ომარმა ზღვა პირველად ნახა და როცა იგრძნო, რა ინტერესით შევყურებდით, შეეცადა მდგომარეობის სიმაღლეზე ყოფილიყო. "არაფერი ისეთი არ ყოფილა" - ტუჩბმოღრეცილმა, აგდებულად გადმოისროლა მან - მე უფრო დიდი მეგონა". არანაკლები სისულელე იქნებოდა, რომ ზღვას გამოვქომაგებოდი და არ ვუპასუხე.
(ოთარ ჩიჯავაძე, "თვითმკვლელები")
"ავატარი" ხომ გინახავთ, სამმეტრიანი ყურცქვიტა კუდიანები ჯოჯოებით რომ დაფრინავენ? უზარმაზარ ბულდოზერსაც შეამჩნევდით, შესაბამისი პარამეტრების მუხლუხოებით, ჩამჩებით და ათასი სხვა მოწყობილობით, ყველაზე და ყველაფერზე გადავლა რომ შეუძლია. კი, იქ ცუდია - აბორიგენებს ემუქრება, დაცალეთ ტერიტორია, თორემ ცუცნცულა ცულების დრო წარსულს ჩაბარდა და წადით, სხვა ვარსკვლავს სდიეთო, მაგრამ იქ რომ ცუდია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სადმე ვერ გამოიყენებ, შალვა ნათელაშვილი იყოს და ბუზი ბაღდადიდან მოვაო - ბრძანა ერთხელ შალვა ნათელაშვილმა და, ეგ ბულდოზერი რომ მომცა, მერე მე ვიცი და ჩემმა მარიფათმა.
"ავატარი" ტელევიზორში მაქვს ნანახი, თუ არ ვცდები - საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ზუსტად არ მახსოვს, "მოამბის" წინ თუ "სამოთხის ვაშლების" შემდეგ, თუმცა იმის თქმა ზუსტად შემიძლია, რომ აღნიშნული ბულდოზერი "აქცენტების" დროს ყოველთვის მახსენდება ხოლმე.
გასული კვირის მთავარი თემა ხომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" იყო - დირექტორებითა, პროდიუსერებითა, წამყვან-დიქტორებითა, მემონტაჟე-გამნათებლებითა და, რა თქმა უნდა, მეურვეებითა. ეგ იყო მთავარი თემა და არა, დავუშვათ, სამართლიანობის აღდგენა ან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ვინ უნდა აღდგეს დაკავებულ თანამდებობაზე, ხათუნა ბერძენიშვილი თუ გიორგი ბარათაშვილი? აი, რა აწუხებს ტელემაყურებელს. მთავარია იყოს სერიალი - თვალწარმტაცი პატრიცია და ბანჯგვლიანი ხორხე, ბოროტი ვიოლეტა და სიმპათიური დიეგო, აღშფოთებული ხათუნა და შეშფოთებული გიორგი, მართალი ლევანი და ალალმართალი დოდო...
"თანამშრომლები სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრას ითხოვენ" - ამ ფილმის პრემიერა გასულ კვირაში შედგა. მთელი ამ წლების განმავლობაში ერთხელაც არ მოუთხოვიათ მსგავსი შეხვედრის მოწყობა - მიზეზი არ ქონიათ, ყველაფერი მოსწონდათ, ყველაფერს ეთანხმებოდნენ, ყველაფერს ტაშს უკრავდნენ.
ჩვენ არ ვართ საზოგადოება, ჩვენ ვართ ტელემაყურებელთა კლუბი. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" არც საზოგადოებრივია და არც მაუწყებელი, სადავო მხოლოდ ის არის, თავისი არსით იგი საზოგადოებისგან უფრო შორს დგას თუ, თავისი საქმიანობით - მაუწყებლობისგან. ეს უნდა იყოს განსჯის საგანი და აქცენტების ადრესატი, მაგრამ რაზე ვაკეთებთ აქცენტებს, როცა "აქცენტებს" აკეთებს ერთი ტუტრუცანა გოგო?
ისევ ბულდოზერი გამახსენდა...
