ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქართული პოლიტიკით არ ვინტერესდები. შეიძლება ხმამაღალი განცხადება გამომივიდეს, მაგრამ ბატონი გიგი უგულავას სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ ერთგვარმა იმედგაცრუებამ შემიპყრო.
საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ გიგი უგულავა არაერთი კორუფციული გარიგების მონაწილე ბრძანდება. ამ ადამიანმა საკუთარი თანამდებობა პირადი გამდიდრების საშუალებად გამოიყენა. სამწუხაროდ პროკურატურამ მისი გისოსებს მიღმა მოსათავსებლად, მოსამართლეს აშკარად მოუმზადებელი არგუმენტები წაუყენა.
პროკურატურის თანამშრომლების არაკვალიფიციურმა მოქმედებამ ხელისუფლების სათავეში მოსულ „ქართულ ოცნებასა“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს დათვური სამსახური გაუწია. რამდენიმე ახლობელმა ჩემთან პირად საუბარში დაუფარავად აღნიშნა, რომ იმ დღეს თავის დროზე ედუარდ შევარდნაძესთან ბრძოლის საქმეში „დაღვინებულმა“, ამჟამად „უმცირესობაში“ მყოფმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო უმრავლესობას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა.
დღევანდელ წერილში პოლიტიკაზე საუბარი კვლავ არ მსურს. სიმართლე გითხრათ და შეშფოთებული ვარ, რადგან მიხეილ სააკაშვილი და მისი „ძმები“ თანდათან ძალებს იკრებენ და გადამწყვეტი იერიშისთვის ემზადებიან.
ალბათ დადგა დრო და საკუთარი ხმა საქართველოს საზოგადოებამ უნდა ამოიღოს. მხედველობაში ის ადამიანები მყავს, რომლებსაც „ნაციონალების“ უკან დაბრუნება არ სურთ. მიმაჩნია, რომ ხალხმა „ქართული ოცნება“ თავად უნდა დაიცვას და ქვეყნის მომავალი განვითარების საქმეში გადამწყვეტი წვლილი შეიტანოს. არ არის ნორმალური, როდესაც სასამართლო დარბაზში გამოჩენილ ბაჩო ახალაიას იქ მყოფი საზოგადოება ფეხზე ადგომითა და რამდენიმეწუთიანი აპლოდისმენტებით ხვდება. ანალოგიური გიგი უგულავას შემთხვევაშიც დაფიქსირდა.
დღეს კვირაა და ხვალ ახალი სამუშაო დღე დაიწყება. ერთგვარი პოლიტიკური სახის მონოლოგისთვის იმედია არ გამკიცხავთ, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა მაშინებს და სააკაშვილის ხელახალი აღზევება ნამდვილად არ მსურს.
დღეს შევეცდები „ტრადიცია“ არ დავარღვიო, პოლიტიკური მსჯელობებისგან არ დაგღალოთ და ქართული კულტურის მოღვაწეები გაგახსენოთ.
თავდაპირველად თქვენს სამსჯავროზე ბატონ გია ფერაძეს წარმოგიდგენთ, რომელსაც ამ ცხოვრებამ ტრაგიკული ბედი არგუნა.
გახსოვთ სურათი “არასერიოზული კაცი”. გია ფერაძე მის მიერ განსახიერებულ გმირს ძალიან წააგავდა. ეს წუთისოფელი ისე გაასრულა, რომ მის შესახებ აუგი არავის წამოსცდენია. ბატონი გია იუმორის არაჩვეულებრივი ნიჭითაც დაჯილდოებული ბრძანდებოდა და ამ სიტყვების სიმართლეში თავად დარწმუნდებით.
„ერთხელ გია ფერაძე კაფე „თბილისის“ წინ მეგობრებთნ ერთად იდგა და დასალევი ფულის საშოვნელად ნაცნობებს ელოდებოდა. დაინახა, ინსტიტუტიდან გამოვიდა ელისო გუდიაშვილი. იცოდა, ელისოს 5 მანეთი ჰქონდა ჩანთაში. სამი მანეთი მასესხეო - სთხოვა. რაღაც უნდა შევიძინოო, - უარი უთხრა ელისომ.
გიამ გაიხედ-გამოიხედა და გამვლელებს ხმამაღლა მიმართა - შეხედეთ, ბატონებო, ეს ბოზი რუსთაველზე დასეირნობს, ბავშვები სახლში ჰყავს დაყრილი. წადი გოგო, სახლში წაეთრიე, რას დამდევ...
ხალხი ელისოს გარშემო შეგროვდა და ალმაცერად დაუწყო ცქერა. ელისო მიხვდა, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ხუთი მანეთი გიას მიუგდო და სწრაფად გაეცალა.“
რამდენიმე დღის წინ ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილის მოგონებებს გადავაწყდი და თქვენს წინაშე რამდენიმე მისი ნააზრევი მსურს გამოვიტანო.
