ან ფქვილი გააიაფეთ, ან პური გაძვირდება! - მეპურეებმა პირდაპირი მოთხოვნა დააყენეს

ან ფქვილი გააიაფეთ, ან პური გაძვირდება! - მეპურეებმა პირდაპირი მოთხოვნა დააყენეს

მიუხედავად იმისა, რომ ლარი საგრძნობლად მყარდება და საერთაშორისო ბაზარზეც ხორბალი და ფქვილი იაფდება, საქართველოში მაინც პურის გაძვირებაზე ალაპარაკდნენ. ივლისიდან ეს რეალური გახდება. საქმე ისაა, რომ პურის მწარმოებლები წისქვილკომბინატებისგან ფქვილის შეძენას 53 ლარის ნაცვლად 50 ლარად ითხოვენ, რადგან პროდუქციაზე ფასის შენარჩუნებას ვეღარ ახერხებენ. თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, კერძო სექტორს წარმოების შესანარჩუნებლად პროდუქციის 10-15 თეთრით გაძვირება მოუწევს.

ძირითად მიზეზად ადგილობრივი მეწარმები გაუფასურებულ ლარს, გაძვირებულ საწვავს და იმ ინგრედიენტებზე ფასის ზრდას ასახელებენ, რაც პურის წარმოებისას გამოიყენება.

პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, პურზე ფასი იმ შემთხვევაში შენარჩუნდება, ფქვილის სუბსიდირების ზღვარი 50 ლარამდე თუ დაიწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ათი თეთრით მაინც უნდა მოემატოს პროდუქციას ფასი.

„მეექვსე თვეა მას შემდეგ, რაც შეგვითანხმდნენ და 53 ლარად ვიღებთ ფქვილს. ამ ექვს თვეში ვალუტა გაუფასურდა, საფუარის, მარილის ფასი შეიცვალა, საწვავზე რა ამბავია, ხედავთ და დისტრიბუცია ძალიან გართულდა. კორონავირუსის გამო ყველა პური შეფუთული გამოდის და ესეც გარკვეულ ხარჯთან არის დაკავშირებული, რადგან შესაფუთი მასალა საქართველოში თითქმის არ მზადდება და შემოაქვთ უცხოეთიდან. აქ რასაც ამზადებენ, ისიც ძალიან ძვირია.

ჩვენთვის უკვე 53-ლარიანმა სუბსიდირებამ აზრი დაკარგა. ყველა წარმოებაში არის გარკვეული პრობლემა. 1 ტომარა ფქვილს დაახლოებით 50 ლარად თუ მოგვცემენ, მაშინ კიდევ იმ ტემპს შევინარჩუნებთ, რომელიც არის. სხვა გზა არ რჩება, დღეს 10 თეთრით მაინც უნდა მოემატოს პროდუქციას ფასი, რათა თავი შევინახოთ და გავიტანოთ წარმოება.

სუბსიდირების თემის გაგრძელებასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ გვექნება შეხვედრა. ჯერჯერობით ერთი თვე სუბსიდირება იქნება. იმისათვის, რომ პურზე ფასი შენარჩუნდეს, კარგი იქნება, სუბსიდირების ზღვარი გახდეს 50 ლარი“, - განაცხადა დოლიძემ.

საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის ფასი სტაბილურდება. დღეს ფქვილის ფასი მეპურეებისთვის ისეთ პრობლემას აღარ წარმოადგენს, როგორც ეს სუბსიდირების პროგრამის დაწყებისას იყო.

ფქვილისა და ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციაში ლევან სილაგავა პირდაპირ ამბობს, რომ სუბსიდირების პროგრამის დასრულებამდე, ანუ პირველ ივლისამდე, პურის ფასი არ შეიცვლება, რადგან როგორც წისქვილკომბინატები, ისე პურის მწარმოებლები ტენდერით დადგენილი პირობებით მოქმედებენ.

„რასაც ველოდით გამართლდა, ფასებმა საერთაშორისო ბაზრებზე დაიწყო დაღმა სვლა. ცხადია, რომ მსოფლიო ბაზრის ფასებზე და ვალუტის კურსის ფაქტორზე იქნება დამოკიდებული საბოლოო ფასი ხორბალზე და შემდეგ უკვე ფქვილზე. სუბსიდირების პროგრამის დასრულებამდე თვენახევარია დარჩენილი, ანუ ამ პერიოდში პურის ფასი არ გაიზრდება, იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა აქვთ ტენდერით აღებული ერთი მხრივ, წისქვილკომბინატებს, რომლებმაც ფქვილი პურის მწარმოებლებს 53 ლარად უნდა მიაწოდონ და პურის მწარმოებლებს კი აქვთ პასუხისმგებლობა პური გაყიდონ იმავე ფასში“, - განაცხადა სილაგავამ.

ცნობისთვის, მთავრობამ ფქვილის სუბსიდირების პროგრამა გასული წლის დეკემბრიდან 4 თვის განმავლობაში აამოქმედა. აღნიშნული პროგრამისთვის 10 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული და თავდაპირველად სუბსიდიის მოცულობა ერთ ტომარა პირველი ხარისხის ფქვილზე შეადგენდა 10 ლარს, თუმცა ამ 4 თვის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის გაძვირების გამო ფქვილის ფასი იმდენად გაიზარდა, რომ კერძო სექტორის თხოვნის საფუძველზე მთავრობას სუბსიდიის 15 ლარამდე გაზრდა მოუწია.