28 თებერვლიდან საყოველთაო დაზღვევა ამოქმედდა, რომლის პირველი ეტაპიც პირველ ივლისამდე გაგრძელდება და დაზღვევის მინიმალურ პაკეტს 2 მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს. მეორე ეტაპი კი, რომლის დაწყებაც ივლისიდანაა ნავარაუდევი, მინიმალურის საბაზო პაკეტით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაზღვევის პროცესი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იქნება, რაც კორუფციის რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს... საყოველთაო დაზღვევის დეტალებზე “ქართული სიტყვა” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარი ჯაშს ესაუბრა:
_ საყოველთაო დაზღვევის პირველი ეტაპი, რომელიც მინიმალურ სამედიცინო მომსახურებას ითვალისწინებს, 6-დან 60-წლამდე ასაკის იმ ადამიანებისთვისაა განსაზღვრული, რომელთაც კერძო თუ სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული დაზღვევა არ აქვთ.
საყოველთაო დაზღვევა პირველ ეტაპზე გეგმიურ ამბოლატორულ მომსახურებას _ პოლიკლინიკაში, უბნის, ან ოჯახის ექიმთან ვიზიტს და ძირითად კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევებს _ შარდის და სისხლის საერთო ანალიზს ითვალისწინებს. პროგრამა, ასევე, ისეთ ამბოლატორიულ და სტაციონალურ ჩარევებს მოიცავს, რომლებიც სხეულის რომელიმე ორგანოს დაზიანებას, ან კიდურის დაკარგვას უკავშირდება. საერთოდ, მწვავე ურგენტული შემთხვევები მოსახლეობისთვის ხშირად მძიმე ფინანსური ტვირთია. ამიტომ, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, რომლის მაქსიმალური თანხა 15 ათასი ლარია, ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
_ ქალბატონო მარი, დაზღვევა როგორ უნდა მივიღოთ?
_ პოლიკლინიკებში პირველადი ჯანდაცვის მისაღებად რეგისტრაცია სპეციალური თანხმობით ხდება, ანუ მოქალაქემ საკუთარი ხელმოწერით უნდა დააფიქსიროს თანხმობა, რომ გეგმიური ამბოლატორიული სერვისით მომსახურება კონკრეტულ პოლიკლინიკაში სურს. თანხმობის ეს ფორმა ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული და ყველასათვის ხელმისაწვდომია...
_ როგორ უნდა გავიგოთ, დაზღვეული ვართ თუ არა?
_ თუ დაზღვეული არასოდეს ყოფილხართ, გადაუდებელი ამბოლატორიული და სტაციონალური მომსახურება პირადობის დამადასტურებელი მოწმობის თერთმეტნიშნა კოდით მოხდება. პოლიკლინიკური სერვისის, ანუ უბნის და ოჯახის ექიმთან ვიზიტისთვის, სისხლის საერთო და შარდის ანალიზისთვის შეგიძლიათ, ნებისმიერ პოლიკლინიკაში დარეგისტრირდეთ.
_ საყოველთაო დაზღვევის პირველი ეტაპით რა სახის ოპერაციები ფინანსდება?
_ საქართველოს მთავრობის 26 თებერვლის დადგენილებით, საყოველთაო დაზღვევა ყველა იმ სტაციონალურ დახმარებას მოიცავს, რომელიც ავადმყოფს სჭირდება, კერძოდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, კომპიუტერული ტომოგრაფია, გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორიული მომსახურება, გეგმიური ქირურგიული ოპერაციები, მედიკამენტოზური მკურნალობა, ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა და დიაგნოსტიკა, მშობიარობა, საკეისრო კვეთის ჩათვლით. სტაციონალური შემთხვევების სიაში 450-ზე მეტი სახეობის შემთხვევაა დაფიქსირებული, ამბოლატორიულში კი, აქცენტი ტრავმებზე (მოტეხილობები), თერმულ დაზიანებებსა და დამწვრობაზე კეთდება.
_ უფასო მომსახურება პაციენტთა რაოდენობას გაზრდის. ამისთვის სამედიცინო დაწესებულებები მზად არიან?
_ გეთანხმებით, რომ საყოველთაო დაზღვევა პაციენტთა ნაკადის ზრდას გამოიწვევს, რადგან მეტ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა, რომ ექიმს მიმართოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, განსაკუთრებულ რისკს ვერ ვხედავთ, რადგან პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო ობიექტები პაციენტთა გაზრდილ ნაკადს გაუმკლავდებიან.
რაც შეეხება გადაუდებელ მდგომარეობას, ეს შეიძლება, არსებული დაავადების გამწვავებით, ასე ვთქვათ, წარმოიშვას. მაგალითად, გულის იშემიური დაავადება, ან ასთმა ქრონიკულია, რომელსაც გამწვავება ახასიათებს. გადაუდებელი მდგომარეობა სწორედ ამ გამწვავების მართვას გულისხმობს.
_ დაზღვევის ხარისხი პირველი ივლისიდან უნდა გაუმჯობესდეს, არა?
_ პირველ ივლისამდე ე.წ. მინიმალური ჯანდაცვის პაკეტი მოქმედებს, რომელიც ყველა იმ მოქალაქეს მიეწოდება, რომელიც დაზღვეული არასოდეს ყოფილა. მინიმალური პაკეტი, როგორც აღვნიშნე, ამბულატორიულ მომსახურებას, გადაუდებელ და იმ სტაციონალურ მომსახურებას მოიცავს, რომლის დაყოვნების შემთხვევაშიც, პაციენტი შეიძლება, გარდაიცვალოს, ან კიდურისა თუ სხვა ორგანოს დაკარგვის რისკის წინაშე დადგეს. პირველი ივლისიდან კი, პროგრამა გაფართოვდება და მინიმალურიდან საბაზისო პაკეტზე გადავალთ. საბაზისო პაკეტში მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯებიც იქნება გათვალისწინებული. ასევე, გაფართოვდება პოლიკლინიკისა და ამბულატორიის დონეზე ჩასატარებელი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და გეგმიური ქირურგიული ჩარევები.
_ ქალბატონო მარი, ოპონენტები საყოველთაო დაზღვევას სკეპტიკურად უყურებენ და ამტკიცებენ, კლინიკები პაციენტთა ხარისხიან მომსახურებას ვერ შეძლებენო.
_ ამ არგუმენტს არ ვიზიარებ, რადგან სხვა თუ არაფერი, წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი გაორმაგდა _ თუ შარშან ჯანდაცვის ბიუჯეტი 365 მილიონი იყო, წელს 635 მილიონია. სხვათა შორის, პირველი ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახი პირველ წევრზე, 30 ნაცვლად, 60 ლარს მიიღებს, ყოველ მომდევნო წევრზე კი, არსებული 24 ნაცვლად, 48 ლარი გაიცემა. ამასთან, აუცილებლად შეიცვლება მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც სოციალური სტატუსისთვის ქულების მინიჭება ხდებოდა.