გიორგი გახარია პოლიტიკურ ასპარეზზე შემოსვლას არ ჩქარობს. ყოფილი პრემიერის მხარდამჭერები კი თანამდებობებს იმ მოტივით ტოვებენ, რომ ხელისუფლება მათ წინააღმდეგ რეპრესიულ პოლიტიკას ატარებს. რა გუნდით გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებას და როგორი იქნება გახარია ოპოზიციურ ფლანგზე, ამ ეტაპზე უცნობია.
რა უნდა გიორგი გახარიას არ იცის ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის განცხადებით ყველა ადამიანის ქმედებას საკადრისი პასუხი გაეცემა.
„გახარიაზე რა უნდა გითხრათ?! ყველა ადამიანის ქმედებას საკადრისი პასუხი გაეცემა. ყველას და ყველაფერს სახელი დაერქმევა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მისივე განმარტებით, მას გაუმართლებლად მიაჩნდა ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზი იყო ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავებაზე უარი თქვა, რატომაც საზოგადოების კრიტიკაც დაიმსახურა. სანამ ყოფილი პრემიერი პოლიტიკურ ველზე შემოვა, მის შესაძლო პასუხისმგებლობაზე საუბრობს ვარლამ გოლეთიანი, რომელიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორია. სწორედ გახარია არის ის თანამდებობის პირი, რომლის ხელმოწერითაც მოხდა რიონის ხეობის გადაცემა 121 ლარად კომპანია „ენკაზე“. სწორედ გიორგი გახარია იყო ის თანამდებობის პირი, რომელიც ითხოვდა, რომ კონსტიტუციაში არ ჩაეწერათ მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა. სწორედ გიორგი გახარია იყო ეკონომიკის მინისტრი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში მარიხუანას პლანტაციების გაშენება ქვეყანას საფრთხეს არ უქმნიდა.
კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, რომელიც გიორგი გახარიას უკავშირდება – დავითგარეჯის საქმეა. მისი როლი ამ საქმეში, 2019 წლის მაისიდან იწყება, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გარეჯელ ბერებს უდაბნოს მონასტერში მისვლის უფლება აუკრძალეს. 4–5-დღიანი აკრძალვის შემდეგ მონასტერი გაიხსნა, მაგრამ სამ თვეში მონასტერი უდაბნო დაიკეტა და დღევანდელ დღემდე დაკეტილია. იყო შეხვედრა გარეჯელ ბერებსა და პრემიერს შორის, ცხარე კამათიც, იმედის მომცემი დაპირებები, მაგრამ საქმე გაიყინა. იმ შემთხვევაში, თუკი გახარია გადაწყვეტს პოლიტიკურ ველზე შემოსვლას, საკმაოდ მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გახარიამ ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს, რაც ძალიან მძიმე ნაბიჯი იყო მისი მხრიდან. მისი თქმით, გახარიამ მოიტყუა და ეს ძალიან მძიმე ტყუილი იყო.
„სამწუხაროდ, ეს რეჟიმი გრძელდება, ამის ნიშნებს კიდევ უფრო მკვეთრად დაინახავს საზოგადოება მომავალში. ყველაფერი გამოჩნდება უახლოეს მომავალში, გამოჩნდება, რა ფულით გეგმავენ პოლიტიკური საქმიანობის წარმოებას, რომელი ტელევიზიები დაუჭერენ მხარს. ნებისმიერ პირს, ნებისმიერ პარტიას შეუძლია გააქტიურდეს, ეს არის მათი უფლება. ჩვენი ამოცანა არის ამ არჩევნების დამაჯერებლად მოგება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციას არ იზიარებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში რუსუდან თევზაძე, რომლის შეფასებით, გახარიას გუნდი ყალიბდება ახალ, სერიოზულ პოლიტიკურ ძალად, რომელიც მისი თქმით, აუცილებლად დაარღვევს ამ ორპოლუსიან იდილიას და ყბადაღებულ კოჰაბიტაციას, რომელსაც ექსპერტის განცხადებით, ამდენი წელია ასე ძალუმად შესტრფიან, უფრთხილდებიან და ცივ ნიავს არ აკარებენ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურნი.
„ყველაზე მეტად ირაკლი კობახიძის ის ზღაპარი მომწონს, გახარიას გუნდი რომ დადის თურმე საზოგადოებაში, ბიზნესმენებთან, „ოცნების“ აქტივისტებთან და ამბობენ, რომ არიან „ოცნება 2“, „ქართული ოცნების“ მეორე პროექტი. აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ძლიერი იურისტისთვის ლოგიკა უმთავრესი იარაღია, მაგრამ პოლიტიკა ოხერია და ძლიერ იურისტებსაც ბევრ სისულელეს ათქმევინებს, როგორც ჩანს.
