ცესკო-ს თავმჯდომარის რეკომენდაციები ინტერფრაქციულ ჯგუფს

ცესკო-ს თავმჯდომარის რეკომენდაციები ინტერფრაქციულ ჯგუფს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ინტერფრაქციულ ჯგუფს საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად საკუთარ წინადადებებს სთავაზობს. ამასთან დაკავშირებით ცესკო-ს თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა განცხადება. ხარატიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს შეფასებით 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, საარჩევნო გარემო საქართველოში გაუმჯობესებას საჭიროებს. აქედან გამომდინარე, ცესკო საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ამოქმედებას მიესალმება და იმედს გამოთქვამს, რომ ახალი საარჩევნო სისტემის შემუშავებაში ყველა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული, მათ შორის - ცენტრალური საარჩევნო კომისიაც.

ზურაბ ხარატიშვილი საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ინტერფრაქციულ ჯგუფს წარუდგენს საკუთარ რეკომენდაციებს და მისი თქმით, აქ ოთხ მთავარ საკითხზე არის ყურადღება გასამახვილებელი.

„პირველ რიგში საარჩევნო სისტემა უნდა იყოს მარტივი და ამომრჩევლისთვის ადვილად გასაგები. წინასწარი შედეგები მაქსიმალურად სწრაფად უნდა ჯამდებოდეს, თვითონ საარჩევნო პროცედურები და არჩევნები ხელს უნდა უწყობდეს და სტიმულს აძლევდეს პოლიტიკური გარემოს და პოლიტიკური პარტიების განვითარებას და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის ხარისხი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ჩვენი აზრით, ეს ოთხი ძირითადი პრინციპი ამ საკითხზე მუშაობას საფუძვლად უნდა დაედოს“, - აცხადებს ზურაბ ხარატიშვილი.

მისი თქმით, კარგი კანონმდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კარგი არჩევნების ჩატარებისთვის საკმარისი არ არის და ამიტომ პანაცეად არ უნდა მივიჩნიოთ. ცესკო-ს თავმჯდომარე ვენეციის კომისიის ხელმძღვანელ, ჯანი ბუკიკიოს სიტყვებს იშველიებს - "კარგი არჩევნების ჩატარება შეიძლება ცუდი კანონმდებლობით და პირიქით". აქვე ხარატიშვილი დასძენს, რომ მიუხედავად ამისა, ის ძალისხმევა, რომელსაც საარჩევნო გარემოზე მუშაობის პროცესში მონაწილე სუბიექტები მიმართავენ, მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული, რათა კარგი კანონმდებლობა მივიღოთ.

ზურაბ ხარატიშვილი მის მიერ ჩამოყალიბებულ პრინციპებზე დეტალურად საუბრობს. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ საარჩევნო სისტემა რაც შეიძლება მარტივი იყოს, რადგან რთული საარჩევნო სისტემა ამომრჩევლისთვის რთული გასაგები ხდება და ნდობის თვალსაზრისითაც პრობლემებს ქმნის. არ შეიძლება ენდობოდე იმ პროცესს, რომელიც არ გესმის. ამიტომ ცესკოს-რეკომენდაციაა, რომ რა სისტემაც არ უნდა შეიქმნას, იგი არსებული სისტემისგან ბევრად არ უნდა განსხვავდებოდეს, თუნდაც გარეგნულად. ცესკოს მიერ შემოთავაზებული სისტემა არის საერთო-ეროვნული პროპორციული წარმომადგენლობითი სისტემა ღია სიებით. ხარატიშვილი განმარტავს, რომ ეს სისტემა გარეგნულად დღეს არსებულ სისტემას ჰგავს. კერძოდ, მისი თქმით, ეს არის პროპორციული და მაჟორიტარული სისტემის ნაზავი - ამომრჩეველი პროპორციული სისტემით ირჩევს პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ ამასთან ერთად ბიულეტენში ჩამოთვლილია კანდიდატების სახელები და გვარები. ამდენად, ამომრჩეველი არა მხოლოდ პარტიას ირჩევს, არამედ იმ პარტიაში კონკრეტულ პირებსაც. ცესკო-ს თამჯდომარის განმარტებით, პროპორციულ სისტემასთან ერთად ეს პრაქტიკულად პრაიმერიც არის და ამ სისტემით არ ექნება მნიშვნელობა, რომელი კანდიდატი სიაში მერამდენე იქნება, რადგან ამომრჩეველმა შეიძლება შემოხაზოს მეთორმეტე და არა ვთქვათ, მესამე კანდიდატი.

