მედიაში ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პარტიულ თანამდებობას ატოვებინებენ და საკონსტიტუციო სასამართლოში გადაიყვანენ. ეს მაშინ მოხდება, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, თამაზ ცაბუტაშვილს ვადა ამოეწურება. გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის ადგილს პარტიაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.
„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელის მოსაზრებით „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაა. მისივე თქმით, შესაძლოა, კობახიძის წინა პლანზე ყოფნა „ოცნებაში“ აღარ მოსწონთ.
„ქართულ ოცნებაში“ შიდა გადაადგილებებზე პროგნოზების კეთება, არ ვფიქრობ სასარგებლო საქმე იყოს. „ოცნებაში“ გადაადგილება ხდება იმ პრინციპით, ბიძინა ივანიშვილი თუ როგორ გადაწყვეტს ამა თუ იმ პიროვნების ბედს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს აქტიურ პოლიტიკაში არ მონაწილებს. სავარაუდოდ, შიდა გუნდური დაპირისპირება არსებობს და ირაკლი კობახიძე, როგორც პარტიის თავმჯდომარედ უსიამოვნო საქმეებშია გარეული, იმ თვალსაზრისით, რომ ის ყოველთვის უფრო აგრესიულ და შავ საქმეს აკეთებს. კობახიძე ყოველთვის დაპირისპირების წინა ფრონტზეა. შესაძლებელია მისი წინა პლანზე ყოფნა ამ პერიოდში სასარგებლო არ იყოს. ასევე, შესაძლებელია „ქართული ოცნების“ რიგები კიდევ შემცირდეს, როდესაც გიორგი გახარია ასპარეზზე გამოვა. ასე რომ, არ გამოვრიცხავ, „ოცნებაში“ ცვლილებები კიდევ ვიხილოთ. ეს სავარაუდოდ ტაქტიკური გადანაცვლებაა, ასეთები ბევრი გვინახავს“, - განუცხადა for.ge-ს გიგი წერეთელმა.
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ წევრებს კონკურენციას უწევს და მისი პარტიაში ყოფნა ვიღაცას არ სურს. როგორც ექსპერტმა for.ge-თან საუბრისას აღნიშნა, კობახიძის მთლად მოცილებაც არ სურთ და ამიტომაც საკონსტიტუციო სასამართლოში უშვებენ.
„მომავალი გვიჩვენებს გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა თუ არა. მაგრამ ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძე გარკვეულწილად „ქართული ოცნების“ წევრებს კონკურენციას უწევს. ფარული კლანებია შექმნილი და ვიღაცას არ აწყობს კობახიძე. თუმცა, მთლად მოცილებაც არ უნდათ და ამიტომაც სასამართლო სისტემაში უშვებენ.
მეორე ვარიანტია ის, რომ მოგეხსენებათ, მოსამართლის თანამდებობა მუდმივია და თანამდებობა გარანტირებული ექნება. ფაქტია, რომ ის მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნისას პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოცილებული იქნება. ამიტომ, სავარაუდოდ, ეს მისი მოცილების მიზნით კეთდება. საინტერესოა ისიც, ამ პროცესში ვინ მონაწილეობს, ვის სურს „ქართულ ოცნებაში“ მისი ძალების შევიწროვება. ასევე, მისაღებია ის ფაქტიც, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრია და პრეტენზია გააჩნია, რომ პარტიული თანამდებობაც ეკავოს“, - გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.
გავრცელებული ინფორმაციის შეფასება უჭირს ანალიტიკოს გია აბაშიძეს. მისი თქმით, ვიდრე ინფორმაცია ოფიციალური არ იქნება, იქამდე რაიმის თქმა რთული იქნება.
„ვიდრე ოფიციალურ წყაროებში მსგავსი ინფორმაცია არ დადასტურდება, ამ შემთხვევაში ასეთ ჭორებს არ ვუჯერებ, მით უმეტეს, ირაკლი კობახიძე არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ახლახანს აირჩიეს და რომელმაც პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა მიიყვანოს. ამიტომ ახლა იმის თქმა გამიჭირდება, ვინ რას გააკეთებს“, - განუცხადა for.ge-ს გია აბაშიძემ.
