იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციამ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შედეგად ვალდებულება აიღო, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართულიყო, დღემდე ოპოზიცია ისევ დასვენების რეჟიმშია და რეალურად საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში არ მონაწილეობს. ოპოზიცია არ დაესწრო და შატალოზე წავიდა, ჯანდაცვის მინისტრის პარლამენტში გამოსვლას, მით უმეტეს გაგანია პანდემიის დროს ყველაზე კრიტიკული კითხვები და პოზიცია მათ უნდა ჰქონოდათ; არ დაესწრნენ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსმენას, როცა ქვეყანა ოკუპირებულია, ფაქტობრივად, ომის პირობებში ვიმყოფებით და რეგიონში ამხელა პრობლემებია; მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის და ვალდებულების მიუხედავად ოპოზიცია იმ საგამოძიებო კომისიაში არ მონაწილეობს, რომელმაც მათი ნათქვამი, რომ არჩევნები გაყალბდა უნდა დაადასტუროს ან უარყოს.
მაშინ რა გამოდის, რომ ოპოზიციას საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა ეზარება და მხოლოდ თანამდებობების გადანაწილებით არის დაკავებული? ანუ 6 თვის განმავლობაში ქვეყნას მხოლოდ იმიტომ არყევდნენ, რომ ხელისუფლებისთვის რაღაცები დაეცინცლათ? სად არის მათი ამომრჩევლის ინტერესები გათვალისწინებული? შეიძლება ვიფიქროთ, რომ პარლამენტში შესულ ოპოზიციას რიგგარეშე არჩეევნბი აღარც ადარდებს, ან მოსახლეობას რატომ უნდა უნდოდეს, რომ მათ თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა მისცენ, როცა ამდენი პრობლემის ფონზე, ოპოზიცია მცონარობს და მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე ფიქრობს.
ოპოზიციის ნაწილის განცხადებებიდან უკვე ჩანს, რომ ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თანამდებობაზე დარჩენასაც კი შეეგუენ. ამის არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ ხელში, როგორც ელისაშვილი იტყოდა „გაწიკწიკებული“ საარჩევნო კოდექსი უჭირავთ. თუმცა რა გარანტია გვაქვს, რომ ისევ არ ატეხენ ყვირილს - არჩევნები გაყალბდა! ამ კანონსაც ხომ პრაქტიკაში გამოცდა სჭირდება. რაც უფრო დრო გადის ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნები მით უფრო ავიწყდება.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ოპოზიციამ 6 თვის განმავლობაში ქვეყანა მხოლოდ იმიტომ აჯანჯღარა, რათა საკუთარი ინტერესები დაეკმაყოფილებინა. როგორმე ხელისუფლებისთვის რაც შეიძლება მეტი თანამდებობები და გავლენები დაეცინცლა. ასევე მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ჩამოეყვანათ და რევოლუციური სცენარით ხელისუფლებაში დაბრუნებულიყვნენ. ანალიტიკოსი ამბობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ ყველა მათი გეგმა გაიშიფრა, ამის შემდეგ თავის გადასარჩენად პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს, თუმცა ხალხის ინტერესების გასატარებლად კი არა, თანამდებობების გასაყოფად. ამიტომაც არ იღებენ მონაწილეობას არც საგამოძიებო კომისიაში და არც სხვა კომიტეტის სხდომებში. ისინი მინისტრის პარლამენტში გამოსვლასაც არ დაესწრნენ და ხალხისთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმაც კი დაეზარათ.
„ოპოზიციამ 6 თვის განმავლობაში ქვეყანა მხოლოდ იმიტომ აჯანჯღარა, რომ მათი ბელადის ხუშტურებს აჰყვნენ. მათ ქვეყანაში რევოლუციური სცენარის გათამაშება და მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება უნდოდათ. ეგონათ ამერიკა და ევროპა მათ აჰყვებოდა, თუმცა როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის გარეთ ყველამ მათი მიზნები გაშიფრა. ამის გამო კი, როგორც ენმ-ის ასევე მცირე პარტიების რეიტინგი დაეცა და იძულებულები გახდნენ ან გამქრალიყვენ, როგორც პოლიტიკური ძალა ან კიდევ პარლამენტში შესულიყვნენ. ახლა რასაც საზოგადოება უყურებს, რომელიმე მათგანი ქვეყნის და ხალხის ბედით დაინტერესებულია? მათ მიერ არჩეული დეპუტატები არანაირი საპარლამენტო აქტივობაში მონაწილეობას არ იღებენ.