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომლების ნაწილი სამეურვეო საბჭოს უნდობლობას უცხადებს. როგორც არხის თანამშრომლებმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მათ მაუწყებელში შექმნილი ვითარების შესახებ განცხადების გაკეთება "პირველი არხის" ეთერით, დავით პაიჭაძის გადაცემაში სურდათ, თუმცა, ამის საშუალება არ მიეცათ. მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილის, გოგა ჩართოლანის განმარტებით, სრულიად გაუგებარია ის პუნქტები, რის გამოც სამეურვეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილის გენერალური დირექტორობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, თანამშრომლების უმრავლესობისთვის გაუგებარია, რაში მდგომარეობს კრიზისი..."
სტოპ!!! მართლაც ბევრი რამ არის გაუგებარი და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ მთავარია გაგება, მაგრამ როგორ მიიღწევა გაგება? გაგება მიიღწევა ფიქრით, განსჯით, ცოდნით, ანალიზით, მაგრამ რადგან უსიყვარულოდ (და უსიგარეტოდაც), მზეც არ სუფევს ცის კამარაზე, ბუნებრივია, რომ უსიყვარულოდ არც გაგება მიიღწევა.
კრიზისი კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ წლების განმავლობაში საზმაუს თანამშრომლები ერთხელაც არ აღშფოთებულან იმით, რომ ქუჩაში ერთი ხდებოდა, "მოამბეში" კი მეორეს აჩვენებდნენ.
საზოგადოება, სულ რომ არც არაფერი, ისედაც უნდა გიყვარდეს, მაგრამ როდესაც "საზოგადოებრივი" გქვია, და ეს სიტყვა თუნდაც მხოლოდ შენი დაფინანსების ფორმის განმსაზღვრელი იყოს, საზოგადოებაზე უნდა გაფანატებდეს, გაბოდებდეს.
ყველამ ვიცით, რაც მოხდა 7 ნოემბერს, შემდეგ - 6 მაისს, შემდეგ - 15 ივნისს და 26 მაისს; ყველამ ვიცით, რაც დაემართათ რობაქიძეს, გირგვლიანს, ვაზაგაშვილს და სხვებს; ყველამ ვიცით, რასაც წარმოადგენენ გურამ დონაძე და ნუგზარ წიკლაური, მიხეილ სააკაშვილის დედა და გოკა გაბაშვილის მამა; ყველამ ვიცით, რისი მაქნისები არიან გია თორთლაძე და სვიმონ მასხარაშვილი, გიგა ნასარიძე და ალისტრახო როხვაძე... ბევრი რამ ვიცით, გავიგეთ და ვისწავლეთ, თუმცა ისე გამოვიდა, რომ ვისწავლეთ სხვაგან და არა იქ, სადაც სწავლაში ფულს ვიხდიდით და ახლაც ვიხდით.
"აშშ-ის მთავრობის სხდომიდან: "დაიხოცა ორასი ინდიელი"; "რამდენი დაიხარჯა ამაზე?" "ორი მილიონი დოლარი"; "ამ ფულით შეიძლებოდა მათთვის უმაღლესი განათლება მიგვეცა" - ეს არის მარკ ტვენი, ხოლო ეს - "ვთვლი, რომ სამეურვეო საბჭომ ძალიან სამართლიანი და სწორი გადაწყვეტიულება მიიღო. ბორდის ხელმძღვანელმა ლევან გახელაძემ სწორად ახსნა, რომ ამ პოლიტიკურ კრიზისში, რომელშიც ახლა საზოგადოებრივი მაუწყებელი იმყოფება, არ შეიძლებოდა გარკვეული მხრიდან სიტუაციის პროვოცირება, მაგრამ აქ მთავარი კიდევ ერთი ფაქტორია, დაბალანსებული საინფორმაციო გამოშვებები. რეზოლუციების მიუხედავად, არ მთავრდება ზეწოლის მცდელობა საინფორმაციო სამსახურზე" - ეს ხათუნა ბერძენიშვილია.
ისე, რეზოლუციების მიუხედავად, ჯერ არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილა, მაგრამ ეს მეორე და იქნებ, მესამეხარისხოვანი საკითხიც იყოს, გასულ კვირაში ხომ მთავარი აქცენტები "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" კეთდებოდა!..
ისევ გამახსენდა ბულდოზერი... და ბარემ ახლავე გეტყვით, რატომაც მახსენდება "ავატარში" ნანახი ბულდოზერი.
