არა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომ ისინი გადასვლას აპირებენ სხვადასხვა ფრაქციაში, თუ ბოლომდე ერთგულნი დარჩებიან საკუთარი პარტიის მიმართ? „ქართული ოცნების“ პარლამენტართა ისტორია გვკარნახობს, რომ მმართველ გუნდს „იდეური“ დაპირისპირების გამო ელევიან ხოლმე, ასე მოხდა წინამორბედ პარლამენტში. თავდაპირველად ეკა ბესელიამ მის მიერვე დაფუძნებული პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა და მიზეზად 1-ლი ოქტომბრის იდეალებთან „ქართული ოცნების“ აცდენა, ღირებულებათა სხვაობა დაასახელა. მოგვიანებით უმრავლესობის რიგები პარლამენტში სხვადასხვა კანონპროექტებზე უთანხმოების გამო დატოვეს ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, ზვიად კვაჭანტირაძემ და სხვებმა.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომქართული ოცნების“ დროინდელ პირველ პარლამენტში იდეოლოგიური ხალხი იყო, პრინციპების ერთგული ხალხი. მოგვიანებით თანდათანობით პრინციპები ჩაანაცვლა პირადმა ინტერესმა. დიუმასი არ იყოს, სიკვდილის წინ რომ თქვა, „ღარიბი მოვედი და ღარიბი მივდივარ ამ ქვეყნიდანო“, ჩვენი პარლამენტარები ამას ვერასდროს იტყვიან. სოსო ცინცაძის აზრით, უსუფაშვილი და სხვები ღარიბები შევიდნენ პარლამენტში და ღარიბებმა დატოვეს პარლამენტი, მათ შემდეგ კი ღარიბები შედიან პარლამენტში და მდიდრები გამოდიან. უფრო ზუსტად, არც გამოდიან პარლამენტიდან, მდიდრდებიან და უნდათ, მუდამ ასეთებად დარჩნენ. ასეთ ადამიანებს არავითარი პრინციპი არ აქვთ, მათი პრინციპია, იყვნენ გამარჯვებულებში, იყვნენ ძლიერთა რიგებში.

„მმართველ გუნდს ისინი დატოვებენ და სულ ცუნდრუკ-ცუნდრუკით გადაინაცვლებენ სხვაგან, თუკი დაინახავენ, რომ ძალის ცენტრმა გადაინაცვლა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ხალხი არავისთვის შენაძენი არ იქნება, ეს ბალასტია. არ მინდა, გვარები დავასახელო, ჩვენ გვყავს დეპუტატები, რომელთა ოჯახის წევრებიც გამუდმებით ტენდერებს იგებენ, მათი ერთი ნორმალური ინტერვიუც კი არავის წაუკითხავს, მათი ერთი ნორმალური გამოსვლაც არ მოგვისმენია, ასეთი ხალხი ვერც ერთ ახალ პარტიას ვერ გააძლიერებს. ეგენი სჭირდებათ რაოდენობისთვის, უბრალო ხმებისთვის“, - აცხადებს სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე მიიჩნევს, რომ, სავარაუდოდ, ოპოზიციური ფრაქციის შექმნა ივარაუდება მმართველი გუნდიდან უკვე წასულ ადამიანებთან. აქ საუბარია გიორგი გახარიას გუნდიდან წასულ 6 ადამიანზე, რომელიც თავად ვერ შექმნის ფრაქციას რეგლამენტიდან გამომდინარე, რადგან ერთი პარტიული სიის შემთხვევაში მხოლოდ ერთი ფრაქცია შეიძლება შედგეს.

„მოგეხსენებათ, „ლელომაც“ დაიმატა სხვა პარტიებიდან შესული ადამიანები, რადგან ჯერჯერობით მიღებული არ არის ცვლილებები, რომ მხოლოდ ოთხმა შექმნას ფრაქცია. ამიტომ „ლელომ“ დაიმატა „ევროპული საქართველოდან“ და „ნაცმოძრაობიდან“ წაყვანილი კანდიდატები. ჯერჯერობით იმის პირობა არ ჩანს, რომ „ქართული ოცნებიდან“ სხვა დეპუტატებიც გავიდნენ. თუ ვინმე წამსვლელი იყო, აქამდეც წავიდოდა. გახარია გუნდს აყალიბებს და მივდივარ გახარიასთანო, ეს პოზიცია კიდევ გასაგებია, მაგრამ წასვლის სხვა მიზეზი რა უნდა იყოს და სხვასთან ვისთან უნდა წავიდნენ „ქართული ოცნებიდან“? რას იტყვიან, მივდივართ გიორგი ვაშაძესთანო?!“ - აცხადებს ლადო ბოჟაძე for.ge-სთან საუბრისას.

 

trampi რაზე გამოვლენ.... გიჟები არიაააან??
3 წლის უკან