ექსპერტი ლადო ბოჟაძის მოსაზრებით, ირაკლი კობახიძეზე აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს მოსაზრება, თითქოს „ოცნებაში“ დაპირისპირებაა. ბოჟაძის აზრით, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ახლა ქვეყანაში მიმდინარე პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული.
„პირველ რიგში, რაც უნდა ითქვას, ასეთი ინფორმაციის გავრცელებას შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი მიზეზი - საზოგადოებას აჩვენო, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით სერიოზული დაპირისპირებაა, გუნდი ერთიანი არაა და გუნდი შეკრული არაა. ასეც რომ იყოს, ოპოზიციას რა უხარია?! მაგრამ ყველამ ნახა, რომ „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერი ბათუმსა და ზუგდიდში ერთად იყო ჩასული. სწორედ ეს ნიშნავდა იმას, რომ აღნიშნულ ჭორებს საფუძველი გამოეცალა და გუნდის ერთიანობის დემონსტრირება მოხდა. როგორც დაანონსდა, ასეთი შეხვედრები რეგიონებში კიდევ გაგრძელდება.
რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა სწორად შეირჩა. კობახიძეა პარტიის პირველი თავმჯდომარე, რომელიც ამავდროულად პრემიერ-მინისტრი არაა. ირაკლი კობახიძეს 24 საათი შეუძლია პარტიის მშენებლობაზე იმუშაოს. როდესაც გიორგი კვირიკაშვილი იყო პარტიის თავმჯდომარე, ის პარტიული საქმიანობით ფაქტიურად დაკავებული არ ყოფილა. რა თქმა უნდა, მას პარტიაში თავისი ინტერესები და კვოტები ჰქონდა, მაგრამ მისი გუნდიდან პარტიულ საქმიანობაში ერთი ადამიანიც არ ყოფილა. მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს, პარტიულ საქმიანობას თავად ბიძინა ივანიშვილი დაუბრუნდა. გიორგი გახარიაც ისე მოვიდა, რომ ბიძინა ივანიშვილს თანამდებობა არ დაუთმია. როდესაც გახარია მოქმედი პრემიერი იყო, პარტიის თავმჯდომარედ სწორედ ირაკლი კობახიძეზე გაკეთდა არჩევანი. სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ, რომ პარტიას ისეთი ხელმძღვანელი უნდა ჰყავდეს, რომელიც 24 საათი პარტიის საქმიანობით იქნება დაკავებული. ირაკლი ღარიბაშვილი არის პრემიერ-მინისტრი, მას პოლიტიკური თანამდებობა აქვს, არის ასევე პარტიის პოლიტიკური მდივანი. ღარიბაშვილი 24 საათი დაკავებულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მოგვარებით. ანალოგიური სიტუაციაა კახა კალაძის მიმართაც. დარწმუნებული ვარ, ის იქნება თბილისის მერობის უალტერნატივო კანდიდატი, რომელსაც თბილისელები კიდევ ერთხელ აირჩევენ. ზოგადად, უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ჩვენ ძლიერი პარტიული სისტემები გვინდა, პარტიას უნდა ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი და რომელიც მხოლოდ პარტიული მშენებლობით იქნება დაკავებული“, - გვითხრა ლადო ბოჟაძემ.
გავრცელებულ ინფორმაციასა და ოპოზიციას პასუხი პრემიერ-მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასცა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით „ქართულ ოცნებაში“ იდეალური და ჰარმონიული სიტუაციაა.
„ეს არის შეგნებული პროვოკაციული ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ჩვენი დეგრადირებული, ფაქტობრივად დაშლილი, დაქუცმაცებული ოპოზიციის მხრიდან, იმისათვის, რომ თავად გადაფარონ საკუთარ პარტიაში არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობა. ეს არის მთავარი მიზეზი. დღეს პარტიაში და ჩვენს ხელმძღვანელობაში არის იდეალური, ჰარმონიული სიტუაცია. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო, ერთ მუშტად შეკრული სიტუაცია“, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.