იმ საგამოძიებო კომისიაშიც კი არ უნდათ მონაწილეობის მიღება, რომელმაც არჩევნები გაყალბდა თუ არა, უნდა გამოიძიოს. ხომ აქვთ მტკიცებულებები, რატომ არ იღებენ მონაწილეობას? ყველაზე ამაზრზენი კი ის იყო, როცა დმანისში ამხელა აჟიოტაჟი ატყდა და სიტუაცია უმართავი გახდა, ოპოზიცია საპარლამენტო თანამდებობებს იყოფდა. ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში მივიდა ამ გაგანია პანდემიის დროს და ოპოზიციამ კითხვებიც კი არ დაუსვა. ამომრჩეველი კარგად ხედავს, რომ მათ ხალხის ბედი კი არ ანაღვლებს, არამედ მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლებასთან ბოლომდე ვაჭრობაში არიან, რომ რამე დაცინცლონ“, - ამბობს დავით ქართველიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, პრლამენტში შესულ მცირე პარტიებს რიგგარეშე არჩვენები აღარც კი ადარდებთ. პირიქით, მათი რეიტინგი იმდენად დაეცა, რომ ალბათ, დიდად ხელახლა არჩევნების ჩატარების სურვილიც არა აქვთ. ამიტომაც ახლა თბილისის მერობის კანდიდატობაზე დავობენ და სულ გადაავიწყდათ, რომ „ოცნებამ“ 43%-ხმების აღება ვერ უნდა შეძლოს.
ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე კი ფიქრობს, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების დაძაბვა და მიტინგები იყო, რათა მათთვის სასურველი რევოლუციური სცენარი განვითარებულიყო. ამის არაერთი მცდელობა ჰქონდათ. ეს იყო 2019 წლის 20 ივნისი და შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. ამიტომაც, ბუნებრივია, ოპოზიცია საგამოძიებო კომისიაში არ ჩაერთვება და თავად იმის მტკიცებას არ დაიწყებს, რომ მტყუანი იყო.
„როცა ოპოზიციას კომისიის რესურსი მაქსიმალურად შეუძლია გამოიყენოს და დაამტკიცოს, რომ მართლები არიან, ისინი ამაზე უარს აცხადებენ. შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, „ოცნება“ თუ 43%-ს ვერ აიღებს, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება და ოპოზიციას აქვს შანსი, ეს ყველაფერი ასევე დოკუმენტურად დაამტკიცოს, ხალხს აუხსნას, რომ პარლამენტში შევედი, რადგან მიშელმა და ჩვენმა პარტნიორებმა გვთხოვეს, მაგრამ აი, მართლები ვიყავით და ამ სიმართლეს ვამტკიცებთო. „ოცნების“ ამომრჩეველიც კი იძულებული გახდება, რომ მმართველ გუნდს ხმა არ მისცეს. ისინი კი ამ მეორე შანსს ხელიდან უშვებენ. ამიტომ მათივე ამომრჩეველს რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომ ხმა ისევ ოპოზიციას მისცეს?! როგორც ჩანს, თავად ოპოზიციასაც არ აქვს მოტივაცია, რომ ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვონ და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. თუ ყველანი უკვე პარალმენტში არიან და არავინ ხელახლა არჩევნებზე აღარ საუბრობს, მოსახლეობას რატომ უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ ისევ არჩევნები დაინიშნოს? მით უმეტეს პარლამენტში შესული ოპოზიცია ხალხის ბედზე კი არ ღელავს, თანამდებობებს ინაწილებს“, - ამბობს ბოჟაძე for.ge-სთან.