ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა პატრიარქს გადაეცა

ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა პატრიარქს გადაეცა

საქართველოს საპატრიარქოში, 21 დეკემბერს, წმიდა სინოდის სხდომის მოკლე შინაარსს, საპატრიარქოს პრესსამსახურიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გთავაზობთ.

 

როგორც საპატრიარქოს პრესცენტრიდან მიღებულ ცნობაშია აღნიშნული, წმიდა სინოდის სხდომამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა და ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო:

 

”ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ამიერიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული იქნება შემდეგი: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის”.

 

ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), სინოდის განჩინებით გათავისუფლდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან, გაწეული მსახურებისთვის  მადლობა გამოეცხადა და ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტად დაინიშნა.

 

წმიდა სინოდმა ღარიბ სოფლებში მოღვაწე სასულიერო პირთა საკითხი განიხილა და განაჩინა, რომ მათ გაეწიოთ გარკვეული ფინანსური დახმარება.

 

ამასთან, სინოდის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებში აღნიშნულია, რომ ის პირები, რომლებიც განათლების მისაღებად რეგიონებიდან თბილისის სასულიერო სასწავლებლებში იგზავნებიან, აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ ეპარქიებს.

 

21 დეკემბერს სინოდმა კიდევ ერთხელ იმსჯელა იმაზე, რომ საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა ქართული მრავალხმიანი გალობით უნდა ჩატარდეს - ”ამ განჩინების დამრღვევთა მიმართ გამოყენებული იქნება კანონიკური ზომები”.

 

წმიდა სინოდმა დაადგინა, რომ შეიქმნას წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ საპატრიარქოში შესული მასალის შემსწავლელი კომისია, შემდეგი შემადგენლობით: მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი).

 

ამასთან, წმინდა სინოდის განჩინებით, დედოფლისწყაროს ეპარქიას დაუბრუნდა ისტორიული სახელწოდება და ამიერიდან ამ მხარის ეპისკოპოსს ეწოდება - ხორნაბუჯისა და ჰერეთის მმართველი, ხოლო ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად.