ბაგრატის ტაძარმა საერთაშორისო კონკურსში თანამედროვე რესტავრაციის საუკეთესო ნიმუშის ნომინაციაში გაიმარჯვა. დაჯილდოების ცერემონიალი 2013 წლის 20 მარტს, ქალაქ ფერარაში, პალაცო ტასონიში გაიმართება. აღნიშნული დაჯილდოება „დომუსის რესტავრაცია და კონსერვაციის“ მესამე საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში შედგა.
კონკურსის ჟიური აღნიშნავს, რომ არქიტექტურული და გამომსახველობის ურთიერთშერწყმის საყურადღებო მაგალითს წარმოადგენს ანდრეა ბრუნოს მიერ განხორციელებული ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები საქართველოში.
უფრო დაწვრილებით, ჟიურის შეფასებაში ნათქვამია, რომ მეთერთმეტე საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლის - ბაგრატის ტაძრის ანდრეა ბრუნოსეული სარეინტეგრაციო პროექტი გახლავთ არქიტექტორის უზადო ძალისხმევის მაგალითი.
კერძოდ, ამ პროექტში კარგად გამოიკვეთა ახლისა და ძველის შერწყმა, ისე, რომ შესაძლებელი გახდა ტაძრის პირვანდელი სახის უნიკალური აღქმა. აღნიშნულმა პროექტმა რადიკალურად შეცვალა მანამდე ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების მეთოდოლოგია. კერძოდ, ტაძრის პირვანდელ სახეს ფონად გასდევს თანამედროვე და ხაზგასმულად განსხვავებული მასალა, როგორიცაა თანამედროვე ანტრესოლი, სადაც დაცული გახლდათ საწყისი პერიმეტრი. ასეთი სახის მიდგომა გამოკვეთს ტაძრის პირველწყაროს და სრულად აღადგენს მის მოცულობას,
ბაგრატის ტაძრის ასეთი დახასიათების შემდეგ ნიკა ვაჩეიშვილი სიამაყეს ვერ ფარავს და აცხადებს, რომ ბაგრატის ტაძარს კიდევ წინ აქვს საერთაშორისო მასშტაბის უამრავი აღიარება. თუმცა, როგორია სპეციალისტების აზრი?! ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია ბაგრატის ტაძრის ამ სახით აღდგენას პრეზიდენტ სააკაშვილის კაპრიზებს უკავშირებს, რომელიც ცდილობს, ხან დავით აღმაშენებელს მიბაძოს, ხანაც - საქართველოს გამაერთიანებელ მეფეს - ბაგრატ მესამეს. თუმცა ხელოვნებათმცოდნის აზრით, აღდგენილი ძეგლის ახალი და ძველი ნაწილი ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნული უნდა იყოს. და მაინც, გოგი ხოშტარიას აზრით, მთელი მსოფლიოს ჟიური რომ შეიკრიბოს, ის ისე ვერ იგრძნობს ქართულ ცეკვას, ქართულ მრავალხმიანობას, ქართულ ტაძარს, როგორც ქართველი.
რაც შეეხება მწვანე ფერით ბაგრატის გადახურვას, მწვანე ფერის უამრავი ნიუანსი არსებობს. შესაძლებელია, ტაძარი ოდითგანვე მწვანე ფერით ყოფილიყო გადახურული, მაგრამ პატარა ცვლილება ნიუანსში, ტონალობაში უკვე ბევრ რამეს ცვლის. ამდენად, გოგი ხოშტარიას შეფასებით, ბაგრატის ტაძრის მწვანე სახურავი ე.წ. დალტონიკის გაკეთებულია.
როგორი იყო ბაგრატის ტაძარი და რა მივიღეთ ახლა? საერთოდ, როგორია მსოფლიო პრაქტიკა, რას ნიშნავს დასავლელი სპეციალისტებისთვის ძველისა და ახლის შერწყმა, რატომ უფრთხილდებიან უცხოელები საკუთარ ძეგლებს და თუნდაც ლუვრის წინ რატომ აგებენ შუშის პირამიდას, როგორც ორი ეპოქის სინთეზს და არ ცდილობენ, ცდები უშუალოდ ჩაატარონ თავიანთ ძეგლებზე?!