აი, ყველა რომ იმაზე მსჯელობს, რა ეშველება "საზოგადოებრივ მაუწყებელს", უნდა შეიცვალოს თუ არა ბორდის დაკომპლექტების წესი, უშველის თუ არა საქმეს ბარათაშვილის ან ბერძენიშვილის აღდგენა, გახელაძის გადაყენება, კვესიტაძის დაჭკვიანება და სამოთხის ვაშლების გაახალგაზრდავება, ასე მგონია, რომ ეს ყველაფერი არის სისულელე და გამოსავალი მხოლოდ ბულდოზერშია. სპეციალურად ვეწვიე ტექნიკური უნივერსიტეტის საგზაო-სამშენებლო მანქანების კათდრას, სადაც პროფესორმა, ქალბატონმა ლია სუთიძემ ამიხსნა, რომ მხოლოდ ბულდოზერით საქმე არ კეთდება და რომ ბულდოზერთან ერთად საჭიროა ტრაქტორი, გრეიდერი და ექსკავატორი. მებევრა, ანუ მეძვირა. მეძვირა, მაგრამ სად ერთი ბულდოზერი და რამდენიმე ექსკავატორი ერთჯერადად, და სად - 50 მილიონი ყოველწლიურად!
მიაყენე, გადაასწორე, დალიე "ფანტა" და გაიზიარე საზოგადოებრივი მხიარულება. დაზოგე 50 მილიონი ყოველწლიურად და ყოველდღე დაზოგე ჯანმრთელობა. ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს და რადგან ფულს ვიხდით ჩვენ, ვაშლებსაც ჩვენ ვარჩევთ. გვინდა ჩვენ ჭიანი და მოკბეჩილი თურქული ვაშლი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ მას "სამოთხისა" უწოდა?
ჩემი სამეგობროს სხდომიდან: "გვაქვს "საზოგადოებრივი მაუწყებელი". "რამდენი იხარჯება ყოველწლიურად?" "50 მილიონი პლუს-მინუს" "ამ თანხით შეგვეძლო..."
რამდენი რამ შეგვეძლო და რამდენი რამ შეგვიძლია...
ასეთი აზრიც მოვისმინე: "აჭარის მოსახლეობა იმსახურებს, რომ მას ჰქონდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი". ანუ, აჭარის ტელევიზიას სახელმწიფო ტელევიზია რომ ჰქვია, ყოფილა ცუდი, გამოსავალი კი არის ის, რომ უნდა დაერქვას "საზოგადოებრივი მაუწყებელი". როგორც ვიცი, მედია-ექსპერტები ამ საკითხზე აქტიურად იჭყლეტენ ტვინს, მაგრამ ისიც ხომ ასპროცენტიანია, რომ ქაქს უწოდებ, განავალს, ექსკრიმენტს თუ ფეკალურ მასას, უკაცრაული რიტორიკული შეკითხვაა და, "მძ...რი" მაინც "მძ...ად" არ დარჩება?! რაღა შორს წავიდეთ - პრეზიდენტი სააკაშვილი და პრემიერ-მინისტრი სააკაშვილი განა ერთი ის არ არის... რა ჰქვია, კაცო, იმას?!
იმას, რაშიც ეს ქვეყანა იმყოფება...
"პატიმართა წამებაში ბრალდებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი გაგა მკურნალიძე ბრალს აღიარებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში გამართული 17 პირის წინასასამართლო სხდომის შემდეგ, მკურნალიძის ადვოკატმა კობა ამბარდნიშვილმა განუცხადა. "გაგა მკურნალიძე დანაშაულს აღიარებს. სასამართლოს წინაშე მან აღიარებითი ჩვენება კიდევ ერთხელ დაადასტურა. იგი იზიარებს სრულ პასუხისმგებლობას და ყველა დაზარალებულს ბოდიშს უხდის. ამბობს, რომ არის რეჟიმის მსხვერპლი", - განაცხადა ადვოკატმა" - ამას რაღა ჰქვია? გაგა მკურნალიძე მსხვერპლია? გაგა მკურნალიძე არის რეჟიმის მსხვერპლი?
