სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ პირველი კონკრეტული განცხადება გააკეთა. მისი ინფორმაციით, ამ საკითხზე უკვე მიმდინარეობს მსჯელობა და ალბათ, საზღვრები გაიხსნება კიდეც.
როგორც მთავარი ეპიდემილოგები აცხადებენ, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ძირითად ტურისტულ სეზონზე საქართველო მიმზიდველი და უსაფრთხო ქვეყანა ყოფილიყო.
„ძალიან რთული სიტუაცია იყო სახმელეთო საზღვრებზე ცოტა ხნის წინ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. მაგალითად, თურქეთში კორონავირუსის „სამხრეთ აფრიკული შტამიც“ არის, „ბრაზილიური შტამიც“ და „ინდური შტამიც“. მესმის ბიზნესის, ტურიზმის ინტერესები, მაგრამ შენს ქვეყანას მაქსიმალურად უნდა შეუწყო ხელი, რომ ყველა ჩვენი ქმედებაც მიმართული იყო იმისკენ, რომ ტურისტულ სეზონზე ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი და უსაფრთხო ყოფილიყო ტურისტებისთვის.
რომელი ჭკუათმყოფელი ტურისტი ჩავა ქვეყანაში, სადაც ქვეყანა ინგრევა? აქედან გამომდინარე, ჩვენი ყველა ქმედება, მოყოლებული ზამთრიდან, გათვლილი იყო იმაზე, რომ ქვეყანაში ძალიან მაღალი პიკი არ ყოფილიყო, სამედიცინო სექტორზე დიდი დატვირთვა არ მოსულიყო, რაც მოგეხსენებათ არ არის ადვილი გასაკეთებელი. ამიტომ ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ქვეყანა მიმზიდველი ყოფილიყო ტურისტებისათვის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ჯერჯერობით დაგეგმილ მაჩვენებლებს მივყვებით. საბოლოო ჯამში, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც რჩება ჩვენი მოქალაქების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - განაცხადა იმნაძემ.
ქვეყანაში მეტი ტურისტი რომ შემოვიდეს, სახმელეთო საზღვრები უნდა გაიხსნას. ტუროპერატორთა ასოციაციას კი კონკრეტული ვადები აინტერესებს.
„ქვეყნაში ტურისტების ძალიან დიდი წილი სახმელეთო საზღვრებიდან შემოდიოდა. არ ვარ ისეთი მიდგომის მომხრე, ოღონდ ბიზნესი იყოს და დავიხოცოთ. პირველ რიგში, ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები, გვინდა ჯანსაღი გარემო და ჯანსაღი ხალხი, ბუნებრივია, ამის შემდეგ მოდის, ბიზნესის მართვა.
თუმცა სახმელეთო საზღვრების გახსნა შეუძლებელი არ არის. საზღვართანვე უნდა იყოს ლაბორატორიები, სადაც კორონავირუსზე სწრაფ ტესტებს გააკეთებენ, თუ ვინმე გასაბრუნებელია უკან, იქიდანვე გააბრუნონ. სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების გამოცდილებაც არსებობს“, - აღნიშნა ასოციაციის თავმჯდომარემ ია თაბაგარმა „ბიზნესპარტნიორთან“ და დასძინა, რომ მთავრობაში სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით აბსტრაქტული პასუხები აქვთ, კონკრეტულ დროს არ ასახელებენ.
რაც შეეხება მთავრობას, რომელმაც უშუალოდ უნდა მიიღოს გადაწვეტილება, იქ მარლთაც ზოგადი პოზიციით შემოიფარგლებიან. ეკონომიკის მინისტრი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ სახმელეთო საზღვრების გახსნაზე მუშაობა მიმდინარეობს.
„მიდის მუშაობა, რომ დაახლოებით იმავე წესებით გაიხსნას სახმელეთო საზღვრები, რა წესებითაც საჰაერო საზღვრები გაიხსნა და ვმართავთ. მაგალითად, აცრილი ვიზიტორებისთვის უფრო ადვილი იყოს საქართველოში შემოსვლა. ასევე მათთვის, ვისაც ტესტი აქვს გაკეთებული და ა.შ. ვფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია იმავე პრინციპის მისადაგება სახმელეთო საზღვრების მიმართ და ვფიქრობთ, ეს შესაძლებელი იქნება მაღალი ვაქცინაციის ტემპის ფონზე“, - განაცხადა თურნავამ და ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა ეპიდემიას ჩაკეტვის გარეშე მართავს.