ჯო ბაიდენი: აშშ გააგრძელებს ბელარუსი ხალხის გვერდით დგომას

ჯო ბაიდენი: აშშ გააგრძელებს ბელარუსი ხალხის გვერდით დგომას

ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვება და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის შემდგომი დაკავება საერთაშორისო ნორმების პირდაპირი შელახვაა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

„აშშ უმკაცრესად გმობს თვითმფრინავის იძულებით დაშვებასა და რომან პროტასევიჩის შემდგომ დაპატიმრებას. ეს აღმაშფოთებელი ინციდენტი და ვიდეო, რომელიც ბატონმა პროტასევიჩმა ზეწოლის ქვეშ გადაიღო, სამარცხვინო თავდასხმაა როგორც პოლიტიკურად განსხვავებულ აზრზე, ასევე პრესის თავისუფლებაზე. აშშ უერთდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებს მისი გათავისუფლების მოთხოვნით, ასევე ასობით სხვა პოლიტპატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულნი ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას.

„მივესალმები იმას, რომ ევროკავშირმა მიზნობრივი ეკონომიკური სანქციებისა და სხვა ზომების დაწესება მოითხოვა და ჩემს გუნდს დავავალე, შესაბამისი ვარიანტები შეამუშავონ პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დასადგენად“, - განაცხადა ამერიკის ლიდერმა.

ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს ბელარუსი ხალხის გვერდით დგომას მათ ბრძოლაში.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

ბელარუსში რომან პროტასევიჩს მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობასა და ხელისუფლებისა და მილიციის წარმომადგენლების მიმართ „სოციალური შუღლის გაღვივებაში“ ადანაშაულებენ.