ამის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი თანამედროვე რესტავრაციის საუკეთესო ნიმუშის ნომინაციაში ბაგრატის ტაძრის გამარჯვების გამო სიხარულს ვერანაირად ვერ იზიარებს, რადგან მიაჩნია, რომ თავად ტაძარმა, ჩვენი ისტორიისა და ჩვენი ფესვების დიდებულმა ნაშთებმა, თავისი მიმზიდველობა და სიმართლე დაკარგეს. მხატვრულად რომ ვთქვათ, ტაძარი უკვე ვეღარ ლაპარაკობს თავის ისტორიაზე ისე, როგორც ის მოვიდა ჩვენამდე. ამდენად, გიგა ბათიაშვილს მიაჩნია, რომ საერთაშორისო კონკურსებზე გაკეთებული ამგვარი შეფასებები უფრო სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს და უამრავი კონკურსი რომც გაიმართოს, იკომოსი (ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის რესურსის კონსერვაციას) მაინც არ მიიღებს ასეთ შეფასებას. უფრო მეტიც, ამის გამო მსოფლიო ძეგლთა დაცვის ნუსხიდან ამოიღეს ბაგრატი. არადა, მსოფლიო მას იცავდა, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.
„აქ არ არის ახლისა და ძველის შერწყმა. არსებობს თემა, სადაც საჭირო და შესაძლებელია ახლისა და ძველის შერწყმა, მაგრამ არსებობს თემა, სადაც ეს დაუშვებელია და ძეგლის მხოლოდ და მხოლოდ კონსერვაციაა დასაშვები, თანაც, რესტავრაცია-კონსერვაცია“, - აცხადებს არქიტექტორი.
მისივე განმარტებით, ჩვენს ძეგლებზე ატარებენ ცდებს, თორემ უცხოეთში ძეგლებს გვერდში უშენებენ ახალ ნაგებობას და ცდილობენ, ერთიან კომპოზიციაში გაიყვანონ. ამდენად, სრულიად ხაზგასმულად თანამედროვე შენობას აშენებენ. შეიძლება, ის ახალი ნაგებობა მოგეწონოს, ან არ მოგეწონოს, მაგრამ იგი არ შედის კონფლიქტში ისტორიასთან.
„ვაჩეიშვილმა ამ შეფასებით შეიძლება გაიხაროს, რადგან მას კისერზე ცოდვად ადევს ეს ობიექტი. თუმცა ძეგლთა დაცვის ისტორიისთვის პრეზიდენტი სააკაშვილი კი არ იქნება დამნაშავე ამ ძეგლის ხელყოფისთვის, არამედ ნიკა ვაჩეიშვილი, რომელიც ამ საქმეს ხელმძღვანელობდა. მეცოდება ვაჩეიშვილი, სხვათა შორის, მას პატივისცემით მოვიხსენიებ, რადგან დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში არაერთი ძეგლის მოვლა-პატრონობის საქმეში. არ ვიცი, როგორ მისცა საკუთარ თავს ამის უფლება და ასე აჰყვა ვიღაცის ნება-სურვილს და ასეთი რამ გააკეთა“, - აღნიშნა გიგა ბათიაშვილმა.
მხატვარი გია ბუღაძე მიიჩნევს, რომ ანდრეა ბრუნო საკმაოდ თამამი რესტავრატორია. დღესდღეობით კი ორი ფილოსოფია ეჭიდავება ერთმანეთს - ერთია, რესტავრაციის ფილოსოფია და მეორე - კონსერვაციის. გია ბუღაძის თქმით, ანდრია ბრუნოს ჰქონდა ასეთი მიზანი და, ალბათ, შეთანხმებულიც იყო ქართულ მხარესთანაც, რომ ორივე ფილოსოფია ერთად მოეგვარებინათ, კონსერვაციაც ყოფილიყო და რესტავრაციაც. თუმცა, ცეცხლი და წყალი რომ შეარიგო, ეს დაახლოებით ასეთივე ვარიანტია. ცოტა რთულია გასაკეთებლად, თუმცა ჩანაფიქრი მართლაც სერიოზულია.
მხატვრის აზრით, უფრო მკვეთრად უნდა მომხდარიყო გამიჯვნა და ცოტა ხაზგასმით განსხვავებული უნდა ყოფილიყო ახალი შრე. ხოლო ძველი, ისტორიული ხელუხლებლად კონსერვირებული უნდა დარჩენილიყო.
