ევროკომისიის პრეზიდენტი: ბელარუსის რეჟიმის მიერ Ryanair-ის თვითმფრინავის გატაცება დემოკრატიაზე თავდასხმაა

ევროკომისიის პრეზიდენტი: ბელარუსის რეჟიმის მიერ Ryanair-ის თვითმფრინავის გატაცება დემოკრატიაზე თავდასხმაა

ბელარუსის რეჟიმის მიერ Ryanair-ის თვითმფრინავის გატაცება დემოკრატიაზე თავდასხმაა, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„ეს თავდასხმაა გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს თავდასხმაა ევროპის სუვერენიტეტზე. რომან პროტასევიჩი და სოფია საპეგა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკავშირის სამიტმა ბელარუსში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება მიიღო. ევროკავშირის სამიტი საბჭოს მოუწოდებს, დამატებითი პირები და ორგანიზაციები სასანქციო სიაში შეიყვანოს და შემდგომი ეკონომიკური სანქციები დააწესოს.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

ბელარუსში რომან პროტასევიჩს მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობასა და ხელისუფლებისა და მილიციის წარმომადგენლების მიმართ „სოციალური შუღლის გაღვივებაში“ ადანაშაულებენ.