იცვლება ცესკო–ს წევრთა რაოდენობა, 11 წევრის ნაცვლად ცესკოს 17 წევრი ეყოლება. ცვლილება ეხება თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობასაც, ცესკოს ერთის ნაცვლად ორი მოადგილე ეყოლება. ცესკოს თავმჯდომარე ისევ ცესკოს წევრი იქნება და მისი უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მისი წევრობის შეწყვეტასაც – ასეთია „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელზეც ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა შეთანხმებას მიაღწია.
კანონპროექტის მიხედვით, ცესკოს 7 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრისა ინიშნება პარტიების მიერ. ცესკოს თავმჯდომარის ერთი მოადგილე და ცესკოს მდივანი არჩეული უნდა იყოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრებიდან. კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.
ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ. ცესკოს თავმჯდომარის ერთი მოადგილე არჩეული უნდა იყოს პარტიების მიერ დანიშნული წევრებიდან, რომლებიც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში არ შედიან. ცვლილება ეხება ცესკოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილესა და ცესკო–ს მდივნის უფლებამოსილებებსაც. კანონპროექტის თანახმად, მათ არ ექნებათ უფლება განცხადება/საჩივარი დატოვონ განუხილველად.
იცვლება ცესკოს წევრთა არჩევის წესიც, კერძოდ, საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში, რომლის შექმნის განკარგულებას პრეზიდენტი გამოსცემს, უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 10 წევრისგან. „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტით, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის არის შეთანხმებული, არჩევნების შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, თითო ოლქში 5 უბნის გადათვლა მოხდება.
როგორც ცვლილებების ერთ–ერთი ავტორი, უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უბნების საერთო რაოდენობის 10% გადაითვლება. მისივე თქმით, უბნების გადათვლას ორი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს – კონტროლისა და პრევენციის.
„მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებულია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თითო ოლქში 5 უბნის გადათვლა, რაც, საბოლოო ჯამში, იმის გათვალისწინებით, რომ 73 ოლქი გვაქვს, გამოდის 365 უბანი, რაც არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არსებული უბნების 10%. ხვდებით ყველა, რომ ეს უდრის არჩევნების სრულად გადათვლას, ვინაიდან ძალიან დიდი რეპრეზენტატულობა აქვს ამ რიცხვს.
ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი მექანიზმი ჩაიდო, ორი დატვირთვა აქვს ამ მექანიზმს – ერთი, რა თქმა უნდა, ეს არის კონტროლი, თუმცა არანაკლებ და შეიძლება უფრო დიდი ეფექტი, ეს არის პრევენციის ეფექტი. მაშინ, როდესაც არავინ არ არის დაზღვეული, რომ რომელიმე უბანი მოხვდება გადათვლაში, რა თქმა უნდა, ბოროტად გამოყენება გარკვეული პროცედურების პრევენციულად იქნება აღკვეთილი და არ იქნება ამისი სურვილი, რომ რამენაირად ბოროტად გამოიყენონ პროცედურული უფლებამოსილება, რომელიც კომისიაში აქვთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საარჩევნო ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც ერთობლივად შემუშავდა სხვადასხვა პარტიის მიერ, ძალიან კარგ ნიშნად თვლის კარლ ჰარცელი. ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ეს ფაქტი არის იმის ნიშანი, რომ მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება.
„ეს არის ძალიან კარგი სიგნალი იმისა, რომ მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შემდეგ იქნება იმის შესაძლებლობა, რომ დისკუსიები პარლამენტში გაგრძელდეს. ისევე, როგორც ყველას, ძალიან მსურს ვიხილო, რა რეკომენდაციები მოვა ვენეციის კომისიისგან, მაგრამ ძალიან კარგ ნიშნად ვთვლი იმას, რომ გვაქვს კანონპროექტი, რომელიც ერთობლივად შემუშავდა სხვადასხვა პარტიის, 19 აპრილის შეთანხმების მხარეების მიერ“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლებას შეუძლია, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული საარჩევნო კოდექსის ალტერნატიული წინადადებები გაითვალისწინოს საერთო დოკუმენტში ან ახალი საკითხის ინიცირება მოხდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღებისთვის პოლიტიკურ პარტიებს მიეცეთ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შანსი.
„საარჩევნო კოდექსის ალტერნატიულ წინადადებებში საუბარია, მაჟორიტარულ ოლქებში „50+1“ სისტემა შენარჩუნდეს, კვალიფიციური პარტიების სტატუსი მიღებული იყოს, თუ თვითმართველობის არჩევნებში ბარიერს გადალახავენ პოლიტიკური პარტიები. ბლოკების შექმნა კვლავ შესაძლებელი იყოს და ასევე გაუქმდეს სამაგიდო სიები. სულ არის 12 პუნქტი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ამ პარტიებისთვის და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ცვლილებების მიღებას“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი ცესკო–ში, ოლქში და უბანზეც – ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, კანონპროექტში არაფერი არის იმის დასაზღვევად, რომ ეს ადამიანები რეალურად იქნებიან პროფესიულები. „ლელოს“ წევრის განცხადებით, ამ ძალთა ბალანსს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება რეალური ეფექტი, თუ 8 წევრი რეალურად პროფესიული და პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანი იქნება.
