მმართველი გუნდი პოლიტიკაში ჯერ არ შემოსულ გიორგი გახარიას უპირისპირდება. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახარიას საკუთარი გუნდისთვის „ზურგში დანის ჩამრტყმელად“ მოიხსენიებს და, ფართო გაგებით, 17-18 თებერვალს ნათქვამ ტყუილში ადანაშაულებს. თუმცა კობახიძე არ აკონკრეტებს, რა მოიტყუა გახარიამ, როცა 18 თებერვალს თანამდებობიდან გადადგა.
ირაკლი კობახიძის რებუსს გახარიას სიცრუესთან დაკავშირებით ამოუხსნელად ტოვებს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც. პრემიერი არ პასუხობს კითხვას, ეთანხმება თუ არა კობახიძისეულ შეფასებას გახარიასთან მიმართებით. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ყველა ადამიანის ქმედებას შესაბამისი შეფასება მიეცემა, უბრალოდ, ღარიბაშვილს ამ ეტაპზე აინტერესებს, საერთოდ, რას აპირებს გახარია, როგორია მისი გეგმები.
რამდენად ძლიერი მეტოქეა გიორგი გახარია და სიმართლეს შეესაბამება თუ არა მისი გუნდის წევრების მოსაზრება, რომ მმართველ გუნდს გახარიასი ეშინია?! ამის შესახებ for.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი“ ლადო ბოჟაძე ესაუბრა.
გიორგი გახარიას მიმართ „ქართული ოცნების“ მხრიდან შეტევის სეზონი გახსნილია, რაც, ალბათ, მოასწავებს, რომ გიორგი გახარია მალე გამოვა პოლიტიკურ ასპარეზზე. რამდენად გულწრფელია გახარიას მიმართ მმართველი გუნდის წარმომადგენელთა ნეგატიური ტონი და ეს ხომ არ ნიშნავს, რომ უკვე რეალურად გამოსარიცხია ბიძინა ივანიშვილის ინტერესი, გახარია გახდეს ოპოზიციური ძალის ლიდერი?
- რა თქმა უნდა, გიორგი გახარია ყველაზე პრინციპულ და მნიშვნელოვან დროს გადადგა პრემიერმინისტრობიდან და წავიდა „ქართული ოცნებიდან“. ფაქტობრივად, მან ნიკა მელიას არდაპატიმრების გამო გადადგა ეს ნაბიჯი, თუმცა მერე ახალმა პრემიერმა აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და ამას რაიმე განსაკუთრებული და პრობლემური არ მოჰყოლია არც გუნდის შიგნით და არც გარეთ. ამის შემდეგ შედგა შარლ მიშელის დოკუმენტი, ფაქტობრივად, ახლა ყველა პარლამენტშია, ნიკა მელია გარეთ არის და ხვალ, ალბათ, მელიაც შევა პარლამენტში ისევე, როგორც „ნაცმოძრაობის“ დანარჩენი წევრები. ამ თვალსაზრისით, თუკი გახარიას გადადგომა მიზნად ისახავდა დეესკალაციას, დეესკალაცია არ მომხდარა, პირიქით, კიდევ უფრო გამწვავდა პოლიტიკური პროცესი, სამაგიეროდ, პოლიტიკური პროცესი მოგვიანებით ისევ მოგვარდა და, ყველა შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა დარჩა ამით მოგებული - დასრულდა ბოიკოტი, დაპირისპირება, გვაქვს მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა, გვაქვს სასამართლო რეფორმა. ამით პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილე გამარჯვებულია.
მეორე მხრივ, ახლა უკვე სულ სხვა არის გახარიას ნაბიჯები, როცა მისი გუნდის წევრები გამოეყვნენ და „ქართული ოცნებიდან“ წავიდნენ, ზოგიერთმა მათგანმა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ადგილობრივ თვითმმართველობით ორგანოებში დაწერა განცხადებები წასვლის თაობაზე. პრემიერის პოსტი დათმო გახარიამ და ვიღაცამ ახლა მერის მოადგილის პოსტი, ან განყოფილების უფროსობა დათმოს, თუკი ოპოზიციონერობას აპირებს, ამაში გასაკვირი არაფერია. ის, რომ, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“ წაართმევს გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერებს გიორგი გახარია, ამაშიც გასაკვირი არაფერია, თუმცა გახარია იქნება ორმაგი ცეცხლის ქვეშ იმ თვალსაზრისით, რომ მას გაუწევენ კონკურენციას და, ასევე, თავადაც გაუწევს კონკურენციას არა „ნაციონალურ მოძრაობას“ (რომელსაც რადიკალური ოპოზიციის მომხრე ამომრჩეველი უჭერს მხარს და მათთვის ისევე მიუღებელია გიორგი გახარია, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე), არამედ სწორედ იმ ნახევარი მილიონი ამომრჩევლის გადაბირებაზე იმუშავებს, რომელსაც არ უნდოდა არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაცმოძრაობა“, რის გამოც ხმები გადაუნაწილა სხვა პოლიტიკურ პარტიებს.