„ინტელიგენტი კაცი ყველა დროში ოპოზიციონერი უნდა იყოს. ის მონა არასოდეს გახდება. ამაზე მე მაქვს ლექსი დაწერილი, წაიკითხონ, ბატონო: „თქვენ შეგიძლიათ მე დამხვრიტოთ ვით მამაჩემი, მაგრამ ვერასდროს ჩემს მონობას ვერ ვეღირსებით“. ეს არის ჩემი პასუხი ყველა მბრძანებლის მისამართით ნათქვამი. ამიტომაც ნუ დამწამებენ ნურც იმისტობას, ნურც ამისტობას. როგორი წინააღმდეგიც ვიყავი მთავრობისა კომუნისტების დროს, ისეთივე ვარ დღევანდლამდე. დღეს რაც ხდება, ყველაზე მეტად არ მომწონს.“
„მე მაქვს ერთი პატარა ლექსი, სადაც ვამბობ, ვეფხვი და მოყმე ახლა ცირკში გამოდიან და დედებს არჩენენ-მეთქი. აი, აქამდე მივედით, რომ ვეფხვი და მოყმე ცირკში გამოდიან. რა ვიცი, როდის მოეღება ამას ბოლო! მოყმის დედა ცირკის ქვევით დგას და სხეულს ყიდის იმისთვის, რომ მცირეწლოვანი ბავშვები არჩინოს. ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს?“
„ახლა ისეთი დრო დაგვიდგა, ჩვენდა სამწუხაროდ და სავალალოდ, რომ არც კულტურა სჭირდებათ, არც ხელოვნება, არც ლიტერატურა, არც ფოლკლორი და საერთოდ, სულიერების ანულირება უნდათ. მთელ საქართველოში სულიერების უზარმაზარი კრიზისია. ეს არის უბედურება, თორემ იმას რა უჭირს, რომ მშივრები ვართ. სულიერადაც ვართ მშივრები და თანაც ძალით გვაშიმშილებენ.“
„მე შიშის გრძნობა არ მაქვს. იმაზე მეტი რაღა უნდა გამიკეთონ, რაც მამაჩემს გაუკეთეს. გაიყვანეს 44 წლის კაცი პირსისხლიანმა ბოლშევიკებმა და დახვრიტეს. მე, ალბათ, არ დამხვრეტენ და თუ დამხვრეტენ და ამით გაბედნიერდება საქართელო, კი ბატონო, შევეწირები.“
ბატონი ვახუშტის სიტყვებმა ალბათ დაგაფიქრათ.
დღევანდელი წერილი მაინც ოპტიმალურ ნოტებზე მსურს რომ დავასრულო და სიტყვას მსახიობ ხათუნა ბოკუჩავას გადავცემ. ქალბატონი ხათუნა თავისი მდიდარი პროფესიული ბიოგრაფიიდან ორ „საინტერესო“ შემთხვევას გაიხსენებს და თავად დარწმუნდებით, რომ მსახიობის პროფესია საკმაოდ „რთულ“ საქმიანობათა რიცხვს განეკუთვნება.
„თეატრალურ სარდაფში მე და ალეკო მახარობლიშვილი ვთამაშობთ სპექტაკლს „ორნი საქანელაზე“, სადაც ქალისა და მამაკაცის ცხოვრება და ურთიერთობაა ნაჩვენები.
ერთგან გვქონდა „მსუბუქი ეროტიკული“ სცენა. მე ალეკოსთვის უნდა შემეხსნა ჰალსტუხი, პერანგი, ქამარი და გამეხსნა შარვლის „ზმეიკა“. მერე, რა თქმა უნდა, ქრებოდა სინათლე და მაყურებელი თვითონ მიხვდებოდა მიზანსცენას.
ალეკო სასტიკი წინააღმდეგი წავიდა, არავითარ შემთხვევაში არ შემეხო შარვალზეო. რეჟისორმა თვალი ჩამიკრა და მითხრა, მიდი, პრემიერაზე შენი საქმე გააკეთეო, ანუ კიდეც გახადე და შარვალიც გაუხსენიო.
მართლაც, პრემიერაზე შევუხსენი ჰალსტუხი ჩემს პარტნიორს, მერე ფერებ-ფერებით გავხადე პერანგი, შევუხსენი შარვალზე ქამარი, გადავედი შარვლის „ზმეიკაზე“, ის-ის არის უნდა ჩამოვწიო, რომ ყურთან ალეკოს სისინი მესმის:
- ბოკუჩავა, არ გაბედო, თორემ გამოხვალ კულისებში და აგაფეთქებო!
ყური არ დავუგდე და მაინც ჩამოვწიე „ზმეიკა“, სინათლეც დროულად ჩაქრა. ასე რომ, არავითარი „ტრაგედია“ არ მომხდარა. მეორე მოქმედებაში კამათის დროს ალეკომ სილა უნდა გამაწნას, ამის შემდეგ მოდის ჩემი მონოლოგი და გაცხარებულ გულზე სახლიდან ვაგდებ პარტნიორს.
ეტყობა, „ეროტიკული“ სცენიდან „აიკრიფა“ ალეკო და ჩვენი კამათის დროს ისეთი სილა მხია სახეში, ყბა გვერდზე მომექცა და ტუჩიდან სისხლი თქრიალით წამომივიდა. ალეკო მიხვდა, რომ „გადაამლაშა“. მე კი ვაგრძელებ ჩემს ტექსტს, რომლის მიღმაც ვაგინებ და ვემუქრები, გამოხვალ კულისებში და ნახავ, რას დაგაწევ-მეთქი.
ერთი სიტყვით, ჩავამთავრე მონოლოგი, პიესის მიხედვით, კარგად „გავაპატიოსნე“ ჩემი პარტნიორი, გადმოვუყარე თავისი ნივთები და ხელში მომხვდა სქელყდიანი წიგნი, ავტომატურად ავიღე და მთელი ძალით დავუშვი ალეკოს თავზე. დავინახე, როგორ წამოსცვივდა ცრემლები თვალებიდან, მაგრამ ხმას როგორ ამოიღებდა? ჯერ ერთი, ტექსტში მსგავსი რამ არ ეწერა და მერე, მსვენივრად მიხვდა, რომ სამაგიერო გადავუხადე.
პიესაში რომ გაგრძელებულიყო ჩვენი ჩხუბი, აშკარად ხელჩართულ ჩხუბზე გადავდიოდით ორივე, მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა და მე და ალეკო დღემდე კარგი სცენური პარტნიორები და მეგობრები ვართ.“
„ქუთაისში წავედით გასტროლებზე სპექტაკლით „საპოვნელა“. ავტობუსით ვიმგზავრეთ და მთელი გზა ტაშ-ფანდურით გავიარეთ. წავიღეთ სამი გიტარა, თან გავიყოლეთ სურსათ-სანოვაგე და, რა თქმა უნდა, სასმელი: ღვინო, არაყი, შამპანური. პაუზა არ გვქონია მგზავრობისას, სულ ვიცინოდით, ვმღეროდით, ვხუმრობდით და ავტობუსში „ჩატეხილი მთიულურიც“ კი ვიცეკვეთ.
ერთი სიტყვით, ავტობუსს სახურავი „ავხადეთ“. მძღოლი ისეთი ბედნიერი იყო, მზად იყო ქუთაისში კი არა, ამერიკაშიც წავეყვანეთ.
მოკლედ, ქუთაისში ჩავედით კარგად შეზარხოშებულები. იქაც მივამატეთ ქუთათურების, ადგილის დედის, ჩვენი წარმატებული გასტროლების სადღეგრძელო და საკმაოდ გვიან დავიძინეთ.
მეორე დღეს, რეპეტიცია „პახმელიის ფონზე“ გავიარეთ, თავგასიებულებმა და პირგამშრალებმა. დადგა სპექტაკლის დროც.
პიესაში ჩემს დედ-მამას თამაშობენ ლეილა შოთაძე და ოთარ სეთურიძე. ოჯახური სცენაა. დედ-მამა საუბრობს, მე კი ამ დროს საწოლზე ვზივარ ჩუმად და კროსვორდებს ვავსებ. დაახლოებით, ათი წუთის მერე ვიღებ ხმას და ვერევი მშობლების დიალოგში.
ლეილა და ოთარი საუბრობენ, მე ვითომ კროსვორდების შევსება დავიწყე, მაგრამ ვიგრძენი, თავი როგორ დამიმძიმდა, მოვითენთე და... ისეთი ფშვინვა ამოვუშვი სცენაზე, ნუ იკითხავთ!
ათი წუთი გაზეთს მიჩერებულს მეძინა. დაამთავრეს დიალოგი ჩემმა „მშობლებმა“ და ელოდებიან ჩემს რეპლიკას, მე კი მძინავს! რა თქმა უნდა, მაყურებელი ვერ ხვდება, მე მართლა ჩამეძინა, თუ ვთამაშობ, მაგრამ მსახიობებმა ხომ იციან? კიდევ კარგი, გამოსავალი იპოვა „მამაჩემმა“ და ჩემი შემხედვარე საყვედურებით აავსო „დედაჩემი“:
- ა, ბავშვი, ინგლისურზე დაგყავს, სკოლაში, მუსიკაზე, ცურვაზე, ხომ ხედავ, გადაიტვირთა და ძილი აღარ ჰყოფნის, რას უშვები ამ გოგოს, შენი შვილია თუ გერი?
„მამაჩემმა“ თავზე ხელის გადასმით გამაღვიძა და სპექტაკლიც გავაგრძელეთ. იმ დღესაც მოვილხინეთ ქუთათურებთან, მაგრამ მე უკვე „ზომიერების ფარგლებში“ ჩავეტიე, რათა მორიგ სპექტაკლზე ფშვინვის ნაცვლად, ხვრინვა არ დამეწყო.“