ხარატიშვილის თქმით, ამით არა პოლიტიკური პარტია სთავაზობს მოსახლეობას თავის შემადგელობას, არამედ თავად ამომრჩეველი ირჩევს, კონკრეტული პარტიიდან, ვინ სურს, რომ დეპუტატი იყოს. ცესკო-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ დღეს ეს სისტემა ყველაზე დემოკრატიულად ითვლება და მას ღია სიები ჰქვია.

მეორე პრინციპი, რომელიც ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, საგრძნობლად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს, არის წინასწარი შედეგების რაც შეიძლება სწრაფი გამოცხადება. ცესკო-ს თავმჯდომარის თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ საარჩევნო უბნების დახურვიდან 2-3 საათის განმავლობაში უბნების 90%-იდან წინასწარი შედეგი იქნას მიღებული.

„ეს მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ნდობის თვალსაზრისითაც და ჩათვალეთ, რომ არჩევნების დღეს, სადღაც შუაღამისთვის პრაქტიკულად გარკვეული იქნება, ვინ მოიგო არჩევნები, ან ყოველ შემთხვევაში, ვინ ლიდერობს. შემდეგ დღეს შედეგების უფრო დაზუსტება მოხდება, მაგრამ როგორც განვითარებულ ქვეყნებში, ეს შედეგები ძალიან სწრაფად გვექნება. პირველ რიგში, ეს თავად არჩევნების დღეს საარჩევნო პროცედურების შეჯამების გამარტივებით არის შესაძლებელი. დღეს ეს პროცედურები ძალიან გართულებულია, რადგან უნდობლობის გამო შიდა კონტროლის ძალიან ბევრი მექანიზმია ჩადებული. შესაძლებლად მიმაჩნია, რომ ეს პროცედურები გამარტივდეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თანამედროვე ტექნოლოგიები (იქნება ეს ოპტიკური სკანერები, თუ „თაჩსქრინიანი“ საბეჭდი მოწყობილობით აღჭურვილი ხმის მიცემის მანქანები) ამ პრობლემებს გადაწყვეტს“, - ამბობს ზურაბ ხარატიშვილი.

მისი თქმით, განვითარებულ ქვეყნებში ბიულეტენების ხელით დათვლის პრაქტიკა კაი ხანია აღარ არსებობს და იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო „ჯიესემ“ ტექნოლოგიებით კარგად არის განვითარებული, ქვეყნის დიდი ნაწილი ამ ტექნოლოგიებით არის დაფარული, არჩევნების შედეგების მიღება ძალიან სწრაფად შეიძლება. ზურაბ ხარატიშვილი განმარტავს, რომ საარჩევნო უბნების დახურვიდან ძალიან მალევე, ანუ რამდენიმე წუთში საარჩევნო უბნებიდან მონაცემების მიღება და დაჯამება (ყოველგვარი ხელით დათვლის გარეშე) ცენტრალური საარჩევნო კომისიის სერვერზევე შეიძლება. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, კომპიუტერები და სერვერი თავად დათვლიან ხმებს, ამაში ადამიანური ფაქტორი მინიმუმზეა დაყვანილი, რაც საარჩევნო პროცესისადმი ნდობის ამაღლებასაც გამოიწვევს.

მესამე ფაქტორი, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით გასათვალისწინებელია, არის ის, რომ ყოველი არჩევნები საარჩევნო გარემოსა და პოლიტიკური პარტიების განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს. ამასთან დაკავშირებით ცესკოს რამდენიმე შემოთავაზება აქვს და ერთ-ერთი ძირითადი არის ის, რომ მოხდეს საარჩევნო ბლოკების და კოალიციების შეზღუდვა, ანუ ყველა პოლიტიკური პარტია არჩევნებში ინდივიდუალურად ღებულობდეს მონაწილეობას, ხოლო კოალიციის და ბლოკის შეკვრა მიღებული შედეგების მიხედვით ხდებოდეს. ცესკო-ში მიიჩნევენ, რომ ეს მნიშვნელოვანი მოტივაცია იქნება პოლიტიკური პარტიებისთვის, განსაკუთრებით მცირე პარტიებისთვის, რომლებმაც ან რეზერვი უნდა მოძებნონ, რომ გაძლიერდნენ, ან ვიღაცას შეუერთდნენ. ამით კი აღარ დარჩება იმის სივრცე, რომ ასეთი პარტია ბლოკში ვიღაცას, ასე ვთქვათ, „ლოკომოტივს“ ჩაებას და არჩევნებში რაღაცნაირად გაძვრეს. ზურაბ ხარატიშვილი ამბობს, რომ ამ პროცესის დადებითი მხარე არის ისიც, რომ კოალიციის შექმნა და მმართველი ძალის ჩამოყალიბება არჩევნების შედეგების მიხედვით მოხდება.

ცესკოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში ბარიერის დაწევის საკითხის დადგება, რადგან თუ ბლოკისთვის 5% მეტნაკლებად მისაღებია, როცა ბლოკის შექმნა კანონმდებლობით მნიშვნელოვნად იქნება შეზღუდული, ინდივიდუალური პარტიებისთვის ბარიერმა მნიშვნელოვნად უნდა დაიწიოს. ზურაბ ხარატიშვილი თვლის, რომ ეს ბარიერი ბუნებრივ ბარიერზე მაღალი არ უნდა იყოს. აქვე იგი ბუნებრივი ბარიერის განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ ის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დეპუტატთა რაოდენობაზე გაყოფით მიიღება. საქართველოს შემთხვევაში, რადგან არის 150-ადგილიანი პარლამენტი, ბუნებრივი ბარიერი 0.67% უნდა იყოს. ხარატიშვილის განმარტებით, პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, ამ პროცესის დადებითი მხარე არის ისიც, რომ ეს საკითხი წარმომადგენლობითი დემოკრატიის ხარისხსაც გაზრდის, ანუ იმ მცირე ჯგუფებსაც, რომლებიც საერთო მოსახლეობის 2-3%-ს შეადგენს, საშუალებას მისცემს პარლამენტში წარმომადგენლობა ჰყავდეთ. ცესკოს თავმჯდომარე ამბობს, ოქტომბრის არჩევნებზე ასეთი ბარიერი რომ ყოფილიყო, დღეს პარლამენტში ორის ნაცვლად ოთხი პოლიტიკური ძალა იქნებოდა წარმოდგენილი.

„თუ ჩვენ ევროპულ დემოკრატიაზე ვსაურობთ, ევროპული დემოკრატიის მახასიათებელია, რომ პარლამენტში 4-6 პოლიტიკური პარტიაა ხოლმე წარმოდგენილი და საშუალო სტატისტიკურ პარამეტრად ეს ითვლება. დღეს ჩვენ პარლამენტში ორი პოლიტიკური ძალა გვყავს, რაც იმაზე მიუთითებს, წარმომადგენლობითი დემოკრატიის ხარისხი საქართველოში მნიშვნელოვნად დაბალია და ამ მხრივ ბარიერის დაწევა მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნავს ხარატიშვილი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიებისთვის გარკვეული ფინანსური დეპოზიტის დაწესება ისევე, როგორც დღეს დამოუკიდებელი კანდიდატისთვის არის დაწესებული. ეს არის ხუთიათასლარიანი დეპოზიტი, რომელიც კანდიდატს გარკვეული შედეგის მიღწევის შემდეგ უბრუნდება, ხოლო თუ ამ შედეგს ვერ მიაღწია, ეს პირი ამ დეპოზიტს კარგავს. ხარატიშვილი მიიჩნევს, რომ ამან გარკვეული პოზიტიური შედეგი აჩვენა, რადგან თუკი, ვთქვათ, ოქტომბრის არჩევნებისთვის ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა, ეს დეპოზიტი რომ არ არსებულიყო, ალბათ, ათასჯერ ამაზე მეტი დარეგისტრირდებოდა, რაც პრობლემებს შექმნიდა ბიულეტენების სიდიდესთან დაკავშირებით და მასში წარმოდგენილი იქნებოდა სახელები, რომლებიც არავინ იცის და ა.შ. ამიტომ ცესკოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ პარტიებზეც ეს პრაქტიკა უნდა გავრცელდეს და მათთვის 50 000-ლარიანი დეპოზიტი უნდა იქნეს შემოღებული, რათა პოლიტიკური სუბიექტების რაოდენობა ხელოვნურად არ გაიზარდოს იმ პარტიების ხარჯზე, რომლებიც მხოლოდ არჩევნებისთვის ჩნდებიან ხოლმე. პარტიებმა რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, ამისთვის გარკვეული ფინანსური რესურსი უნდა გააჩნდეთ.

„ძალიან ბევრი სუბიექტი, რომელიც რეალურად პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს, ყურადღების გადატვირთვას იწვევს, რაც ძალიან ხშირად გამაღიზიანებელ ფაქტორადაც იქცევა ხოლმე. ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს არჩევნების ხარისხს“, - ამბობს ზურაბ ხარატიშვილი.