მე მგონი, ჩვენ, ყველანი ვართ კოჰაბიტაციის მსხვერპლნი, იმ კოჰაბიტაციისა, აბორტის მსხვერპლსა და ჩვენს მიერ გაკეთებულ არჩევანს შორის რომ ხდება, თუმცა აბორტის მსხვერპლიც ჩვენი არჩევანი იყო. "ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში ქართველი ხალხის არჩევანი შენარჩუნდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განუცხადა. მისივე თქმით, არავითარი საფრთხე ქვეყანას "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არ ემუქრება" - ეს ნიუსი გულზე მალამოდ მეცხო და მალამოს მალამო მოყვა:
"მიხეილ სააკაშვილთან ჩემი მოლაპარაკება უკავშირდება იმას, რომ უმცირესობის არც ერთი წევრი არ დარჩეს საზოგადოების მიღმა. მე ყველა ქართველი მიყვარს. მე არ მინდა სააკაშვილიც დარჩეს პროცესებს მიღმა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ გაემიჯნოს საზოგადოებას. მინდა საზოგადოების წევრად დარჩეს იგივე გიორგი ვაშაძე, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და ჩვენს შორის ჯანსაღი პოლემიკა შედგა" - ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია.
რამე რო იყოს, სააკაშვილი და მისი ვაშა-ურა ძმები სოზარ სუბარისადმი დაქვემდებარებულ რომელიმე დაწესებულებაში საზოგადოების წევრებად ვერ დარჩებიან? ანაც, ბოლო დროს მოდურად ქცეული გამოთქმა რომ ვიხმაროთ (ეს გამოთქმა მართლაც რომ სახმარია), სახეს ვერ შეინარჩუნებენ? კარგად დააკვირდით სააკაშვილს, გაბაშვილს, ხაბაზს, წიკლაურს და სხვებს. როგორიც არ უნდა იყოს კარცერი-ლუქსი და რამდენი წელიც არ უნდა გაატარონ იქ, განა მათ როდესმე გამომეტყველება შეეცვლებათ? განა პირველ ოქტომბერს რაც მოხდა, იმიტომ არ მოხდა, რომ ადამიანებმა სააკაშვილისა და მისი გუნდის პროცესებს მიღმა დატოვება გადაწყვიტეს?
"ვაპირებ, ბობოყვათის რეზიდენცია მთავრობას ჩავაბარო. ნამდვილად არ ვაპირებ, რომ აქ ჩემთვის რაღაცა მოვიწყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში საზაფხულო თეატრში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა" - თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს უკვე საკმარისია, მაშინ შემდეგ ნიუსს პირველ რიგში სწორედ მათ შევთავაზებ: "რომ გითხრათ, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ ამ თანამდებობაზე თავს დღევანდელ ვითარებაში, ეს იქნებოდა სიცრუე და ამას ნამდვილად არ გაკადრებთ. ამიტომ, ის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ვრჩები პრეზიდენტის თანამდებობაზე, ეს არის ის, რომ დემოკრატიული სივრცე შევინარჩუნოთ ქვეყანაში და შევქმნათ რაღაც შესაძლებლობა მაინც საკონსტიტუციო სტაბილურობის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს ეს არის მისი ფუნქციაც და მოვალეობაც".
არა, რა ძმებო... ცამდე კი არა, მზის სისტემის კიდემდე მართალი იყო ზურა მარშანია, როდესაც მითხრა: "ჩვენ არ ვიმსახურებთ იმას, რომ ჩვენი პრეზიდენტი იყოს გამსახურდია, შევარდნაძე და სააკაშვილი. ჩვენი პრეზიდენტი უნდა იყოს კობა ბექაური".