„ქართული ოცნების“ ამომრჩევლის რა ნაწილი გაჰყვება გიორგი გახარიას?
- „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ნაწილი, ცხადია, გახარიას გაჰყვება, მაგრამ ეს არ იქნება მყარი ელექტორატი. მყარი ელექტორატისთვის გახარია და მის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიუღებელია, რადგან ძალიან პრინციპულ დროს მან უღალატა გუნდს და ყველაზე რთულ პერიოდში გადგა გვერდზე. სწორედ იმის გადასაფარად, რომ გიორგი გახარია არანაირი „ქართული ოცნება 2“ არ არის და არანაირი გეგმები გახარიასთან მიმართებით არ არსებობს, „ქართული ოცნება“ დაიწყებს და გააგრძელებს გახარიას კრიტიკას და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასაც მისი მისამართით, რადგან გახარია უკვე ოპოზიციაა, მათი კონკურენტი და მოწინააღმდეგეა ამ თვალსაზრისით. ასევე, გახარიას კრიტიკას დაიწყებს დანარჩენი ოპოზიციაც. უკვე ვიხილეთ სხვადასხვა სიუჟეტი გახარიასთან მიმართებით ოპოზიციური ტელევიზიებიდან, ესეც ბუნებრივი ამბავია. თუმცა, თუ ვინმეს შეიძლება ჰქონდეს მესამე ძალაზე პრეტენზია, ეს შეიძლება იყოს გიორგი გახარია სწორედ იმიტომ, რომ ერთიანად მიუღებელი გახდა როგორც „ქართული ოცნებისთვის“, ასევე, „ნაცმოძრაობისთვის“. გახარია დააზიანებს სწორედ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომელთაც ასევე აქვთ პრეტენზია, იყვნენ მესამე ძალა, ამ ველზე ყველაზე ძლიერია გიორგი გახარია და არა გიორგი ვაშაძე, ან თუნდაც „ლელო“, „გირჩი“.
ჩვენ გვახსოვს „ნაცმოძრაობის“ 9-წლიანი ეპოპეა, ფაქტია, „ქართული ოცნება“, რაოდენ დიდი სურვილიც არ უნდა ჰქონდეს, ჩაძიროს გახარია, გახარიას ვერ გაუთანაბრებს „ნაცმოძრაობას“, მაგრამ, ზოგადად, რამდენად მომგებიანია „ქართული ოცნების“ იმიჯისთვის, რომ მისსავე ყოფილი გუნდის წევრს, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოჩენილა პოლიტიკურ ასპარეზზე და იშვიათ განცხადებებს გამოისვრის ხოლმე, ასეთ დარტყმებს აყენებს? ცოტა ნაადრევი ხომ არ არის მასზე შეტევა?
- ნაადრევი არ არის, რადგან საარჩევნო კამპანია, ფაქტობრივად, დაწყებულია. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია, ყველა ლიდერი წავიდა აჭარასა და სამეგრელოში, ესეც სწორედ იმაზე იყო გათვლილი, რომ პარტიაში არანაირი დაპირისპირება არ არის და ეს ყველაფერი იყო ჭორები, რადგან კალაძე-ღარიბაშვილი-კობახიძე, ყველანი წავიდნენ აჭარასა და სამეგრელოში, უკვე მიმდინარეობს მერობის კანდიდატების, მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევის პროცესი, ფიქრობენ იმაზეც, პარტიულ სიებში ვინ იქნება, ხვდებიან საკუთარ აქტივს. რადგან ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი უკვე დასრულდა და სხვა ეტაპზე გადავიდა ქვეყანა, უკვე ყველა ფიქრობს თვითმმართველობის არჩევნებზე, მით უმეტეს, როცა ამ არჩევნებზე იქნება დამოკიდებული მომავალი რიგგარეშე არჩევნების ბედი. ყველამ ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ 43%-იანი ბარიერი აქვს გადასალახი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვექნება რიგგარეშე არჩევნები. ამიტომ „ქართული ოცნება“, ბუნებრივია, ყველას წინააღმდეგ გახსნის სერიოზულ ფრონტს, რათა მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი ინტერესები. ყველა შემთხვევაში, ერთ მხარეს გვრჩება „ქართული ოცნება“, როგორც სახელისუფლებო პარტია და ყველა სხვა დანარჩენი ამომრჩევლისთვის უკვე არის ოპოზიცია. ამ ოპოზიციაში