„ამ კანონპროექტში არაფერი არ არის იმის დასაზღვევად, რომ ეს ადამიანები რეალურად იქნებიან პროფესიულები. ამ ქვეყანას სამწუხაროდ, აქვს დიდი „ტრადიცია“, რომ პროფესიული წევრი სინამდვილეში არის პარტ–აქტივი. თუ ეს ასე დარჩება, ვერანაირი ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციას ვერ ექნება. ეს არის კრიტიკული მნიშვნელობის საკითხი იმიტომ, რომ ეს არის ჯაჭვური რეაქციით აწყობილი სისტემა – ცესკო აკომპლექტებს ოლქს, ოლქი აკომპლექტებს უბანს და თუ ცესკოს მიმართ ნდობა არ გაჩნდა, მის მიერ დაკომპლექტებული ოლქი კიდევ უფრო ნაკლები ნდობით ისარგებლებს და უბანი კიდევ უფრო ნაკლებით. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქმე მივიდეს ბოლომდე“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გარკვეული ოპოზიციური პარტიების პრეტენზიები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. როგორც უმრავლესობის წევრი აცხადებს, საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა წარიმართა და ისეთი დოკუმენტი შედგა, რომლის შედეგადაც, ბევრი კრიტიკის მიზეზი აღარ არსებობს.
„მიუხედავად ამისა, არასაპარლამენტო ოპოზიცია გარკვეულ პრეტენზიებს აცხადებს, მათ შორის ის პარტიებიც, რომლებსაც შეუძლიათ, პარლამენტში შემოვიდნენ და ჩაერთონ ამ კანონშემოქმედებით საქმიანობაში, მათი პრეტენზიები უშინაარსოა, ვინაიდან ვერ ხსნიან, რაში გამოიხატება მათი პრეტენზია უშუალოდ კანონპროექტთან დაკავშირებით. მაგალითად, რატომ ხედავენ მოსალოდნელ რისკებს გაყალბებასთან დაკავშირებით.
მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებიდან შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიდრე უშუალოდ მათ არ ექნებათ გავლენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, მათთვის არც ერთი სხვა ვარიანტი მისაღები არ არის. ეს, როგორც ჩანს, განპირობებულია მათივე ხედვით, რომ რეალურად, არჩევნებით რაიმე დიდი წარმატების მოლოდინი ხელისუფლებაში მოსვლის თვალსაზრისით, არ უნდა ჰქონდეთ. როგორც ჩანს, მიზეზი ეს არის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ცვლილებებში, რომელიც მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე ტარდება, მთავარია ცესკოს შემადგენლობის შეცვლა. ყველა საპარლამენტო პარტიას საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება ცესკოში, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში. ასევე, მისი თქმით, იცვლება პროპორცია, პარტიული წარმომადგენლობა იქნება უმრავლესობა.
„აქამდე მმართველ პარტიას უპირატესობა ჰქონდა ცესკოში. თითო–თითო ჰყავდა სამ ოპოზიციურ პარტიას, ვისაც საუკეთესო შედეგი ჰქონდა და 6 წევრი ჰყავდა მმართველ პარტიას. ახლა ეს იცვლება და უპირატესობა არ აქვს მმართველ პარტიას. წევრების კომპლექტაციისას ორი პრინციპია - აღქმა იმისა, რომ მმართველ პარტიას შეუძლია გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, რაც არ იყო ობიექტური ფაქტებით გამყარებული, ამ ცვლილებით ეს არ იქნება, იმიტომ, რომ ზუსტად ისეთივე წარმომადგენლები ეყოლება ოპოზიციურ პარტიებს ცესკოში, როგორც მმართველ პარტიას. ეს არის სულ ეს ცვლილება და მეტი არაფერი“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია ის, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხებზე მათ შორის მოხდა შეთანხმება და, ფაქტობრივად, ეს არის ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივი პროექტი. მისი თქმით, ეს დადებითი მომენტია გამომდინარე იქედან, რომ მომავალი არჩევნებზე არ გაჩნდება მხარეებს შორის გაუგებარი თემები.
„ჩვენ საარჩევნო კოდექსს ვუყურებთ როგორც ერთჯერადი გამოყენების დოკუმენტს - არჩევნებზე გვჭირდება და მერე არა. რეალურად კი, ეს ასე სულაც არაა, საარჩევნო კოდექსზე ბევრადაა დამოკიდებული, როგორ მოწესრიგდება პოლიტიკური ცხოვრება. ჩვენი დღევანდელი პრეტენზიები პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ ძირითადად სწორედ საარჩევნო კოდექსს უკავშირდება,
უფრო სწორად მის შეუთავსებლობას იმ რეალობასთან, რომელიც გვაქვს. რეალურად, საარჩევნო კოდექსზე ბევრადაა დამოკიდებული როგორ მოწესრიგდება პოლიტიკური ცხოვრება. არ მოგვწონს პოლიტიკური სპექტრი, მაგრამ საარჩევნო კოდექსი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს მისი უმტკივნეულო განახლება“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
დათვს თავში ურტყამდნენ და ის კიდევ...................... ეს რა ბრაგიბრუგიაო
მაგათ ცესკოზე გავლენა კი არა პირდაპირ ხელისუფლებაში უნდათ მოსვლა, ხელისუფლებაში ...ცეესკო რა ჯანდაბად უნდათ
ჰოოდა ბარემ ჩაწერეთ კონსტიტუციაში რომ ხელისუფლებაში სამისდღემშიოდ უნდა იყვნენ ნაცები.
ამერიკაც ხელს მოგიწერთ და ევროპაც
მერე უკვე ყველა დაისვენებს---- ნაცებიც, ევროპაც, ამერიკაც და აფრიკაც .....................ცხოვრებაც უცებ გახდება დემოკრატიული და საამურიც....ანუ როგორი დემოკრატიული ცხოვრებაც 9 წელი გვქონდა.................................დაჟე იმაზე უფრო დემოკრატიულიც კი იქნება
მერე აღარც მიტინგები იქნება და აღარც ხმას ამოაღებინებენ
იქნება ,,დიდება და ვაშა ჩვენ ბელადს მიშას,,
ხმას ამოღებენ და იმათი აჯობებს .....