მოწმენდილ ცაზე მეხი რომ გავარდება - ეს კიდევ არაფერი, მაგრამ ის მეხი თუ მაინცდამაინც შენ დაგეცა, მაშინ ხარ ცოდო. როდესაც გასულ კვირაში პრემირებული დეპუტატების სია გამოქვეყნდა, ცოდო ვიყავი მეც, თქვენც და სრულიად საქართველოც. ამ სიას აღარ ჩავიკითხავ, თუმცა "იძულებული" უსუფაშვილის განცხადებას კიდევ ერთხელ გადავიკითხავ და თქვენც იგივეს გირჩევთ:
"2012 წლის ბოლომდე ჩვენ იძულებული ვიყავით გვემოქმედა უკვე დამტკიცებული საბიუჯეტო პარამეტრებით და პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების დამკვიდრებული პრაქტიკით. კერძოდ, პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები წლების განმავლობაში, ყოველ ივნისში და დეკემბერში, დამატებით იღებდნენ 2-2 თვის გასამრჯელოს, რომელსაც ერქვა "პრემია". სინამდვილეში ეს არ იყო "პრემია", ვინაიდან ყველას, მიუხედავად დამსახურებისა, წელიწადში 12 ხელფასის ნაცვლად ეძლეოდა 16 ხელფასი. ამ მექანიზმით იმალებოდა ის ფაქტი, რომ პარლამენტის წევრების ყოველთვიური შემოსავალი წლის განმავლობაში 25%-ით აღემატებოდა მათ ოფიციალურ ყოველთვიურ ხელფასს. მეტიც, 2008 წელს პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირების შემდეგ ბიუჯეტში ისევ იდებოდა შემცირებული 75 დეპუტატის თანამდებობრივი სარგო და ეს თანახა ყოველთვიურად 260 ლარი პრემიის სახით 4 წლის განმავლობაში ნაწილდებოდა დარჩენილ 150 დეპუტატზე. პარლამენტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე, ჩვენ შევცვალეთ ეს მახინჯი სისტემა. 2013 წლის იანვრიდან პარლამენტის წევრებისთვის არ არის გათვალისწინებული არანაირი პრემია არანაირი "შეფუთვით".
რა გითხრათ, რით გაგახაროთ... გიხაროდენ: "ქართული ოცნების" დეპუტატებმა პრემიები იძულებით მიიღეს, იცოდნენ, რომ არ იმსახურებდნენ, მაგრამ თავს ზევით ძალა აღარ იყო... ძალიანაც უნდოდათ, რომ დაუმსახურებელი პრემიებით ქვრივ-ობლებს შეწეოდნენ, მაგრამ...
...ადრე თუ გვიან, მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან, და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მეფის აგენტი იყო პაიკი, ცხენთან მეგობრობდა თუ ტურასთან, წინ და უკან დააბიჯებდა თუ დიაგონალებს ტკეპნიდა, უბრალოდ აგენტი იყო თუ ორმაგი აგენტი, გამრეკელი იყო თუ ჩრდილელი...
"დავით უსუფაშვილმა მე რატომ მომცა პრემია ან ჩემს რომელიმე კოლეგას, ალბათ უფრო მას უნდა ჰკითხოთ, ლოგიკური ეს იქნება. მე რომ არ გამომიწერია ჩემთვის, როგორც დეპუტატისთვის, კარგად იცით", - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ. მერვე მოწვევის პარლამენტში გიორგი ბარამიძემ პრემიის სახით 8 562 ლარი მიიღო..."
სანამ ვკითხავდი, დამასწრო და პასუხი იყო არა უბრალოდ დამაკმაყოფილებელი ან კარგი, არამედ ფრიადი - იძულებული ვიყავიო. ცხოვრება ეგეთია, იძულებითი და ახლა მეც იძულებული ვარ აღვნიშნო, რომ 1989 წლის შემდეგ გია ბარამიძისადმი პირველად განვიმსჭვალე პატივისცემით.
"რატომ უნდა გაღიზიანდე და გასკდე ჯავრით და ბოღმით იმის გამო, რომ რაღაც კეთდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის საზაფხულო თეატრში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა" - სააკაშვილი თავისას არ იშლის. რავი... სახე შევუნარჩუნოთო და რა ჩვენი შენარჩუნება უნდა, საკუთარი სახე თვითონაც ძალიან მოსწონს, მგონი სარკეში რომ იხედება, სულ სატრფიალო ლექსებს წერს და მინდა გითხრათ, რომ მასზედაც წერენ, თუმცა, ზვიად ძიძიგურს თუ დავუჯერებთ, რაც დრო გადის ასეთების რიცხვი სულ უფრო მცირდება: "უმცირესობის რიგებში ისეთი პირები მოიძებნებიან, რომლებიც სააკაშვილთან ჭიპლარით მიბმულნი და მის ნება-სურვილზე დამოკიდებული არ არიან".