როგორ გადანაწილდება ხმები, ამომრჩევლის რადიკალური ნაწილი დარჩება „ნაცმოძრაობასთან“, „ევროპულ საქართველოსთან“ (შალვა ნათელაშვილიც, ალბათ, ნაცმოძრაობას მიებმება ბოლომდე, რადგან მას ისედაც არანაირი რეიტინგი არ ჰქონდა), როგორ მოიქცევა ოპოზიციური ამომრჩევლის არარადიკალური ნაწილი, ვის ენდობა და ვის მისცემს ხმას, სწორედ ამისთვის გაიმართება მთავარი ბრძოლა პოლიტიკურ პარტიებში. თუ ვინმემ შეიძლება ასეთი ტიპის ამომრჩეველი მიიზიდოს, პირველ რიგში, ეს არის გიორგი გახარია. რაც უფრო მეტად დაარტყამს „ქართული ოცნება“ გახარიას, მით უფრო მალე და მტკივნეულად დაიმსხვრევა მითი, თითქოს ის „ქართული ოცნება 2“-ია, თითქოს ბიძინა ივანიშვილის პროექტია, თავად გახარია კი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეკაროს „ნაცმოძრაობას“ სწორედ იმიტომ, რომ ყველა ამომრჩევლის თვალში არ დაკარგოს მესამე ცენტრის და მესამე პოლიტიკური ძალის ფუნქცია.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკისგან დისტანცირებულია, მაგრამ რამდენად სინქრონულია მმართველი გუნდის განცხადებები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გემოვნებასთან მიმართებით გახარიას კონტექსტში?
- ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მან „ქართული ოცნების“ შესახებაც კი თქვა, რომ არ დაუჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“, არც არსად გამოჩნდებოდა და არც რჩევებით, ფინანსებით და დარიგებით „ქართულ ოცნებას“ არ დაეხმარებოდა. ახლა სრულიად წარმოუდგენელია მან ამის კეთება დაიწყოს გახარიასთან მიმართებით, მით უმეტეს, როცა ჩვენ მცირე ქვეყანა ვართ და აქ არავინ და არაფერი არ დაიმალება, მათ შორის, არ დაიმალება ბიზნესი, თუ ვინ მისცემს გახარიას ფულს, თუ ვინ დადგება მის გვერდით, თავად რიტორიკაში გახარია ახსენებს თუ არა ბიძინა ივანიშვილს. ასე რომ, მარტივი არ არის, რაღაცები აკეთო და თან ვერავინ ვერაფერი გაიგოს.
გიორგი გახარიამ პოლიტიკაში შემოსვლა სამეგრელოდან გადაწყვიტა. ამის გამო მას შეახსენებენ, რომ ზვიად გამსახურდიამაც ასე დაიწყო და მხოლოდ სამეგრელოზე აქცენტის გაკეთება მისთვისაც წამგებიანი არ აღმოაჩნდეს. თქვენ რას ფიქრობთ?
- რაც შეეხება სამეგრელოს, ალბათ, ის, რომ აჭარიდან დაიწყო საარჩევნო კამპანია „ქართულმა ოცნებამ“ და შემდეგ უკვე სამეგრელოში გადაინაცვლა, კიდევ ერთი მინიშნებაა იმაზე, რომ, თუკი სადმე გახარიას მხარდაჭერა შეიძლება ჰქონდეს, ეს იქნება სწორედ სამეგრელო. სწორედ აქ უპირებს „ქართული ოცნება“ ყველაზე მეტად დარტყმას. როგორც ჩანს, ამ რეგიონში ჰქონდა გახარიას ყველაზე მეტი დასაყრდენი, იგივე ვიცე-მერები, რომლებიც გადადგნენ, სხვა ადამიანები, რომლებიც, ასევე, წერენ განცხადებებს და მიდიან სხვადასხვა თანამდებობიდან, სწორედ ამას მიანიშნებს, მაგრამ, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკას, გახარია სამეგრელოს ხარჯზე თბილისში წარმატებას ვერ მიაღწევს, თბილისში სხვა ამომრჩეველია და კახეთში სხვა ამომრჩეველი. ფაქტობრივად, გამოვრიცხავ რიგგარეშე არჩევნებს, ამიტომ, თუ ჩვენ მოვიაზრებთ, რომ მომავალში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სამეგრელოში აღებული ხმები გახარიას წაადგება საერთო ეროვნულ დონეზე, ეს მისთვის კარგი იქნება. ცხადია, ერთ-ერთი კუთხე, სადაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა ექნება მისი წარმომავლობიდან და გავლენებიდან გამომდინარე, იქნება სწორედ სამეგრელო.