რა მიზიდულობა აქვს გიორგი გახარიას?!

რა მიზიდულობა აქვს გიორგი გახარიას?!

გიორგი გახარიას გუნდს დიდი ხალისით უერთდებიან გუბერნატორები, ასევე, ფოთის, მარტვილის, გორის, ხაშურის მერების მოადგილეები, უკვე არაერთი დეპუტატი გადაბარგდა „ქართული ოცნებიდან“ გახარიას ჯერაც არშექმნილ პარტიაში.

სულ ახლახანს ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელაიმ დატოვა თანამდებობა, შეუერთდება თუ არა გახარიას გუნდს, უცნობია. თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, შენგელიაც აპირებს გიორგი გახარიას გუნდში გაწევრიანებას.

რა მიზიდულობა აქვს ყოფილ პრემიერს და საიდან ფლობს ამდენ ფინანსებს, რომ ამ ადამიანების მზარდი ფინანსური მოთხოვნები დააკმაყოფილოს? იქნებ, იმ მოსაზრებასაც აქვს არსებობის უფლება, რომ ქართველი მაღალჩინოსნები და პოლიტიკოსები უანგაროდ ანაცვლებენ ერთ პარტიას მეორით?

ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი აატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ, თუ გიორგი გახარია გაიმარჯვებს, ის დააბრუნებს თანამდებობებზე იმ ხალხს, ვინც ახლა მის გარშემოა შემოკრებილი. ანალიტიკოსის აზრით, პრაქტიკულად, საქართველო ივანიშვილმა აქცია ფეოდალურ სახელმწიფოდ, ანუ რეგიონები მისცა სახრავად უსაფრთხოებას და ძალოვნებს და ისინი მართავენ სიტუაციას ადგილებზე. გახარია არ გვთავაზობს საუკეთესო ვარიანტს, მაგრამ, რაც უფრო მეტი პარტია იქნება არჩევნებზე, მით უკეთესი.

„რომელი პარტიაა კარგი? გახარია სხვებზე უარესი არ არის, თუმცა ნამდვილად არ ასხივებს და არ აფრქვევს დემოკრატიას. ფინანსები ყველაფერს არ წყვეტს, ბევრ რამეს წყვეტს, მაგრამ -არა ყველაფერს. თუ ამ ხალხს აქვს განცდა, რომ მათ სახრავი დაკარგეს, მათი ამოცანა იქნება ამ სახრავის დაბრუნება. გახარიასთან კი ძირითადად ის ხალხია, ვინც სახრავი დაკარგა. ამიტომ მათ გახარიასგან ფული კი არ უნდათ, მათ გახარიას გამარჯვება უნდათ, რათა დაიბრუნონ ის, რაც დაკარგეს. ფინანსები მერე იქნება, ახლა მთავარია მათი კავშირები, მათი ქსელებით გასვლა ამომრჩეველზე, ამომრჩევლის დაჯერება, რომ ხმა მისცენ გახარიას და არა სხვას“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გიორგი გახარიას სერიოზული სირთულეები აქვს, რადგან პარტიის შექმნა ეს არ არის მარტო იდეა და თანამოაზრეები, ამას სჭირდება ორგანიზება, ადამიანური, მატერიალური, ტექნოლოგიური, ტექნიკური რესურსები.

„როგორ მოახერხებს ამას გიორგი გახარია, არ ვიცი, თუმცა ის არის კარგი მენეჯერი. ისეთი მოსაზრებებიც გაგვიგია, რომ გახარია ისევ ბიძინას ვარიანტია, ზოგიერთები მას რუსეთს, ან კიდევ დასავლურ ინტერესებს უკავშირებენ. თუმცა რუსები სულელები არ არიან, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ გახარიას პოლიტიკა არ არის რუსული. მისი მთელი პოლიტიკური საქმიანობა ამის დასტურია, მისი პოლიტიკური წარსული არის ის, რომ ცალსახად ფსონს დებს დასავლეთზე ისე, როგორც დასავლეთი დებს მასზე ფსონს. ცხადია, ვერ ვიტყვით, დასავლეთი ასე პირდაპირ იხდის თუ არა თანხებს გახარიაში, მაგრამ თავად გახარიასაც შეუძლია გარკვეული ჯგუფების მობილიზება, მარტო ფულში არ არის საქმე, არამედ სხვადასხვა რესურსზე“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

მანვე განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, გიორგი გახარიას ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჰყავს, მაინც ვერ ვიტყვით, რომ მას ისეთი ორგანიზაციის სწრაფად შექმნა შეუძლია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ კონკურენციას გაუწევს. სავარაუდოდ, მას ხმების 10-15% ექნება. ხმების ნაწილს გახარია უდავოდ წაართმევს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ნაწილს, ასევე, წაართმევს „ლელოს“, ელისაშვილს და სხვა წვრილ-წვრილ პარტიებს.

 

 

 

 

 

Maverick "პიპა, დიდკაცი თუ გამოგვერია, ისე გავთელავთ, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადს!" კ.გამსახურდია, "დიდოსტატის მარჯვენა".

ეს ისე, სხვათაშორის, ვინც ბნელ ოთახში შავ კატას დაეძებთ, საიდანაც კატა დიდი ხანია ნათელ ოთახში გადაცუნცულდა!
3 წლის უკან