კარგად თუ დავაკვირდებით და გავიხსენებთ, უმრავლესობაც სავსეა ისეთებით, სააკაშვილის ჭიპლარის გარეშე სიცოცხლე რომ ვერ წარმოედგინა. ის ამბავი - მეოცნებეებმა უბე-ჯიბეები პრემიებით რომ გამოიტენეს - მართლაც წარმოუდგენელი იყო, მაგრამ აწი ყველაფრის წარმოდგენა შეიძლება.
ახლა კი წარმოგიდგენთ ქართველი რემბოების იმ სიას, რომელმაც დღის სინათლე (ამოვიდა მზე და გამოანათა) გასულ კვირაში იხილა: "იარაღით დაჯილდოებული არიან: აკაკი მინაშვილი; ნუგზარ წიკლაური; ზაზა გოროზია; ლაშა მაქაცარია; გურამ მისაბიშვილი; ხათუნა კალმახელიძე; თემურ იაკობაშვილი; ალექსანდრე ქობალია; ლევან ქარდავა; მეგის ქარდავა; მომღერალი მერაბ სეფაშვილი; სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გასართობი პროგრამა "შაბათის შოუ"-ს სცენარისტი-მსახიობი ვახტანგ ბიჭიკაშვილი, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გასართობი პროგრამა "შაბათის შოუ"-ს სცენარისტი-მსახიობი ნიკოლოზ არაბიძე".
რა თქმა უნდა, მერაბ სეფაშვილი, ვახტანგ ბიჭიკაშვილი და ნიკოლოზ არაბიძე რეჟიმის მსხვერპლად უნდა ჩაითვალონ, თუმცა მაინც არ მესმის, რა უკანა ტანში შესანახად ჭირდებოდათ იარაღი და სულაც არ გამოვრიცხავ, რომ იმ ყბადაღებულ ოთხმოც კადრში რამდენიმე სწორედ იმას ასახავს, თუ როგორ ინახავენ ნაჩუქარ იარაღს სორედ რომ უკანა ტანში ზემოთჩამოთვლილი რემბოები.
მაგათ ისევე ჭირდებათ იარაღი, როგორც ჩვენ "საზოგადოებრივი მაუწყებელი".
"ქუთაისის მერიის წინ თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, აქციაზე ქალაქის მერი ბესიკ ბრეგაძეც იმყოფებოდა. ბრეგაძის განცხადებით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყდეს მერიაზე ზეწოლა, თვითმმართველობას არ ეძლევა საქმის კეთების საშუალება" - ხოლო ეს ამბავი იმიტომ გამახსენდა, რომ ქუთაისს ზუსტად ისევე ესაჭიროება ასეთი მერი და მერია, როგორც ვახტანგ ბიჭიკაშვილს "ვალტერი" და ქართულ საზოგადოებას "საზოგადოებრივი მაუწყებელი".
პროკურატურას ჭირდება ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც არ აკონკრეტებს, თუ რა საქმესთან დაკავშირებით იმყოფებოდა მთავარ პროკურატურაში. ოქრუაშვილმა განაცხადა, "ბევრ სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით ვიმყოფებოდი"-ო.
მიდი და დათვალე, მაინც რამდენია ის "ბევრი სხვადასხვა საქმე"... ჯობს ის გავიხსენოთ, რომელ ბნელ საქმესთან არ ექნება კავშირი. ერთი ხელის თითებიც გვეყოფა და დავთვალოთ. ჩვენ ეგ დავთვალოთ, ზურაბ ჯაფარიძე კი ნისიების რაოდენობას ითვლის: "მაღაზიებში გაიზარდა ნისიად წაღებული საქონლის რაოდენობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საკანონმდებლო ორგანოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. "რეგიონებში მოქალაქეები საუბრობენ, რომ აღარ აქვთ ფული რამე იყიდონ. მაღაზიებში გაიზარდა ნისიათ წაღებული საქონელის რაოდენობა. ისინი საუბრობენ ეკონომიკურ პრობლემებზე", - განაცხადა ჯაფარიძემ".
