ამერიკელი და ევროპელი პარლამენტარები: გამოძიების დასრულებამდე ბელარუსში და ბელარუსიდან ფრენები უნდა აიკრძალოს

ამერიკელი და ევროპელი პარლამენტარები: გამოძიების დასრულებამდე ბელარუსში და ბელარუსიდან ფრენები უნდა აიკრძალოს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის ხელმძღვანელი, სენატორი ბობ მენენდესი და ევროკავშირის 7 წევრი ქვეყნის პარლამენტარები ბელარუსში ავიაკიომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებასა და ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩის დაკავებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ ძალადობის საფრთხეს, რომელიც სამოქალაქო თვითმფრინავის მიმართ ბელარუსის ცაში გმოიყენეს. მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენება Ryanair-ის სამოქალაქო რეისის დასაკავებლად მეკობრეობაა. ამ უგუნურმა ქმედებამ მგზავრები და ეკიპაჟი სერიოზულ საფრთხეში ჩააგდო. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ დაუყოვნებლივ უნდა ჩაატაროს გამოძიება ქვეყნებს შორის თავისუფალი ტრანზიტის აშკარა დარღვევისა და თვითმფრინავისთვის საფრთხის შექმნის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკელი და ევროპელი პარლამენტარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გამოძიების დასრულებამდე ბელარუსში და ბელარუსიდან ფრენები უნდა აიკრძალოს.

„აშკარაა, რომ ბელარუსის ხელისუფლება პატივს არ სცემს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას. სახელმწიფო ტერორისა და გატაცების ეს ქმედება საფრთხეს უქმნის ყველას, ვინც მოგზაურობს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. მოვუწოდებთ ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს, სანქციები დაუწესონ ლუკაშენკოს რეჟიმს და შეზღუდონ მათი შესაძლებლობა ინტერპოლი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ევროპაში დემოკრატიაზე შემდგომი თავდასხმისთვის გამოიყენონ. ჩვენ მოვითხოვთ თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მეთვალყურეობის ქვეშ. რომან პროტასევიჩისა და ყველა სხვა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ. ბელარუსში ტირანიას ადგილი არ აქვს“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და ჩეხეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

ბელარუსში რომან პროტასევიჩს მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობასა და ხელისუფლებისა და მილიციის წარმომადგენლების მიმართ „სოციალური შუღლის გაღვივებაში“ ადანაშაულებენ.