ბოლო პრიორიტეტი, რომელზეც იგი საუბრობს არის საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა. ცესკო-ში ფიქრობენ, რომ ცუდი კანონმდებლობის, ან თუნდაც ყველაზე უარესი კანონმდებლობის შემთხვევაში, თუ არსებობს პოლიტიკური ნება და საარჩევნო ადმინისტრაციის სურვილი, რომ თავისუფალი არჩევნები ჩაატაროს, ეს დღეს მოქმედი სისტემის პირობებშიც კი შესაძლებელია. ამიტომ, ზურაბ ხარატიშვილი ფიქრობს, რომ უნდა შეიზღუდოს პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრების გამოწვევა, რომელთა რაოდენობა ყველა კომისიაში 13-დან შვიდს შეადგენს. ცესკო-ს რეკომენდაციაა, რომ თუ პარტია საარჩევნო კომისიაში თავის წევრს დანიშნავს, გარკვეული ვადის (მაგალითად შვიდი წლის) განმავლობაში მისი გამოწვევა არ შეეძლოს. ამასთანავე ხარატიშვილის რეკომენდაციაა, რომ ყველა დონის კომისიის წევრს შეეზღუდოს პარტიული საქმიანობა ორი წელი საარჩევნო ადმინისტრაციაში დანიშვნამდე და ორი წელი ამის შემდეგ.

ბატონო ზურაბ, არის თუ არა ცენტრალური საარჩევნო კომისია მზად შუალედური არჩევნებისთვის და რას უნდა ველოდოთ ამ არჩევნებისგან?

- შუალედური არჩევნები მიმდინარეობს იმ პროცედურებით და იმ ვადების დაცვით, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული. ჯერჯერობით, ცოტა ადრეა იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანიის წარმოება დაიწყოს. სანამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარმდგენი სუბიექტები არ ჩამოყალიბდებიან, ალბათ, ეს აქტივობა დაბალი იქნება, ხოლო კანდიდატების დასახელების შემდეგ ველოდები, რომ ეს პროცესი უფრო აქტიური და საინტერესო გახდება.

შედეგის თვალსაზრისით გეტყვით, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საქართველოს პარლამენტში ძალთა ბალანსის გადანაწილებაზე დიდი გავლენა ამ არჩევნებს არ ექნება, თუმცა ეს ასე ვთქვათ, შუალედური ინდიკატორი იქნება, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ როგორ ნაწილდება ამომრჩეველთა სიმპატიები. ალბათ, ეს არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით იქნება. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით აქტიური საარჩევნო კამპანია თბილისში იქნება.

ბატონო ზურაბ, ინტერფრაქციული ჯგუფის შეხვედრას თქვენ არ დასწრებიხართ?

- სამწუხაროდ, ჩვენ ამ შეხვედრის შესახებ ძალიან გვიან გავიგეთ. კერძოდ, ჩვენთვის ამ შეხვედრის შესახებ მხოლოდ წინა საღამოს გახდა ცნობილი და მოგეხსენებათ, ასე ადვილი არ არის, ქუთაისში უცებ გამგზავრება. ეს პირველი შეხვედრა იყო და ყველამ თქვა, რომ გვიან გაიგეს მის შესახებ. ინტერფრაქციული ჯგუფის სამდივნო ახლა ყალიბდება და იმედია მისი ჩამოყალიბების შემდეგ, მეტი კომუნიკაცია იქნება.

შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები თუ არიან დარეგისტრირებული?

- ჯერჯერობით, მხოლოდ საარჩევნო სუბიექტები (საინიციატივო ჯგუფები და პოლიტიკური პარტიები) დარეგისტრირდნენ. თვითონ მაჟორიტარობის კანდიდატები არ არიან დარეგისტრირებულები და მათი რეგისტრაციის ბოლო ვადა 28 მარტია.

ბატონო ზურაბ, თქვენს მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები კონკრეტულად თქვენ გეკუთვნით, თუ ინტერფრაქციულ ჯგუფს ცესკო- სახელით წარუდგენთ?

- მე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლობითი უფლება მაქვს და უფლება მაქვს მისი სახელით ვილაპარაკო, თუმცა, რა თქმა უნდა, კომისიის ყველა წევრს ეს რეკომენდაციები კომენტარებისთვის გადავუგზავნე. ეს არ არის ფორმალური იურიდიული დოკუმენტი, ეს პრაქტიკულად არის ჩვენი მოსაზრებები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე რა უნდა იყოს პრიორიტეტები. თუ ცესკო-ს 13-ვე წევრს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთი აზრი არ აქვს, ყოფილა შემთხვევაში, როდესაც ისინი გამოსულან და ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი აზრი ღიად დაუფიქსირებიათ, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან ნორმალური პროცესია. არ შეიძლება კოლეგიალურ ორგანოში ყველა ერთ აზრზე იყოს, თუმცა ეს ზოგადი პრინციპებია და კომისიის ყველა წევრისთვის ისინი ცნობილი იყო, სანამ მათ საზოგადოებას წარმოვუდგენდი.