საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უმცირესობის რამდენიმე წევრიც დაუჭერს

საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უმცირესობის რამდენიმე წევრიც დაუჭერს

18 მარტის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის ზუსტი თარიღი გამოცხადდება და არ არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეზღუდვის თაობაზე ინიცირებულ საკონსტიტუციო პროექტში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, განხილვისთვის წარდგენილ ტექსტში შესაძლოა, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები აისახოს, მათ შორის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, პარლამენტის დათხოვნა-არდათხოვნის საკითხი.

უსუფაშვილის ცნობით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება, სადაც დეკემბერში ინიცირებულ პროექტს შეაჯერებენ.

„ტექსტი გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე შეჯერდება“, - დასძენს სპიკერი, რომელიც აშშ-ში ოფიციალურ შეხვერებს მართავს.

რაც შეეხება იმ საკითხს, საკონსტიტუციო ცვლილებებს „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს თუ არა, ეს ამ დრომდე უცნობი რჩება, მაგრამ for.ge-ს ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის რამდენიმე წევრი ცვლილებების მხარდაჭერას გეგმავს.

კერძოდ, ინფორმირებული წყაროს ცნობით, ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე უმცირესობის ლიდერს, დავით ბაქრაძეს შეხვდა და განუცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას აპირებს, რაზეც პარლამენტის ექს-სპიკერმა უპასუხა, რომ „ეს მისი ნებაა“.

ამას გარდა, for.ge-ს ინფორმაციით, ცვლილებების მხარდაჭერას გეგმავს მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი ნაულ ჯანაშიაც, რომელიც ბოლო პერიოდში, უმცირესობის რიგებიდან წამოსულ დეპუტატებთან - გურამ მისაბიშვილთან და იაშა შერვაშიძესთან კონსულტაციებს მართავს.

ამასთან, ჩვენივე ინფორმაციით, უმცირესობაში კიდევ ოთხი დეპუტატია, რომლებიც უმრავლესობის ლიდერებთან კონსულტაციებს მართავენ, თუმცა, ამ პირების ვინაობის დადგენა შეუძლებელი გახდა, რადგან მათ ვინაობას მმართველი ძალის ლიდერები ასაიდუმლოებენ და აცხადებენ, რომ მათ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების მაღალი შანსი აქვთ.

რაც შეეხება პარლამენტში ინცირებულ ცვლილებებს,
პროექტის თანახმად, კონსტიტუციიდან ის ორი მუხლი ამოდის, რომელიც პრეზიდენტს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი ექვსი თვის განმავლობაში და საკუთარი უფლებამოსილების ამოწურვამდე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დათხოვნას უკრძალავს. ეს იმას ნიშნავს, რომ წარმოდგენილი პროექტით, პრეზიდენტს უფლება ეძლევა  პარლამენტი დაითხოვოს და ნებისმიერ დროს, რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს, მათ შორის პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.

აღნიშნულ ინიციატივას არასამთავრობო სექტორი იმთავითვე კრიტიკით მიუდგა. მათი შეფასებით, საჭიროა, პარლამენტს კონსტიტუციური დაცვის გარანტიები შეუნარჩუნდეს. 

ამავე პროექტით, იზღუდება ქვეყნის პირველი პირის უფლებები მთავრობის დათხოვნის მიმართულებით. კერძოდ, ჯერ კიდევ მოქმედი საკონსტიტუციო ნორმის თანახმად, თუ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ზედიზედ სამჯერ პარლამენტის ნდობას ვერ მიიღებს, პრეზიდენტი ხუთი დღის ვადაში პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას წამოაყენებს, ან პარლამენტის თანხმობის გარეშე პრემიერ-მინისტრს ნიშნავს, ხოლო პრემიერ-მინისტრი, ასევე ხუთი დღის ვადაში, პრეზიდენტის თანხმობით მინისტრებს დანიშნავს.ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. წარმოდგენილი ცვლილებების პროექტის თანახმად კი, თუ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ზედიზედ სამჯერ პარლამენტის ნდობას ვერ მიიღებს, პრეზიდენტი სამი დღის ვადაში პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. მთავრობის საქმიანობას კი, ახალი შემადგენლობის შექმნამდე ძველი სამთავრობო გუნდი გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ უმცირესობის რიგები 21 ოქტომბრიდან 12 დეპუტატმა დატოვა, რომელთაგან, ამ დროისთვის ხუთი უფრაქციო დეპუტატია, რომელთა შორის არიან - გურამ მისაბიშვილი, მარიკა ვერულაშვილი, იაშა შერვაშიძე, გიორგი ფეიქრიშვილი, გოჩა ენუქიძე. For.ge-ს ინფორმაციით, ამბროლაურის მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძეს ფრაქციის შექმნა სურს და იქედან გამომდინარე, რომ რეგლამენტით, ფრაქციის შექმნისთვის ექვსი კვოტაა საჭირო, ის კონსულტაციებს უმცირესობის წევრებთან მართავს.