„ნაციონალური მოძრაობა“ შევა თუ არა პარლამენტში, ცნობილი თვის ბოლოს გახდება. ბოლო პერიოდში, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, აქტიურად გვესმის მოწოდება, რომ ოპოზიციური პარტია უნდა შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში. ანალიტიკურ და ექსპერტულ წრეებში საუბრობენ, რომ თუკი „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში არ შევა, დასავლეთის თვალში, პარტიის იმიჯი შეილახება და ეს გარკვეულწილად, მის რეიტინგზეც უარყოფითად იმოქმედებს.
„ნაცმოძრაობის“ ერთგვარი ბოიკოტი ამ დრომდე გრძელდება. მთავარი ოპოზიციური პარტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას არ ჩქარობს. „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად უკრაინაში წავიდა. კიევიდან დაბრუნების შემდეგ კი თქვა, რომ სწორედ რამდენიმე დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას, პარლამენტში შესვლა/არშესვლასთან დაკავშირებით.
ნიკა მელიას თქმით, აღნიშნულ საკითხზე პირადად ჩამოყალიბებული აქვს პოზიცია, თუმცა იგეგმება შეხვედრები რეგიონებში და გადაწყვეტილების თაობაზე თვის ბოლოს ისაუბრებენ.
„დღიდან გათავისუფლებისა ვთქვი, რომ დამჭირდება გარკვეული დრო და ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე, მეგობრებთან ერთად, არ ვიჩქარე. პატივისცემის ღირსია ყველა ჯგუფი, ბლოკი, „ნაციონალური მოძრაობის“ ფარგლებში ვინც არის გაერთიანებული. სამი თვე არ მქონია მათთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ვინმეს თუ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ გამოსვლისთანავე განცხადებას გავაკეთებდი კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ეს რომ გამეკეთებინა არაგამართლებული პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა ჩემი მხრიდან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ციხეში ყოფნის დროს არ მქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია პარლამენტში ბრძოლის გაგრძელებასა თუ არგაგრძელებასთან დაკავშირებით. მქონდა, მაგრამ ეს პერიოდი ამისთვის გამოვიყენე. ზეგიდან რეგიონებში გავდივარ და ვფიქრობ, რომ თვის ბოლოსთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით, მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის მისაღები.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ბევრი ადამიანი გარშემო მუშაობს იმისთვის, რომ ეს ასე არ იყოს. ყოფილა და იქნება საკითხები, სადაც აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ, რომ ყველა ფუნდამენტურ საკითხზე ჩვენ ვთანხმდებით, რადგან არის საღი აზრი და როდესაც საღი აზრის ფარგლებში ვართ მოქცეული, იქ შეუძლებელია, არ მიიღო რაციონალური გადაწყვეტილება.
ადამიანი არ მინახავს ორწელიწად-ნახევარია. როგორც კი მომეცა შესაძლებლობა, მას ამის შესაძლებლობა არ ეძლევა, ავიღე ბილეთი და ვისაუბრეთ ორი დღის განმავლობაში. ამ ნაყოფიერი დისკუსიის შედეგებს იხილავს საზოგადოება და ის ჩასაფრებული ბევრი ადამიანი, შიგნით თუ გარეთ, არ მგონია ნასიამოვნები დარჩეს იმით, რომ ჩვენ შორის იქნება ურთიერთგაგება და არ იქნება, ის რაც მათ სურთ. სურთ, კონფლიქტი ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის და ეს არ იქნება. პირველ რიგში, „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა იყოს ერთობა განსხვავებულ პოზიციებზე მყოფ ჯგუფებს შორის და ეს მეამაყება, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ასეთი პოზიციები და პოზიციების შეჯერება ხდება. ამიტომ, ამ ვიზიტით ძალიან კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლმენტში შესვლის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასავლეთის თვალში, პარტიის იმიჯი შეილახება.
„თუ „ნაცმოძრაობა“ არ შევა პარლამენტში, იგი დაკარგავს შესაძლებლობას, რომ გამოიყენოს საპარლამენტო ტრიბუნა. ასევე, მისი იმიჯი საერთაშორისო საზოგადოების თვალში, შეირყევა, რადგან იგი მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდეს. თუ „ნაცმოძრაობა“ არ შევა პარლამენტში, საუბარია 33 დეპუტატზე, ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ეზრდება შანსი, რომ შეინარჩუნოს უმრავლესობა პარლამენტში.
თუ „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში შევა, შეიძლება გამოეყონ გარკვეული დეპუტატები, როგორც ეს 6 დეპუტატის შემთხვევაში მოხდა, მათ დატოვეს „ქართული ოცნება.“ თუ „ნაცმოძრაობა“ იქნება პარლამენტში და „ქართულ ოცნებას“ კიდევ 10-15 დეპუტატი დატოვებს, მან შესაძლოა დაკარგოს უმრავლესობა პარლამენტში. ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობას“ ექნება შესაძლებლობა მთავრობას გამოუცხადოს უნდობლობა და შემდეგ მისი გადაყენება მოითხოვოს.
„ნაცმოძრაობისთვის“ უფრო მომგებიანი იქნება პარლამენტში შესვლა. ალბათ შევა, თვითონ მიხეილ სააკაშვილიც მოუწოდებს „ნაცმოძრაობას,“ რომ შევიდეს პარლამენტში. მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, ერთ-ერთი გადამწყვეტი თუ არა, რადგან „ნაცმოძრაობის“ დიდმა ნაწილმა ამ პარტიას ხმა მისცა მიხეილ სააკაშვილის ავტორიტეტიდან გამომდინარე“, - თქვა ჩიტაძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობას“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, უკვე მიღებული აქვს.
„დადებითად, რომ არ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება „ნაცმოძრაობასა“ და მის პოლიტიკურ წონაზე, ასევე დასავლეთის დამოკიდებულებაზე, ფაქტია, რადგან ამ ხნის განმავლობაში ისინი „ნაცმოძრაობას“ თვლიდნენ ერთ-ერთ საყრდენად, როგორც პროდასავლური ძალას. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და პარტია ხელს არ მოაწერს შარლ მიშელის დოკუმენტს, ბუნებრივია, ეს ნეგატიურად აისახება ამ პარტიის მიმართ დამოკიდებულებაზე და შესაბამისად, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მათ დაიწყონ ალტერნატიული საყრდენების ძებნა საქართველოში. ეს საყრდენები ბოლო პერიოდში, მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, თანდათან იკვეთება.
„ნაცმოძრაობის“ განცხადებებს რასაც ვუსმენ, იქ არის ისეთი განწყობა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს შეუქმნან ის კომფორტი, რომ „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში არ იყოს. „ქართული ოცნება“ ძალიან არის მოწადინებული, რომ პარლამენტში ჩვენი ხმა არ ისმოდეს და ა.შ. ეს ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ მათ უკვე პარლმენტში შესვლის გადაწყვეტილება მიღებული აქვთ?! - ერთგვარ ანტურაჟს ქმნიან იმისა, რომ კვლევებს ატარებენ, ხალხის აზრს ისმენენ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. მაინც მგონია, რომ გაიმარჯვებს ის ფრთა, რომელიც მომხრეა პარლამენტში შესვლის“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.