ანუ, კობახიძის მონათხრობის მიხედვით, „ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ–მინისტრი, თავისით რომ გადადგა, „ქართული ოცნების“ ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატები, „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი მერები და მერების მოადგილეები „ქართული ოცნებიდან“ წავიდნენ იმიტომ, რომ შემდეგ ყველასთვის ეთქვათ და ყველა „მოეტყუებინათ“, რომ ისინი „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილის გუნდს წარმოადგენენ... უკაცრავად და „ქართულ ოცნებაში“ თუ უნდოდათ ყოფნა, მანდაც იყვნენ და უმაღლესი თანამდებობებიც ეკავათ.
მაშინ რატომღა წავიდნენ ბატონო ირაკლი, მით უფრო, რომ იქვე ბრძანეთ, არანაირი ზეწოლა არ ყოფილა მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებისასო? ბატონო ირაკლი, სად გაგექცათ ლოგიკა, რატომ ატყუებთ საზოგადოებას, ასეთი გაუგებარი და უტვინო გგონიათ თქვენი ხალხი? ერთში კი ნამდვილად მართალი იყავით, ისინი აღარ არიან „ქართული ოცნება“ და ყალიბდებიან ახალ, სერიოზულ პოლიტიკურ ძალად“, – წერს რუსუდან თევზაძე.
რა პერსპექტივა აქვს გიორგი გახარიას პოლიტიკაში და უკვე როგორც ოპოზიციონერ ლიდერს? პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, გაცილებით უფრო შემტევი აღმოჩნდა „ნამახვანჰესის“ პრობლემა, ვიდრე დავითგარეჯის პრობლემა. იმ შემთხვევაში, თუკი ორივე პრობლება თავს მოიყრის გახარიასთან და ეს პრობლემები დადგება წინა პლანზე პოლიტიკურ დიალოგში, მისი თქმით, ნამდვილად არ იქნება სასურველი სურათი გახარიასთვის.
„ბუნებრვია, რომ გახარიას მოუწევს ამ თემებზე საუბარი. მაგრამ არის მორე მხარეც, შეძახილებით არ არის საქმე საკეთებელი, სასურველია მსჯელობა სასამართლოში, ან საპარლამენტო სივრცეში. მეორე მხრივ, გახარიას აქვს გარკვეული შეხედულებები ეკონიმიკაზე, შეხედულების გამო ადამიანის განსჯა ძნელია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რა არგუმენტაციას ეყრდნობა მისი ეკონომიკური შეხედულებები, თუ დამაჯერებელი არ იქნება არგუმენტაცია, მაშინ სხვა ეჭვი გაჩნდება.
ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში პოლიტიკური ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას, როგორც რაღაცა შეხედულებების გამო, ასევე იმის გამო, რომ ვიღაცის ინტერესებით შეიძლება იყოს ნაკარნახევი გარედან, და არა საკუთარი ქვეყნის. ამ შემთხვევაში რომელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ამას დრო დაგვანახებს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ყველა საჯარო სამსახურში გახარია იყო წარმატებული მენეჯერი და მან ეს არაერთხელ დაამტკიცა, მაგრამ რაც შეეხება ოპოზიციაში ყოფნას, მისი თქმით, ცოტა სხვა მოცემულობაა ნებისმიერი მოქალაქისთვის და მით უმეტეს პოლიტიკაში.
„როგორი პლატფორმის იქნება პარტია, რა გეგმები აქვს ეკონომიკაში, საგარეო და საშინაო პოლიტიკაში და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა მოვისმინო, რომ გავაანალიზო. რა უნდა გახარიას – დღეს არ ჩანს სრულყოფილად. ერთადერთი რაც არ მომწონს ქართულ პოლიტიკაში, ეს არის ის, რომ გუშინ თანაგუნდელები იყვნენ და დღეს დაუნდობლად ლანძღავენ ერთმანეთს, ასეთი რაღაცა არ შეიძლება. და არ შეიძლება იმაზე სხვაზე გადაბრალება, რაზეც გუშინ და გუშინწინ შენ იყავი პასუხისმგებელი და მონაწილეობდი იმ პოლიტიკაში. ვგულისხმობ გახარიას ამჟამინდელ თანაგუნდელებს.
გუშინწინ ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს აკრიტიკებენ ხელისუფლებას და ამბობენ, რომ შეცდომები იყოო, არ გამოდის ასე. ამიტომ როდესაც პოლიტიკაში ზომიერებაზე და კონსტრუქციულ თამაშზე არის ლაპარაკი, მაშინ იქ დაუნდობლობა და მაქსიმალიზმი, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. გუშინ იყვნენ ძალიან მეგობრები, დღეს არიან ძალიან მტრები. ზომიერება აკლია ქართულ პოლიტიკურ სივრცეს. სულ რაღაც რამდენიმე თვეში ახალი საარჩევნო კოდექსით იქნება არჩევნები, ვნახავთ ოქტორმბრის ბოლოს, ვის რამხელა პოლიტიკური წონა აქვს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია აბაშიძემ.