გია ბუღაძე იზიარებს აზრს, რომ საკუთარ ძეგლებს უცხოელები ასეთ ცდებს, რა თქმა უნდა, არ უტარებენ. თუმცა ეს შედარებით უფრო ახალი კანონებია და სანამ ამ კანონებს მიიღებდნენ, ნახევარი ევროპა თითქმის ასეთი მეთოდით ააშენეს თავიდან ბოლომდე. მაგალითად, იგივე კიოლნის გენიალური ტაძარი მთლიანად დანგრეული იყო და თავიდან ბოლომდე ააშენეს, მაგრამ მოგვიანებით, რესტავრაციის საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე, შეიცვალა კანონმდებლობა და რესტავრაცია ჩანაცვლდა კონსერვაციის იდეით. ამიტომ, რეალურად, დღევანდელი სარესტავრაციო და საკონსერვაციო პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც ახლა გაკეთდა, ცოტა პარადოქსულია.
„სანტა მარია ფლორიდას ეკლესია არის მადრიდში, რომელიც ფრანცისკო გოიამ, დიდმა ესპანელმა მხატვარმა მოხატა. თუმცა სანთლის დანთება აფუჭებდა მოხატულობებს, ამიტომ გვერდზე ააშენეს იმავე ფორმის სხვა ეკლესია, რომელიც, მართალია, პატარა იყო, მაგრამ დაახლოებით 50 მეტრში აუშენეს, რომ ძველი ეკლესია არ დაზიანებულიყო. ძველ ეკლესიაში კი არის მხოლოდ მუზეუმი. ცივილიზებულ მსოფლიოში ასეთი ფილოსოფია არსებობს. ექსპერიმენტი ექსპერიმენტად რჩება, მაგრამ რეალურად ეს იყო სურვილი მოუგვარებლის მოგვარების. რაც გამოვიდა, თქვენ თვითონ ხედავთ“, - აცხადებს გია ბუღაძე და იდეალურ ვარიანტად პარალელურად განხორციელებული გელათის პროექტი მიაჩნია.
მისი თქმით, გელათში მუშაობდა ქართველ არქიტექტორთა და რესტავრატორთა სხვა ჯგუფი, რომლებმაც სერიოზულ შედეგს მიაღწიეს, მათ შორის, იყვნენ მისი მეგობრებიც. ჭიქური, რომლითაც გადაიხურა გელათის ეკლესია, ეს ტექნოლოგია დამზადებული იყო სამხატვრო აკადემიის ბაზაზე.
რაც შეეხება ანდრია ბრუნოს, გია ბუღაძე მას კარგ პროფესიონალად ახასიათებს. უბრალოდ, მიაჩნია, რომ ამ ადამიანმა საკუთარ თავზე ძალიან ბევრი აიღო და შესაძლოა, სხვა მხრიდანაც იყო გარკვეული ჩარევა, რომ გუმბათი მაინცდამაინც ასეთი ყოფილოყო. თუმცა გუმბათი სხვანაირი რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა, შედეგი უკეთესი გვქონოდა. კერძოდ, გუმბათი უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ ხაზი გაესვათ, რომ იგი აშენებული და თანამედროვეა.
„კარგი იქნებოდა, განსხვავება უფრო ხაზგასმული ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ვიცი, თვითონ საპატრიარქოს, ასევე, ქუთაისის ეპარქიას სურდა, გუმბათი ამ ტიპის ყოფილიყო, რამაც ცოტა პარადოქსულ სიტუაციაში ჩაგვაგდო. თავისთავად, უმძიმესი სამუშაო ჩატარდა და ასეთი ტიპის დამოკიდებულებას ისტორიული ძეგლის მიმართ ვერ მივესალმები. ისიც მესმის, როცა ამხელა რისკზე მიდიხარ და ამხელა საქმეს აკეთებ, გარკვეულ დარტყმებს მიიღებ. არასდროს ეჭვი არ შემიტანია ნიკა ვაჩეიშვილის პროფესიონალიზმში და მას ყმაწვილკაცობიდან ვიცნობ. ეტყობა, იგი გარკვეული ზეწოლის ქვეშ იყო და, ალბათ, მარტო პირველი პირისგან არ მოდიოდა ეს ზეწოლა“, - აცხადებს გია ბუღაძე.