"ლაზარეში"რომ არის... დიაკვანი ანარქისტო-ანანიაზე გაკვირვებით რომ ამბობს, ეს უნდა მიყვარდესო?.. ვიღაც-ვიღაცეებს რომ კითხო, ჩემი ქართული ოცნება ზურაბ ჯაფარიძისთის სახის შენარჩუნებაში მდგომარეობს, მაგრამ ეს - ვიღაცას რომ კითხო. იმას რატომ უნდა კითხო, პირდაპირ მე მკითხე და გეტყვი! "მე ნებისმიერ დროს მზად ვარ, რა თქმა უნდა არასასესიო საათებში, მივიღო გამომძიებელი და თუნდაც ასეთ გაუგებრობაზე მივცე ნებისმიერი ინფორმაცია და ჩვენება პარლამენტის შენობაში, ჩემს სამუშაო ოთახში", - აღნიშნა საყვარელიძემ". რაც მართალია - მართალია - საყვარელიძეს სახის შენარჩუნებაში არავის დახმარება არ ჭირდება, ისევე როგორც ოს ალპინისტებს, რომლებიც ერთ-ერთი მწვერვალისთვის უგო ჩავესის სახელის დარქმევის ინიციატივით გამოდიან. ეს ახლა, თორემ თუ "ოცნებამ" ასე გააგრძელა - პრემიები, პრეზერვატივები და ჩოხები, ის დღეც დადგება, როდესაც სეპარატისტები ყველაფერს თავის სახელს დაარქმევენ, ანუ უსახელო მწვერვალს - მიხეილ სააკაშვილს.
მოდით, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" თავისი სახელი დავარქვათ. "საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი AEI-ს (American Enterprise Institute) მსოფლიო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს. ამის შესახებ პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული. ორდღიანი დახურული არაფორმალური შეხვედრა ჯორჯიას შტატში (Sea Island) იმართება. AEI-ს მსოფლიო ფორუმზე უცხოელ ლიდერთაგან მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტია მიწვეული" - როგორ შეგვიფუთავდა ამას "საზოგადოებრივი მაუწყებელი"? იტყოდა, რომ ფორუმის ორგანიზატორებმა ფორუმში მონაწილეობაზე უარი უთხრეს ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ასევე - დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და იაპონიის პრემიერ-მინისტრებს.
ჰოდა, ელისო ჩაფიძის განცხადება - "დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს და არც სამომავლოდ უნდა ჰქონდეს იმის ბერკეტი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე რაიმე სახის კონტროლი განახორციელოს" - მხოლოდ პოლიტკორექტულობის ნიმუშია და მეტი არაფერი. ელისაბედ, ძვირფასო, შეხედე - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მთელი შემადგენლობა თავად არის ბერკეტი, რომც არ მოინდომო, აქეთ მოვლენ - მმართე და მაკონტროლეო. ამიტომაც, საჭიროა დიიიდი ბულდოზერი და სრულიად ზედმეტია ეს: "მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილების ავტორები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან კონსულტაციას მართავენ. დავით უსუფაშვილთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს პარლამენტში საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობდნენ".
ბულდოზერი! დროზე ბულდოზერი, თორემ საცაა ვინანებ, რომ არ გავჩნდი სხვა პლანეტაზე, სადაც საზიზღარ ჯოჯოებზე შემომსხდარი ყურცქვიტა კუდიანებს სულაც არ ადარდებთ, დარჩებიან თუ არა საზოგადოების წევრებად სახეები, რომელთა დანახვაზეც საზოგადოებას, ყოველგვარი ნაუწყებარის გარეშეც რწყევა უნდება.
ყ.მ.დ. (ყველაფერს მე დავიწყებ) "ყველაფერი შენი დაწყებულია" - განზე მდგომი ადამიანის მთელი ობიექტურობით მითხრა ტოგომ. ეს ის მომენტი იყო, როდესაც აუცილებლად უნდა დამემტკიცებინა ჩემი ინტელექტუალური უპირატესობა. მძიმე მდგომარეობიდან გამოვედი იმით, რომ თითოეულ მათგანს ცხვირ-პირის ამონაყვას შევპირდი.
(ოთარ ჩიჯავაძე, "თვითმკვლელები")